ჯვარ- და ხმალაღპყრობილი მღვდლები საქართველოს სამსახურში: ვინ როგორ იბრძოდა ქვეყნისთვის

© Pixabay / Free-Photos მიწაში ჩარჭობილი ხმალი
მიწაში ჩარჭობილი ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
მიმდინარე წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გაცხარდა პოლემიკა იმის თაობაზე, თუ რამდენად ლეგიტიმურია სასულიერო პირთა ჩარევა საერო საკითხებში და უნდა ითვალისწინებდეს თუ არა ხელისუფალი საქართველოს საპატრიარქოს თხოვნასა თუ კურთხევას.
ვინც საქართველოს ისტორიას მეტ-ნაკლებად იცნობს, ამ საკითხში მისთვის კითხვის ნიშანი არ არსებობს. ქართველი ერისათვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ქართული სამოციქულო ეკლესია ხმალამოწვდილი იბრძოდა (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მნიშვნელობით) სამშობლოსა და ქართული იდენტობის დასაცავად.
ფოტოკოლაჟი - ძველი და ახალი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2018
ბედოვლათი თავადების „დიდი ეროვნული საქმე“ — მარილის ბაჟზე გაცვლილი მაიკო ორბელიანი
საკმარისია გადავხედოთ ჩვენს წარსულს, რომ აღარ დაგვრჩეს კითხვები, თუ რატომ აქვს ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი და თავის დროზე რატომ დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის.
დავიწყებთ იმით, რომ მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა ოფიციალური რელიგია გახდა,  სამოციქულო ეკლესიამ უდიდესი გავლენა შეიძინა ქვეყნის ცხოვრებაზე. მაგალითად გამოდგება 1089 წელს სასახლის კარზე დატრიალებული ამბები. მაშინ ეკლესია არათუ ჩაერია საერო საქმეებში, არამედ თავად განსაზღვრა, ვინ იქნებოდა საქართველოს ხელისუფალი. კერძოდ, სასახლის კარზე მომხდარი გადატრიალების შედეგად, რომელსაც  სათავეში ედგა სასულიერო პირი გიორგი ჭყონდიდელი, მეფე გიორგი II გადადგა და ტახტი თავის 16 წლის ვაჟს — დავით მეოთხეს, შემდგომში აღმაშენებლად წოდებულს დაუთმო.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ანტონ ჭყონდიდელი წინ აღუდგა ტყვეთა გაყიდვის უსაშინლეს წესს. მან თავისი ეპარქიის მღვდელთმსახურთ აუკრძალა იმ პირების ეკლესიაში შეშვება ან მათ სახლებში შესვლა და შესაბამისი რიტუალის (ჯვრისწერა, ნათლობა, მიცვალებულთათვის წესის აგება) ჩატარება, რომლებიც მონათვაჭრობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ანტონ ჭყონდიდელმა მოკვეთა ტყვეთა ვაჭრობით გამდიდრებულნი და ამით გამოხატა თავისი სამოქალაქო პოზიცია.
სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2018
მატიანე ციფრებში: ყველაზე ახოვანი, ცოლმრავალი და ახალგაზრდა მეფეები საქართველოში
მანამდე კი, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, დეკანოზმა ნიკოლოზ კანდელაკმა ოსმალეთის სულთანთან გასაგზავნი ოცდაათი გოგო-ბიჭი ვნების კვირაში მოინახულა. ოსმალო ფაშას, ტყვეთა გამოხსნის სანაცვლოდ, მისთვის ვნების კვირაში ხორცის ჭამა შეუთავაზებია. და ნიკოლოზ კანდელაკმაც, რომელსაც „მიეცა საშუალება, იხსნას უბედურნი ეკლესიის და სამშობლოს ძენი და ასულნი საუკუნო დაღუპვისაგან“, მძიმე მარხვა გატეხა და დამშვიდებულის სინდისით გაიზიარა ფაშას სუფრა. მაშინ დეკანოზის „სამოქალაქო გმირობამ“ (როგორც  ახლა იტყვიან) 30 ქართველი შეუნარჩუნა ქვეყანას.
სულიერი მამები არა მარტო უფლის მსახურები გახლდნენ, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე მდგარი რიგითი ჯარისკაცებიც, რომლებიც სისხლს ღვრიდნენ ქვეყნის კეთილღეობისათვის, ანუ „საერო საქმისათვის“.
1028 წელს, როდესაც ბიზანტიელებმა მოღალატე ქართველ ფეოდალთა ხელშეწყობით დაიკავეს ტაოსა და შავშეთის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები, ტბეთის ეპისკოპოსმა საბამ, ნახა რა, რომ სამშობლოს უჭირდა, ტბეთის შესასვლელში მდგარ მაღალ ბორცვზე ააგო ციხე, რომელიც საიმედოდ გაამაგრა.  მას მიემხრნენ ანჩის ეპისკოპოსი ეზრა ანჩელი, ასევე შავშეთის აზნაურები და ადგილობრივი მცხოვრებლები.
ქალი მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2018
ამბავი ერისმთავრის მშვენიერი დისა, ანუ სიკვდილი მშობლიური მიწის სამანთან
ბიზანტიელმა სარდალმა პარაკიმანოსმა მათ წინააღმდეგ იოვანე ხარტულარი გაგზავნა დიდი ლაშქრით. საბა მტბევარი, ეზრა ანჩელი და სხვა მამულიშვილები, ბაგრატ მეფის ერთგული ჯარის გამოჩენამდე შეებნენ მტერს და უკან დაახევინეს მას — „ვერ წარუღეს ქუეყანა მტერთა“.
1110 წელს დავით აღმაშენებელმა სამშვილდის ასაღებად გიორგი ჭყონდიდელი გაგზავნა ჯარით. ის მოულოდნელად დაეცა თავს სამშვილდეში ჩაბუდებულ თურქ ციხიონს. სელჯუკებმა ხელის განძრევაც ვერ მოასწრეს, ქართველებმა ქალაქიც აიღეს და თურქებს იმავე ღამეს დაათმობინეს სამშვილდესთან ახლოს მდებარე ძერნაც.
1115 წელს გიორგი ჭყონდიდელი თავს დაეცა რუსთავს და მუსლიმებს გამოგლიჯა ხელიდან სტრატეგიული ქალაქი.
1625 წლის 1 ივლისს მარაბდაში, ყიზილბაშების წინააღმდეგ გამართულ  ბრძოლაში, ბევრი სასულიერო პირი იღებდა მონაწილეობას და ხმლით ხელში იცავდა ქვეყანას. ორი ეპისკოპოსი — რუსთველი და ხარჭაშნელი, ბრძოლის ველზე დაეცნენ.
თამარ მეფის ფრესკა ვარძიაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2018
თამარ-მეფის სიყვარულს დანატრებული, უარყოფილი და ბოგანოდ ქცეული უფლისწულები
როდესაც სამშობლოს ინტერესებმა მოითხოვა, ბერმა იოანემ, ანაფორა გაიხადა და ხმალი აიღო ხელში. 976 წელს ბიზანტიელთა სარდალმა ბარდა სკლიაროსმა ბიზანტიის იმპერატორ  ბასილ მეორის წინააღმდეგ დიდი აჯანყება წამოიწყო. აჯანყების ცეცხლში გაეხვა თითქმის მთელი მცირე აზია (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია). ბიზანტიელებმა გადაწყვიტეს, დახმარებისათვის ტაო-კლარჯეთის მაშინდელი ხელმწიფისთვის, დავით  მესამე კურაპალატისთვის მიერმართათ. შუამავლად ათონის მთის ერთ-ერთი მონასტრიდან ბერი იოანე გამოიხმეს —  ერისკაცობაში თორნიკე ჩორდვანელი, იმ დროის ცნობილი სარდალი.
ამ შუამდგომლობამ შედეგი გამოიღო და დავით კურაპალატი დათანხმდა, დახმარებოდა  ბიზანტიის იმპერატორს. მაშინ ქართველებმა თორნიკე ჩორდვანელის სარდლობით ადვილად დაამარცხეს აჯანყებულები. ამის სანაცვლოდ ბასილი კეისარმა კურაპალატს დაუთმო „ზემონი ქუეყანანი“, ხოლო ათონის ქართულ მონასტერს კეისარმა დიდი განძი გადასცა.
გარდა ამისა, დავითმა ისარგებლა ბიზანტიაში დაწყებუელი  სამოქალაქო ომით და თავის სამფლობელოს ქართლი და აფხაზეთი შემოუერთა, ხოლო გაერთიანებული საქართველოს მეფედ 978 წელს თავისი შვილობილი ბაგრატ მესამე გამოაცხადა.
კავკასიის მთები - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2018
ამბავი კველთელი მღვდლისა, შვიდი უსახელო ქართველისა და სომეხი ვაჭრისა
სასულიერო პირთა „ერისკაცობის“ კიდევ ერთი მაგალითია ის ფაქტი, რომ VII-VIII საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც კახეთის (შემდგომში კახეთ-ჰერეთის) სამეფო შეიქმნა, მას სათავეში  ჩაუდგა არა მეფე, არამედ სასულიერო პირი — ქორეპისკოპოსი. მოგვიანებით, XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, კახეთის სამეფო სადროშოებად დაიყო და თითოეულ სადროშოს სათავეში ეპისკოპოსები ჩაუყენეს. მათვე დაევალათ ომის დროს სადროშოებიდან გამოყვანილი შეიარაღებული მეომრების წინამძღლობაც.
ერის სულიერი სიწმინდის სადარაჯოზე მდგომი სასულიერო პირები არათუ საერო საქმეებში, არამედ მეფის პირად ცხოვრებაშიც ერეოდნენ და იყო შემთხვევები, როცა მათ ბრძანებას არც ემორჩილებოდნენ.
აქ უპრიანია გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელის მაგალითი, რომელიც აშოტ კურაპალატის ბრძანებას არ დაემორჩილა, არ ეახლა, და მტკიცედ განუცხადა:
„დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაი. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაი. შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნოი მეუფე. და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჯამოი, დაუსაბამოი, დაუსრულებელი, მეუფე ანგელოსთა და კაცთაი“.
მეფე დემეტრე მეორე, „ურწმუნოებისა“ და „აღვირახსნილი“ ცხოვრების გამო, არაერთხელ გადასცეს ანათემას. აი, რას წერს მემატიანე:
„თუმცა უწესობათა დიდად ამხილებდა ნიკოლოზ კათალიკოზი და ნიკოლოზ მაწყუერელი ჯუანშერის ძე... მაგრამ არავინ ყურად არ იღებდა სიტყუასა მათსა“.
და, მეფესთან რომ ვერაფერს გახდა, კათალიკოსი თავად გადადგა — „ვერ არწმუნა და დაუტევა კათალიკოზობა“.
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2018
ქართული სამეფო კარის თამაშები, ანუ „გარინდებული“ ლაშა-გიორგი და ყოვლისშემძლე მხარგრძელები
მეფე დემეტრეს იმ დროს განთქმული საეკლესიო მოღვაწე  ბერი ბასილი ათონელიც ამხელდა. მან მეფეს საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა და შეაჩვენა კიდეც. როდესაც დარწმუნდა, რომ „მკრეხელ მეფეს“ ვერაფერი შეაგონა, მამა ბასილი საქართველოს გაეცალა.
ცნობილია „უწესო დედათა“ მოყვარულ ლაშა-გიორგის დიდ სიყვარულთან დაკავშირებული ისტორიაც. ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი ლამაზი, გათხოვილი ქალი ისე მოსწონებია, რომ ქმრისთვის წაუგვრია და ცოლად დაუსვამს. იმდროინდელ საქართველოში გვირგვინნაკურთხი მეუღლის წართმევა დანაშაულად ითვლებოდა, ამიტომ მეფის ქმედებას სასულიერო პირებსა და სამეფო კარში დიდი აურზაური გამოუწვევია. გარდა იმისა, რომ დანაშაული მოხდა, ველისციხელი ქალის მეფის თანამეცხედრედ გამოცხადება სხვა მხრივაც დაუშვებელი იყო: ქართული სახელმწიფო სამართლით, მეფეს თავისი ქვეშევრდომის ცოლად შერთვა არ შეეძლო, ამიტომ ლაშა-გიორგის გადაჭრით მოსთხოვეს, ველისციხელი ქალი ქმრისთვის დაებრუნებინა და დიდგვაროვანი შეერთო ცოლად.
მეფე მტკიცე უარზე დადგა, მაგრამ სასულიერო პირებმა მაინც თავისი გაიტანეს — სამეფო კარის დიდგვაროვნების დახმარებით, ჭაბუკ მეფეს სატრფო ძალით ჩამოაშორეს და ქმარს დაუბრუნეს. თუმცა მათი იმედი, რომ ამის შემდეგ ლაშა-გიორგი ცოლს შეირთავდა, არ გამართლდა: გიორგი IV, რომელსაც ბევრი გარყვნილ და უზნეო მონარქად მიიჩნევს, საოცრად ერთგული ბუნებისა აღმოჩნდა და უცოლოდ აღესრულა.  
ქრისტიანული ჯვარი  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2018
ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა: ამბავი რწმენას შეწირული ბერებისა
სასულიერო პირთა ერის ზნეობის სადარაჯოზე დგომის მაგალითია ტაო-კლარჯეთის მეფე აშოტ კურაპალატის „გარდარეული სიყვარულის“ ისტორიაც. მეფეს ერთი ქალი შეუყვარდა,  დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი.
როდესაც გრიგოლ ხანძთელმა შეიტყო „საქმეი იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხდა ფრიად“, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. არადა, იმ დროს გრიგოლ ხანძთელის საქმიანობის მთავარი დამფინანსებელი სწორედ აშოტ კურაპალატი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ღირსი მამა არ შეეგუა მეფის გარყვნილებას და დაუპირისპირდა მას.
კურაპალატმა ხანძთელს აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, „რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა“. მაშინ გრიგოლ ხანძთელმა აშოტის დაუკითხავად წაიყვანა დედაკაცი სასახლიდან და მერეს დედათა მონასტერში მიჰგვარა დედა თებრონიას. მეფე შეეცადა, უკან წაეყვანა საყვარელი ქალი, მაგრამ ამაოდ დაშვრა — ეკლესია სამეფო ხელისუფალზე ძლიერი აღმოჩნდა...
ყველა ახალი ამბავი
0