ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი (მარცხნიდან მესამე) საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად

ქართველისავე ხელით: რატომ მოკლეს ნოე რამიშვილი

561
(განახლებულია 21:53 18.12.2020)
ზუსტად 90 წლის წინ, 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში, გობლენის ქუჩაზე მუხანათურად მოკლეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის მეთაური ნოე რამიშვილი.

ნოე და ემიგრანტი სანდრო მენაღარაშვილი პარტიულ შეკრებაზე მიიჩქაროდნენ, როცა ტერორისტი უკნიდან მიეპარა და ზედიზედ ორი გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა 49 წლის ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. სანდრო მენაღარიშვილი არ დაიბნა, მკვლელს იარაღი აართვა და შეიპყრო კიდეც. ტერორისტი ქართველი ემიგრანტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი პარმენ ჭანუყვაძე აღმოჩნდა. ოფიციალური ვერსიით, ის თურმე რამიშვილზე განაწყენებული ყოფილა და სიცოცხლეს ამიტომაც გამოასალმა.

თუმცა ამ ვერსიის არავის სჯეროდა, ყველა ხვდებოდა, რომ საქართველოს ემიგრაციული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლშევიკების, კონკრეტულად, „ჩეკას“ მსხვერპლი გახდა, მაგრამ ეს მაშინ ვერ დამტკიცდა. არადა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თითქმის ყველა წევრისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ნოე რამიშვილს სტალინი პირად მტრად მიიჩნევდა და მათ შორის დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებდა, როდესაც მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც პარტიულ ერთიანობას ინარჩუნებდნენ.

ამ ტერორისტულმა აქტმა შეძრა არა მხოლოდ ქართული ემიგრაცია, არამედ საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების საზოგადოებრიობა. ამას ფართო გამოხმაურება მოჰყვა პრესაშიც. ერთგან ისიც დაწერეს, მოკლულ შინაგან საქმეთა მინისტრს დაკემსილი წინდები ეცვაო, რითიც ხაზი გაუსვეს მის პატიოსნებას. მაგრამ ეს ყველაფერი აღშფოთება- შეშფოთებას არ გასცილებია და მკლელობის დამკვეთები არავის უძებნია.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი მთავრობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებელი აქტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. დემოკრატიული რესპუბლიკის  ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა) მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი აირჩია. მართალია, ნოე რამიშვილი სოციალ-დემოკრატი (მენშევიკური ფრთა) იყო და ეროვნულ საბჭოშიც მენშევიკები უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ახლად დაკომპლექტებულ მთავრობაში რვა მინისტრიდან მხოლოდ 4 იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელი:

  • მთავრობის (მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი (სოციალ - დემოკრატი);
  • საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი (სოციალ-დემოკრატი);
  • სამხედრო მინისტრი — გრიგოლ გიორგაძე (სოციალ–დემოკრატი);
  • ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინიტრი — გიორგი ჟურული (ეროვნულ-დემოკრატი);
  • იუსტიციის მინისტრი — შალვა ალექსი-მესხიშვილი (სოციალ-ფედერალისტი);
  • სახალხო განათლების მინისტრი — გიორგი ლასხიშვილი (სოციალ-ფედერალისტი);
  • მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნოე ხომერიკი (სოციალ-დემოკრატი);
  • გზათა მინისტრი — ივანე ლორთქიფანიძე (სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია).

კოალიციური მთავრობა აქტიურად და ენერგიულად შეუდგა საქმიანობას. უმოკლეს დროში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მისმა მეთაურმა იმთავითვე გამოიჩინა თავი, როგორც გაბედულმა ხელმძღვანელმა, რომელსაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ჰქონდა და რომელიც, უპირველესად, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა.

იმ პერიოდში ქართულმა ჯარმა გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით დედასამშობლოს დაუბრუნა აფხაზეთი. ქვეყნის მოსახლეობაც ნდობითა და იმედით შეჰყურებდა მთავრობას. მისი ეფექტური მუშაობა დიდწილად განპირობებული იყო მისი ხელმძვანელის ნოე რამიშვილის ფაქტორით. იმდროინდელი საზოგადოება და პრესა ნოე რამიშვილს მოიხსენიებს როგორც „რკინის მინისტრს“, ვინაიდან მას ყველა უწყების სათავეში ყოფნის დროს უწევდა ხისტი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება (იყო მთავრობის მეთაური, განათლების მინისტრი, შინაგან სამეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი). „რკინის მინისტრი“ განსაკუთრებით დაუნდობელი იყო იმათ მიმართ, ვინც ძირს უთხრიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას — საუბარია სეპარატისტებსა და ტერორისტ ბოლშევიკებზე. ზოგადად, ქართველი მენშევიკები ლოიალურად იყვნენ განწყობილი ყოფილი თანამებრძოლების მიმართ. გამონაკლისს წარმოადგენდა სწორედ ნოე რამიშვილი, რომელიც ყველაზე დიდი ანტიბოლშევიკი იყო ქართველ მენშევიკებში.

ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი, შემდგომში ვერმახტის გენერალ-მაიორი შალვა მაღლაკელიძე იგონებდა:

„ნოე რამიშვილი იყო ყველაზე ძლიერი პარტიული მუშაკი... რადიკალურად მტრულად განწყობილი, ბოლშევიზმი რომ სძულდა, როგორც იდეა. თუ რაიმე კეთდებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ საქართველოში, მისი სულისჩამდგმელი იყო...“

ის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, რადიკალურ ზომებს იღებდა ბოლშევიკური პარტიის აგიტატორების  წინააღმდეგ.

„ყველა აგიტატორი და პროპაგანდისტი ბოლშევიკი თქვენს რაიონში გაჩხრიკეთ, დაატუსაღეთ ან მოათავსეთ ციხეში ჩემ სახელზე ჩარიცხვით“, — ასეთი იყო მისი ბრძანება.

სამწუხაროდ, კოალიციურ მთავრობას დიდხანს არ უარსებია. რამიშვილის ავტორიტეტის ზრდა აღიზიანებდა ქართველ მენშევიკთა ლიდერსა და მთავარ იდეოლოგს ნოე ჟორდანიას. მას არ სურდა ლიდერობის დათმობა და თავის სეხნიაში სერიოზულ კონკურენტს ხედავდა. ჟორდანიას მოკავშირეც გამოუჩნდა ყოფილი ბოლშევიკის, იმ დროს ეროვნული გვარდიის სარდალ ვალიკო ჯუღელის სახით. თუ ჟორდანიას ძალაუფლების ხელში აღება სურდა, ვალიკო ჯუღელი უკმაყოფილო იყო მაშინდელი მთავრობის მეთაურის სამხედრო რეფორმით — ყოველგვარ სამხედრო პროფესიონალიზმს მოკლებული რამიშვილი ძირითადად სოცილ-დემოკრატებისგან დაკომპლექტებული გვარდიის უმოკლეს პერიოდში ლიკვიდაციასა და ერთიანი ეროვნული ჯარის შექმნას აპირებდა.

გენერალი გიორგი კვინიტაძე იგონებდა: „ვალიკო ჯუღელი რამდენჯერმე შემოვარდა მთავრობის სხდომაზე ყვირილით, გვარდია არავითარ მთავრობას არ დაემორჩილება, თუ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია არ იქნებაო. არადა, საკმარისი იყო ნოე რამიშვილს ჩემთვის ეთხოვა და მეორე დილითვე მივართმევდით გვარდიის გაბაწრულ გენერალურ შტაბს... გვარდია ამით დაიშლებოდა და მთავრობის გადატრიალებას მაშინ ვეღარავინ შეძლებდა“.

სამწუხაროდ, მაშინ ნოე რამიშვილმა ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა, რაც ქვეყნის იმდროინდელ პროგრესულ წრეებში მის ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნდათ. არადა, საქმე ისე მარტივადაც არ იყო, როგორც ქართველი გენერალი სახავდა. ჯერ ერთი, მთავრობის მეთაური ქართველთა შორის სისხლისღვრას მოერიდა და გარდა ამისა, ნოე ჟორდანიას უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. ის ევროპისა და მოსკოვისთვისაც „შინაურ კაცად“ მიიჩნეოდა და მის დაპატიმრებას შესაძლოა საერთაშორისო გართულებებიც კი მოჰყოლოდა, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა ქვეყნისთვის. ანგარიში გაეწია იმასაც, რომ საქართველო შიდა დაპირისპირებას ვერ გაუძლებდა და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე ჩამოიშლებოდა.

სამთავრობო გადატრიალება ნოე ჟორდანიასა და ჯუღელის მიერ კარგად შედგენილი სცენარის მიხედვით განხორციელდა. მასში ასევე აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელი პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე კაკი წერეთელი.

ყოველივე კი ასე წარიმართა: 1918 წლის 23 ივნისს კაკი წერეთლის ინიციატივით მოიწვიეს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სხდომა, რომელზე დასწრებაც ნოე რამიშვილსაც აიძულეს. წერეთელმა, ყველასთვის მოულოდნელად, მთავრობის თავმჯდომარედ ნოე რამიშვილის ნაცვლად ნოე ჟორდანიას კანდიდატურა წამოაყენა. ბევრმა თანაფრაქციელმა პროტესტი გამოხატა, მაგრამ შეთქმულებმა თავისი გაიტანეს და მთავრობის მეთაური გადააყენეს.

ნოე რამიშვილის ვაჟი აკაკი რამიშვილი იგონებს:

„მამა დაშინდა, ამათ სამოქალაქო ომი არ დაიწყონო და დათანხმდა გადადგომაზე, ასე მოვიდა სახელმწიფოს სათავეში ნოე ჟორდანია, რომელიც იმ დროს დროებითი პარლამენტის — ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეც იყო. პირველი, რაც გააკეთა, ვალიკო ჯუღელის სახალხო გვარდიას ხელისუფლებისთვის ბრძოლაში დახმარებისათვის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 50 მილიონი რუბლი გამოუყო. ეს მაშინ, როცა ეროვნული ჯარის პირადი შემადგენლობა მატერიალური  სიდუხჭირისაგან სულს ღაფავდა. სწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი იმ სიმახინჯეს, რაც, გვარდიის გაზულუქებითა და ჯარის უკიდურესი დამცირებით, პირველ რესპუბლიკაში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა. ნოე რამიშვილის გადაყენების უმალ ჟორდანიამ მალე აიძულა ქართული ჯარების მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძეც თანამდებობა დაეტოვებინა. ამიერიდან მის ხელში მთელმა უმაღლესმა სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლებამაც მოიყარა თავი. სამთავრობო გადატრიალების შემდეგ ის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა“.

ნოე რამიშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ წყალი შეუდგა კოალიციურ მთავრობასაც. ჟორდანია თანდათან იცილებდა თავიდან სხვა პარტიის წევრ მინისტრებს, ხოლო 1919 წლის მარტიდან საქართველოს მთავრობა მთლიანად მენშევიკური გახდა.

რაც შეეხება ნოე რამიშვილს, მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გააგრძელა მუშაობა და იქაც გამოიჩინა თავი — როგორც ენერგიულმა და სამშობლოს ერთგულმა ჩინოვნიკმა.

1919 წლის ოქტომბერში უცხოეთის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა განიზრახეს. როგორც თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის პატაკშია აღნიშნული: მოსკოვმა გამოგზავნა მძლავრი აგენტურა, დიდძალი ფული, თბილისში მთავრობის დაწესებულებების, ფოსტის, დამფუძნებელი კრების, ჯარისა და გვარდიის უფროსობის ხელში ჩასაგდებად. აქტიური გამოსვლები იყო ფოთშიც. მაგრამ საქართველოს მთავრობამ მათი ავანტიურისტული მცდელობა ძირშივე აღკვეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის სპეცდანიშნულების „საგანგებო რაზმმა“ თითქმის ყველა შეთქმული დააპატიმრა და სათანადოდ დასაჯა.

1918 წლის დეკემბერში საქართველოს სომხეთი დაესხა თავს. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არაფრად ჩააგდო ეს აგრესია და მხოლოდ საპროტესტო ნოტების დაგზავნით შემოიფარგლა. ამით ისარგებლეს თბილისელმა სომხებმა, ქალაქის ცენტრში შტაბი გახსნეს, სადაც მოხალისედ ეწერებოდნენ სომხეთის არმიაში(?!). ნოე რამიშვილის ბრძანებით „საგანგებო რაზმმა“ დაარბია შტაბი და მისი მოთავეები დააპატიმრა. ამის შემდეგ განრისხებული შინაგან საქმეთა მინისტრი ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში) მიიჭრა: „ნოტის გაგზავნას, აჯობებდა, ჯარი გაგვეგზავნა!“ — განუცხადა დეპუტატებს და იქიდან მანამ არ მოიცვალა ფეხი, სანამ პარლამენტმა სამხედრო შენაერთების მობილიზაციის გადაწყვეტილება არ მიიღო.

საქართველოში საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლის შემდეგ ქართველ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში დამკვიდრებული ნოე რამიშვილი თავის მეუღლესთან მარიამ (მარო) გოგიაშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა ჯერ სენ-კლუსა და ლევილში, 1929 წლიდან კი — ფონტენეი ო როზში (პარიზის მახლობლად). მატერიალურად შეჭირვებული საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური ფიზიკურ შრომასაც არ ერიდებოდა და მიწის დამუშავებით მიღებული სარჩო-სანოვაგით გაჰქონდა თავი. ამის პარალელურად ნოე რამიშვილი განაგრძობდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და პრესაში აქვეყნებდა წერილებს, რომელთა მეშვეობითაც საერთაშორისო საზოგადოებას აცნობდა იძულებით გასაბჭოებულ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. მისი ანტიბოლშევიკური პოზიცია საბჭოთა მთავრობის გაღიზიანებას იწვევდა. მოგვიანებით უცხოეთში საბჭოთა დაზვერვის ყოფილი უფროსი, შემდგომში სსრ კავშირიდან გაქცეული ალექსანდრ ორლოვი (ფელდბინი) წერდა, რომ როცა ის 1926 წელს პარიზში მიავლინეს, იქაურ საბჭოთა საელჩოში ძველ ამხანაგს დიმიტრი ლორთქიფანიძეს შეხვდა. ეს უკანასკნელი ცაგარლის გვარით იყო შეგზავნილი პირდაპირ სტალინის დავალების აღსასრულებლად. მას ევალებოდა კონტაქტში შესულიყო ნოე რამიშვილთან, რათა ამ უკანასკნელს „თავი დაეოკებინა“. მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ნოე რამიშვილის დაყოლიება ვერ მოუხერხებია.

იმავე ორლოვის ინფორმაციით, ლორთქიფანიძე 30-იან წლებში დახვრიტეს, ხოლო რამიშვილი სტალინმა აგენტ ჭანუყვაძის ხელით მოიცილა.

ნოე რამიშვილის საფლავი ლევილში
ნოე რამიშვილის საფლავი ლევილში

1930 წლის 14 დეკემბერს ნოე რამიშვილი პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე დაკრძალეს, საიდანაც მოგვიანებით ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

რაც შეეხება მის მკვლელს, მას სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მას თავისუფლებაზე გამოსვლა აღარ ეწერა — ციხეში გარდაიცვალა. არის ცნობები, რომ ქართველი ტერორისტი სიცოცხლის ბოლო დღეებში ჭკუიდან შეიშალა...

561
თემები:
იცით თუ არა, რომ... (397)
ჯანეტ იელენი

ახალი შემადგენლობით: აშშ-ის ფინასთა სამინისტრო დოლარის ჩამოსაშლელად მზადაა

18
(განახლებულია 19:54 25.01.2021)
ამერიკული ვალუტა ორწლიან მინიმუმადე დაეცა — ამაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას

ნატალია დემბინსკაია

ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ დოლარი ღირებულების ნახევარს დაკარგავს. ეს ბევრით ამერიკის ფინანსთა სამინისტროს დამსახურებაა, რომელსაც ძალიან მალე ფედერალური რეზერვების ყოფილი ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი ჩაუდგება სათავეში.

დაბალი შემოსავლიანობა

დეკემბრის ბოლოს დოლარის ინდექსი 5,5 %-ით დაეცა. ინვესტორებს აყურადებს ახლად მოჭრილი და არაფრით უზრუნველყოფილი დოლარების მასშტაბური დაბანდებები აშშ-ის ეკონომიკაში.

ივნისიდან ფულადი მასის ზრდის ტემპები წლიურ 22%-ზე დაბლა არ დაწეულა — ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში.

საბეჭდი დაზგა გარდაუვლად გამოიწვევს ინფლაციას, მაგრამ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უკვე შეცვალა მიზნობრივი მნიშვნელობა: „საშუალოდ ორი პროცენტი“. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ არ აიწიოს საკვანძო ნიშნული, თუ ინფლაცია მოსალოდნელს გადააჭარბებს. ანუ რეგულატორს განზრახული აქვს შეინაჩუნოს პროცენტები ნულთან ახლო დონეზე. ეს მხარს დაუჭერს ეკონომიკას, მაგრამ ნეგატიურად აისახებ დოლარზე.

დაკარგეს რა დოლარის აქტივებში დაბანდებები, ინვესტორები სხვა, თუნდაც მეტად სარისკო ვარიანტებს ეძებენ, აჩვენებს Reuters-ის სავალუტო სტრატეგების გამოკითხვა.

„დოლარი ძველებურად გადაჭარბებითაა შეფასებული პრაქტიკულად ყველა მაჩვენებლით, და ფედერალური სარეზერვო სისტემის ფულად-საკრედიტო სისტემა ამას აღმოფხვრის“, — აღნიშნავს კიტ ჯუკსი, Societe Generale-ს სავალუტო სტრატეგიის ხელმძღვანელი.

ჯერ კიდევ ნოემბერში ექსპერტები აცხადებდნენ: ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს, ამერიკულ ვალუტას გარდაუვალი ვარდნა ელის. დემოკრატების გეგმებში არის დამატებითი ფისკალური სტიმულები და დახმარების ახალი პაკეტი — თითქმის სამი ტრილიონი. ეს დაასუსტებს დოლარს ხანგრძლივ პერსპექტივაში, ვინაიდან ბიუჯეტის დეფიციტსა და გარე სესხებს გაზრდის, რაც მისი დაფარვისთვისაა აუცილებელი.

ამერიკული ვალუტისთვის ნეგატიურია ვაქცინის გავრცელებაც, ვინაიდან ეს ეკონომიკური აქტიურობის გაძლიერებას მოასწავებს და არღვევს არგუმენტებს „ინვესტორებისთვის ყველზე საიმედო თავშესაფრის“ სასარგებლოდ. წლის ბოლოს, ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციების ფონზე, დოლარმა ყველაზე დიდი ვარდნა გამოავლინა 2017 წლის შემდეგ.

ორმოცდაათი პროცენტით

ეკონომისტების პროგნოზები არ არის დამამშვიდებელი. ბანკ Citigroup-ს შეფასებით, დემოკრატების სათავეში მოსვლა 2021 წელს „სერიოზულად გაზრდის“ დოლარის დასუსტების ალბათობას 20%-ით. მსგავსი სცენარი გაახმოვანა Morgan Stanley Asia-ს დირექტორთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე სტივენ როუჩმაც, მიუთითა რა აშშ-ის ბიუჯეტის მზარდ დეფიციტზე და ფედერალური სარეზერვო სისტემის ნულთა ახლო ფსონების პოლიტიკაზე.

კიდევ მეტად პირქუშ სურათს ხატავს ცნობილი ფინანსისტი ჯიმ რიკარდსი. ის აღნიშნავს, რომ აშშ-ს საბოლოოდ მოუწევს დაკავდეს ვალის პრობლემებით, ხოლო მისი გადაჭრა დოლარის 50%-ით დევალვაციას მოითხოვს.

იმავდროულად ოქრო გაძვირდება უნციაზე 15 ათას დოლარამდე, ვერცხლი — 100 დოლარამდე, პროგნოზირებს ეკონომისტი. ის განმარტავს, რომ აშშ მთელი რიგი სახელმწიფოების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებმაც ამერიკის დომინირებას საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში გამოწვევა ესროლეს. საუბარი პირველ რიგში არის რუსეთზე და ჩინეთზე. მოსკოვი და ჩინეთი ბევრ ოქროს ყიდულობენ და დოლარს რეზერვებიდან აძევებენ.

საკუთარი ხელით

ბაიდენის გუნდი მუშაობას იწყებს. გამოიცვლება ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი. ასე მაგალითად, ფინანსთა მინისტრის სავარძელს ფედერალური სადაზვერვო სისტემის ექს-ხელმძღვანელ ჯანეტ იელენს მიანდობენ, რომელიც, როგორც Bloomberg-ი შეგვახსენებს, არაერთხელ „არეკლამებდა სუსტი დოლარის უპირატესობას ამერიკული ექსპორტისთვის“.

ეს ადარაჯებს ეკონომისტებს. „არაგონივრული იქნებოდა, რომ აქტიური დევალვაციონისტის სახით წარმოჩენილიყო, რომლისთვისაც სულერთი იქნებოდა დოლარის ბედი“, - ამბობს ლარი სამერსი, ფინანსთა მინისტრი ბილ კლინტონის დროს და ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში.

სამერსის თქმით, დოლარის დომინანტური როლი მსოფლიო საფინანსო სისტემაში ხაზინას პასუხისმგებლობას აკისრებს ვალდებულებების საგულდაგულოდ შესრულებისთვის.

იელენს რეკომენდაციები მისცა აშშ-ის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და Goldman Sachs-ის ყოფილმა გენდირექტორმა ჰენკ პოლსონმაც.
„პროცენტული მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზე დგას, ხოლო ფედერალური ვალი იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეჩერდეს სახელმწიფოს ვალის მკვეთრი ზრდა. წინაარმდეგ შემთხვევაში დოლარი, ადრე თუ გვიან, გაუფასურდება“, - აღნიშნა ფინანსისტმა.

„შეერთებული შტატები არ ისწრაფვის უფრო სუსტი ვალუტისკენ კონკურენტული უპირატესობის მისაღებად, და ჩვენ წინაარმდეგობა უნდა გავუწიოთ სხვა ქვეყნების მცდელობას ამისთვის“, — განაცხადა იელენმა სენატში მოსმენებისას.

ამასთან მომავალმა ფინასთა მინისტრმა უკვე გააკეთა ხმამაღალი განცხადება, რაც არაფერს კარგს არ უქადის ამერიკულ ვალუტას: მოუწოდა მასშტაბური გადასხმებისკენ ეკონომიკაში. ეს ინვესტორებისთვის არის სიგნალი დოლარის ხანგრძლივი დაღმავალი ტრენდისკენ, ვარაუდობს Bloomberg-ი.

აშშ-ს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს დოლარის „დაცემა“: ეს მნიშვნელოვანია სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად. და ეს, შესაძლოა, ერთადერთი გზა იყოს ბაიდენისთვის ეკონომიკის აღსადგენად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

18
ამერიკელი საზღვაო ქვეითები ბაიდენის ინაუგურაციაზე

მიმოხილვა: რატომ გადაჰყავთ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჩრდილოეთში

12
(განახლებულია 18:36 25.01.2021)
აშშ-ის არმის ნორვეგიაში, უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან იმყარებს პოზიციებს. იანვარში იქ დაახლოებით ათასი საზღვაო ქვეითი გადასხეს.

ნიკოლა პროტოპოპოვი

ამის პარალელურად ამერიკელი პოლიტიკოსები და გენერლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ არქტიკაში დაძაბულობაზე, რასაც, ექსპერტების აზრით, თავადვე ამწვავებენ.

სტუმრად ვიკინგებთან

საზღვაო ქვეითები ნორვეგიაში ჩრდილოეთ კაროლინიდან გადაბაზირდნენ ეგრეთ წოდებული როტაციის ფარგლებში. ამ ხრიკს ამერიკელები უკვე რამდენიმე წელია, მიმართავენ - ქვედანაყოფებს ეფრთმანეთს ანაცვლებენ და აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი ქვეყანაში ფაქტობრივად მუდმივად დგას.

საზღვაო ქვეითების ამოცანა — ეს ნორვეგიული ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბრძოლების წარმოების სწავლება არქტიკის პირობებში და ასევე ნატოელ კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთქმედებაა.

თებერვალში ამერიკელი, ნორვეგიელი, ასევე ნიდერლანდელი და ბრიტანელი სამხედროები, დაახლოებით ათი ათასი მებრძოლი, მონაწილეობას მიიღებს მასშტაბურ მანევრებში Joint Viking 2021. ნატოელები დიდ მანძილზე ჯარების სწრაფ გადაადგილებას დაამუშავებენ, აითვისებენ ინფორმაციის გაცვლის მეთოდებსა ყველა დონეზე და რამდენიმე ერთობლივ ოპერაციას ჩაატარებენ.

სწავლება JointViking-ი ყოველწლიურად ტარდება. ჯარები — ჯავშანტექნიკა, არტილერია, ავიაცია, გემები და წყალქვეშა ნავები მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების მოდელირებას ახდენენ რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრზე - უპირატესად ტყიან და მთიან ადგილებში.

როგორც სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ ჟილინი აღნიშნავს РИА Новости-სთან საუბრისას, აშშ-ის სამხედრო დოქტრინის თანახმად, მათი არმია ძირითადად უცხოეთში სწავლობს ბრძოლას.

„ამიტომ სახელმწიფოს პოლიტიკა იმგვარად იგება, რომ ამერიკელი სამხედროები პერმანენტულად ჩნდებიან სხვა ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებების, დაზვერვის, აეროდრომების შემოფრენის, საზღვაო გზების შემოვლის მეთოდების დასამუშავებლად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ერთობლივ ოპერაციებს, იმიტომ რომ აშშ ყოველთვის სხვისი ხელებით იბრძვის“, — განმარტა ექსპერტმა.

ჟილინის თქმით, პენტაგონი ხელოვნურად ძაბავს ვითარებას, ვინაიდან აშშ-სა და ნატო-ს ჯიუტად არ სურთ არქტიკაზე პრეტენზიებზე უარის თქმა.

„საზღვაო ქვეითების სწავლება იქნება შეტევითი და არა ტავდაცვითი. დამუშავდება მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ. თუ ნატოს ევროპაში მანევრებს მთლიანობაში განვიხილავთ, აშკარად ჩანს: მათ ისე აწყობენ, რომ მოსკოვისთვის დაძაბულობის ზონები შექმნან. რუსეთის არმიას არ შეუძლია, არ ირეაგიროს ნორვეგიაში მომხდარზე — საჭიროა ვითარების სრული კონტროლი, რათა პროვოკაციები არ დაიშვას“, _ ამბობს სამხედრო ექსპერტი.

ჩრდილოეთ პლაცდარმი

ანალიტიკური კლუბის, „ვალდაის“ ექსპერტი არტემ კურეევი მიუთითებს, რომ ამერიკელებს აქვთ საკუთარი განვითარებული ინფრასტრუქტურა ალიასკაზე საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკის სწავლებისთვის, მაგრამ ისინი მაინც ნორვეგიაში არჩევენ სწავლებებს.

„მათთვის ეს, როგორც ნატოს ლიდერებისთვის, აუცილებელია. — ამბობს კურეევი. — ნორვეგია ალიანსის უძველესი წევრია. ოსლო რუსეთში პოტენციურ მოწინააღმდეგეს ხედავს. ჯერ კიდევ ცივი ომის წლებში ნორვეგიელები ქმნიდნენ და მხარს უჭერდნენ ინფრასტრუქტურას არქტიკაში სსრკ-სთვის წინააღდეგობის გასაწევად. ეს ახლაც გრძლედება. რეალური სამხედრო გამწვავების შემთხვევაში ნორვეგია მაშინვე ნატოს მთავარ პლაცდარმად გადაიქცევა რუსეთის მურმანსკისკენ“.

ვაშინგტონის სურვილზე, განიმტკიცოს პოზიციები არქტიკაში და გააძევოს იქიდან სხვა ქვეყნები, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ახალი არქტიკული სტრატეგიაც მეტყველებს. მასში კერძოდ ნათქვამია, რომ „ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების მხარდაჭერის გარეშე არქტიკის რეგიონში მშვიდობას სულ უფრო დაემუქრებიან რუსეთი და ჩინეთი“.

როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრ კონეტ ბრეიტუეიტის თქმით, პენტაგონი გეგმავს გამუდმებით იყოლიოს არქტიკაში საბრძოლო გემები და წყალქვეშა ნავები, რათა პატრულირება მოახდინოს რუსეთის სანაპიროების მახლობლად და არ დაუშვას „მოსკოვის შეტევა უკიდურეს ჩრდილოეთში“.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბეკე-იენსენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში საკვანძო მიმართულება — ეს არქტიკა და რუსეთის ქმედებებია რეგიონში, ხოლო ტრანსატლანტიკური კავშირები აქ ქვაკუთხედია.

მისი თქმით, ნორვეგია მიესალმება უკიდურეს ჩრდილოეთში ნატოელი მოკავშირეების გაძლიერებას.

ყველა ფრონტზე

უნდა ითქვას, რომ აშშ უკვე სერიოზულად განმტკიცდა ჩრდილოეთში. და ნორვეგია ამაში ლამის მთავარ როლს თამაშობს. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიის პორტ ტრომსეში Seawolf-ის კლასის ატომური სუბმარინა შევიდა, რომლის მთავარი მისია რუსული წყალქვეშა ნავების მარშრუტების თვალთვალია.

მანამდე კი აშშ „ჩრდილოეთში რუსეთის შესაკავებლად“ მეორე ფლოტი აღადგინეს, რომელიც ატლანტიკის ოკეანზე, ასევე წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეების ნაწილზე აგებს პასუხს და რომელიც 2011 წელს დაიშალა ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით.

ცივი ომის კიდევ ერთი გამოძახილი — ეს ნორვეგიული მიწისქვეშა სამხედრო-საზღვაო ბაზა ოლავსვერნია, რომელიც რუსეთის საზღვრებიდან 350 კილომეტრითაა დაშორებული. 1960-იან წლებში აგებულ უზარმაზარ ბუნკერში, რომელიც სამასმეტრიანი მთითაა დაფარული, ნატოს სუბმარინები და გემები იყო ბახირებული, მოქმედებდა სარემონტო დოკები, ინახებოდა საბრძოლო მასალები. დასავლური კოალიციის ფლოტს ნებისმიერ დროს შეეძლო გადაეკეტა საბჭოთა ფლოტისთვის ნორვეგიის ზღვასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში გასასვლელი. ნულოვანი წლების ბოლოს ბაზა დაიკეტა, თუმცა ახლა კვლავ აპირებენ მის გაცოცხლებას.

პენტაგონმა სერიოზულად დაიწყო სამხედრო-საჰაერო გაძლიერება არქტიკაში. გასულ წელს მასშტაბური სწავლებები გამართეს ამერიკულმა და ნორვეგიულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა. ერთდროულად ექვსმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-52 Stratofortress-მა გადაუფრინა ჩრდილოეთის პოლუსს და საწვრთნელი ფრენები შეასრულეს ნორვეგიის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებთან ერთად. ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი თებერვალში ტეხასიდან ოთხ ზებგერით B-1BLancer-ს გადაისვრის ერლანდის ავიაბაზაზე ნორვეგიაში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

12
არაგვი

ევროკავშირი საქართველოს აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

0
(განახლებულია 15:29 26.01.2021)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მტკნარი წყლის აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში საქართველოს ევროკავშირის ექსპერტები დაეხმარებიან, რომლებიც თბილისში 2021 წლის გაზაფხულზე ჩამოვლენ, იუწყება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ოთხი საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საქართველოს აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ზაფხულისთვის წარმოადგენს. 

ევროპელ ექსპერტებთან პირველი ონლაინ–შეხვედრა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა მეთიუ ბრუკმა.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა  ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმა შექმნეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

პროექტი VCA4D დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ევროპის მასშტაბით  35-ზე მეტი წევრი ჰყავს.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა