ევროკავშირის მისია აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთებულია

გამოწერა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში გასული კვირის ბოლოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში გასული კვირის ბოლოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სამსახურში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა პარასკევს მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დააკავეს და მათი საქონლის კონფისკაცია მოახდინეს. ”ქართული პოლიციის სპეცქვედანაყოფის ოფიცრებმა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დახმარების თაობაზე მოწოდებას უპასუხეს. ოთხი რუსი მესაზღვრე ქართულმა პოლიციამ დააკავა და ზუგდიდის რეგიონულ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით, რუსი მესაზღვრეები გაათავისუფლეს და ამჟამად ვითარება მშვიდია, აღნიშნავენ მისიაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული ხურჩაში იმყოფებოდა და რუსული მხრიდან ადგილის დასათვალიერებლად იყვნენ მიწვეულები, სადაც, მათი მტკიცებით, დაკავება მოხდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული ასევე ესწრებოდა რუსი მესაზღვრეების შემდგომ გათავისუფლებას.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს დაჟინებით მოუწოდებს, განაგრძონ თავშეკავება და მიიღონ ზომები, რათა ასეთი ინციდენტები აღარ გამეორდეს”, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ”კონკრეტული ადგილისგან დამოუკიდებლად, მითითებული შემთხვევა სერიოზულ ინციდენტში გადაზრდის პოტენციალს შეიცავს”. 

”ზოგიერთი ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალების აგრესიული დამოკიდებულება რუსი მესაზღვრეების მიმართ, როგორც ეს ტელევიზიით აჩვენეს, მიუღებელია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს გალში, ინციდენტების აღკვეთის და მათზე რეაგირების საკითხებზე მორიგი შეხვედრის ფარგლებში ინციდენტის განხილვას გეგმავს.

პარასკევს ქართულმა მხარემ გაათავისუფლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ოთხი თანამშრომელი, რომლებმაც შემთხვევით გადმოკვეთეს ზუგდიდი რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული საზღვარი. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბესკოი, უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე სერგოს ძე პოტაპოვი, პრაპორშჩიკი ვლადიმერ სერგოს ძე რიბალიჩენკო და პრაპორშჩიკი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ხანინი დაკითხეს და გაათავისუფლეს.

„ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პირებმა ოკუპაციის ხაზი შემთხვევით დაარღვიეს, გამოიჩინა კეთილი ნება და დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლა“, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0