Штаб-квартира НАТО, Брюссель

რუსეთის ქმედებები გორის რაიონში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს უკავშირდება - დეპუტატი

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციიდან პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ თავის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიების გაფართოება რასმუსენის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციიდან, მოძრაობის ”ჩვენ თვითონ” ლიდერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ თავის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიების გაფართოება ნატოს გენერალური მდივნის ანდერ ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.

ოთხშაბათს საქართველოს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს" ატარებენ სამხრეთოსური კონფლიქტის ზონაში და ამავდროულად, აფართოებენ კონტროლირებად ტერიტორიას. საქართველოს შსს–ს განცხადებით, „დემარკაცია“ მიმდინარეობს სოფლებში – ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი. 

”თუ მოვლენათა ქრონოლოგიას მივყვებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოში ვიზიტით სერიოზული საერთაშორისო ფიგურა ჩამოდის, რუსეთი ყოველთვის სერიოზულ პროვოკაციებზე მიდის და ამით აჩვენებს, რომ მისთვის საერთაშორისო სამართალს მნიშვნელობა არა აქვს და ის მოქმედებს ისე, როგორც სურს”, - განაცხადა დავითაიამ.

მისი თქმით, ამ საკითხს ის აუცილებლად დააყენებს ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, ხოლო 4 ოქტომბერს ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთის კრიტიკით გამოვა.

”ეს ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობს. ჩვენ რუსეთთან ომის დაწყება არ შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია მასზე ზეწოლის განხორციელება საერთაშორისო თანამეგობრობის საშუალებით”, - აღნიშნა დავითაიამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია სტრასბურგში 2010 წლის 4-8 ოქტომბერს გაიმართება.


1