მოსკოვი, კრემლი

მოსკოვი ბაქოსა და ერევანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

95
(განახლებულია 20:37 30.09.2020)
„არ არის საჭირო ცეცხლზე ნავთის დასხმა“ – რუსეთის ლიდერის წარმომადგენელმა რეგიონის ყველა ქვეყანას მიმართა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ხელისუფლება სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის, ხოლო რეგიონის ქვეყნებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.

ვითარება მთიან ყარაბაღში: ეუთო რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს>>

უფრო ადრე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა შუშან სტეფანიანმა აღნიშნა, რომ თურქულმა F-16-მა სომხური Су-25 ჩამოაგდო სომხეთის საჰაერო სივრცეში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამშემწემ ეს ინფორმაცია უარყო.

„ჩვენი სამხედროები დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს სიტუაციის განვითარებას საომარი მოქმედებების ხაზზე. მთელ ინფორმაციას დეტალურად აანალიზებენ. ასევე ვაფიქსირებთ ყველა განცხადებას, რომელსაც აკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უმაღლეს, მაღალ დონეებზე“, – განაცხადა პესკოვმა.

ჟურნალისტების ნათქვამზე, რომ გაჩნდა ინფორმაცია, რომ თურქეთი აზერბაიჯანს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ამგვარ განცხადებებს მხარს არ უჭერს.

„ჩვენ მათ არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ არ ღირს ცეცხლზე ნავთის დასხმა, ყველა ქვეყანას რეგიონში კვლავ მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ. განსაკუთრებით მოვუწოდებთ კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი“, – განაცხადა პესკოვმა.

ომი ყარაბაღში

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“ – გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღთან დაკავშირებით>>

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

95
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
ყარაბაღი

როდის დამთავრდება ომი ყარაბაღში? ექსპერტის მოსაზრება

114
(განახლებულია 17:35 12.10.2020)
კონფლიქტის მოგვარება მთიან ყარაბაღში რთულდება თურქეთის ინტერესების გამო, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციების გაძლიერება სურს, მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. გამოცხადებული ზავის რეჟიმი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმარისი არ აღმოჩნდა მთიან ყარაბაღში ვითარების სტაბილიზაციისა და თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტისთვის, მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს.

„როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს, და თავიდანვე ასე იყო. აქ ხომ არ იყო მარტო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება, ეს მხოლოდ ზედაპირზე ჩანდა ასე. სინამდვილეში ეს იყო უფრო მსხვილი მოთამაშეების ჭიდილი იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები გაეტარებინათ“, – განაცხადა არეშიძემ.

ალიევი: ბაქო მზადაა, ყარაბაღთან დაკავშირებით ერევანთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს>>

ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა თურქეთი. თურქეთის მთავარი ამოცანაა თავისი პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და რეგიონში არა მხოლოდ რუსეთის, არამედ დასავლეთის გავლენის შემცირება, აღნიშნა ექსპერტმა

„რაც დრო გადის, უფრო და უფრო მსხვილი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მალე არ დამთავრდება, ვიდრე არ მოხდება მთელი მსოფლიოს კონსოლიდირებული მიდგომა, იმ მსხვილი მოთამაშეებისა, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან“, – განაცხადა არეშიძემ.

თუმცა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, გაჩნდა გარკვეული იმედიც იმისა, რომ ეს კონფლიქტი მუდმივად არ გაგრძელდება.

„გაჩნდა გარკვეული იმედი იმისა, რომ ცოტა ხანში გარკვეული ფორმატი შედგება, არა მხოლოდ მინსკის ჯგუფის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო – გაეროს უშიშროების საბჭოც დაემატება, ევროპელებიც გაინძრევიან და რაღაც გარკვეული შედეგი უნდა დადგეს“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამავე დროს, როგორც არეშიძემ აღნიშნა, შედეგი არ დადგება, თუ თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავი გამარჯვებულად არ იგრძნეს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მართლაც უნდა გაიმარჯვონ, აღნიშნა არეშიძემ. მათ უნდა ჰქონდეთ პროპაგანდის, იმის თქმის შესაძლებლობა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიეს. გამარჯვება იქნება, მაგალითად, თუ ისინი დაიკავებენ იმ მონაკვეთებს, რომლებიც მდებარეობს ყარაბაღის ირგვლივ. ცნობილია, რომ ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანის შვიდი რაიონი ოკუპირებულია სომხეთის მიერ. ამიტომ ეს შეიძლება იყოს შვიდიდან ხუთი რაიონი. ორს სომხეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. შესაბამისად, თუ აზერბაიჯანი გარკვეულ მონაკვეთებს დაიკავებს, შეძლებენ თქმას, რომ ყარაბაღის დეოკუპაციის პროცესი დაიწყეს. ეს უკვე წარმატება იქნება. ესაა აზერბაიჯანული მხარის პროგრამა–მინიმუმი და ჩათვალეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა თურქეთისთვისაც, განაცხადა მამუკა არეშიძემ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მრავალსაათიანი მოლაპარაკებების მსხვლელობისას მოსკოვში 9 ოქტომბერს ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტდნენ ცეცხლს ყარაბაღში 10 ოქტომბრის შუადღიდან, გაცვლიდნენ ტყვეებსა და დაღუპულებს, ასევე დაზავების კონკრეტულ დეტალებს შეათანხმებდნენ. თუმცა უკვე შაბათს მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს.

114
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
ილჰამ ალიევი

ალიევი: ბაქო მზადაა, ყარაბაღთან დაკავშირებით ერევანთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს

88
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არ გამორიცხა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა, მაგრამ ამ ეტაპზე შეხვედრა არაპროდუქტიული იქნებოდა

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანი მზადაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები სომხეთთან მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ბაქო და ერევანი პარასკევს შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბერს 12:00 საათიდან ცეცხლი შეწყდებოდა. გადაწყვეტილება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოსკოვში მიიღეს. მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

„მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ, ამიტომ ყველაფერი უეთოს მინსკის ჯგუფზე, მისი მუშაობის გრაფიკზეა დამოკიდებული. ჩვენიუ მხარე მზადაა, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს“, – განაცხადა ალიევმა РБК–სთან ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ამასთან, განაცხადა, რომ თუ სომხეთის მხარე დაზავების რეჟიმის ერთგული იქნება, მაშინ დადგება პოლიტიკური მოგვარების ფაზა და დასრულდება მოლაპარაკებების იძულების ფაზა.

„ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე წავალთ“, – აღნიშნა მან.

ალიევმა განაცხადა, რომ განცხადება მოსკოვში სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგებზე ყარაბაღიდან სომხეთის ძალების გაყვანას გულისხმობს.

„ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალების შეთანხმებულ გაყვანას. რამდენადაც განცხადება ეყრდნობა სუბსტანციურ მოლაპარაკებებს, ეს კი ნიშნავს – საბაზო პრინციპებს, იქ კი ყველაფერი კონკრეტულად წერია, როდის თავისუფლდება ხუთი რაიონი, როდის – კიდევ ორი“, – განაცხადა ალიევმა.

მან არ გამორიცხა მოლაპარაკებების შესაძლებლობა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან.

საქართველოს პრეზიდენტი: მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას>>

„ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო. ამ ეტპზე ამას პროდუქტიულად არ მივიჩნევ, პირიქით. სომხეთის ხელისუფლებაში, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგონ, რომ ულტიმატუმის, შეურაცხყოფისა და შანტაჟის ენით აზერბაიჯანთან ლაპარაკი არ შეიძლება“, – განაცხადა ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის მეთაურმა აღნიშნა რუსეთის მნიშვნელოვანი როლი არსებული სიტუაციის მოგვარებაში.

„რუსეთი, როგორც ჩვენი მეზობელი, როგორც ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც საერთო ისტორია აქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს ეფუძნება ისტორიასაც, ჩვენი ხალხების ურთიერთობებსაც, ასევე რუსეთის წონასა და როლს მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენს რეგიონში“, – განმარტა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

88
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეშინია აშშ-ის სანქციების

0
თურქეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომლებიც ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხებოდა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთს არ ეშინია ამერიკული სანქციების ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო და არ წამოეგება აშშ-ის მუქარის ენას, რომლებიც С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რუსულ სისტემებზე უარის თქმას მოითხოვენ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ზოგიერთები ამერიკიდან ურეკავენ ჩემს ძმას ილჰამს (ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს - რედ.) და აცხადებენ, რომ იციან, ვინ უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ეს არის ერდოღანი და თურქეთი. ამერიკელები ანკარის წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან. ჩვენ კი ვპასუხობთ: „შენ (ამერიკა - რედ.) არ გესმის, ვისთან გაქვს საქმე. მიდი, შემოიღე, ნუღა აყოვნებ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ქალაქ მალათიაში. ტრანსლაცია პრეზიდენტის Twitter-ში მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაზე, რომლებმაც უარი თქვეს თურქული მხარისთვის მეხუთე თაობის  F-35-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე, რაშიც ანკარას თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა.

С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის უახლესი რუსული სისტემების მიწოდება, რამაც თურქეთსა და აშშ-ს შორის კრიზისი გამოიწვია, 2019 წლის ივლისში დაიწყო. ვაშინგტონი გარიგებაზე უარის თქმას მოითხოვდა და სანაცვლოდ ამერიკული კომპლექსების - Patriot-ების შეძენას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთისთვის F-35-ის ტიპის უახლესი გამანადგურებლების მიყიდვის შეჩერებით ან გაუქმებით იმუქრებოდა. ასევე გაისმა მუქარა „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში სანქციების დაწესების შესახებ. ანკარამ უარი თქვა დათმობაზე და С-400-ის დამატებითი პარტიის შესახებ მოლაპარაკებები განაგრძო.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)