სოხუმის დაცემის 17 წლისთავის დღეს გაიმართა აქცია ”გადაძახილი მსოფლიოს”

გამოწერა
ორშაბათს დილით სოხუმის დაცემის 17 წლისთავის დღეს განმუხურში, მშვიდობის ხიდზე, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გაიმართა თეატრალიზებული აქცია ”გადაძახილი მსოფლიოს”.

 

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ორშაბათს დილით სოხუმის დაცემის 17 წლისთავის დღეს განმუხურში, მშვიდობის ხიდზე, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გაიმართა თეატრალიზებული აქცია ”გადაძახილი მსოფლიოს”, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრეს-ცენტრში.

 

წარმოდგენისთვის სპეციალური მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა. აქციის დასასრულს ქართული ნანა აჟღერდა, რომელიც მომღერალმა ელენე ფოჩხუამ შეასრულა.

ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსული აგრესიის შედეგები კიდევ ერთხელ დაინახოს. 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.

 

 

ჩვიდმეტი წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი აფხაზი და ჩრდილოკავკასიური შეაიარაღებული ფორმირებების კონტროლის ქვეშ გადავიდა, 30 სექტემბერს კი მათ აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი, კოდორის ხეობის გარდა. დიდი ხნის განმავლობაში, 2008 წლის აგვისტომდე, ხეობა აფხაზეთის ერთადერთ რეგიონად რჩებოდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. 

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დრის დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამ ომის დროს აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების მხარეს იბრძოდნენ ბოევიკები ჩეჩნეთიდან (შამილ ბასაევის ბატალიონი), ადიგეიდან, ყაბარდოდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან. 

ომის შედეგად აფხაზეთის 500 ათასიანი მოსახლეობიდან 300 ათასი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0