გორში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოთხი ”სოციალური სახლი” გაიხსნა

გამოწერა
გორში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოთხი რეაბილიტირებული კოლექტიური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისში.

თბილისი, 7 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ხუთშაბათს გორში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოთხი რეაბილიტირებული კოლექტიური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის (UNHCR) ოფისში. 

ახალ სახლებში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 24 ოჯახი განთავსდება.

პროექტის, რომლის ღირებულებაა 400 ათასი ევრო, ფინანსური მხარდაჭერა რუმინეთის მთავრობამ გასწია. ცენტრების რეაბილიტაცია განახორციელა დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისმა და მისმა პარტნიორმა ”World Vision International".

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თქმით, ”გრძელდება დევნილებისთვის რეგიონებში საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი”. ”ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა მან.

შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური სახლები დევნილების საკუთრებაში დარჩება. ”ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც დევნილების დასაქმების პრობლემის გადაჭრაა”, - დასძინა მან.

ეგრეთ წოდებული ”სოციალური სახლები” დევნილებისთვის უკვე აშენებეულია ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

”სოციალური სახლების” შექმნის მიზანია ადამიანებს შორის ინტეგრაციის და ურთიერთობის სტიმულირება, დევნილების და უპოვარი ადამიანების ღირსეული სოციალური პირობებით უზრუნველყოფა”, - აღნიშნეს კომისარიატში.

ყველა ახალი ამბავი
0