ოფიციალური თბილისი ქართული ტოპონიმების შეცვლას ”სიმდაბლედ” მიიჩნევს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
ოფიციალური თბილისი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ”რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალჯერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლოგიკურ გაგრძელებას” უწოდებს.

 

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ოფიციალური თბილისი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს რიგ დასახლებულ პუნქტებში ისტორიული ტოპონიმების შეცვლის შესახებ ”რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალჯერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლოგიკურ გაგრძელებას” უწოდებს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სამშაბათს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

”როგორც რუსი ოკუპანტები და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აცხადებენ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ყოფნის კვალის წასაშლელად, ისტორიულ ქართულ ტოპონიმებს, ოდესღაც თითქოსდა არსებული არაქართული ე.წ. ძირძველი სახელწოდებებით ცვლიან. კერძოდ, ცხინვალის რეგიონში განზრახულია ადმინისტრაციული რუკიდან 200 ქართული დასახელების გაქრობა და მათ ნაცვლად ოსური და რუსული ტოპონიმების დამკვიდრება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

”ქართული ტოპონიმებისათვის სახელების შეცვლა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალჯერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ამგვარი ქმედებებით რუსეთს განზრახული აქვს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს მოუსპოს საკუთარ სახლებში დაბრუნების საფუძველი, წაშალოს ეთნიკური წმენდის სამხილები და შექმნას ე.წ. ახალი რეალობის არსებობის ილუზია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ”რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკა ცხადყოფს, რომ არ არსებობს ისეთი სიმდაბლე, რასაც კრემლი და მის მიერვე შექმნილი საოკუპაციო რეჟიმები არ ჩაიდენენ”.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ რიგი დასახლებული პუნქტების დასახელების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაციის, კავშირგაბმულობის და მასობრივი კომუნიკაციების სამხრეთოსური კომიტეტის განცხადებით, ტოპონიმიკის ადგილობრივმა კომისიამ გადაწყვიტა, სახელწოდება შეუცვალოს ზნაურის რაიოინის სოფელ ვახტანას, და უწოდოს მას რაიჟასტი, ხოლო სოფელ ზონკარს - ცადიხაუ, ერედვს - ირიხაუ. 

ამჟამად, ცხინვალში მიმდინარეობს იმ სოფლების სიის შედგენა, რომელთა სახელწოდებების შეცვლაა დაგეგმილი. ობიექტთა სიაში მოხვდნენ კელისტბის ტბა, მთები და მდინარეები.

დასახლებული პუნქტების სახელწოდებების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე ზაფხულს ცხინვალში იქნა მიღებული. 

”დასახლებული პუნქტების დასახელებების შეცვლის შემთხვევაში შეიქმნება პრობლემები პასპორტებთან დაკავშირებით, რადგან, თუნდაც მცირე სხვაობა საცხოვრებელი ადგილის დასახელებაში გამოიწვევს რიგ გაურკვევლობებს”, - განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0