ძველი წიგნი

ამბავი როსკიპებისთვის დადგმული ძეგლებისა: ხაზინის ქურდები - წარსულიდან აწმყომდე

225
(განახლებულია 10:53 25.04.2021)
დიდია სია იმ სახელმწიფო მოხელეებისა, რომლებიც კორუფციისა და სახელმწიფოს თანხების მითვისების გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.

ალბათ ბევრმა იცის, რომ არცთუ დიდი ხნის წინ კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ამხილეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. პარიზის სასამართლომ მას სამწლიანი სასჯელი (ერთწლიანი პატიმრობა და ორი წლით პირობითი სასჯელი) გამოუტანა. დაახლოებით ათი წლის  წინ კორუფციაში ამხილეს ასევე საფრანგეთი ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკიც. თუმცა მისი ქვეყნის წინაშე დამსახურებები გაითვალისწინეს და მასაც პირობითი მსჯავრი დაედო.

სარკოზისაც და შირაკსაც ნამდვილად გაუმართლათ, რომ XX - XXI საუკუნეთა მიჯნაზე მოუწიათ ცხოვრება და მოღვაწეობა, თორემ მათ მიმართ ასეთ ლოიალობას ნამდვილად არ გამოიჩენდნენ. იმავე საფრანგეთში სხვადასხვა დროს 12 ფინანსთა მინისტრი დაატუსაღეს, მათგან რვა — სიკვდილით დასაჯეს.

ქრთამთან და კორუფციასთან დაკავშირებით სამყაროს ისტორია მდიდარია ისეთი ფაქტებითა და მოვლენებით, რომელიც ერთდროულად საინტერესოცაა, საშინელიც და ჭკუის სასწავლიც. მაგალითად, კორუფციაში ჩათრეული აღმოჩნდა თვით დიდი მწერალი მიგელ დე სერვანტესი. ის 1587 წელს დაინიშნა ესპანეთის მთავრობის შემსყიდველ აგენტად, ხოლო 1592 წელს გადასახადების ამკრეფად დაიწყო მუშაობა. მანაც ვერ გაუძლო ცდუნებას და სახელმწიფო თანხების მითვისების გამო ორჯერ გამოამწყვდიეს სევილიის ციხეში.

დიდია სია იმ სახელმწიფო მოხელეებისა, რომლებიც კორუფციისა და სახელმწიფოს თანხების მითვისების გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ (მექსიკის ექსპრეზიდენტი  რაულ სალინა, სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტები როჰ ტაი ვუ და ჩონ დუნ ხვანი, ფილიპინების ექსპრეზიდენტის ქვრივი და ყოფილი მინისტრი იმელდა მარკოსი), თუმცა ყველა  ფერმკრთადება ყველაზე დიდი ხაზინის ქურდის — ჰარპალოსის წინაშე.

ჰარპალოსი ალექსანდრე მაკედონელის ჰეტერი, ანუ მეგობარი და თანამებრძოლი გახლდათ. წყნარი,  მორიდებული და საკმაოდ თავაზიანი ჰარპალოსი განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ გაუმაძღარ სვავად აქცია. ფიზიკურად სუსტი, მაგრამ საკმაოდ განათლებული და ერუდირებული ჰარპალოსისათვის ალექსანდრემ შესაფერისი საქმე გამოძებნა და სახელმწიფო ხაზინა ჩააბარა.

როდესაც მაკედონელი აზიაში სალაშქროდ წავიდა, ჰარპალოსმა გაილაღა და ხაზინის ფულის ფლანგვას მიჰყო ხელი. ამან ის მაკედონელის დედას — ოლიმპიადას გადაამტერა, რომელიც ვეღარ ითმენდა ხაზინადარის თავგასულობას. მაშინ ჰარპალოსმა ხაზინა გაიტაცა და საბერძნეთის ქალაქ მეგარას შეაფარა თავი.

ალექსანდრე მაკედონელი კი სპარსეთის დაპყრობას განაგრძობდა. და რაც უფრო შორს მოდიოდა მისი ლაშქარი საბერძნეთიდან, მით უფრო მატულობდა ჰარპალოსის ფუქსავატური თავაწყვეტილობა და ფულის ფანტვა. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ მაკედონიის სამეფოს ხაზინადარს გვერდს ასზე მეტი ამფსონი უმშვენებდა, რომელთა მდიდრულ ნადიმ–ღრეობებს ბოლო არ უჩანდა. მემატიანეთა გადმოცემით, ჰარპალოსის ერთი ნადიმი 20-25 ტალანტი  უჯდებოდა ხაზინას. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ 1 ტალანტი 26 კილოგრამ ოქრო–ვერცხლს იწონიდა, ნათელი ხდება, თუ რა კოლოსალური თანხები ეწირებოდა ჰარპალოსის უსაზღვრო ფანტაზიებს.

ბოლოს ალექსანდრესაც აევსო მოთმინების ფიალა. მაკედონიის მეფეს თანამებრძოლებიც ჩუმადაც კი დასცინოდნენ: ჩვენი მეფე ჰარპალოსია, ხოლო ალექსანდრე — მისი სარდალიო. და მაკედონელმაც შერისხა ჰარპალოსი — ხაზინადრობა ჩამოართვა. თუმცა მას შემდეგ, რაც მის ხელში გადავიდა სუზას, პარსაგადისა და პერსეპოლისის უმდიდრესი საგანძურები, შერიხული ხაზინადარის ჭკუა და გამოცდილება ისევ დასჭირდა და მეფემ კვლავ თავისთან იხმო იგი.

ჰარპალოსმაც შეჰფიცა ალექსანდრეს, რომ კუბოს ფიცრამდე მისი ერთგული და დამჯერე იქნებოდა. ამით გულაჩუყებულმა ალექსანდრემ „ერთგული ჰეტერი“ ისევ დააბრუნა ძველ თანამდებობაზე, მაგრამ მიეფარა თუ არა თვალს მაკედონელის ლაშქარი, ჰარპალოსმა კვლავ სოდომური ცხოვრება განაგრძნო.

მაგრამ გარყვნილებაც არის და გარყვნილებაც. აზიელი კახპები რომ მოყირჭდა, ჰარპალოსმა მთელ საბერძნეთში განთქმული სიძვის დიაცი, პითიონიკა გამოიწვია ათენიდან. როდესაც ქალი გარდაიცვალა, ჰარპალოსმა, ისევ ხაზინის ხარჯით, ორი უბრწყინვალესი ძეგლი აუგო მას ათენსა და ბაბილონში. არადა, ძველ საბერძნეთში, ტრადიციისამებრ, ძეგლებს მხოლოდ ეროვნულ გმირებსა და  ღმერთებს უდგამდნენ.

ჰარპალოსმა პითიონიკა მეორე ათენელი მეძავით — გლიკერიათი შეცვალა. როგორც ნათქვამია, თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო, ჰარპალოსის ბუნაგს მრუშთა არმია მიაწყდა. ნაწილი გლიკერიამ ჩაიყვანა, ნაწილი თავისით მივიდა. და ჰარპალოსის ხროვა თანდათან  უმართავ ურდოდ გადაიქცა.

დაუსჯელობით გათამამებული ჰარპალოსი გაუგონარ მკრეხელობაზე წავიდა. მან სირიის მმართველს ხაზინაში ფული არ შეატანინა. ამ ფულის ნაწილი ქრთამად აიღო, ხოლო დანარჩენი თანხით გლიკერიას ძეგლი დაუდგა სირიაში და ყველა სიკვდილის მუქარით აიძულა, რომ მისთვის, ვითარცა დედოფლისათვის, პატივი ეცათ. უფრო მეტიც, გლიკერიას კილიკიაში დიდი სასახლე შეუძინა, სადაც ჰარპალოსის ხროვა წლების განმავლობაში მართავდა ორიგიებს.

მაგრამ, ჰარპალოსისთვის საუბედუროდ, ალექსანდრე ინდოეთითან დაბრუნდა და სანამ მისი მრისხანება მისწვდებოდა, გაქცევით უშველა თავს. მან ხაზინიდან მოპარული ფულით 6 ათასი მეომარი დაიქირავა, 30 გემი შეიძინა, სახარჯოდ 5 ათასი ტალანტი გაიტაცა და ათენს შეაფარა თავი. მაგრამ მალე იქაც აღარ დაედგომობოდა, ვინაიდან ათენში ალექსანდრეს ახალი ხაზინადარი  ფილოქსენე გამოჩნდა და ქალაქის მესვეურთაგან ჰარპალოსის დაპატიმრება მოითხოვა. ამიტომ ჰარპალოსი დიდი განძითა და დაქირავებული ჯარით კუნძულ კრეტაზე გაიპარა, სადაც მისმა თანამეინახემ, სპარტელმა თიბრინიოსმა, მუხანათურად მოკლა.

როდესაც ახალმა ხაზინადარმა არსებული სახელმწიფო ქონება ხელახლა აღწერა, აღმოჩნდა, რომ ჰარპალოსს 10 წლის განმავლობასი ხაზინისათვის დაახლოებით 100 ათასი ტალანტის — დაახლოებით 2600 ტონა ოქრო-ვერცხლის  ზარალი მიეყენებინა. მსგავსი რამ სამყაროს ისტორიაში არავის გაუკეთებია და ალბათ კიდევ დიდხანს ვერავინ შეძლებს ამ რეკორდის დამხობას.

საინტერესო ფაქტები მსოფლიო ისტორიიდან - მექრთამეობა და მასთან ბრძოლა

  • უგანდის პრეზიდენტმა იდი ამინმა „ძალზე მარტივად“ მოუღო ბოლო კორუფციას ქვეყანაში. მისი ბრძანებით, ორი კორუმპირებული მინისტრი ნიანგებით სავსე ტბორში ჩაყარეს.
  • ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოს იმპერატორმა ბოკასამ ის მინისტრი, რომელმაც ფული მოპარა, ღორივით დაკლა, მისი ხორცი დააგემოვნა და სხვა მინისტრებსაც „გაასინჯა“.
  • ძველად ინდოეთში წესად იყო მიღებული, რომ ფულის მოპარვაში შემჩნეულ მოხელეს გამდნარ ოქროს ასხამდნენ პირში და ასე წამებით კლავდნენ.
  • XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის  შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა გარუსებულ ქართველს, კოზოდავლევს (ჭილაშვილს). ერთხელ მასთან ნაცნობი რუსი დიდებული შევიდა და საქმის ჩაწყობა მოიწადინა. მინისტრმა ამისთვის 20 ათასი მანეთი მოითხოვა. რუს დიდებულს ეძვირა და მინისტრს შეევაჭრა: ათი ათას მოგცემ, სამაგიეროდ გპირდები, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებსო. კოზოდავლევს გაეცინა, შენ 20 ათასი მომეცი და თუ გინდა, აქედანვე დაიწყე ყვირილი, ქრთამი გავეციო.
  • გალიის მმართველმა ლიცინიუსმა კი, იმისათვის, რომ მეტი გადასახადები აეღო ქვეშევრდომებისგან,  წელიწადი 14 თვედ დაყო.
  • რომის იმპერატორი ვესპასიანე სახელმწიფო ხაზინის შესავსებად მაღალ თანამდებობებზე ქურდებს, მექრთამეებსა და გამომძალველებს ნიშნავდა, რათა გარკვეული დროის შემდეგ ისინი პასუხისგებაში მიეცადა მათ მიერ დაგროვილი ქონების კონფისკაცია მოეხდინა. ასეთ ჩინოვნიკებს „ღრუბელს“ ეძახდნენ.
  • რომის იმპერატორი ტიბერიუსი იშვიათად ცვლიდა თავის მოხელეებს, რასაც შემდეგნაირად განმარტავდა: როცა ბუზი საკმაოდ ძღება, ისე ძალიან აღარ იკბინება, როგორც მშიერიო.
  • ერთხელ რომის იმპერატორ ვესპასიანესთან დიდმოხელე შევიდა და იმპერატორს წარუდგინა ახალგაზრდა კაცი, რომელიც თითქოსდა მისი ძმა იყო. სთხოვა, რომ მისთვის სამსახური მიეცა. იმპერატორი მიხვდა, რომ დიდმოხელე ცრუობდა, ამიტომ გარეთ დაცდა უბრძანა. ვესპასიანემ დაიმარტოხელა თუ არა ახალგაზრდა კაცი, უთხრა: შენ ის თანხა მე გადამიხადე, რაც მისთვის უნდა მიგეცა და დაუყონებლივ მიგიღებ სამსახურშიო. და მანაც ვესპასიანეს ფული იქვე ჩაუთვალა. უკან შემობრუნებულ დიდმოხელეს კი იმპერატორმა უთხრა: შენ შეცდი, ის შენი ძმა კი არა, ჩემი ძმა აღმოჩნდაო.
225
თემები:
იცით თუ არა, რომ... (413)
გათხევადებული გაზის საწარმო რუსეთში

არქტიკული მარაგები: რუსეთი ევროპიდან აშშ-ის განსადევნად მოემზადა

12
(განახლებულია 23:05 17.05.2021)
ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ექსპორტი რეკორდებს ამხობს. მაგრამ ვაშინგტონში შიშობენ, რომ ეს აჟიოტაჟი დიდხანს არ გაგრძელდება, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების შემდეგ ევროპაში იაფი რუსული საწვავი შეთქრიალდება.

ნატალია დემბინსკაია

ამასთან მოსკოვმა უახლოეს ორიოდ წელიწადში შეიძლება გარღვევა მოახდინოს გათხევადებული გაზის ბაზარზე. ამას ხელს შეუწყობს მსხვილი ეროვნული პროექტები. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ პერსპექტივაში რუსეთი გააძევებს აშშ-ს ევროპული ბაზრიდან.

კატარი აზიას არ ჩააბარებს

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ინფორმაციის მართვის ცენტრის (EIA) ცნობით, მარტში ამერიკელები უცხოეთში 10,5 მლრდ კუბურ ფუტ გათხევადებულ გაზს გზავნიდნენ დღეში. აპრილში 9,2 მლრდ კუბური ფუტი იყო, მაგრამ ესეც აბსოლუტური მაქსიმუმია გაზაფხულის დასაწყისისთვის.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, გასული წლის იანვარში გათხევადებული გაზის ექსპორტის უმეტესი ნაწილი აშშ-დან აზიაზე მოდიოდა. მაგრამ თებერვალსა და მარტში ნახევარი ევროპას მიჰქონდა. საქმე ისაა, რომ სპოტზე ფასები იქ აზიურს გაუთანაბრდა.

„რაც შეეხება მაისს, ჩვენ 8,6 მლრდ კუბურ ფუტამდე დაკლებას ველოდებით დღე-ღამეში, შემდეგ კი — ცხრა მილიარდზე ზემოთ მატებას ზაფხულის თვეებში ევროპასა და აზიაში პიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, — დააზუსტეს უწყებაში.

საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში დაუშვეს, რომ 2024 წლისთვის ამერიკელები შეძლებენ ლიდერები გახდნენ ამ სეგმენტში. მათი გამოთვლებით, აშშ-ში, ავსტრალიასა და რუსეთში ბუნებრივი აირის გათხევადების სიმძლავრეების ერთობლიობა ამ დროისათვის მსოფლიო ექსპორტის 90%-ს მიაღწევს. თუმცა ლიდერობის თემაზე შეიძლება ვიკამათოთ.

აზიური ბაზრის დაპყრობას აშშ-ს ალბათ უმსხვილესი მოთამაშე, კატარი არ დაანებებს. 2020 წელს ახლოაღმოსავლურმა სახელმწიფომ 77,6 მლნ ტონა გათხევადებული გაზი გაიტანა ექსპორტზე. ეს საერთო მიწოდებების 26,5%-ია. უკვე 2024 წლისთვის მოპოვებების წლიური მოცულობა სპარსეთის ყურის ამ პაწია მონარქიაში შესაძლოა თითქმის ორჯერ გაიზარდოს. თებერვალში დოჰაში საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღეს ჩრდილოეთ საბადოს აღმოსავლეთ ნაწილის დამუშავების შესახებ. ეს უმსხვილესი პროექტია.

კატარს ფეხდაფეხ მისდევს ავსტრალია — 26%-ით. მესამე და მეოთხე ადგილებზე აშშ (14,7) და რუსეთი (10) არიან. ამასთან 2019 წელს რუსებმა ევროპასა და აზიაში ექსპორტზე უფრო მეტი გათხევადებული აირი გაიტანეს, ვიდრე ამერიკელებმა. უახლოეს წლებში, როგორც მოსალოდნელია, კონკურენცია გამწვავდება, და მოსკოვს კიდევ აქვს შანსები, გამარჯვებული გამოვიდეს. მთელი საქმე უზარმაზარ არქტიკულ მარაგებშია.

არქტიკა პრიორიტეტში

ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნავთობისა და გაზის რესურსების გეგმაზომიერი ათვისება რუსეთის ხელისუფლების პრიორიტეტში უკვე 15 წელია. მარტში მინისტრთა კაბინეტმა გათხევადებული გაზის წარმოების განვითარების გრძელვადიანი პროგრამა დაამტკიცა. ეს წყაროების დივერსიფიკაციისკენაა მიმართული, უპირველესად, არქტიკული შელფისა და შორეული აღმოსავლეთის აქტიური გამოყენებისკენ. იგეგმება, რომ ამ პერიოდში გათხევადებული გაზის საწარმოო სიმძლავრეები სამჯერ გაიზრდება.

თუ აშშ ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა ფიქალური მოპოვებების ხარჯზე, რუსეთს არქტიკა დაეხმარება, წერს ამერიკული გამოცემა OilPrice, რომელიც ნავთობ−გაზის ანალიტიკითაა დაკავებული. რეგიონში უზარმაზარი მარაგებია — 35,7 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი და 2,3 მლრდ ტონა ნავთობი და კონდენსატი.

ყურადღების ცენტრშია პროექტები „ნოვათეკა“: „იამალი LNG“ და „არქტიკ LNG-2“. მეორე, რომლის ღირებულებაც 21 მილიარდი დოლარია, 2023 წელს ამოქმედდება, რათა 2026-სთვის წელიწადში 20 მლნ ტონაზე გავიდეს.

მარტის ბოლოსთვის პროექტი დაახლოებით 39%-ით იყო ინვესტირებული. წელს კიდევ ექვსი მილიარდი ჩაიდება — ადრინდელზე ორჯერ მეტი. ინვესტორებს შორის არიან: ფრანგული Total, ჩინური CNPC და CNOOC და იაპონური კონსორციუმი Mitsui & Co და JOGMEC.

„არქტიკ LNG-2“ სამი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის გასათხევადებლად, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 6,6 მლნ ტონა იქნება წელიწადში და ასევე სტაბილური გაზის კონდენსატის საწარმოებლად — წელიწადში 1,6 მლნ ტონის ოდენობით. სარესურსო ბაზა — ეს გიდანის ნახევარკუნძულზე (იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი) საბადოა.
პირველი ხაზის გაშვება 2023 წლისთვის იგეგმება, მეორისა და მესამისა — 2024 და 2026 წლებში.

როგორც OilPrice აღნიშნავს, საბადოების წარმატებული დამუშავების შემთხვევაში „ნოვატეკი“ ბაზარს დაახლოებით 100 მილიონ ტონა გათხევადებულ გაზს შესთავაზებს წელიწადში. ასეთ მოცულობას კომპანია 2030 წლის შემდეგ მიაღწევს. ამასთან მოპოვებული რესურსების თვითღირებულება ზალიან დაბალი იქნება.

ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკის შეფასებით, რუსეთი 2025 წლისთვის 68 მლნ ტონაზე მეტი გათხევადებული გაზის წარმოებას შეძლებს წელიწადში და მსოფლიო ბაზარზე წილს 25%-მდე გაზრდის.

მძლავრი დარტყმა

OilPrice-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი მძლავრ დარტყმას ამზადებს ევროპაში ამერიკულ პოზიციებზე და შეუძლია სულაც განდევნოს იქიდან კონკურენტი. მოსკოვი შეტევაზე ორი ფრონტზე გადავა: ევროპელებისთვის ხელსაყრელია არა მარტო რუსული მილსადენის გაზი, არამედ გათხევადებულიც.

„ხანგრძლივ პერსპექტივაში სწორედ რუსული გათხევადებული გაზია მიმზიდველი ევროკავშირის მომხმარებლებისთვის ორი მიზეზით: მიწოდება უფრო სწრაფია, ვიდრე აშშ-დან, და უფრო იაფი. ლიეტუვა, რომელიც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, ტყუილად არ იძენს გათხევადებულ აირს ჩვენგან. უბრალოდ სხვა გზა არ რჩება: ნორვეგიას სხვა კლიენტებიც ჰყავს, ოკეანის გაღმიდან გათხევადებული გაზის მიწოდება კი ძვირია“, — აღნიშნავს ლეონიდ ხაზანოვი, დამოუკიდებელი ექსპერტი.

მისი თქმით, ამასთან ამერიკელი მიმწოდებლებისთვის პრიორიტეტში არიან ჩინეთი და იაპონია — იქ ფასები უფრო მაღალია. ევროპაში კი მზად არ არიან ამდენის გადასახდელად და იქ გაყიდვები, როგორც წესი, მხოლოს მოთხოვნების სეზონური ზრდის პერიოდში იმატებს.

„ამიტომ რუსულ გათხევადებულ გაზს შეუძლია ოკეანისგაღმური ევროპის ბაზრის დიდი ნაწილიდან განდევნოს, დაუტოვოს რა კონკურენტებს სამოწყალოდ ესპანეთი და პორტუგალია, თუმცა ამერიკული გასაღებების ზრდის საფუძველი არც იქ არ არსებობს: 2019 წელს „ნოვატეკმა“ ხელი მოაწერა Repsol-თან 15 წლიან შეთანხმებას წელიწადში მილიონი ტონა გათხევადებული აირის მიწოდებაზე“, — ამბობს ხაზანოვი.   

ობიექტური რისკები

მსოფლიო ბაზარზე გათხევადებული გაზის სიჭარბის გათვალისწინებით, არსებობს ობიექტური რისკებიც, მინიმუმ 2025 წლამდე და მაღალი ფასების კონკურენციის გაძლიერების ცდა რთულია.

„არქტიკ LNG-2“ 2023 წელს იღებს სტარტს და ამ მომენტისთის გლობალური წარმოება 650 მლრდ კუბომეტრამდე გაიზრდება წელიწადში. მომხმარებლები უფრო მეტ შესაძლებლობებს მიიღებენ ფასების დასაწევად“, — ამბობს ექსპერტი ნიკოლაი ნეპლიუევი.

ამიტომ, მისი აზრით, „არქტიკ LNG-2“-ს არ აწყენდა დაზღვევა გრძელვადიანი კონტრაქტების სახით, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვებში დაეხმარებოდა.

ნეპლიევის თქმით, თუ მოპოვებასა და ექსპორტში კონკურენციაზე ვისაუბრებთ, აქ რუსეთის ბუნებრივი მოწინააღმდეგე აშშ-ია. მიუხედავად მარტის საექსპორტო რეკორდებისა, ბაზრიდან სხვა მომწოდებლების სრულად განდევნა ამერიკელებს არ გამოუვათ.

ექსპერტები იმავდროულად სვამენ კითხვას: ისე ხომ არ გამოვა, რომ რუსეთის გათხევადებული გაზი კონკურენციას გაუწევს მისსავე მილსადენის გაზს. „კრემლმა პრაქტიკული მიდგომა არჩია და პრიორიტეტი გათხევადებული გაზის სექტორის სწრაფ ზრდასა და განვითარებას მიანიჭა“, — ვარაუდობენ მოხსენების ავტორები.

ექსპერტები მიდიან დასკვნამდე, რომ რუსული გათხევადებული გაზის ექსპორტი საკმარისადაა დივერსიფიცირებული. უდიდესი ნაწილი აზია−წყნარი ოკეანის რეგიონზე მიდის, მნიშვნელოვანი წილი — ევროპის ქვეყნებზე, სადაც „როგორც წესი, არ შედის მილსადენის გაზი“.

უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა რუსული გათხევადებული გაზი „გაზპრომის“ გასაღების ძირითად ბაზრებს — საფრანგეთს, ბელგიასა და ნიდერლანდებს აღწევს, ის, ყველაფრიდან ჩანს, რომ „არ ახდენს იმ საწვავზე მოთხოვნის კანიბალიზაციას, რომელიც მილსადენით შედის“ — მოთხოვნები ხომ წლიდან წლამდე იზრდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

12
რუსული რუბლი

რუსეთიდან ფულადი გადარიცხვები ყველაზე ხელსაყრელია: როგორ ეხმარებიან მიგრანტები ბიუჯეტებს

19
(განახლებულია 19:43 17.05.2021)
რუსეთიდან ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში ფულადი გადარიცხვები ყველაზე ხელსაყრელად აღიარეს მსოფლიოში. უფრო მეტიც, როგორც მსოფლიო ბანკის მოხსენებიდან ირკვევა, გასული წლის განმავლობაში მათი ღირებულება 2,11%-დან 1%-მდე შემცირდა.

ნიკიტა ჩიკუნოვი

ამავდროულად 200 აშშ დოლარის გადარიცხვის საშუალო ღირებულება ევროპის ერთიანი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის, რომელსაც ექსპერტები რუსეთსაც მიაკუთვნებენ, 6,42%-ს შეადგენს. ეს ორზე მეტჯერ მეტია მიზნობრივ ორიენტირზე 3%-ის მოცულობით, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ დაადგინა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყველაზე იაფი გამოდგა რუსეთიდან საქართველოში ტრანზაქციები (თანხის 1%), ხოლო ყველაზე ძვირი — თურქეთიდან ბულგარეთში (დაახლოებით 12%).

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, პანდემიამ ვერ მოახდინა არსებითი ნეგატიური გავლენა მსოფლიოში ფულადი გადარიცხვების მოცულობაზე. 2019 წელთან შედარებით, მაჩვენებელი სულ 1,6%-ით, 540 მლრდ დოლარამდე შემცირდა (2009 წლის კრიზისის დროს გადარიცხვების მოცულობა 11%-ით დაეცა). როგორც მსოფლიო ბანკში განმარტავენ, ეს მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ შრომითი მიგრანტებისთვის პოპულარულ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარება მოსალოდნელზე უკეთესი გამოდგა.

ამასთან, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2020 წელს რუსეთში ოთხწლიანი მინიმუმი დაფიქსირდა უცხოეთში გადარიცხვების მოცულობის მხრივ — 7,4 მლრდ დოლარი. ამაზე ნაკლები მხოლოდ 2017 წელს იყო — 7,3 მლრდ დოლარი. შემცირების მიზეზად ცენტრობანკში რუბლის კურსის დაცემა, ნავთობზე მსოფლიო ფასების კლება და პანდემია დაასახელეს.

გასული წლის განმავლობასი რუსეთიდან ყველაზე მეტი ფული დსთ-ის ქვეყნებში გადაირიცხა — 6,2 მლრდ დოლარი. ახლო საზღვარგარეთის ყველა ქვეყანაში 6,46 მლრდ დოლარი გადაირიცხა, ცოტა მეტი, ვიდრე 2019 წელს (6,42 მლრდ დოლარი).

კონკურენციის პლუსები

როგორც ელექტრონული ფულისა და ფულადი გადარიცხვების ბაზრის მონაწილეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პაველ შუსტოვი ამბობს, ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების ეტაპობრივი გაიაფება — ეს ბოლო ორი−სამი წლის საერთო მსოფლიო ტრენდია.

„ტრანზაქციების ღირებულების გაიაფება მთელ მსოფლიოში ფიქსირდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. უნდა ითქვას, რომ 2020 წელი რუსეთისთვის რეკორდული არ იყო. მეორე და მესამე კვარტლებში გადარიცხვები ძალიან ძვირდებოდა — 1,9%-მდე. ძალიან სერიოზული დაცემა ჩვენ მხოლოდ მეოთხე კვარტალში ვიხილეთ“, — განმარტა მან.

ამის მიზეზებს შორის ექსპერტმა გამოყო ელექტრონულ არხებზე გადასვლა, რომლებიც საგადასახადო სისტემებს უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ნაღდი ფულის მიღება და გაცემა, ასევე მარკეტინგული პროგრამების ორგანიზება ახალი კლიენტების მისაზიდად.

ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკმა რუსეთი ლიდერად დაასახელა, რუსეთის ცენტრობანკის გონივრული რეგულირების დამსახურებაა, ამბობს ეროვნული საგადასახადო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მარია მიხაილოვა.

„რუსეთის ბანკი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კონკურენციის გაძლიერებას რუსეთის ფულადი გადარიცხვების ბაზარზე. სხვადასხვა საგადასახადო სისტემებს შორის კონკურენცია ახლა უკიდურესად მაღალია — სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ტრანზაქციების ღირებულების რამდენიმეჯერად კლებას“, — ამბობს ის.

გადარიცხვების ღირებულების კლების კიდევ ერთი მიზეზი ამ სფეროსადმი ბანკების მზარდ ინტერესს უკავშირდება, ამბობს ექსპერტი ნატალია რაკოვა.

„ადრე რუსეთში ფულადი გადარიცხვების სისტემები დომინირებდა, მაგრამ ბოლო დროს ბაზრით ბანკები დაინტერესდნენ. ისინი ტრანსსასაზღვრო შეთანხმებებს აფორმებენ [სხვა ქვეყნების ბანკებთან], რაც ფიზიკურ პირებს ორგანიზაციებს შორის ფულის დაბალი ნიხრით გადარიცხვის შესაძლებლობას აძლევს“, — განმარტა ანალიტიკოსმა.

ამასთან 1%-იანი ღირებულება შემცირებულად გამოიყურება. მსოფლიო ბანკის გამოთვლებში შესაძლოა კონვერსიული ოპერაციები არ არის გათვალისწინებული — ერთი ქვეყნის ვალუტის გადაცვლა სხვა ქვეყნის ვალუტაზე.

„ბანკები და გადახდის სისტემები ზოგჯერ გადარიცხვების ნომინალურ ღირებულებას დაბლა სწევენ, ზოგ შემთხვევაში 0%-მდე. ამ დროს ისინი კონვერსიით გამოიმუშავებენ ფულს. მაგალითად, რუბლის დოლარში გადაყვანით, დოლარის კი ყაზახურ ტენგეში გადაყვანით“, — ამბობს ნატალია რაკოვა.

უახლოეს პერსპექტივაში, თუ რუსეთის ბაზარზე არსებული ვითარება უარესობისკენ არ შეიცვლება, გადარიცხვების ღირებულება შესაძლოა კიდევ შემცირდეს, ვარაუდობს მარია მიხაილოვა.

გადახდები ეკონომიკების გადამრჩენელია

პანდემიის დროს ფულადი გადარიცხვები უზარმაზარ მხარდაჭერად იქცა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით — ყირგიზეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთისთვის.

როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსეი ზუბეცი ამბობს, შრომითი მიგრანტებისგან შემოსავლები ამ სახელმწიფოების ბიუჯეტების ერთ-ერთი მთავარი საშემოსავლო ნორმაა.

„ცენტრალური აზიის თითქმის ყველა რესპუბლიკისთვის ვალუტის შედინების ძირითადი წყარო მიგრანტების გადარიცხვებია. ამ ქვეყნებში ეკონომიკის კატასტროფული ჩამოშლა არ მოხდა იმის წყალობით, რომ რუსეთში გადახდის სისტემები გამართულად მუშაობდა“, — განმარტავს ის.

რუსეთში პანდემიის დაწყებამდე 13 მილიონზე მეტი მიგრანტი ფიქსირდებოდა ყოფილი სსრკ-დან. ცენტრობანკის მონაცემებით, 2019 წელს ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში 6,42 მლრდ დოლარი გაიგზავნა, რაც რუსეთის ყველაზე მდიდარი რეგიონის, მოსკოვის წლიური ბიუჯეტის ნახევარზე ოდნავ ნაკლებია ($15,7 მლრდ 2019 წელს). ამ ფულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული ეკონომიკების მხარდაჭერაში, ამბობენ Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები.

კერძოდ, ფულად გადარიცხვებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფინანსურ ნაკადებში, მიაჩნიათ ევრაზიის განვითარების ბანკში.

„რუსეთიდან გადარიცხვები მნიშვნელოვანი წყაროა კავშირის მთელ რიგ ქვეყნებში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის მხარდასაჭერად. ყირგიზეთისა და სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში გადარიცხვები, შესაბამისად, 23% და 8%-ს შეადგენს. სხვა ქვეყნებში — ბელარუსსა და ყაზახეთში — გადარიცხვები ესოდენ მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს, შეადგენს რა მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს“, — აღნიშნავენ ეკონომისტები.

შრომითი მიგრანტებისგან მიღებული შემოსავლები შესაძლოა რამდენჯერმე გაიზარდოს, თუ რუსეთის პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნები რუსეთის ცენტრობანკის სწრაფი გადახდების სისტემაში ჩაერთვებიან. ახლა ამგვარ შესაძლებლობას განიხილავს ბელარუსი, რომელიც სისტემას შესაძლოა უკვე 2022 წელს შეუერთდეს.

სწრაფი გადახდების სისტემა რუსეთში 2019 წელს ამუშავდა. ამით ფულის გადარიცხვა ტელეფონის ნომრითაა შესაძლებელი საკომისიოს გარეშე — გამგზავნი და მიმღები ბანკების მიუხედავად.

„სისტემასთან მიერთება მნიშვნელოვნად გააიაფებს საერთაშორისო ფულად გადარიცხვებს, გარკვეული აზრით, უფასოსაც კი გახდის. ვფიქრობ, ეს ძალიან უნდა სურდეთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ ბიუჯეტებს რუსეთში დასაქმებული მოქალაქეების გადარიცხვებით ავსებენ“, — ასკვნის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დმიტრი ოფიცეროვ-ბელსკი.

19
თემები:
რუსეთი დღეს
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები