საქართველო მზადაა, რუსეთთან დიალოგი ”დეოკუპაციის მიზნით” აწარმოოს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საქართველო მზადაა, რუსეთთან დიალოგი დეოკუპაციის და ქვეყნის პრობლემების გადაჭრის მიზნით აწარმოოს, განაცხადა ორშაბათს საგარეო სქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველო მზადაა, რუსეთთან დიალოგი დეოკუპაციის და ქვეყნის პრობლემების გადაჭრის მიზნით აწარმოოს, განაცხადა ორშაბათს საგარეო სქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია ”ალ-ჯაზირასთვის” მიცემული ინტერვიუს კომენტარისას, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა მოსკოვთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

”საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და უკანონო ომს სწორედ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აწარმოებდა. ბუნებრივია, პრობლემების გადაწყვეტაში რუსეთი უნდა ჩავრთოთ, რამდენადაც სწორედ ის არის კონფლიქტის მხარე”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ”თუ საქართველოს დეოკუპაციასა და დევნილების დაბრუნებაში შედეგის მიღწევა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან წარმოებდეს დიალოგი საერთაშორისო ფორმატში და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით”.

”სამწუხაროდ, ჩვენს მზადყოფნაზე, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უთანხმოების დემონსტრირებას ახდენს”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ”რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ სურს საუბარი საქართველოს არანაირ ხელისუფლებასთან, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავს”.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ”თუ რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი კვლავ პრეზიდენტი გახდება, ყველა ილუზია, რომ საქართველო შეძლებს რუსეთთან ლაპარაკს, გაქრება, რადგანაც ის (პუტინი) საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ნებისმიერ დიალოგზე სახალხოდ ამბობს უარს”. 

კალანდაძემ ასევე მიუთითა, რომ საქართველო ”ყურად იღებს, რომ რუსეთი მეზობელია და დიდი ქვეყანაა, რომელთანაც დაკავშირებულია კულტურული და სავაჭრო ურთიერთობებით და ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება”.

”რუსეთთან დიალოგს აზრი ერთადერთ შემთხვევაში აქვს, თუ თემა პრობლემის გადაჭრა იქნება, რომელშიც რუსეთი უშუალოდ არის ჩართული. მზად ვართ რუსეთთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, რომელიც ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ეხება, მაგრამ ეს შეუძლებელია, როცა მეზობელი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას ახდენს”, - განაცხადა კალანდაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0