ქალი მთებში

ამბავი ქართველი ბანოვანისა და მის გამო დაქცეული იმერეთის სამეფოსი

376
(განახლებულია 22:54 16.04.2021)
XVII საუკუნის საქართველოში თამარ მუხრან-ბატონის მშვენიერება ყველას პირზე ეკერა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა მოცილეობის მიზეზი და მის გამო ბევრი სისხლიც დაიღვარა.

თამარზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ზოგი მას აღვირახსნილ ქალად მოიხსენიებს, ზოგს კი ტრაგიკულ ადამიანად მიაჩნია. საქმე ისაა, რომ თამარი ხუთჯერ იყო გათხოვილი და მისი ყველა ქორწინება სკანდალური გამოდგა. ორჯერ საკუთარ სიძეებზე — დის ქმარსა და შვილის მეუღლეზე იქორწინა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ თამარს არავინ არაფერს ეკითხებოდა და უმეტეს შემთხვევებში, როგორც სამხედრო ალაფი, ისე გადადიოდა გამარჯვებულის ხელში.

თამარ მუხრან–ბატონს „ქართველ ელენედაც“ მოიხსენიებენ. თუ მშვენიერი ელენესთვის ტროელები ათი წელი იბრძოდნენ, თამარისთვის ქართველები 20 წლის განმავლობაში ღვრიდნენ სისხლს — რამდენიმე მეფე-მთავრის ჟინს ათასობით ვაჟკაცის სიცოცხლე ეწირებოდა. თამარის სიცოცხლეში დასავლეთ საქართველოს მშვიდობა არ ღირსებია. შეიძლება ითქვას, რომ მუხრან-ბატონების ულამაზესი შთამომავალი მართლაც ტრაგიკული ფიგურა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პირი იყო.   

სამწუხაროდ, მისი პორტრეტი არ შემოგვრჩა. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, თამარი იყო „ფრიად კეკლუცი და აღმატებული მშვენიერებითა სრული უმეტესად“. როგორც ჩანს, თამარი არა მარტო ძალიან ლამაზი, ვნებიანი ქალიც იყო და მამკაცებს მისი დათმობა ალბათ ამიტომაც უჭირდათ. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქართლის გამგებელმა ვახტანგ მეხუთემ, ანუ შაჰ-ნავაზმა სამეგრელოს მთავარ ლევან მესამეს ცოლად შერთო მთელ საქართველოში სილამაზით განთქმული ქალი, თავისი ძმის კონსტანტინეს ასული თამარ მუხრან-ბატონი — მარაბდის გმირის, თეიმურაზ მუხრან-ბატონისა და გიორგი სააკაძის შთამომავალი. სამწუხაროდ, თვინიერი თამარი მისდა უნებურად გახდა მიზეზი იმ დიდი უბედურებისა, რაც მაშინ იმერეთის სამეფოში დატრიალდა.

1663 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ბაგრატ მეოთხე ავიდა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე დედინაცვალმა დასთხარა თვალები. გამეფებისთანავე მას სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი დაესხა თავს. ამ ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, ხოლო დადიანი ტყვედ ჩავარდა. იმერეთის მეფემ ჩათვალა, რომ ლევან დადიანისთვის ულამაზესი ცოლის წართმევის დრო დადგა, ვინაიდან მეფე იყო და მის სამეფოში ყოველივე საუკეთესო (მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ქორ-შევარდენი იქნებოდა, ქამარ-ხანჯალი, ცხენი თუ ქალი) მისი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც თამარ მუხრან-ბატონის ხელში ჩასაგდებად (რომელიც ამავე დროს მისი ცოლისდაც იყო) „ტრაგიკომედია“ გაითამაშა.

უსინათლო ბაგრატს ერთადერთი და თინათინი ჰყავდა, რომელიც ვინმე გოშაძის ნაცოლარი ყოფილა. ძმის წაქეზებით თინათინმა დადიანი აცდუნა. ქალს დანატრებულ ტყვესაც მეტი რა უნდოდა და ანკესზე წამოეგო. დილით მეფე მოტრფიალეებს „თავს წაადგა“ და დადიანს უთხრა, ოჯახის შერცხვენასა და გაბახებას არ გაპატიებ, თუ გინდა სიცოცხლე შეგინარჩუნო, თინათინზე უნდა იქორწინოო. დადიანმაც სიკვდილს სამარცხვინო ქორწინება ამჯობინა და თინათინი ცოლად შეირთო.

იმერეთის მეფემაც არ დაახანა, თავადაც გააგდო კანონიერი მეუღლე თითია მუხრან-ბატონი და ცოლისდაზე — თამარზე დაიწერა ჯვარი. სამწუხაროდ, იმ დროს ქართველ წარჩინებულთა შორის არავინ აღმოჩნდა ვინმე წესიერი, რომელიც წინ აღუდგებოდა გარყვნილი მეფის ამ უზნეო საქციელს. პირიქით, იმერეთის დიდებულებს თავი რომ დავანებოთ, მეფეს ამ საქმეში კვერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსმა სვიმონ ჩხეტიძემაც დაუკრა. შესაძლოა, ეს ქვეყანაში მშვიდობის დამყარების მიზნით გაკეთდა, თუმცა სვიმონ კათალიკოსისა და სხვა მთავრების მიერ განხორციელებულმა „ორიგინალურმა“ საქორწინო მანიპულაციამ იმერეთში შინაომი კი არ ჩააქრო, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო გააღვივა და თითქმის მთელი სამეფო მოიცვა.

ლევან დადიანი არ შეგუებია ცოლის დაკარგვას და მის დასაბრუნებლად არაფერს ერიდებოდა. „ბოღმით დამხრჩვალი“  ბაგრატზე შურისძიებასა და თამარის დაბრუნებაზე ოცნებობდა. ამიტომ როგორც კი შანსი მიეცემოდა, მაშინვე თავს ესხმოდა ცოლისძმას.

მერე ის იყო, ბაგრატ მეფეს სახლთუხუცესი სეხნია ჩხეიძე განუდგა და სატახტო ქალაქში ოსმალთა გარნიზონი ჩააყენა — „მოიპარა ციხე ქუთათისისა და შეაყენა ოსმალნი“. მაგრამ გამოჩნდა გმირი მამულიშვილი, მოურავი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც ერთ ღამეს მამაც იმერთა მცირე გუნდით „შეეტყუა ქუთათისის ციხესა, მოსრნა ოსმალნი და აღიღო ციხე... და მისცა ბაგრატსა“.

ამის საპასუხოდ 1665 წელს ახალციხის ფაშამ ოსმალთა ჯარით ზეკარის უღელტეხილი გადალახა და იმერეთში შეიჭრა. ასლან ფაშას მაშინვე მიეგებნენ სეხნია ჩხეიძე, დემეტრე გურიელი და ლევან დადიანი. ბაგრატ იმერთა მეფემ ბრძოლა უაზროდ ჩათვალა და ოჯახთან ერთად ქართლში გაიქცა:

„მაშინ ოსმალთა მოსრნეს, მოსტყვევნეს იმერეთი, შემუსრნეს მრავალნი ხატნი და ჯვარნი, მოსწვეს ქვეყანანი“.

დადიანი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა, თუმცა მაინც „არ დასცხრა დადიანი, რამეთუ შური აქუნდა ცოლისა თვისისა თამარისათვის...“ ამიტომ როგორც კი უსინათლო ბაგრატმა იმერეთის ტახტი დაიბრუნა, ისევ განაახლა ბრძოლა მის წინააღმდეგ. მაგრამ ჯერ 1669 წელს ჩხართან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა სასტიკად, შემდეგ კი გეგუთთანაც და ისევ ტყვედ ჩავარდა. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მეფემ მოღალატე ერისთავსა და სიძეს სიცოცხლეც აჩუქა და თავისუფლებაც.

მალე ორივეს – ბაგრატსა და ლევან დადიანს ახალი მეტოქე გამოუჩნდა გიორგი გურიელის სახით. ახლა მან დაადგა თვალი მუხრან-ბატონის ულამაზეს ასულს.

ვახუშტი ბაგრატიონის დახასიათებით, გიორგი გურიელი „იყო კაცი მხნე, შემმართებელი, მშვილდოსან-მოასპარეზე რჩეული, უღვთო მოსისხლე და ტყვის მსყიდეველი უწყალო“. თამარის ხელში ჩაგდების მიზნით მან ბაგრატ მეფის დამხობა განიზრახა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ამას მარტო ვერ გააკეთებდა. ამიტომ ახალციხის ფაშას გაურიგდა, დიდძალი ქრთამი მისცა. ეს უკანასკნელიც ადგა და ბაგრატი ხონთქართან ორგულობაზე დააბეზღა. სულთანმაც ასლან ფაშას იმერეთში ლაშქრობა უბრძანა. 1672 წელს გურიელი ოსმალთა ჯარით ქუთაისს დაეცა თავს. იმერეთის მეფემ მოასწრო და თამარი რაჭაში, კვარიათის (კვარას) მიუვალ ციხეში გადამალა, თავად კი ჯარით დაუხვდა მომხვდურთ. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა ოსმალებმა ვერ შეძლეს ბაგრატის ტახტიდან ჩამოგდება. ხონთქართან რომ შერცხვენილი და დამარცხებული არ წარმდგარიყო, ახალციხის ფაშა დიდი ძღვენის საფასურად გაურიგდა ბაგრატს და ის ისევ იმერეთის ტახტზე დატოვა, მძევლად კი მისი ძე ალექსანდრე წაიყვანა. ხელმოცარული გურიელი კი, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, დაბოღმილი გაბრუნდა უკან.

იმ ზამთარს ბაგრატ მეფე ჩაუხტა ჯარით გიორგი გურიელს და დაამარცხა იგი. იმერეთის მეფემ „მოსტყვევნა და მოსწვა გურია და წარმოვიდა ალაფითა და იავარითა“, მაგრამ ბაგრატი იმასაც ხვდებოდა, რომ გურიელი ასე იოლად არ დაეხსნებოდა. ამიტომ, თავიდან რომ მოეშორებინა ჯიუტი მოტრფიალე და იმერეთის მეფის ტახტის მაძიებელი, ცოლად თავისი 11 წლის ასული დარეჯანი შერთო, რომელიც თამარ მუხრან-ბატონისაგან ჰყავდა. ასე და ამგვარად, ვისაც გურიელი ეტრფოდა, ის მისი სიდედრი გახდა.

1678 წლის სექტემბერში ახალციხის ფაშის, ოდიშის მთავარ ლევან დადიანისა და იმერეთის დიდებულების მხარდაჭერით ტახტი არჩილ ვახტანგის ძემ (ქართლის გამგებელ შაჰ–ნავაზის შვილმა) დაიკავა. იმერლებმა და მეგრელებმა არჩილი ზეიმით შეიყვანეს ქუთაისში და „კუბოს კარამდე“ ერთგულება შეჰფიცეს. ბაგრატმა აწ უკვე სიძეს — გიორგი გურიელს მიაშურა თავშესაფრისთვის, ხოლო თამარი სკანდის ციხეში დატოვა. არჩილმა გამოიყვანა ციხიდან თამარ დედოფალი და პირველ ქმარს — ლევან დადიანს დაუბრუნა.

განრისხდა ოსმალთა სულთანი – როგორ თუ არ იშლიან სპარსთა ქვეშევრდომი ქართლელები „ჩემი იმერეთის“ საქმეებში ხელის ფათურსო, და მაშინვე არზრუმის ფაშას უბრძანა იმერეთში წესრიგის აღდგენა.

მიეგებნენ ბაგრატ მეფე და გიორგი გურიელი ფერსათზე გადმოსულ ოსმალთა ლაშქარს. არჩილ მეფემაც „შემოიკრიბნა სრულიად იმერნი, შეიფიცნა და ლამობდა ბრძოლასა“. 1679 წლის აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს მოწინააღმდეგენი, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა, ვინაიდან იმერლებმა არჩილი მიატოვეს და ბაგრატის ბანაკში გადავიდნენ. შაჰ– ნავაზის ძემ მცირე ამალით რაჭისკენ გაქუსლა, იქიდან კი ქართლში გადავიდა.

ქუთაისის ტახტზე ისევ ბრმა ბაგრატი ავიდა, რომელმაც გამეფებისთანავე „მოიმტკიცნა ივერნი, შემოიკრიბნა და წარვიდა ოდიშს“. ლევან დადიანიც ჯარით მიეგება და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელშიც ბაგრატ მეფემ გაიმარჯვა. მან მაშინვე წაართვა დადიანს „კეკლუცი თამარი“, ცოლად დაიბრუნა და „მოვიდა ქუთათის გამარჯვებული“.

ლევან დადიანმა ვერ გადაიტანა ასეთი მარცხი და დამცირება და 1680 წელს მშფოთვარე სული უფალს მიაბარა. ერთი წლის შემდეგ უსინათლო ბაგრატიც მის გზას დაადგა. ამ ვითარებით ისარგებლა გიორგი გურიელმა და ხელთ იგდო ქუთაისის ტახტი. ახლადმოვლენილი იმერეთის მეფის პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ კანონიერ ცოლს გაეყარა და თანამეცხედრედ მისი დედა, თამარ მუხრან-ბატონი დაისვა.

მართალია, გურიელმა 1683 წელს იმერეთის ტახტი დაკარგა და ის ალექსანდრე ბაგრატის ძეს დაუთმო, მაგრამ თამარის შენარჩუნება შეძლო. თუმცა ამ უკანასკნელსაც დიდი დღე აღარ ეწერა. 

გიორგი გურიელს იმერთა და ოდიშართა გაერთიანების შიში ჰქონდა. ამიტომ ქუთაისიდან გაქცევისთანავე თავისი მშვენიერი „ცოლ-სიდედრი“, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ორსულად იყო, დადიანთან გაუშვა მოციქულად, „რათა არ მიერთვნენ ოდიშარნი ალექსანდრეს“. მაგრამ სამეგრელოში მისულ დესპანს მუცელი ასტკივდა და მშობიარობას გადაჰყვა. და მყის ჭორები აგორდა მის შესახებ – ბავშვის ნაცვლად ცეცხლმოკიდებული მუგუზალი დაჰბადაო. ამ ერთ ფრაზაშიც ნათლად ჩანს, მეფე-მთავრების სათაყვანო „კეკლუცი თამარი“ როგორ სძულდათ რიგით ქართველებს, რომლებიც ქვეყნის გავერანება-გაჩანაგებასა და დაუსრულებელ შიდა ომებს მის იმერეთში გამოჩენას უკავშირებდნენ...

376
თემები:
იცით თუ არა, რომ... (412)
კახი კავსაძე ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე“

სტალინის მასწავლებელი, ქართველი შინდლერი და შავი აბდულა: კახი კავსაძის მონათხრობი

126
(განახლებულია 12:05 10.05.2021)
Sputnik−საქართველოს ავტორმა და ქართველების სიძემ, მწერალმა იგორ ობოლენსკიმ რამდენინე წლის წინ კახი კავსაძის ოჯახზე საინტერესო ისტორია გააცნო ჩვენს მკითხველებს.

ბატონ კახის საქართველო სულ ცოტა ხნის წინ გამოეთხოვა. გამომდინარე ამ სამწუხარო ფაქტიდან და აგრეთვე იქიდანაც, რომ მასალაში მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებზეცაა საუბარი (დღეს კი, როგორც ვიცით, ფაშიმზე გამარჯვების 76−ე წლისთავი აღინიშნება), რედაქციამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ამ საოცარზე საოცარი ოჯახის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც თავად კახი კავსაძემ უამბო მწერალს.

Грузинский советский актёр театра и кино Кахи Давидович Кавсадзе
© photo: Sputnik
კახი კავსაძე

„ბაბუას ალექსანდრე ერქვა, მეგობრები სანდროს ეძახდნენ.

1873 წელს დაიბადა და ხუთი წლით უფროსი გახლდათ სტალინზე, რომელთან ერთადაც სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში. ბავშვობაში ხუთწლიანი სხვაობა ასაკში ძალიან შესამჩნევია. თქვენ რომ შვიდი წლისა იყოთ, მე კი 12–ისა, ჩვენ შორის უფსკრული იქნება. პატარა სტალინი გუნდში მღეროდა, რომელსაც ბაბუა ხელმძღვანელობდა და ისიც მასწავლებელივით უყურებდა სანდროს.

1937 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადა ტარდებოდა, რომელზეც ბაბუაჩემის მუსიკალური კოლექტივი გაუშვეს. კონცერტის მერე არტისტები კრემლში მიიწვიეს, ბანკეტზე. ბაბუა ყვებოდა, სტალინი სტუმრებთან ცოტა დაგვიანებით გამოვიდა, კარგად დადგმული სცენა იყო, გამოჩნდა თუ არა კარში, დარბაზმა ყვირილითა და აპლოდისმენტებით იფეთქაო.

სტალინს ორიოდე წამით უსმენია თავსდამტყდარი სახალხო სიყვარულისთვის და მერე მარჯვენა ხელი აუწევია, ხელისგულით ხალხისკენ. დარბაზი წამში გაყუჩებულა — ხალხს ხმის ამოღებისა კი არა, სუნთქვისა ეშინოდა თურმე. და ამ სიჩუმეში სტალინს წყნარად უკითხავს:

​— სანდრო აქაა? — ბაბუაჩემს ეძებდა.

ხალხი განზე გადგა და ცოცხალი დერეფნის ერთ თავში სტალინი აღმოჩნდა, მეორეში — ბაბუაჩემი. არცერთი არ იძროდა ადგილიდან. ბაბუა სტალინზე უფროსი იყო და თანაც მისი მასწავლებელი, სტალინი კი — ბელადი… მერე ორივე დაძრულა და დერეფნის ზუსტად შუაში შეხვედრილან.

სტალინი ბაბუას გადახვევია:

— „კრასავეც!“

— ყოველთვის შენზე ლამაზი ვიყავი.

ყველას ენა ჩავარდნია, სტალინს კი გასცინებია:

— საერთოდ არ შეცვლილხარ, — უთქვამს და ბაბუა მაგიდასთან მიუწვევია.

რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ სტალინს ბაბუასთვის მიუმართავს:

— მთხოვე, რაც გინდა!

— ეგ ჩიბუხი მაჩუქე, ახლა რომ ეწევი.

Письмо и трубка Сталина, подаренные деду Кахи Кавсадзе
Личный архив семьи Кавсадзе
სტალინის ჩიბუხი და წერილი

ბელადს ისევ გაღიმებია და სიტყვებით, „მართლა არ შეცვლილხარ“, ჩიბუხი შალითაში ჩაუდია და ბაბუასთვის გაუწვდია.

ჩიბუხი და მისი შალითა ახლაც ჩემთან ინახება. შალითა ცოტა დახეულია — სტალინმა ასე დახეული აჩუქა, ჩიბუხს კი კიდევ დიდხანს ჰქონდა ბელადის თამბაქოს სუნი.

ბაბუა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კრემლის საავადმყოფოში დააწვინეს. ერთ დღეს სტალინის წერილი მიუტანეს, ქართულად დაწერილი:

„სანდროს გაუმარჯოს! გავიგე შემთხვევით ეგნატაშვილისგან, რომ საავადმყოფოში ყოფილხართ, ეს ცუდია, მაგრამ თქვენზე ამბობენ, ჩქარა მოკეთდებაო. ეს კარგია. თუ საჭიროა რაიმე მოგეხმაროთ, მითხარით. მე მზათა ვარ მოხმარებისთვის, იცოცხლეთ ათასი წელიწადი! თქვენი სოსო“.

გავა წლები და ეს წერილი ძალიან დაეხმარება ჩვენს ოჯახს…

ბაბუა 1939 წელს გარდაიცვალა. მისი ადგილი ანსამბლში მამაჩემმა დავითმა დაიკავა, რომელიც მხოლოდ შესანიშნავი მომღერალი კი არ იყო, არამედ კარგი ხელმძღვანელიც. შინ დიდი ფოტო მაქვს, რომელზეც დავით კავსაძის მთელი კოლექტივია აღბეჭდილი. წინა რიგში მამა და საქართველოს მაშინდელი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დგანან, ოღონდ მამა მასზე რამდენიმე სანტიმეტრით წინ დგას.

ფოტო, რომელმაც კავსაძეების ცხოვრება შეცვალა
კავსაძეების საოჯახო არქივიდან
ფოტო, რომელმაც კავსაძეების ცხოვრება შეცვალა

​ეს „თავხედობა“ მამას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ომი რომ დაიწყო, კავსაძის ყველა მოცეკვავემ და მომღერალმა ჯავშანი მიიღო, ხელმძღვანელის, ანუ მამაჩემის გარდა… და ის ფრონტზე გაიწვიეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაჩემის სახელზე ჯავშანი, რაღა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ რაღაც მიზეზებით დროულად ვერ მონახეს. გასაგებია, რომ ეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ იძია მასზე შური.

1942 წელს ქერჩთან სასტიკი ბრძოლა გაიმართა. თვითმხილველები ამბობდნენ, ზღვაც კი იწვოდაო — პირდაპირი მნიშვნელობით იწვოდა, ნავთობი იყო ჩაღვრილი და წყალს ცეცხლი ეკიდა.
იმ ბრძოლაში მამაც მონაწილეობდა…

თბილისში დაღუპვის ცნობა მოგვივიდა. დედა მთელი წელი დამატებით პენსიას იღებდა, როგორც ომში დაღუპულის ქვრივი. მერე კი გაირკვა, რომ მამა ცოცხალი იყო.

თურმე ტყვედ ჩავარდნილიყო. გერმანელებს ქართველი ტყვეებისთვის უთქვამთ, თუ საზღვარგარეთ ნათესავები ან ნაცნობები გყავთ, მოგვწერონ და გაგათავისუფლებთო. ფაშისტები იმდენად იყვნენ დარწმუნებული სწრაფ გამარჯვებაში, რომ, აი, ასეთ მოულოდნელ ნაბიჯებსაც კი დგამდნენ.

Кахи Кавсадзе с мамой и братом
photo : Kavsadze family archive
პატარა კახი კავსაძე დედასთან და ძმასთან ერთად

მამას საზღვარგარეთ ნათესავები არა, მაგრამ მეგობრები კი ჰყავდა, რომლებსაც საქართველო 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ დაეტოვებინათ.

დავით კავსაძის სახელი უცხოეთში იცოდნენ და ვიღაცას მოუწერია, მზად ვარ მის წასაყვანადო. მამა უბრალოდ კი არ გაათავისუფლეს, ქართველი ტყვეებისგან ანსამბლის ჩამოყალიბებაც შესთავაზეს.

მამაც დადიოდა სიკვდილის ბანაკიდან ბანაკში და ქართველებს ეძებდა. შედიოდა ბარაკში, სადაც გაზის კამერაში წასაყვანად გამზადებული ხალხი იდგა და ქართულად იძახდა: თუ ქართველი ხართ ვინმე, გამოდითო და ქართველების გარდა სხვებიც ეხმაურებოდნენ: ავლაბრელი სომეხი, კახელი აზერბაიჯანელი, ქუთაისელი ებრაელი, სოლოლაკელი რუსი…

და მამაც ეუბნებოდა:

—  გამოდი!

თუ რომელიმე გერმანელი ოფიცერი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ამდენი ხალხი რად გინდაო, მამა ეუბნებოდა, ჯერ უნდა შევკრიბო და მერეღა ამოვარჩიო, ვის შეუძლია სიმღერა და ვის — არაო. ვისაც სიმღერა არ ეხერხებოდა, მამა გაქცევაში ეხმარებოდა.

​უკვე მსახიობი გახლდით, ავსტრალიაში ვიყავი გასტროლებზე. ერთ დღესაც ვიღაც კაცი მოვიდა და მეუბნება, თქვენ ხომ დავით კავსაძის შვილი ხართ, მამათქვენმა მე სიკვდილს გადამარჩინაო. მერე სტუმრად მიმიწვია და სუფრასთან მომიყვა:

—  დავითმა რომ დაიძახა, მწკრივიდან კი გავედი, მაგრამ პატიოსნად გამოვტყდი, სიმღერა არ ვიცი–მეთქი. ეგ არაფერიო, დამამშვიდა, ცოტა გამოკეთდი და როგორც კი საშუალება გექნება, გაიქეციო. ასე ამოვყავი თავი ავსტრალიაში.

მოკლედ, მამამ ანსამბლი ჩამოაყალიბა, რომელსაც ქართული ეროვნული სამოსი ჩააცვეს და კონცერტების გამართვის უფლება მისცეს. ჩვენ კი შეგვატყობინეს, დავით კავსაძე კი არ დაიღუპა, ტყვედაა ჩავარდნილიო. 
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის სამშობლოს მოღალატე იყო და არანაირი პენსია არ გვეკუთვნოდა. ის კი არა, დედას იმ ფულის დაბრუნებაც დაავალეს, რაც უკვე მიღებული ჰქონდა პენსიის სახით.

შვიდი წლისა ვიყავი მაშინ და კარგად მახსოვს, როგორ აბრუნებდა დედა თავისი ისედაც ძუნწი ჯამაგირიდან თანხას უკან. ძლივს გაგვქონდა თვიდან თვემდე თავი.

მაინც ბედნიერები ვიყავით იმით, რომ მამა ცოცხალი იყო.

დავით კავსაძის მიერ ჩამოყალიბებული ქართველი ტყვეების ანსამბლი
კავსაძეების საოჯახო არქივიდან
დავით კავსაძის მიერ ჩამოყალიბებული ქართველი ტყვეების ანსამბლი

ერთ ღამესაც ვიღაცამ დაგვიკაკუნა. დედამ კარი გააღო, მაგრამ არავინ იყო, მარტო პატარა ფურცელი ეგდო იატაკზე. ეს მამაჩემისა და მისი ახალი კოლექტივის სურათი გამოდგა.

1945 წელს ომის დამთავრებას მამა პარიზში შეხვდა, სადაც მისი ანსამბლი დიდი წარმატებით სარგებლობდა. უკვე ამერიკაში საგასტროლოდ ემზადებოდნენ, როცა მამას ვიღაც კაცი შესჩენია, საბჭოთა კავშირში დაბრუნდი, უკვე დიდი ხანია გაპატიეს, ოჯახთან წადი და სამშობლოს ემსახურეო. და მამამაც დაიჯერა.

მოსკოვში ჩასულა თუ არა, მაშინვე მეგობართან, მიხეილ ჭიაურელთან წასულა, რომელიც თურმე შეეცადა, გადაეფიქრებინა მამაჩემისთვის თბილისში ჩამოსვლა. ჭიაურელი სტალინის ერთ–ერთი საყვარელი ხელოვანი იყო და იცოდა, რომ დავითს უსათუოდ დააპატიმრებდნენ, მაგრამ არც ამის პირდაპირ თქმა შეეძლო და არც მოსკოვში დარჩენის შეთავაზება.

არა და, ასე რომ მომხდარიყო, მთელი მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა. ჭიაურელს შეეძლო ბელადთან ერთ–ერთ შეხვედრაზე თან ეახლა მამა და მისთვის სანდრო კავსაძის ვაჟი წარედგინა, რომელიც ესოდენ უყვარდა სტალინს. ამის მერე მამას თითსაც ვერ დააკარებდა ვერავინ.

მაგრამ ასე არ მოხდა…

მამამ მოსკოვიდან დაგვირეკა, ამა და ამ მატარებლით მოვდივარ და დამხვდითო. მივედით დანიშნულ დღეს სადგურზე, მაგრამ მამა არსად იყო. მერე გაირკვა, რომ სოჭში დაეპატიმრებინათ. ჩვენ მხოლოდ „კაგებეშიღა“ ვნახეთ, როცა შეხვედრის უფლება მოგვცეს.

ოთახში ჭაღარა, დაღლილი კაცი დაგვხვდა, რომელშიც ძლივს ამოვიცანი მამა.

დედამ ჩემკენ და ჩემი ძმისკენ გამოიშვირა ხელი და უთხრა:

—  ეს შენი შვილები არიან.

მაშინ მე ათი წლისა ვიყავი, ძმა — რვისა. მამამ მუხლებზე დაგვისვა და უპირველესად გვკითხა:

— მუსიკას სწავლობთ?

— ვსწავლობთ, მამა.

მერე მამა სვერდლოვსკის ოლქში გადაასახლეს. ეს მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა მორიგი „პერედაჩი“ მივიტანეთ ციხეში და არ მიიღეს.

„იქიდან კი ნამდვილად ვეღარ დაბრუნდება“, — მწარედ წარმოთქვა დედამ.

იმავე დღეს გაჩხრიკეს ჩვენი სახლი, ყველაფერი ყირაზე დააყენეს — ჩვენ ხომ უკვე ოფიციალურად ვიყავით ხალხის მტრის შვილები.

—  თქვენ რა, ჰიტლერის წერილებს ეძებთ?— ჰკითხა დედამ ჯარისკაცებს.

როგორც მერე მივხვდით, ისინი იმ ფოტოს ეძებდნენ, რომელიც ომის დროს გადმოგვიგზავნა მამამ უცხოეთიდან და რომელიც ვიღაცამ კართან დაგვიგდო. დედა კარზე დაკაკუნებისთანავე მიმხვდარა, ვინ და რატომ მოვიდა ჩვენთან და სურათი უბეში დაემალა.

„ენკავედიშნიკებმა“ იქ ძებნა ვერ გაბედეს და ასე გადარჩა ეს ფოტო.

ჩხრეკას შედეგად არაფერი მოჰყვა, მაგრამ ბინა, ფაქტობრივად, წაგვართვეს — სამიდან ორი ოთახი დაგვილუქეს.

აი, მაშინ კი წავიდა დედა მოსკოვში, სტალინთან. ბელადთან შეხვედრა რომ მოეხერხებინა, ეგნატაშვილს დაურეკა — კრემლის კომენდანტს, რომელზეც ამბობდნენ, მამით სტალინის ძმა არისო.

ეგნატაშვილმა დედა მიიღო, მაგრამ უთხრა, შევეცდები, სტალინთან შეხვედრა მოგიწყო, მხოლოდ რამდენიმე თვის მერეო. დედა ასე დიდხანს ვერ დარჩებოდა მოსკოვში — მე და ჩემი ძმა თბილისში ვყავდით დატოვებულები.

ადგა და ეგნატაშვილს ის წერილი აჩვენა, რომელიც სტალინმა ბაბუას 1937 წელს გამოუგზავნა.

წერილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ეგნატაშვილმა დედა „კაგებეს“ ერთ–ერთ დიდ ჩინოვნიკს შეახვედრა. მან ფრთხილად ამოიღო წერილი კონვერტიდან, რომელსაც რუსულად ეწერა „Товарищу Александру Кавсадзе от И. Сталина“ და ისე ფაქიზად, ორივე ხელით დაიდო ფურცელი წინ, თითქოს ეშინოდა, რაიმე ტკივილი არ მიეყენებინა.

„თავის ენაზე წერს“, — უთქვამს ქართული ნაწერის დანახვაზე. მერე კი დაუმატებია: თქვენ არც კი იცით, რა გაქვთ! ქმრის გათავისუფლების საქმეში მე ვერაფრით დაგეხმარებით, ეს ჩემ კომპეტენციაში არ შედის, აი, ბინის საკითხს კი დღესვე მოვაგვარებთო.

და მართლაც, დედა ჯერ კიდევ არ იყო მოსკოვიდან დაბრუნებული, რომ ოფიცრები მოვიდნენ და დალუქული ოთახები გაგვიღეს.

მამამ გადასახლებაში შვიდი წელი დაჰყო. დედაჩემმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა მასთან ჩასვლა. სატვირთო მატარებლის გამცილებლად მოეწყო, მე და ჩემი ძმა თავის დასთან დაგვტოვა და წავიდა. მაშინ გზას მხოლოდ ერთი მიმართულებით თვეზე მეტი სჭირდებოდა.

მამასთან მიწერ–მოწერა კი გვქონდა და სურათებსაც ვუგზავნიდით. უკვირდა, რა სწრაფად იზრდებითო. სხვადასხვანაირ ფოტოებს ვგზავნიდით: ერთზე ჯერ მე ვიდექი, მერე დედა და ბოლოს ყველაზე დაბალი — ჩემი ძმა. მეორე ფოტოზე სხვა კომპოზიცია იყო: ჯერ მე, მერე ჩემი ძმა და ბოლოს ყველაზე დაბალი — დედაჩვენი.

1952 წელს დეიდაჩემს ვკრძალავდით, მახსოვს, ძალიან ცხელოდა და უცბად რაღაც ველური ისტერიკა დამემართა — ბღავილი დავიწყე და ვეღარ ვჩერდებოდი. მოგვიანებით შევიტყეთ, სწორედ იმ წუთებში მამა გარდაცვლილიყო გადასახლებაში… მისი ნივთები დაგვიბრუნეს — ჩვენი წერილები და ფოტოები.

დედა 68 წლისა გარდაიცვალა, ხელში ჩამაკვდა. არასდროს დამავიწყდება, როგორ მოიკუნტა, როგორ აემღვრა თვალები და როგორ გადმოსცდა მის ბაგეს ერთადერთი სიტყვა, მამაჩემის სახელი: „დათაშკა“… და წავიდა.

არ ვიცი, სად და როგორ გაიცნო დედამ მამაჩემი, ეს არასდროს მოუყოლია, მაგრამ ძალიან კი უყვარდათ ერთმანეთი. 29 წლისა იყო დედა, მარტო რომ დარჩა და მთელი ცხოვრება ასე მარტო იყო.

ციმბირიდან მამის ნეშტის გადმოსვენება მინდოდა, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, ჩახვალ, გაჩვენებენ დანომრილ საფლავს, გეტყვიან, მამაშენი აქ მარხიაო, გადმოასვენებ ნეშტს და მერე მთელი ცხოვრება იმაზე იფიქრებ, მართლა მამა ჩამოასვენე თუ არა. დაფიქრდი, სანამ ამას გააკეთებო.

მართლაც, დავფიქრდი და გადავწყვიტე, ყველაფერი უცვლელად დამეტოვებინა. თუ ასეთი ბედი ეწერა მამას, რომ ციმბირში უნდა დამარხულიყო, ესე იგი ასეც უნდა მომხდარიყო…

126
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021
ყვავილები ძმათა სასაფლაოზე

ძლიერი ზურგი და ათასობით მეომარი: საქართველო მეორე მსოფლიო ომში

38
(განახლებულია 12:35 09.05.2021)
საქართველოს ძალისხმევის გარეშე გერმანელების შეტევის მოგერიება კავკასიაში შეუძლებელი იქნებოდა. საქართველოს როლი ომში უმნიშვნელოვანესია და დასაფასებელი

დმიტრი ვერხოტუროვი

რატომღაც ისე მოხდა, რომ საქართველო „დიდი სამამულო ომის“ ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდა. ეს ალბათ უკავშირდება იმას, რომ სამხედრო ისტორიკოსების მთელი ყურადღება მიჯაჭვული იყო დიდი ბრძოლებისკენ. ზურგისა და საომარი მეურნეობის ისტორიას კი ნაკლები დრო ეთმობოდა.

ამასთან, საქართველო, როგორც წესი, ასოცირდებოდა ღვინოსთან, ხილთან და სტუმართმასპინძლობასთან და არ აღიქმებოდა, როგორც მნიშვნელოვანი სამხედრო-სამეურნეო ბაზა, ყოველ შემთხვევაში, ისეთ ცენტრალურ სამრეწველო რაიონებთან შედარებით, როგორებიც იყო მოსკოვი, ლენინგრადი თუ ურალი. 

თუმცა საქართველოს, როგორც ზურგისა და სამხედრო-სამრეწველო რაიონის როლი ომის წლებში მეტად მნიშვნელოვანი იყო და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

ბაქოდან ბერლინში?

საქართველოს ტერიტორიაზე ბრძოლები არ ყოფილა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ჰიტლერის დამპყრობლურ გეგმებში ადგილი არ ეკავა. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ ისწრაფვოდა გერმანია ბაქოს მსხვილი ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდებას. ბაქოს ნავთობს ნაცისტური გერმანია იხილავდა, როგორც ომის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. ბაქოდან ნავთობის გერმანიაში გატანის მარშრუტი კი საქართველოზე გადიოდა. 

ჯერ კიდევ რევოლუციამდე ბაქოდან ბათუმის პორტამდე, სადაც ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაც მდებარეობდა, გაყვანილი იყო ნავთობსადენი. ის ომამდე განახლდა. ბაქოს საბადოების, ამ ნავთობსადენისა და ბათუმის პორტის ხელში ჩაგდებით გერმანია შავი ზღვისა და დუნაის გავლით ნავთობს პირდაპირ რეიხის ტერიტორიაზე გადაიტანდა.

სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ნაცისტები სევასტოპოლის დაპყრობას, შავი ზღვის ფლოტის განადგურებას, ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს აღებას და კავკასიის ქედის ჩრდილოეთითა და სამხრეთით გადასვლას.

ყველაფერი ფრონტისთვის

საქართველო ომის წლებში ამიერკავკასიის ფრონტსა და შავი ზღვის ფლოტს, რომელმაც 1941 წლის მიწურულს ბათუმისა და ფოთის პორტებში გადაინაცვლა, ზურგს უმაგრებდა. საქართველო მებრძოლებს ამარაგებდა ომისთვის აუცილებელი ყველა სახის ნივთებითა და ნედლეულით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცხი გარდაუვალი იქნებოდა.

მდგომარეობას ართულებდა ორი გარემოება. ჯერ ერთი, ომამდე საქართველოში კარგად არ იყო განვითარებული შავი მეტალურგია და მანქანათმშენებლობა. საქართველოში, ძირითადად, ვითარდებოდა მსუბუქი და კვების მრეწველობა, რომელიც სოფლის მეურნეობას ეფუძნებოდა. ერთადერთი მსხვილი მეტალურგიული საწარმო იყო თბილისის „ცენტროლიტი“. მეტალურგიული ქარხნის აშენება ომამდე ვერ მოესწრო. 

მეორეც, 1942 წელს, როდესაც გერმანელებმა ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოსავლეთისკენ წაიწიეს და ვოლგამდე მივიდნენ, საქართველო ფაქტობრივად იზოლირებული აღმოჩნდა და სატრანსპორტო კავშირი დანარჩენ ქვეყანასთან მხოლოდ ბაქოსა და კრასნოვოდსკის პორტების, შემდეგ კი შუა აზიის გავლით იყო შესაძლებელი.

აქედან გამომდინარე, ამიერკავკასიის ფრონტი და შავი ზღვის ფლოტი უმთავრესად მხოლოდ ამიერკავკასიის რესპუბლიკების - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის - ეკონომიკური რესურსების იმედად დარჩნენ.

კავკასიისა და აქაური ნავთობისთვის 1942-1943 წლებში მიმდინარე გადამწყვეტ ბრძოლებში საქართველოს მთელი თავისი რესურსები უნდა გამოეყენებინა ჯარისა და ფლოტის მოსამარაგებლად.

თვითმფრინავები, ნაღმები, ავტომატები...

ბევრი რამის წარმოება დამოუკიდებლად იყო საჭირო. 1940 წელს თბილისში დაიწყეს საავიაციო ქარხნის მშენებლობა, სადაც 1941 წელს ტაგანროგისა და სიმფეროპოლის საავიაციო ქარხნები გადმოიტანეს.

1941 წლის ნოემბერში დაიწყო თვითმფრინავების გამოშვება. საავიაციო წარმოების მასალებით მოსამარაგებლად შესაფერისი პროფილის ყველა ფაბრიკა ამუშავდა.

მაგალითად, ქართული ქიმიკატების კომბინატი ამზადებდა სპეციალურ წებოსა და საღებავებს, ტექსტილის საწარმოები - სპეციალურ ქსოვილებს, ავეჯის ფაბრიკები - შპონსა და ხის დეტალებს თვითმფრინავებისთვის. 

ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყო პისტოლეტების, ტყვიამფრქვევების გამოშვება 14 საწარმოში. ავტომატები ეწყობოდა თბილისის მანქანათმშენებელ ქარხანაში.

1942 წელს დამზადდა 50,6 ათასი ავტომატი, 1943 წელს - 90 ათასი, 1944 წელს - 73,4 ათასი. 1943 წელს თბილისის მანქანათმშენებელი ქარხანა იქცა არსენალად და გადაერთო იარაღისა და ოპტიკის შეკეთებაზე.

გარდა ამისა, დაიწყო 50 მმ-იანი და 82 მმ-იანი ნაღმტყორცნებისა და ნაღმების, ხელყუმბარების, საავიაციო ბომბების წარმოება. ლითონის უკმარისობის გათვალისწინებით შეიქმნა საავიაციო ბომბი П-40, რომელსაც ბეტონისგან ამზადებდნენ.

სევასტოპოლის გემთშემკეთებელმა და საარტილერიო ქარხნებმა, რომლებიც 1941 წლის დეკემბერში ფოთში გადაიტანეს, დაიწყეს შავი ზღვის ფლოტის ხომალდების შეკეთება.

სულ საქართველოში გადატანილ იქნა 20 მსხვილი სამრეწველო საწარმო, თუ არ ჩავთვლით მცირე ქარხნებსა და სხვადასხვა დაწესებულებას.

მანგანუმი, ნახშირი და ნავთობი

საქართველოში მეტად საჭირო სამხედრო-სამეურნეო ნედლეული მოიპოვებოდა. მთავარი იყო ჭიათურის მანგანუმი, რომელიც მაღალი ხარისხის ფოლადის დასამზადებლად გამოიყენებოდა.

მანგანუმის გატანა დაიწყო მხოლოდ 1942 წლის ივლისში ბაქოსა და კრასნოვოდსკის გავლით მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ კომბინატში - მთავარ მეტალურგიულ ქარხანაში ომის დროს.

მოპოვება განახლდა 1943 წლიდან. 1944 წელს ჭიათურამ კვლავ დაიწყო გერმანელებისგან გათავისუფლებული დონბასის მანგანუმით მომარაგება.

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა ამზადებდა შავი მეტალურგიისთვის აუცილებელ ლითონს: ფერომანგანუმსა და ფეროსილიციუმს. 

მანგანუმის გარდა, საქართველოში მოიპოვებოდა ოქრო, თეთრი დარიშხანი, მოლიბდენი, ვოლფრამი - სამხედრო მრეწველობისთვის აუცილებელი ნედლეული.

ჯარებს, ფლოტს, მრეწველობას სჭირდებოდა ბევრი ნახშირი. მხოლოდ შავი ზღვის ფლოტი კვარტალში 15 ათას ტონა ნახშირს მოიხმარდა. მისი შემოტანა შეუძლებელი იყო და ამიტომ მთელი ტვირთი საქართველოს ნახშირის საბადოებს - ტყვარჩელს, ტყიბულსა და ახალციხეს დააწვა. ნახშირი მძიმე შრომის შედეგად მოიპოვებოდა, თანაც მაღაროელების დიდი ნაწილი ქალებმა და მოზარდებმა ჩაანაცვლეს.

საქართველოში მცირე ოდენობით ნავთობსაც მოიპოვებდნენ. მოქმედებდა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მირზაანსა და ბათუმში. ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი 1942 წლის აპრილ-მაისში ნაწილობრივ დაშალეს, როდესაც გერმანელების შეტევამ პიკს მიაღწია. თუმცა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა განაგრძობდა მუშაობას და საავიაციო ბენზინის, ავტობენზინის, ნავთის და გემებისთვის საწვავის დამზადებას.

მთელი პროდუქციის ნახევარზე მეტი - ჯარსა და ფლოტს

საქართველოს გამარჯვება დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. საქართველოში 1939 წელს 3,5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ფრონტზე 562,7 ათასი ადამიანი, ანუ მთელი მოსახლეობის 16% წავიდა. 

დარჩენილები დღესა და ღამეს ასწორებდნენ, რომ მეომრები საჭირო ეკიპირებითა და ნედლეულით მოემარაგებინათ. ჩექმები, შინელები და სხვა აუცილებელი ნივთები; ასევე ხორბალი, ფქვილი, ხორცი, ჩირი, ღვინო, თამბაქო, სამკურნალო ბალახები და ნაყენები - ყველაფერი არმიასა და შავი ზღვის ფლოტში იგზავნებოდა.

ქართველმა მეთევზეებმა 1943 წელს 30 ათასი ცენტნერი თევზი დაიჭირეს. არადა ეს ხომ საკმაოდ სახიფათო საქმე იყო, ვინაიდან ისინი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამხდარიყვნენ გერმანული ავიაციის სამიზნე.

საქართველოს გარეშე, მისი ძალისხმევის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა კავკასიაში გერმანელების შეტევის მოგერიება. საქართველოს როლი ამ ომში უმნიშვნელოვანესია და დასაფასებელი.

38
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

0
(განახლებულია 09:16 10.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 მაისია, სამშაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გრძნობები გაბატონდება გონებაზე. თუ ნეგატივს ავყვებით და გულში წყენას შევუშვებთ, ის ღრმა კვალს დატოვებს დიდი ხნით. და თუ პოზიტიურ მომენტებზე შევაჩერებთ გულისყურს და უარყოფით წვრილმანებს არ მივაქცევთ ყურადღებას, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება, ამ დღისთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, შრომისუნარიანობა წარმატებების კარს გახსნის.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

ვერძი: დღევანდელი დღე მოითხოვს, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, უბრალოდ ფულთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს ბიუჯეტში, დაითვალოთ შემოსავლები და შეადგინოთ ბიზნეს–გეგმა უახლოესი კვირების ან დღეებისთვის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოგებაში დარჩებით.

კურო: იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ ეს თავადაც გაგაკვირვებთ, არამცთუ კოლეგებსა და ახლობლებს. ნებისმიერ პრობლემაში ძირეულად გაერკვევით და მისი გადასაჭრელად უნივერსალურ გასაღებს მოძებნით. სამეცნიერო ძიებანი, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღე ისე იოლად გამოგივათ, როგორც არასდროს. ერთადერთი – განწყობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გამოამჟღავნოთ გაღიზიანება მათ შორის უმიზეზოდაც.

ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას მოერიდოთ. არ ხართ იმგვარ განწყობაზე, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ამიტომ, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, დაელოდეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საძირკველი მოუმზადოთ. იმუშავეთ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩენის დრო დადგება, ყველას გაოცებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთნაირად ხელსაყრელი დროა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ბევრთან შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება, იცით, რას გრძნობენ ადამიანები. ახალი ნაცნობობით შეიძლება სათავე დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ბევრად იქნება დამოუკიდებული იმაზე, მოისურვებთ თუ არა ინიციატივის გამოჩენას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგენატრათ.

ლომი: აუცილებელია მუშაობა, მაგრამ სამუშაო გარემოს შექმნა შეიძლება გაგიჭირდეთ. დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას მოითხოვს. მზად ხართ, თავი აჩვენოთ, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამოგაგდებენ კალაპოტიდან და ხელს შეგიშლიან. ყველაფერი ისე რომ გააკეთოთ, როგორც დაგეგმილი გაქვთ, დროებით მაინც უნდა გაერიდოთ ხმაურსა და ორომტრიალს, მოძებნოთ წყნარი ადგილი – სულ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმეები ფრიადზე შეასრულოთ.

ქალწული: გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ჩვეულებრივმა საქმიანმა საუბრებმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს. თუ ვინმეს ახლოს გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეს გააკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა ეს ადამიანი – ახლობელი, კოლეგა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით ცდილობთ კონფლიქტებს აარიდოთ თავი, მაგრამ კონფლიქტები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც თქვენ გაჩნდებით. სინამდვილეში კი გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ თქვენი გაძლიერებული ემოციებით და საკმარისია მცირე ნაპერწკალიც, რომ „ცეცხლი აგიზგიზდეს“. თუ არ გინდათ მთელი დღის კამათში გატარება, ყველა წვრილმანს ნუ გამოედევნებით.

მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არაფრის დამტკიცება არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაც კი მოიცდის. სჯობს, დაისვენოთ, მოდუნდეთ. მაგრამ თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებთ, ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც მინიმალურ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგალითად, მიხედეთ სახლის საკიტხებს, ან დიდი პროექტის ერთ რომელიმე ნაწილს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში „დამნაშავე“ თავად თქვენ იქნებით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუნდაც თავს ძალა დაატანოთ, ამისგან მაინც არაფერი გამოვა – ხართ გაღიზიანებული და ჩხუბის პროვოცირება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

თხის რქა: დღეს ძირეულად შეიგრძნობთ ფრაზას „ცხოვრება თეატრია“, რადგან სწორედ თქვენ ითამაშებთ სპექტაკლში მთავარ როლს. შეგრძნება, რომ დგახართ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სცენაზე, მთელი დღე გექნებათ და ეს შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულ მოქმედებას გაიძულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ტრაგიკული როლიც მოირგოთ და მიანიშნოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და გიგებენ ისინი. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტიც არ მოგივიდეთ საკუთარი თავის შეცოდებაში.

მერწყული: წყნარი და მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც სჯობს საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატაროთ. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი და ამასთან, ფიქრებიც. არ გაწყენთ ბოლო ხანს გაკეთებული საქმეების შეჯამება და შემდეგ უახლოესი დროის მოქმედებების გეგმის შედგენა. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა მოერიდოთ – მცირე წყენაც კი მძიმე დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: დღეს მომატებული ცნობისმოყვარეობა და სხვისი საიდუმლოს გაგების სურვილი მოგეძალებათ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაწუხებთ, თუ რას მალავენ გარშემომყოფები თქვენგან, ახლა მზად ხართ, ამის გასაგებად ძალ–ღონე არ დაიშუროთ. სხვათა შორის, სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, რომ უნებურად სხვისი საიდუმლო შეიტყოთ ან საკუთარი შემთხვევით წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ენას კბილი უნდა დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს გვერდი აუაროთ.

0