ქვიშის საათი

დადეშქელიანის ბოლო ბრძოლა: ამბავი სვანეთის უკანასკნელი მთავრისა

208
(განახლებულია 19:32 30.04.2021)
სვანეთში აღნაგობითა თუ სულიერად „გოლიათი“ ადამიანები არასდროს უკვირდათ, მაგრამ კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანის მსგავსი ცოტა თუ ყოფილა ვინმე.

კონსტანტინე იშვიათი სილამაზისა და აღნაგობის ვაჟკაცი იყო, ზრდილი და თავაზიანიც. თანამედროვეთა გადმოცემით, როცა სვანეთის მთავარი ქუთაისის ქუჩებში გაივლიდა, უკან მთელი ბრბო აედევნებოდა, ქუთაისელი ბანოვანები სახლების აივნებზე გადმოდგებოდნენ და მთიელ რაინდს მზერას არ აშორებდნენ. ბევრი უცნობი ბინაზეც აკითხავდა, რომ ახლოს ენახა მურზაყან „შავსევდიანი“.

კონსტანტინე დადეშქელიანში ერთდროულად იყო განსხეულებული თვალტანადობა, ლომის ძალგულოვნება, ვეფხის სიმარდე და თავმდაბლობა.

„კონსტანტინე დადეშქელიანი გოლიათური აღნაგობის ვაჟკაცი ყოფილა. ორი დადიანი სკამზე შესდგებოდა თურმე და მის ჩოხაში ორივენი ეტეოდნენ. მე მინახავს მისი სვანური სატევარი, მეტრ ნახევარი სიგრძისა“, — წერდა კონსტანტინე გამსახურდია.

კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი ზემო სვანეთის სოფელ ფარში დაიბადა. მისი მამა, ციოყი, ჩრდილოკავკასიელ მთიელებთან ბრძოლაში დაიღუპა სრულიდ ახალგაზრდა. ამით ისარგებლა ციოყის ბიძაშვილმა და მტერმა თათარყან დადეშქელიანმა, დაიხმარა აფხაზთა ჯარი (მას ჰქონდა გარკვეული ნათესაობა შერვაშიძეებთან) და სოფელ ფარში თავს დაესხა მურზაყან დადეშქელიანის ოჯახს. სისხლის ტბა დააყენა თათარყანმა — 17 კაცი მოკლეს, კარისკაცები კი ტყვედ წაასხეს. ამ ხოცვა-ჟლეტას შემთხვევით გადაურჩნენ კონსტანტინე და მისი ძმები, რომლებიც, სვანეთში მძვინვარე შავი ჭირის გამო, უფროსებს სოფელ ხუდონში გაეხიზნათ. ეს თათარყანმა და მისმა შვილებმა არ იცოდნენ, თორემ ხუდონში მიადგებოდნენ გადარჩენილებს.

​გავიდა დრო. კონსტანტინე და მისი ძმები დავაჟკაცდნენ და მამის მემკვიდრეობისათვის დაიწყეს ბრძოლა. საბოლოოდ მთავრობამ სწორედ კონსტანტინე დაამტკიცა სვანეთის ბატონ-პატრონად.

ციოყს მანამდე სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებთან დავა ჰქონდა საბალახოების გამო. კონტანტინემ ამ საკითხის მოგვარება მთავრობის ჩარევის გარეშე გადაწყვიტა, ძმასთან ერთად პირდაპირ ეახლა ქვაშიხორში მყოფ ეკატერინე ჭავჭავაძეს. მაგრამ ბედმა არ გაუღიმა — ეკატერინემ, რომელიც გოჯი მიწის დათმობასაც არ აპირებდა, ძმები ცივად მიიღო და ერთმანეთს მტრულად დაშორდნენ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის პატივმოყვარე ქალიშვილი თავადაც ამოქმედდა და კონსტანტინეს მტერს, თათარყანის შვილიშვილ ჯანსუღ დადეშქელიანს დაუკავშირდა. თუმცა ინიციატივა ჯანსუღს ეკუთვნოდა, ვინადან არც მას სურდა კონსტანტინესთვის დაეთმო ის, რაც თათარყანმა ციოყის ოჯახს წაართვა. ჯანსუღმა საჩუქრებით აავსო დადიანები და კონსტანტინესთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა. ეკატერინემაც ჯანსუღი იშვილა და ყველანაირად უწობდა ხელს, რომ დიდი საბალახოების მოცილე კონსტანტინე და მისი ძმები სვანეთიდან გაეძევებინა. 

​მაგრამ კონსანტინემ და მისმა ძმებმა დაასწრეს, ჯანსუღი მოკლეს, მისი ძმა თენგიზი დაჭრეს, მათი ოჯახის წევრები სვანეთიდან გააძევეს და წართმეული მიწები და ქონება უკან დაიბრუნეს.

ჯანსუღის ცოლი სამეგრელოში გაიქცა და ეკატერინეს შეაფარა თავი. მან სამეგრელოს დედოფალს ძვირფასი საჩუქარი მიართვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა ფხოტრერის ეკლესიაში. ამ ფაქტის თვითმხილველი კ. ბოროდინი წერს:

„ჯანსუღის ქვრივმა [ეკატერინეს] ორი მეტად ძვირფასი საჩუქარი მიართვა: ყაწიბი და კვერთხი თამარ დედოფლისა. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ბიზანტიური ხელოვნებით ნაკეთები ყაწიბი: სულ ოქროსი იყო, მინანქრებიანი და ზედ გამოსახული მაცხოვარი, ღვთისმშობელი და წმინდანები. კვერთხი ოქროთი იყო მოჭედილი“.

ეკატერინე ჭავჭავაძემ ჯანსუღის ქვრივსა და მის შვილებს საცხოვრებლად ლეჩხუმი მიუჩინა და ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინა. ხოლო კონსტანტინე დადეშქელიანის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლება ჩაითრია.

სამეგრელოს დედოფლის წყალობით სვანეთის მთავრის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლისგან შემდგარი ბრალდება შეითითხნა. მათგან ყველაზე მძიმე იყო დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს კონსტანტინე აჯანყებას ამზადებდა. ამაოდ ცდილობდა კონსტანტინე უდანაშაულობის დამტკიცებას, ბევრჯერ ჩავიდა ქუთაისშიც, თბილისშიც, მაგრამ ყველგან ყრუ კედელი დახვდა, არავის აინტერესებდა სვანეთის მთავრის სიმართლე, ჩინოვნიკები „პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“ მიმართავდნენ და ერთ უსამართლობას ახალ უსამართლობას უმატებდნენ.

აშკარა იყო, რომ სვანეთის მთავრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ეკატერინე ჭავჭავაძის საჩივრები ხელისუფლებამ ხელზე დაიხვია და შესანიშნავი საბაბი მონახა სვანეთის სამთავროს გასაუქმებლად.

1857 წლის ოქტომბერში დადეშქელიანი ქუთაისში გენერალ-გუბერნატორ გაგარინთან დაიბარეს. სანამ გუბერნატორს ეახლებოდა, სვანეთის მთავარი ქუთაისის ერთ-ერთ ეკლესიაში წირვას დაესწრო. ლოცვის დროს საპოლიციო უბნის რწმუნებული მივიდა მასთან და მოახსენა: თქვენო ბრწყინვალებავ, გენერალ-გუბერნატორი გიბარებთ, ახლავე უნდა მიბრძანდეთო.

— როგორ თუ ახლავე? ვერა ხედავთ, ვლოცულობ! მოახსენეთ, წირვა რომ გათავდება, მაშინ წამოვალ, — უთხრა დადეშქელიანმა.

უბნის რწმუნებული წავიდა, მაგრამ მალე უკანვე დაბრუნდა:

— თქვენო ბრწყინვალებავ, გაგარინი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ახლავე წამობძანდეთ, გორდში (დადიანების რეზიდენცია) მიბრძანდება და წასვლის წინ თქვენი ნახვა სურს.

დადეშქელიანი ბრაზისგან აენთო, ხელი სატევარზე წაივლო, მაგრამ ემოციები მოთოკა, ქუდი დაიხურა და ეკლესიიდან უხმოდ გავიდა. გზაში გუბერნატორის კანცელარიის უფროს იზუმოვსკის შეხვდა და ის გაუძღვა გაგარინის ოთახამდე.  

გუბერნატორი მიესალმა თავადს:

— ძალიან მწყინს, წირვის დროს შეგაწუხეთ. თქვენი საქმის შესახებ ქაღალდი მოვიდა, რომელიც ხელმწიფესთან არის გაგზავნილი პეტერბურგში. ხელმწიფე მოწყალეა და წყალობას არ მოგაკლებთ, მაგრამ სანამ ბეტერბურგიდან პასუხი მოვიდოდეს, მეფისნაცვალმა საჭიროდ დაინახა, საცხოვრებლად ერევანი დაგენიშნოთ. თქვენ ახლა იქ გაემგზავრებით.

კონსტანტინეს სისხლი ყელში მოაწვა, თვალები აემღვრა, ხელი ისევ სატევრისკენ გაექცა, მაგრამ თავი მოთოკა და გაგარინს მოახსენა – სვანეთში სამთავრო და ოჯახი უპატრონოდ მყავს მიტოვებული და, აბა, ერევანში წასასვლელად სად მცალიაო.

გაგარინი დაჰპირდა, რომ სამთავროსა და ოჯახს სანდო ადამიანი მიხედავდა, მერე კი ისინიც ერევანში გადავიდოდნენ საცხოვრებლად.

აშკარა იყო, რომ მთავრობას მურზაყანის სვანეთიდან ოჯახიანად გასახლება და სამთავროს გაუქმება ჰქონდა გადაწყვეტილი, გაგარინი უბრალოდ თვალთმაქცობდა. გუბერნატორმა თავი დაუკრა დადეშქელიანს და აგრძნობინა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო. მერე უჯრიდან ფულის დასტა ამოიღო, რომ სვანეთის მთავრისთვის მიეწოდებინა, მაგრამ აქ გაწყდა კონსტანტინეს მოთმინების ძაფი, ხანჯალი დაჰკრა გაგარინს და ფულიანი მარჯვენა წააცალა. გუბერნატორმა მწარედ შეაგინა სვან თავადს, რომელიც გამძვინვარებული მიეჭრა მას, მაგიდაზე დააგდო და სატევარი მთელი ძალით ჩასცა გულში — ისე მძლავრად, რომ სატევარმა მაგიდა გაიარა და მის ქვეშ შიშისგან მოკრუნჩხული მოხელე, ვინმე ილინიც განგმირა.

ამასობაში გაგარინის ადიუტანტი თალხან არდიშვილი ხმალშემართული მიეპარა სვანეთის უკანასკნელ მთავარს. მაგრამ დადეშქელიანმა შენიშნა ის და უყვირა, ქართველი ხარ და ნუ დამაქცევინებ შენს სისხლსო.

მაგრამ არდიშვილი ბოლომდე გუბერნატორის ერთგული დარჩა და კონსტანტინეს ხმალი მოუქნია. დადეშქელიანმა  ხმალი აიცდინა და ადგილზე განგმირა ადიუტანტიც.

მერე ის იყო, კიდევ ერთი ოფიცერი მოიცილა თავიდან, რომ მის წინაშე გოლიათური აღნაგობისა და დიდი ძალის მქონე მზარეული მაქსიმე აიტუზა. გაგარინის ერთგულმა მზარეულმა დაჭერა მოუნდომა დადეშქელიანს, მაგრამ ამ უკანასკნელმა კედელზე მიასხმევინა ტვინი.

გუბერნატორის რეზიდენცია სასაკლაოს დაემსგავსა. ცოფმორეული კონსტანტინე ლომივით ბრდღვინავდა და მზად იყო, გუბერნიის მთელი სამოხელეო აპარატი სისხლში ამოეხრჩო, მაგრამ იქ მყოფი სახელოვანი ოფიცრებიდან ზოგმა გაქცევით უშველა თავს, ზოგიც კარადებში შეიმალა. კონსტანტინე იქაურობას გაეცალა და ჯაჭვის ხიდისკენ გაემართა.

ქალაქს ელვის სისწრაფით მოედო ტრაგედიის ამბავი და მთავრობამ ჯარისკაცები აამოქმედა.

კონსტანტინე ვინმე ბაქრაძის სახლში შევარდა, სადაც მხოლოდ ქალები იყვნენ. დადეშქელიანის სისხლიანი სატევრის დანახვაზე მათ წივილ-კივილი მორთეს და სახლიდან გაცვივდნენ.

— ნუ გეშინიათ, არაფერს გერჩით, ჯარი მომდევს და აქ შევეხიზნეო, — მიაძახა კონსტანტინემ მათ.

მერე კედელზე თოფი შენიშნა და მისით შეიარაღდა. მალე მიაგნეს მის სამყოფელს და ალყა შემოარტყეს სახლს. დადეშქელიანმა სროლა აუტეხა და სამი ჯარისკაცი დაჭრა. საპასუხო ტყვია კონსტანტინეს ბეჭში მოხვდა და ცალი მხარე წაართვა. ამ დროს ფანჯრიდან ერთი ჯარისკაცი შეძვრა სახლში. თავადმა სატევარი მოუქნია, მაგრამ სატევრის წვერი ძელს მოხვდა და ტარში გადატყდა. შეშინებული ჯარისკაცი უკან კი გაიქცა, მაგრამ უიარაღოდ დარჩენილ მთავარს ტყვიებიც გაუთავდა და დამორჩილების გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა. 

კონსტანტინე დადეშქელიანს დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი მეორე დღესვე მოიყვანეს სისრულეში. თანაც ისე, რომ ქართველებსვე დაახვრეტინეს სვანეთის უკანასკნელი მთავარი, 32 წლის კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი. მეოთხე დღეს კი იმპერატორის ბრძანება მოვიდა ქუთაისს, არ დაესაჯათ სვანეთის მთავარი, მაგრამ უკვე გვიან იყო...

208
თემები:
იცით თუ არა, რომ... (413)
ლარი

რა კავშირშია ლარის მასის ზრდა და ლარის გაუფასურება: ერთ წელში ფულის მასა 21%-ით გაიზარდა

5
(განახლებულია 14:46 18.05.2021)
2013 წლიდან მოყოლებული, ლარის ყოველ მასშტაბურ გაუფასურებას ხელისუფლების წარმომადგენლები მეტწილად „საგარეო ფაქტორებს" აბრალებენ

თემურ იოსელიანი

2020 წელს ამ მიზეზებს კორონაპანდემიაც დაემატა, რაც აგრეთვე გარედან მოსული თავის ტკივილია. თუმცა... თუმცა, არსებობს ერთი სრულიად „შიდა ფაქტორიც“: საკმაოდ დიდი ალბათობით, ლარის გაუფასურებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამნაშავე ფულის მასის ზრდაა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის მარტში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ფულის მასა 2,4 მლრდ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, M2 აგრეგატმა, რომელიც ფაქტობრივად ფულის მთლიან მასას ასახავს ეკონომიკაში, 13,615 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 21%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო.

უფრო ძველ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფულის მასა (M2) 2012 წლის დეკემბერში 4,05 მილიარდი ლარი იყო.

ექსპერტების თქმით, ლარის მასის არაპროპორციული და სწრაფი ზრდა ხელს უწყობს როგორც ინფლაციის ზრდას, ასევე ლარის გაუფასურებასაც. ისიც საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის მოსათოკად პერიოდულად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მიმართავს ხოლმე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეფინანსირების განაკვეთის ზრდაში გამოიხატება. დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-ს შეადგენს. თებერვალში იგივე მაჩვენებელი 8%-ს შეადგენდა, მარტში 8.5%-მდე გაიზარდა. ასე რომ, წლევანდელი თებერვლიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა სესხზე ხელმისაწვდომობა 1,5%-ით გაართულა. 

რიგით მომხმარებლებზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლარში არსებული სესხების გაძვირებაში გამოიხატება. შედეგად – უფრო ძვირდება ფული და, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს ფულის მასის შემცირებაზეც. თუმცა, როგორც ვხედავთ, მეტწილად ურთიერთსაპირისპირო მოვლენას აქვს ადგილი – ეროვნული ბანკი ერთი მხრივ სესხს აძვირებს, რათა ინფლაცია მოთოკოს, მეორე მხრივ კი ფულის მასის ზრდაც თვალშისაცემია. ცხრილში ჩანს გარკვეული თანაფარდობა ფულის მასის ზრდასა და ლარის კურსის დაცემას შორის.

ლარის მასა (M2) და ლარის კურსი ბოლო წლებში 

წელი მონეტარული აგრეგატი (M2), ათასი ლარი ლარის კურსი (თვის საშუალო)
2012 წლის დეკემბერი 4.069.162 1,66
2015 წლის დეკემბერი 5.685.814 2,39
2016 წლის დეკემბერი 6.526.641 2,65
2017 წლის დეკემბერი 8.350.330 2,61
2018 წლის დეკემბერი 9.675.969 2,66
2019 წლის დეკემბერი 11.495. 455 2,90
2020 წლის დეკემბერი 13.659.691 3,28
2021 წლის მარტი 13.615.463 3.33

რა გავლენა აქვს ფულის მასას ლარის კურსზე და არის თუ არა რაიმე ზღვარი – რამდენი უნდა იყოს ფულის მასა მოცემულ მომენტში? ვესაუბრეთ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტ პაატა შეშელიძეს.

„არ არსებობს მოცემულობა და ფორმულა, ზუსტად რამდენი უნდა იყოს ფულის მასა. ყველა მასა უნდა შეესაბამებობდეს კონკრეტულ მომენტში არსებულ საქონელს და მომსახურების ფასებს. პრობლემა არის ფულის მასის სწრაფი ზრდა, რა პერიოდშიც შეუძლებელია საქონლის იმავე მოცულობით გაზრდა. ეს იწევს ლარის გაუფასურებას – როცა ფულის მასა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საქონელი“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

ექსპერტის თქმით, ფულის მასის ზრდის მთავარი მიზეზია მთავრობის ვალდებულებების დაფინასება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავრობა ზრდის ხარჯებს, რომლის დაფინანსებასაც სჭირდება დამატებითი ფულადი რესურსი. ამ შემთხვევაში კი, შეშელიძის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეფინანსირების სესხების გაცემის მექანიზმს. 

„არსებული მექანიზმით, მთავრობა კომერციული ბანკებისგან სესხულობს ფულს რეფინანსირების სესხების მეშვეობით. მაგრამ არსად არის დადგენილი – რამდენი შეიძლება გაიცეს რეფინანსირების სესხი და როდის“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, მთლიანად ეს სისტემა მოსაშლელია, რადგან მორგებულია მთავრობის მიერ ვალდებულებების იოლად დაფინანსებაზე. თავის მხრივ, მსხვილი მოთამაშეები – კომერციული ბანკები გავლენას ახდენენ პროცესზე. გაზრდილი ფულის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება სავალუტო ოპერაციებს და ჯერ ძვირდება უცხოური ვალუტა, შემდეგ კი უკვე საქონელიც.

ექსპერტის თქმით, ფულის მასა, სამწუხაროდ, მუდმივად იზრდება, თუმცა, მაგალითად, დაახლოებით 2006 წელს ფულის მასის ზრდის მსგავსად იზრდებოდა საქონელიც და მომსახურებაც, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას არ ახდენდა.

„მთავრობა სესხულობს ფულს ეროვნული ბანკიდან. პრობლემაა, რომ ეს ხდება არა ერთჯერადად. რეფინანსირების სესხი უნდა გაუქმდეს, ან უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული გამონაკლისისთვის“, – მიაჩნია შეშელიძეს.

რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ფულის მასას ზრდის და, მეორე მხრივ, რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ფულის მასის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია, პაატა შეშელიძის თქმით, ეს ორი მოვლენა ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებაა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ როცა ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ფულის მიწოდება ხდება, ეკონომიკური პროცესები ზიანდება. 

„ფულის მასა რამდენი უნდა იყოს, ამაზე პასუხი არ არსებობს. სტატიკურად, ფულის მასის ოდენობას აზრი არ აქვს, რადგან ღირებულებით იზომება ფული. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ როდესაც ფულის მასის ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ფულის ბეჭდვით ხდება, ეს იწვევს დამაზიანებელ ეკონომიკურ პროცესებს – ინფლაციას და ხელოვნურ ბუმს.

ლარის მასა როცა იზრდება, ბაზარზე მეტი ლარია. მეტი ლარი ნიშნავს, რომ ლარზე ფასი მცირდება. შესაბამისად, ფულის მასის ხელოვნური ზრდა კურსის გაუფასურებას იწვევს“, – ამბობს ხორგუაშვილი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, როდესაც ის თან ფულის მასას ზრდის და თან რეფინანსირების პროცენტს, ხორგუაშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ფულის მასას, ერთი მხრივ, ზრდის იმიტომ, რომ ეკონომიკა უფრო ლიკვიდური იყოს (რაც არასწორია) და, მეორე მხრივ, რეფინასირების პროცენტის ზრდით ცდილობს ინფლაცია მოთოკოს. საბოლოო ჯამში კი ჩანს, რომ ამ პოლიტიკას სახარბიელო შედეგი არ მოაქვს.

5
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
გათხევადებული გაზის საწარმო რუსეთში

არქტიკული მარაგები: რუსეთი ევროპიდან აშშ-ის განსადევნად მოემზადა

12
(განახლებულია 23:05 17.05.2021)
ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ექსპორტი რეკორდებს ამხობს. მაგრამ ვაშინგტონში შიშობენ, რომ ეს აჟიოტაჟი დიდხანს არ გაგრძელდება, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების შემდეგ ევროპაში იაფი რუსული საწვავი შეთქრიალდება.

ნატალია დემბინსკაია

ამასთან მოსკოვმა უახლოეს ორიოდ წელიწადში შეიძლება გარღვევა მოახდინოს გათხევადებული გაზის ბაზარზე. ამას ხელს შეუწყობს მსხვილი ეროვნული პროექტები. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ პერსპექტივაში რუსეთი გააძევებს აშშ-ს ევროპული ბაზრიდან.

კატარი აზიას არ ჩააბარებს

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ინფორმაციის მართვის ცენტრის (EIA) ცნობით, მარტში ამერიკელები უცხოეთში 10,5 მლრდ კუბურ ფუტ გათხევადებულ გაზს გზავნიდნენ დღეში. აპრილში 9,2 მლრდ კუბური ფუტი იყო, მაგრამ ესეც აბსოლუტური მაქსიმუმია გაზაფხულის დასაწყისისთვის.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, გასული წლის იანვარში გათხევადებული გაზის ექსპორტის უმეტესი ნაწილი აშშ-დან აზიაზე მოდიოდა. მაგრამ თებერვალსა და მარტში ნახევარი ევროპას მიჰქონდა. საქმე ისაა, რომ სპოტზე ფასები იქ აზიურს გაუთანაბრდა.

„რაც შეეხება მაისს, ჩვენ 8,6 მლრდ კუბურ ფუტამდე დაკლებას ველოდებით დღე-ღამეში, შემდეგ კი — ცხრა მილიარდზე ზემოთ მატებას ზაფხულის თვეებში ევროპასა და აზიაში პიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, — დააზუსტეს უწყებაში.

საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში დაუშვეს, რომ 2024 წლისთვის ამერიკელები შეძლებენ ლიდერები გახდნენ ამ სეგმენტში. მათი გამოთვლებით, აშშ-ში, ავსტრალიასა და რუსეთში ბუნებრივი აირის გათხევადების სიმძლავრეების ერთობლიობა ამ დროისათვის მსოფლიო ექსპორტის 90%-ს მიაღწევს. თუმცა ლიდერობის თემაზე შეიძლება ვიკამათოთ.

აზიური ბაზრის დაპყრობას აშშ-ს ალბათ უმსხვილესი მოთამაშე, კატარი არ დაანებებს. 2020 წელს ახლოაღმოსავლურმა სახელმწიფომ 77,6 მლნ ტონა გათხევადებული გაზი გაიტანა ექსპორტზე. ეს საერთო მიწოდებების 26,5%-ია. უკვე 2024 წლისთვის მოპოვებების წლიური მოცულობა სპარსეთის ყურის ამ პაწია მონარქიაში შესაძლოა თითქმის ორჯერ გაიზარდოს. თებერვალში დოჰაში საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღეს ჩრდილოეთ საბადოს აღმოსავლეთ ნაწილის დამუშავების შესახებ. ეს უმსხვილესი პროექტია.

კატარს ფეხდაფეხ მისდევს ავსტრალია — 26%-ით. მესამე და მეოთხე ადგილებზე აშშ (14,7) და რუსეთი (10) არიან. ამასთან 2019 წელს რუსებმა ევროპასა და აზიაში ექსპორტზე უფრო მეტი გათხევადებული აირი გაიტანეს, ვიდრე ამერიკელებმა. უახლოეს წლებში, როგორც მოსალოდნელია, კონკურენცია გამწვავდება, და მოსკოვს კიდევ აქვს შანსები, გამარჯვებული გამოვიდეს. მთელი საქმე უზარმაზარ არქტიკულ მარაგებშია.

არქტიკა პრიორიტეტში

ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნავთობისა და გაზის რესურსების გეგმაზომიერი ათვისება რუსეთის ხელისუფლების პრიორიტეტში უკვე 15 წელია. მარტში მინისტრთა კაბინეტმა გათხევადებული გაზის წარმოების განვითარების გრძელვადიანი პროგრამა დაამტკიცა. ეს წყაროების დივერსიფიკაციისკენაა მიმართული, უპირველესად, არქტიკული შელფისა და შორეული აღმოსავლეთის აქტიური გამოყენებისკენ. იგეგმება, რომ ამ პერიოდში გათხევადებული გაზის საწარმოო სიმძლავრეები სამჯერ გაიზრდება.

თუ აშშ ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა ფიქალური მოპოვებების ხარჯზე, რუსეთს არქტიკა დაეხმარება, წერს ამერიკული გამოცემა OilPrice, რომელიც ნავთობ−გაზის ანალიტიკითაა დაკავებული. რეგიონში უზარმაზარი მარაგებია — 35,7 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი და 2,3 მლრდ ტონა ნავთობი და კონდენსატი.

ყურადღების ცენტრშია პროექტები „ნოვათეკა“: „იამალი LNG“ და „არქტიკ LNG-2“. მეორე, რომლის ღირებულებაც 21 მილიარდი დოლარია, 2023 წელს ამოქმედდება, რათა 2026-სთვის წელიწადში 20 მლნ ტონაზე გავიდეს.

მარტის ბოლოსთვის პროექტი დაახლოებით 39%-ით იყო ინვესტირებული. წელს კიდევ ექვსი მილიარდი ჩაიდება — ადრინდელზე ორჯერ მეტი. ინვესტორებს შორის არიან: ფრანგული Total, ჩინური CNPC და CNOOC და იაპონური კონსორციუმი Mitsui & Co და JOGMEC.

„არქტიკ LNG-2“ სამი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის გასათხევადებლად, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 6,6 მლნ ტონა იქნება წელიწადში და ასევე სტაბილური გაზის კონდენსატის საწარმოებლად — წელიწადში 1,6 მლნ ტონის ოდენობით. სარესურსო ბაზა — ეს გიდანის ნახევარკუნძულზე (იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი) საბადოა.
პირველი ხაზის გაშვება 2023 წლისთვის იგეგმება, მეორისა და მესამისა — 2024 და 2026 წლებში.

როგორც OilPrice აღნიშნავს, საბადოების წარმატებული დამუშავების შემთხვევაში „ნოვატეკი“ ბაზარს დაახლოებით 100 მილიონ ტონა გათხევადებულ გაზს შესთავაზებს წელიწადში. ასეთ მოცულობას კომპანია 2030 წლის შემდეგ მიაღწევს. ამასთან მოპოვებული რესურსების თვითღირებულება ზალიან დაბალი იქნება.

ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკის შეფასებით, რუსეთი 2025 წლისთვის 68 მლნ ტონაზე მეტი გათხევადებული გაზის წარმოებას შეძლებს წელიწადში და მსოფლიო ბაზარზე წილს 25%-მდე გაზრდის.

მძლავრი დარტყმა

OilPrice-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი მძლავრ დარტყმას ამზადებს ევროპაში ამერიკულ პოზიციებზე და შეუძლია სულაც განდევნოს იქიდან კონკურენტი. მოსკოვი შეტევაზე ორი ფრონტზე გადავა: ევროპელებისთვის ხელსაყრელია არა მარტო რუსული მილსადენის გაზი, არამედ გათხევადებულიც.

„ხანგრძლივ პერსპექტივაში სწორედ რუსული გათხევადებული გაზია მიმზიდველი ევროკავშირის მომხმარებლებისთვის ორი მიზეზით: მიწოდება უფრო სწრაფია, ვიდრე აშშ-დან, და უფრო იაფი. ლიეტუვა, რომელიც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, ტყუილად არ იძენს გათხევადებულ აირს ჩვენგან. უბრალოდ სხვა გზა არ რჩება: ნორვეგიას სხვა კლიენტებიც ჰყავს, ოკეანის გაღმიდან გათხევადებული გაზის მიწოდება კი ძვირია“, — აღნიშნავს ლეონიდ ხაზანოვი, დამოუკიდებელი ექსპერტი.

მისი თქმით, ამასთან ამერიკელი მიმწოდებლებისთვის პრიორიტეტში არიან ჩინეთი და იაპონია — იქ ფასები უფრო მაღალია. ევროპაში კი მზად არ არიან ამდენის გადასახდელად და იქ გაყიდვები, როგორც წესი, მხოლოს მოთხოვნების სეზონური ზრდის პერიოდში იმატებს.

„ამიტომ რუსულ გათხევადებულ გაზს შეუძლია ოკეანისგაღმური ევროპის ბაზრის დიდი ნაწილიდან განდევნოს, დაუტოვოს რა კონკურენტებს სამოწყალოდ ესპანეთი და პორტუგალია, თუმცა ამერიკული გასაღებების ზრდის საფუძველი არც იქ არ არსებობს: 2019 წელს „ნოვატეკმა“ ხელი მოაწერა Repsol-თან 15 წლიან შეთანხმებას წელიწადში მილიონი ტონა გათხევადებული აირის მიწოდებაზე“, — ამბობს ხაზანოვი.   

ობიექტური რისკები

მსოფლიო ბაზარზე გათხევადებული გაზის სიჭარბის გათვალისწინებით, არსებობს ობიექტური რისკებიც, მინიმუმ 2025 წლამდე და მაღალი ფასების კონკურენციის გაძლიერების ცდა რთულია.

„არქტიკ LNG-2“ 2023 წელს იღებს სტარტს და ამ მომენტისთის გლობალური წარმოება 650 მლრდ კუბომეტრამდე გაიზრდება წელიწადში. მომხმარებლები უფრო მეტ შესაძლებლობებს მიიღებენ ფასების დასაწევად“, — ამბობს ექსპერტი ნიკოლაი ნეპლიუევი.

ამიტომ, მისი აზრით, „არქტიკ LNG-2“-ს არ აწყენდა დაზღვევა გრძელვადიანი კონტრაქტების სახით, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვებში დაეხმარებოდა.

ნეპლიევის თქმით, თუ მოპოვებასა და ექსპორტში კონკურენციაზე ვისაუბრებთ, აქ რუსეთის ბუნებრივი მოწინააღმდეგე აშშ-ია. მიუხედავად მარტის საექსპორტო რეკორდებისა, ბაზრიდან სხვა მომწოდებლების სრულად განდევნა ამერიკელებს არ გამოუვათ.

ექსპერტები იმავდროულად სვამენ კითხვას: ისე ხომ არ გამოვა, რომ რუსეთის გათხევადებული გაზი კონკურენციას გაუწევს მისსავე მილსადენის გაზს. „კრემლმა პრაქტიკული მიდგომა არჩია და პრიორიტეტი გათხევადებული გაზის სექტორის სწრაფ ზრდასა და განვითარებას მიანიჭა“, — ვარაუდობენ მოხსენების ავტორები.

ექსპერტები მიდიან დასკვნამდე, რომ რუსული გათხევადებული გაზის ექსპორტი საკმარისადაა დივერსიფიცირებული. უდიდესი ნაწილი აზია−წყნარი ოკეანის რეგიონზე მიდის, მნიშვნელოვანი წილი — ევროპის ქვეყნებზე, სადაც „როგორც წესი, არ შედის მილსადენის გაზი“.

უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა რუსული გათხევადებული გაზი „გაზპრომის“ გასაღების ძირითად ბაზრებს — საფრანგეთს, ბელგიასა და ნიდერლანდებს აღწევს, ის, ყველაფრიდან ჩანს, რომ „არ ახდენს იმ საწვავზე მოთხოვნის კანიბალიზაციას, რომელიც მილსადენით შედის“ — მოთხოვნები ხომ წლიდან წლამდე იზრდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

12