Вальтер Келин

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დევნილების დაბრუნებას ხელს არ უწყობს - გაერო

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
”აფხაზეთში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ ვითარება რეალურად არ შეცვლილა. დე ფაქტო მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების ხელშეწყობისთვის მზად არ არის”.

თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში ვალტერ კელინი (Walter Kaelin) შეშფოთებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თითქმის 20 წლის შემდეგ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ მშობლიურ სახლებში დაბრუნების რეალური შესაძლებლობა არა აქვთ, განაცხადა კელინმა პრესკონფერენციაზე თბილისში ხუთშაბათს საქართველოში თავისი ოთხდღიანი ვიზიტის შედეგების მიხედვით, რომლის დროსაც ის ეწვია სოხუმს და გალის რაიონს.

”შეშფოთებული ვარ ფაქტით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილებისთვის მშობლიურ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის, რადგანაც ამისთვის შესაბამისი პირობები შექმნილი არაა”, - განაცხადა კელინმა.

”აფხაზეთში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ ვითარება რეალურად არ შეცვლილა. დე ფაქტო მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების ხელშეწყობისთვის მზად არ არის”, - აღნიშნა კელინმა.

მისი თქმით, იმ სურათიდან გამომდინარე, რომელიც მან აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის დროს ნახა, ორი პრობლემური საკითხის გამოყოფა შეიძლება - ესაა რთული კრიმინოგენული მდგომარეობა და კულტურული ტრადიციების დაუცველობა.

”აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში, დევნილები, შეიძლება, დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ. ასევე გაურკვეველი რჩება მათი კულტურული ტრადიციების შენარჩუნების საკითხი”, - აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თითოეულ დევნილს სახლში დაბრუნების და საკუთარი ქონების დაბრუნების ან დაკარგული ქონებისთვის კომპენსაციის მიღების უფლება აქვს.

”თუ ვინმეს დაბრუნება არ სურს, მას უნდა ჰქონდეს ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილში, ან ქვეყნის სხვა რაიონებში ინტეგრირების შესაძლებლობა”, - განაცხადა კელინმა.

აფხაზეთში გამართული შეხვედრების შესახებ საუბრისას მან აღნიშნა, რომ შეხვედრა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაბრუნებულ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეძლო.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო შეხვედრები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან, ეს შეხვედრები არ შედგა და აფხაზური მხარის მიერ, მისთვის უცნობი მიზეზების გამო, გაუქმდა.

ვალტერ კელინი საქართველოში ორშაბათს, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა.

საქართველოში კელინი 16 სექტემბრის ჩათვლით დარჩება. რეგიონში ვიზიტს დიპლომატი ერევანში დაასრულებს, სადაც 16 სექტემბერს თბილისიდან გაემგზავრება.

1