ძველი ქართული საჭურველი

ჩვეულებრივი დევგმირები, ანუ როცა ძალა გულშია: ორი ამბავი საქართველოს ისტორიიდან

168
(განახლებულია 15:13 30.10.2020)
საქართველოს საუკუნეების განმავლობაში არაერთი სახელგანთქმული გოლიათი ჰყოლია, რომლებიც ყველას ანცვიფრებდნენ თავიანთი საგმირო საქმეებით

მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღნაგობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ძალგულოვნება ნამდვილად არ აკლდათ — ფოლადის გულითა და მუშტით მართლაც რომ სასწაულებს სჩადიოდნენ.  

დღეს ორ მათგანზე გვსურს გიამბოთ. 

შავერდა მღებრიშვილი

1747 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ მეორე სპარსეთს გაემართა. მეფემ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ქართლის მმართველად ასტრახანს გარდაცვლილი ვახტანგ მეექვსის გამაჰმადიანებული ძმისწული დატოვა — არჩილი, იგივე აბდულა-ბეგი.

„თეიმურაზმა აბდულა-ბეგს უბძანა: რადგან მეფე ერეკლე მუდამ ქართლისათვის ვერ მოიცლისო, ქართლს მოუარეო და ერთმანეთის ნებით და შეკითხვით ორივ ქვეყნები მტრისაგან კარგა გაამაგრეთო და ჩემდა მოსვლამდის მშვიდობიანად იყვნეთო“, — მოგვითხრობს მემატიანე.

მაგრამ აბდულა–ბეგმა ავღანელელთა და თბილისში გამაგრებული ყიზილბაშთა 15 ათასიანი გარნიზონის სარდლები გადაიბირა, ლეკებიც დაიქირავა, ქვემო ქართლი (საბარათიანო) მიიმხრო და ერეკლეს შეუთვალა: „ქართლი ჩემია, დამანებე და შენ კახეთს  მიეპატრონეო“.

პატარ კახმა ჯერ მოლაპარაკებით, უსისხლოდ სცადა პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ როცა არაფერი გამოუვიდა, რჩეული მეომრებით მიუხტა აბდულა-ბეგს და კოდასთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა. ახლადგამომცხვარი სეპარატისტი ბრძოლის ველიდან გაიქცა და სამშვილდეში ჩაიკეტა.

ერეკლემ თბილისში დაბანაკებულ ყიზილბაშთა გარნიზონს შეუტია. კახთა მეფის ბრძანებით, ამირინდო ამილახვარმა ნადირ-შაჰის დატოვებული უზარმაზარი ზარბაზანი გორიდან შინდისში მიიტანა და ჭურვები თაბორის ციხე–გალავანს დაუშინეს. მეოთხე გასროლის შემდეგ გალავანს ნაპრალი გაუჩნდა, რაც ქართველებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და შეტევაზე გადავიდნენ.

 

მათ რიგებში დაწინაურდა ერეკლეს ერთგული თანამებრძოლი, პაპუნა ორბელიანის ყმა შავერდა მღებრიშვილი. ის პირველი შეიჭრა ციხის ვიწრო ბზარში, მაგრამ იმ სივიწროვეში ხმლის მოქნევა შეუძლებელი იყო. ამიტომ შავერდა ხელდახელ შეება დამხვდურ ირანელებს. ქართველმა გმირმა მუშტით გაიკაფა გზა, მძლავრი დარტყმებით მიყარ–მოყარა მტერი. მერე თანამებრძოლებიც მიეშველნენ და ყიზილბაშთა დაცვა გაარღვიეს. თაბორის ციხე ერეკლეს დანებდა.მალე ქართული დროშები ნარიყალასა და მეტეხზეც აფრიალდა — 25 ივლისს მეფე ერეკლემ თბილისი ორსაუკუნოვანი ოსმალური და სპარსული ტყვეობისაგნ  დაიხსნა.

როდესაც მეფემ დღის გმირს, შავერდა მღებრიშვილს დასაჯილდოვებლად უხმო, მაშინღა გაირკვა, მძიმედ დაჭრილიყო მამაცი ქართველი. ბრზოლისას მტრის ტყვია ღვიძლში მოხვედროდა სპარსთა მუშტით შემმუსვრელ შავერდას, მაგრამ ბოლომდე მამაცურად იბრძოლა და ქართველების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ზალიკა ყუბუსიძე

XIX საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარი ოჯახთან ერთად ლეჩხუმს სტუმრობდა თურმე.

ერთ დღეს მთავრისა და მისი მხლებლებისთვის მოულოდნელად გზა ტყიდან გამოვარდნილ დათვს გადაუჭრია. ცხენები დამფრთხალან და ეტლი, რომლითაც მთავრის მეუღლე მგზავრობდა, კინაღამ გადაბრუნებულა. შეშინებული და დაბნეული დედოფალი ეტლიდან გადმოსულა და... გამძვინვარებული მხეცის წინ აღმოჩენილა.

და სანამ მხლებლები აზრზე მოვიდოდნენ, ლეჩხუმელ ზალიკა ყუბისიძეს უმარჯვნია, ცხენებისთვის გადაუსწრია და პირდაპირ დათვის წინ აღმართულა. შიშველი ხელებით შებმია ნადირს ქართველი ვაჟკაცი. საოცარი სანახავი ყოფილა უკანა თათებზე ატოტვილი უზარმაზარი მხეცისა და კაცის შერკინება, რომელიც თურმე აღნაგობით არც გამოირჩეოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ზალიკასთვის, დათვი დაეძლია და ხრამში გადაეჩეხა.

უჩვეულო ჯანი და ძალა რომ ჰქონია ზალიკა ყუბისიძეს, ამას კიდევ ერთი ფაქტი ადასტურებს. ცაგერიდან წყალტუბოს მიმართულებით გზა გაჰყავდათ. მოულოდნელად მშენებლებს უზარმაზარი ლოდი შეხვედრიათ წინაღობად. მოგეხსენებათ, მაშინ ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობდა, ეს პრობლემა რომ მოეგვარებინა. ბევრს ცდილან მუშები, მაგრამ ძვრა ვერ უქნიათ ლოდისთვის.

მაშინ სასოწარკვეთილ ინჟინერს უთქვამს, ვინც ამ ლოდს დაძრავს, ჯილდოს მიიღებსო. მისულა ზალიკა ქვასთან, მისწოლია მთელი ძალით და გადაუგორებია გზიდან.

გახარებულ ინჟინერსაც სიტყვა შეუსრულებია და ზალიკა ყუბუსიძე ბეგარის მოხსნით დაუჯილოებია.

168
თემები:
იცით თუ არა, რომ... (391)
G20-ის სამიტი

მოსაზრება: G20-ის სამიტი და კორონავირუსი დასავლეთი რუსულ ვაქცინას ვერ აიტანს

16
(განახლებულია 19:19 23.11.2020)
„დიდი ოცეულის“ ვირტუალურ სამიტზე ხაზგასმით ითქვა, რომ პოსტკოვიდურ მსოფლიოში დეგლობალიზაცია უკვე შედგა.

ივან დანილოვ

საქმე აქ „ამერიკული ერთპოლარული მსოფლიოს“ წინააღმდეგ რაიმე შეთქმულებაში (Pax Americana-ს სახით) ან კიდევ XX საუკუნის მეორე ნახევრის მსგავსი „ბლოკური დაპირისპირების“ აღდგენის მცდელობაში არ არის. დეგლობალიზაცია და მრავალპოლარულობა უკვე რეალობაა იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის „გონებრივ ცენტრებში“.

პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს ერთიანი მსოფლიო დღის წესრიგი, ისევე, როგორც არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური ენა მის განსახილველად. მით უმეტეს არ არსებობს არანაირი „გეოპოლიტიკური კამერტონი“ (ან კამერტონები), რომლებზეც იქნებოდა ორიენტირებული მსოფლიო თანამეგობრობა.

საერთო პრობლემები, დაწყებული კორონავირუსის პანდემიით, დასრულებული გლობალური ეკონომიკური კრიზისით, გვაქვს, ხოლო მათი გადაჭრის საერთო გზები არც გვაქვს და პრინციპულად არც გვექნება. უბრალოდ იმიტომ, რომ გლობალურ დონეზე ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების სქემა ნულოვანი ანგარიშით თამაშის რეჟიმში გადავიდა. ანუ კონკრეტული ქვეყნის ნებისმიერი წარმატება კონკურენტის მარცხად აღიქმება. ამასთან ჩანს საერთო ინტერესების გაწირვისთვის სრული მზადყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ გეოპოლიტიკური კონკურენტებიდან რომელიმემ აქტივში საიმიჯო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამარჯვების ჩაწერა ვერ შეძლოს.

რამდენიმე ხილულ მაგალითს მოვიტანთ. „ოცეულის“ სამიტზე ჩინეთის ლიდერმა ერთგვარი ციფრული მექანიზმის შექმნის წინადადება წამოაყენა, რომელიც ქვეყნებს შორის გადაადგილების განბლოკვას გახდიდა შესაძლებელს. ეს დიდად შეუწყობდა ხელს მსოფლიო ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობასა და ტურიზმის აღდგენას (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი, მათ შორის, ძალინ ღარიბი ქვეყნისთვისაც).

ობიექტურად ერთგვარი საერთაშორისო და საყოველთაოდ აღიარებული „ციფრული დასტური“ იმისა, რომ კონკრეტული ტურისტი, დიპლომატი თუ ბიზნესმენი ჯანმრთელია და შეუძლია ქვეყნების საზღვრები კარანტინის გარეშე გადაკვეთოს, კარგი იდეაა. მაგრამ მისი რეალიზების შანსი გლობალურ დონეზე უახლოეს ხანებში სრულიად უმნიშვნელოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომა ახლაა საჭირო და შედარებით იოლად შეიძლება ხორცი შეესხას. მაგრამ ის რეალიზებული არ იქნება იმის გამო, რომ იდეა ჩინეთის ლიდერმა წამოაყენა, ხოლო დასავლელი ლიდერების თვალსაზრისით, ოფიციალური პეკინის წინადადებაზე დათანხმება არ შეიძლება — თანაც, პრინციპულ დონეზე.

მომდევნო მაგალითი მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მხრიდან კორონავირუსის ვაქცინაზე მიუწვდომლობის პრობლემას შეეხება, რომლებიც, ვაქცინაციის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ „კორონავირუსის კერებად“ დარჩნენ პლანეტაზე — აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ვაქცინირებაზე გლობალური წვდომის უზრუნველყოფა:

„რუსეთი მხარს უჭერს მიმდინარე სამიტის საკვანძო გადაწყვეტილების პროექტს, რომლის მიზანიცაა – ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები. იმუნიზაციისთვის საჭირო პრეპარატები არის და უნდა იყოს საყოველთაო მონაპოვარი. და რუსეთი მზად არის მიაწოდოს საჭიროების მქონე ქვეყნებს ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილი ვაქცინები: ეს არის მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინა „სპუტნიკ V“ — შექმნილი ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების საფუძველზე, და მეორე რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“, რომელიც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრში შეიქმნა. მალე მზად იქნება მესამე ვაქცინაც.

პანდემიის მასშტაბი გვავალდებულებს ავამოქმედოთ ყველა არსებული რესურსი და გამოგონება. ჩვენი საერთო მიზანი — სავაქცინო პრეპარატების პორტფელის ფორმირება და პლანეტის მთელი მოსახლეობის საიმედო დაცვით უზრუნველყოფაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პატივცემულო კოლეგებო, სამუშაო ყველასთვის იქნება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკურენცია, შესაძლოა, გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, უპირველესად ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან ამოვიდეთ და სწორედ ეს ვაღიაროთ უმთავრესად“.

დეკლარაციულ დონეზე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ „ოცეული“ არ დათანხმდება კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის უფრო მეტად ხელმისაწვდომი და ეფექტური პრეპარატებით ვაქცინაციის მიზნით დაფინანსების საერთო ფონდის შექმნას მოიაზრებდა. ეს ბუნებრივად მოითხოვდა სწორედ რუსული ვაქცინა Sputnik V-ს გამოყენებას, რომელიც ამერიკულ და ევროპულ ანალოგებზე იაფია და რომელიც, Pfizer-ის ვაქცინისგან განსხვავებით, არ მოითხოვს მინუს 70 გრადუსზე შენახვას. ეს უკანასკნელი უსერიოზულესი პრობლემაა ამერიკული სამედიცინო ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა თუ აღმოსავლეთ ევროპის ინფრასტრუქტურებზე.

პრობლემა, თუ მას ვაშინგტონის ან ბრიუსელის თვალსაზრისით შევხედავთ, კვლავ ისაა, რომ ვაქცინა რუსულია (თუმცა მათ აშკარად არც ჩინური აწყობთ).

რუსეთის პრეზიდენტმა სამიტს „გარდაუვალი კონკურენციის“ გვერდზე გადადებისა და ჰუმანიზმის გამოჩენისკენ მოუწოდა, მაგრამ შანსები იმისა, რომ მისი მოწოდება გაგონილი იქნება, უკიდურესად მცირეა. მით უმეტეს, დასავლურ მედიასაშუალებებში მიმდინარე საინფორმაციო–პროპაგანდისტული კამპანიის პირობებში, რომლის მიზანიც რუსული და ჩინური ვაქცინების დისკრედიტაციაა.

იმ თემების ჩამონათვალი, რომლებზეც G20-ის სამიტზე არანაირი სუბსტანციური დიალოგი არ გამართულა (იყო მხოლოდ მსოფლიო ლიდერების მონოლოგების სერია), შეიძლება კიდევ განივრცოს: აქ არის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმაც, განვითარებადი ქვეყნების სავალუტო ვალების პრობლემებიცა და პროტექციონიზმზე გლობალური ტრენდიც. დასავლელ ლიდერებს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვთ: ისინი ბევრს ლაპარაკობენ, არავის უსმენენ და მათი შეთავაზებები მარტივ ფორმულად ყალიბდება: „ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც ჩვენ ვამბობთ, და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება“. და ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის პოზიცია არც პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ იქნება სხვანაირი.

G20-ის სამიტზე სუბსტანციურობის არარსებობა აშკარა დასტურია იმისა, რომ მსოფლიო მოძრაობს არა „გეოპოლიტიკური ბლოკების“ კონკურენციის ან „ამერიკული მსოფლიოს“ აღდგენისკენ (რისი იმედიც აქვთ ვაშინგტონში), არამედ ისეთი მსოფლიოსკენ, რომელშიც რაიმეზე შეთანხმება მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებზე იქნება დამყარებული. „ოცეულის“ ფორმალური მსოფლიო ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ უკვე ვუახლოვდებით იმას, რასაც ცნობილი ამერიკელი პოლიტტექნოლოგი იან ბრემერი „მსოფლიო G-ნულს“ უწოდებდა: მსოფლიოს, რომელშიც ყველა თავისთვისაა და ამ ტრანსფორმაციის დაჩქარება, დიდი ალბათობით, იქნება კიდეც კორონავირუსის მთავარი ისტორიული მემკვიდრეობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

16
ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე

ქართული სინამდვილე: ცხოვრებაში ერთხელ გამოჩენილი სისუტე და 50 მოღალატე აზნაური

127
(განახლებულია 16:59 21.11.2020)
VII-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის სამეფოს უწოდებდნენ, რომელმაც დაახლოებით ორსაუკუნენახევარი იარსება. 

ეს იყო მხოლოდ ქართული პოლიტიკური ერთეული, მხოლოდ ქართული ენით. იმდროინდელ ნუმიზმატურ, არქეოლოგიურ თუ წერილობით წყაროებში ვერსად შევხვდებით თუნდაც ერთ წინადადებას, რომელიც აფხაზურ ენაზე იქნებოდა შესრულებული. უფრო მეტიც, აფხაზთა მეფე გიორგი მეორის დაკვეთით, სამეფო კარზე დაიწერა მეფეთა გენეალოგიური ნუსხა „აფხაზთა მეფეთ დივანი“, რომელიც ასევე ქართულ ენაზეა შედგენილი.

აფხაზეთის სამეფო კარმა და მისმა დიდგვაროვნებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს გაერთიანების პროცესში. თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უძღოდა ეკლესიის ერთიანობის აღდგენა. საქმე ის გახლდათ, რომ VIII–IX საუკუნეების აფხაზეთის სამეფოში ძალიან დიდი იყო ბიზანტიის გავლენა. კონსტანტინეპოლის დასაყრდენს დასავლეთ საქართველოში არსებული ბერძნული საეპისკოპოსოები წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველო დაყოფილი იყო ოთხ ბერძნულ სამიტროპოლიტოდ, სადაც მღვდელმსახურებაც ბერძნულ ენაზე ტარდებოდა.

სანამ ბიზანტია ძლიერი იყო, აფხაზეთის მეფეები ერიდებოდნენ კონსტანტინეპოლის სამეფო კართან დაპირისპირებას. ხოლო როცა ბიზანტია არაბებთან ბრძოლაში დასუსტდნენ, აფხაზეთის ერისთავებმა (მოგვიანებით კი მეფეებმა) ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამის შემდეგ აფხაზეთის მეფეები — ლეონ მეორე, კონსტანტინე მესამე, გიორგი მეორე ბიზანტიისაგან მართლმადიდებლური ეკლესიის ჩამოშორებისა და მის მცხეთის კათალიკოსის დაქვემდებარებაში გადასვლისათვის, ანუ საქართველოს საეკლესიო ერთიანობისათვის იღწვოდნენ.

ბიზანტიის ეკლესიური გავლენისაგან თავის დაღწევის მიზნით, გააუქმეს სებასტოპოლის (ცხუმის), ბიჭვინთის, გუდაყვისა და ფაზისის ბერძნული სამიტროპოლიტოები და მათი ადგილი ახლადშექმნილმა ეპარქიებმა დაიკავა. აფხაზეთის მეფე გიორგი მეორის ძალისხმევით შეიქმნა ჭყონდიდის ეპარქია, ლეონ მესამემ საფუძველი ჩაუყარა მოქვის საეპიკოსოპოსოს, ხოლო ბედიის საეპისკოპოსო ბაგრატ მესამის დროინდელია. ახალი ეპარქიები მცხეთის კათალიკოსს ემორჩილებოდნენ და წირვა - ლოცვაც, შესაბამისად, ქართულ ენაზე ტარდებოდა.

აფხაზთა მეფის, ეკლესიათა ამშენებლად წოდებული გიორგი მეორის დროს აფხაზეთის სამეფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ის 922 წელს ავიდა ტახტზე, მამის, კონსტანტინე III-ის გარდაცვალების შემდეგ. გიორგის გამეფებას არ შეურიგდა მისი ნახევარძმა ბაგრატ უფლისწული, რომელსაც დახმარებას სიმამრი — გურგენ კლარჯეთის ერისთავთ-ერისთავი უწევდა. გურგენი ფინასურადაც ეხმარებოდა სიძეს და ცოცხალი ძალითაც მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომაც გიორგიმ ვერ შეძლო ნახევარძმის დამარცხება.

მაგრამ X საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ბაგრატ უფლისწული მოულოდნელად გარდაიცვალა და გიორგი მეორემ სამეფოს მთელ ტერიტორიაზე შეძლო კონტროლის დამყარება და წესრიგის აღდგენა.

მემატიანეს ცნობით გიორგი მეფე ყოფილა „სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვანებითა“. ღვთისმოყვარე, ეკლესიების მაშენებელი, გლახაკთმოწყალე, გულუხვი, თავმდაბალი, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე. მან ააშენა და განამშვენა ჭყონდიდის ტაძარი, მრავალი სიწმინდე დააბრძანა იქ და საეპისკოპოსო ცენტრად აქცია.

იმ ეპოქის აფხაზთა სამეფო კარგად იყო განვითარებული ეკონომიკურად, მაღალ დონეს მიაღწია კულტურამაც, შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. გიორგი მეორის დროინდელი აფხაზეთი გახდა ქართული საეკლესიო მწერლობის ცენტრი.

საშინაო პრობლემების მეტ-ნაკლებად მოგვარების შემდეგ, გიორგი აქტიურად შეუდგა ექსპანსიურ საგარეო პოლიტიკას, რაც დაქუცმაცებული საქართველოს თავისი სკიპტრის ქვეშ გაერთიანებას ითვალისწინებდა. პირველი იერიში ქართლზე მიიტანა, სადაც მრავალხელისუფლებიანობა იყო: ქვემო ქართლი თბილისის არაბ ამირას ემორჩილებოდა, შიდა ქართლზე პრეტენზიას კახეთის ქორეპისკოპოსი აცხადებდა და ამას გარდა, ქართლზე ასევე ეჭირათ თვალი სომეხ მეფეებსაც.

გიორგი სწრაფად ამოქმედდა და აღადგინა აფხაზეთის მეფის გავლენა შიდა ქართლზე. მან ქართლის ერისთავად თავისი უფროსი ვაჟი კონსტანტინე დანიშნა, რომელიც სამი წელი მართავდა საერითავოს. მერე კი, „ვითარ დაყოს სამი წელიწადი, იწყო მტრობად მამისათვისა და ზებნად მეფობისა“, რისკენად ადგილობრივმა დიდებულებმა წააქეზეს.

აჯანყებულ უფლისწულს მხარი დაუჭირეს ტბელებმა და ქართლის სხვა დიდაზნაურებმა, რომლებმაც კონსტანტინე ქართლის მეფედ აკურთხეს.

გიორგი აფხაზთა მეფეს თავიდან არ სჯეროდა შვილის განდგომის ამბავი, მაგრამ როდესაც ღალატი აშკარა გახდა, სასწრაფოდ ჯარი შეჰყარა და 929 წელს ქართლისკენ დაიძრა. დასახმარებლად მან მოკავშირეებს — კახეთისა და ტაო-კლარჯეთის მეფეებს უხმო და კონსტანტინე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის კარგად დაცულ უფლისციხეში გამაგრდა და იქიდან გააგრძელა წინააღმდეგობა. დღე დღეს მისდევდა, ქვეითები თუ მხედრები დაუნდობლად ჩეხდნენ ერთმანეთს, მაგრამ უპირატესობას ვერცერთი მხარე ვერ აღწევდა.

გიორგი მეორემ, რაღაი ნახა, რომ უფლისციხის მრავალრიცხოვან დამცველებს ვერაფერს აკლებდა, მოღალატე შვილის ციხიდან გამოსატყუებლად ვერაგობას მიმართა. კონსტანტინეს ბანაკში მყოფი საზვერელი აზნაურები (შემდგომში საჩინოს ერისთავების, ჩიჯავაძეების წინაპრები) მოისყიდა, რომლებმაც დაარწმუნეს კონსტანტინე, სანამ მეფე გიორგი უფლისციხესთან დგას, ქუთაისში მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და შენ მისვლას ელოდებიან, რათა გაგამეფონო. კონსტანტინემ სიცრუე დაიჯერა, ღამით უფლისციხე დატოვა და რამდენიმეკაციანი ამალით  დასავლეთ საქართველოსკენ აიღო გეზი. მტკვრის  მეორე ნაპირზე ტივით გადასულ კონსტანტინეს თავისივე ამალის წევრებმა შეპყრობა დაუპირეს, ქართლის მეფემ ტივის უკან მიბრუნება კი მოახერხა, მაგრამ უფლისციხეში შეღწევა ვეღარ შეძლო, რადგან აფხაზთა მეფემ მოღალატე შვილს ციხემდე მისასვლელი ყველა გზა მოუჭრა. მარტოდმარტო დარჩენილმა კონსტანტინემ ღამე კლდის ნაპრალთან გაათია, გამთენიისას კი გიორგი მეორის მეომრებმა იპოვეს და მამას მიჰგვარეს.

უფლისციხის უმეთაუროდ დარჩენილმა დამცველებმა წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტეს და ციხე აფხაზთა მეფემ აიღო. მერე მოღალატეთა დასჯის დრო დადგა: კონსტანტინეს თვალები დათხარეს და დილეგში ჩააგდეს, სადაც მალე დალია სული; ტბელებს სიცოცხლე კი შეუნარჩუნეს, თუმცა ასფურაგანში (სომხეთი) გააძევეს, ქართლი კი სამართავად ლეონს დაუტოვეს.

გიორგი მეორის გავლენა ვრცელდებოდა ტაო-კლარჯეთზეც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მისი აქტიური ხელშეწყობით, დაახლოებით 922 (სხვა ვერსიით 925) წელს, ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ალანიაში ეპისკოპოსი პეტრე სწორედ აფხაზთა მეფის ძალისხმევთ დაინიშნა. მომთაბარე ალანების გაქრისტიანებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ნიკოლოზ მისტიკოსმა მადლობა გადაუხადა გიორგის და მას „ბრწყინვალე ექსუსიატი“ (მფლობელი) უწოდა და ამით ირიბად მიანიშნებდა, რომ ალანიას მის სამფლობელოდ აღიარებდა.

აფხაზთა სამეფოში შედიოდა ჯიქეთიც. მის მორჩილებაში იყო ჯავახეთისა (თმოგვი და მისი მიმდებარე ტერიტორია) და ქვემო ქართლის ნაწილიც (სამშვილდე და მისი მიმდებარე ტერიტორია). რაც შეეხება ჰერეთს, ეს რეგიონი ჯერ კიდევ გიორგის მამამ — კონსტანტინე მესამემ და კახეთის მეფე კვირიკემ გაიყვეს და შესაბამისად, გიორგი აფხაზთა მეფის მფლობელობაში ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც რჩებოდა.

აფხაზთა მეფე ასევე აქტიურად ერეოდა კახეთის სამეფოს საქმეებშიც და მის ხელში ჩასაგდებად ძალისხმევას არ იშურებდა. 939 წელს გარდაიცვალა მისი მოკავშირე ფადლა კახეთის ქორეპისკოპოსი და მის ნაცვლად კახეთის ხელისუფალი გახდა ფადლას სიძე კვირიკე II. ახალგაზრდა მეფეს აზნაურები აუჯანყდნენ და დასახმარებლად აფხაზთა მეფეს უხმეს. გიორგიმ სიამოვნებით მიიღო ეს მიწვევა და ლაშქრით კახეთისკენ დაიძრა. იქაურობა კი მოარბია, „მოსწუა და ასწყვდა“, თუმცა კვირიკე ხელში ვერ ჩაიგდო და ატენში დაბრუნდა გამოსაზამთრებლად.

იქ აფხაზთა მეფემ ჯარი შეავსო და ახალი ძალით შეუტია კახეთს. კვირიკე მას ბანაკში ეახლა და ზავი ითხოვა, თუმცა მერე გაპარვა დააპირა. აფხაზებმა გაუგეს ჩანაფიქრი და შეიპყრეს. გიორგიმ კახეთის მეფის ოჯახის სხვა წევრების დაპატიმრებაც განიზრახა, მაგრამ ხელი მოეცარა. ქართველმა აზნაურებმა კახელებს შეატყობინეს აფხაზთა მეფის განაზრახი და კვირიკეს ოჯახის წევრებმა მიმალვა მოასწრეს.

კახეთის დაკავება სისხლისღვრის გარეშე ვერ მოგვარდა, ამიტომ აფხაზებმა ლაშქრობა განაგრძეს. კვირიკეს ძმამ — შურტამ, იგრძნო რა, გიორგი აფხაზთა მეფის მოახლოება, ღალატის გუნებაზე დადგა:

„მოერთო შტორა (შურტა), ძმა კვირიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფეს და მიუტანა თანა ციხე მისი უჯარმა, და ეუფლნეს სხუათა ციხეთა კახეთისათა თვინიერ სამთა ციხეთა: ნახჭოვნის, ბოჭორმისა და ლოწობანთა“.

კვირკემ ბრძოლა წაგებულად ჩათვალა, ბედს შეურიგდა და „დაულოცა კახეთი“ გიორგი მეფეს იმ პირობით, რომ ნახჭევნის ციხეს დაუყოვნებლივ გადასცემდა, თავის შვილს, დავითს, მძევლად დაუტოვებდა, ხოლო თვითონ ბოჭორმის  ციხეში დარჩებოდა გაზაფხულამდე და აღდგომის დღესასწაულისათვის მასაც დაცლიდა.

ამის შემდეგ მეფე გიორგი თავისი ჯარით დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

ბოჭორმაში მყოფი კვირკე კახეთის დატოვებას აპირებდა უკვე, როცა მასთან ქართლის აზნაურები მივიდნენ და აფხაზთა მეფესთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზეს. „მატეანე ქართლისაი“ გადმოგვცემს:

 „მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოელნი, სარა და გრიგოლ ძმანა ფრუელნი და მათთან ორმოცდაათი აზნაური სხვა და მიერთნენ კვირკეს დაუწყეს ბრძოლად ციხეთა და მცირეთა დღეთა წარუხუნეს ციხეში ყველანი; დაარღვევინეს შურის ციხე და ლოწობანთა, და კუალად ეუფლა კვირკე მამულსა თვისსა“.

ამ ბრძოლაში კვირიკე გამარჯვებული გამოვიდა. მან თითქმის ყველა ციხე უკან დაიბრუნა და ისევ დაეუფლა კახეთს. ამან სასტიკად განარისხა აფხაზთა მეფე, მან მკაცრად მოსთხოვა პასუხი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც კვირიკეს შეწყალება ურჩია, ხოლო კახთა მეფის დასაჯელად  ჯარი გაგზავნა უფლისწულ ლეონის სარდლობით.

მაგრამ ლეონს ლაშქრობის შეწყვეტა მოუხდა, ვინაიდან აფხაზთა მეფე გიორგი მეორე გარდაიცვალა და ქუთაისში უნდა დაბრუნებულიყო გვირგვინის თავზე დასადგმელად... ერთადერთხელ გამოიჩინა სისუტე გიორგი აფხაზთა მეფემ და ცოცხალი დატოვა მტერი, რაც ცუდად შემოუბრუნდა ჩვენს ქვეყანას, რომელიც ძალიან ახლოს იყო გაერთიანებასთან. 

127
თემები:
იცით თუ არა, რომ... (391)
ადამიანის სილუეტი

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

0
(განახლებულია 11:08 23.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2021 – ხარის წელიწადი არაპროგნოზირებადი იქნება, მაგრამ ლომებს ამით ვერ შეაშინებ. ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ ახალ წელიწადში ახალი არაკეთილმოსურნეების გამოჩენის დიდი ალბათობაა. ლომებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ლომებისთვის ყველაზე რთული დაბნელებების, მანამდე სამი და შემდგომი სამი დღის პერიოდები იქნება.

ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება>>

ლომი მამაკაცი

2021 წელი ლომ მამაკაცებს გპირდებათ როგორც მრავალ ახალ შესაძლებლობას, ისე ბევრ დაბრკოლებას. მოსალოდნელია, რომ ხანდახან წყვდიადში იმედის სხივმა გამოანათოს ან პირიქით, საკმაოდ წარმატებულ და პერსპექტიულ პერიოდში ეჭვებმა შეგიპყროთ. აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების ფხიზელი თვალით შეფასება.

ფინანსები და სამუშაო: ასტროლოგები წლის დასაწყისში და შემოდგომაზე გარისკვას არ გირჩევენ. თუნდაც შესანიშნავი პრიობები შეიქმნას იმისთვის, რომ სამუშაო შეიცვალოთ ან ახალი ბიზნესი წამოიწყოთ, სჯობს, დაელოდოთ. გაზაფხულსა და ზაფხულში კი პირიქით, შეიძლება მაქსიმალური აქტიურობა – ერთი შეხედვით „ჩავარდნილი“ საქმეებიც კი შეიძლება წარმატებით დაგვირგვინდეს.

სიყვარული და ურთიერთობები: მთლიანობაში, ლომი მამაკაცებისთვის სიყვარულის სფეროში ყველაფერი სტაბილურად იქნება. ვისაც ჰყავს პარტნიორი, არ ღირს მისი უყურადღებოდ დატოვება. 2021 წელი იდეალურად მიესადაგება საყვარელ ადამიანთან სულიერი კავშირის გამტკიცებას. კარგია ერთად მოგზაურობაში წასვლა და ერთობლივი საქმიანობა.

განწყობა და ჯანმრთელობა: ლომები ძალებითა და ენერგიით აღსავსე იქნებით, თქვენი გზიდან გადაცდენა ხარის წელიწადში ძალზე რთული იქნება, ვერავინ და ვერაფერი გაიძულებთ, რომ თავი სუსტად და უმწეოდ იგრძნოთ. ძალების აღდგენას უმალვე მოახერხებთ, თუ სწორად და დროულად დაისვენებთ. სჯობს, გადაღლას მოერიდოთ.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ლომი ქალი

ქალ ლომებს ფორტუნა გაგიღიმებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. პირიქით, სადავეები ხელში უნდა აიღოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მეტი ინიციტივა გამოიჩინოთ. ხარის წელიწადში საჭიროა მოქმედება და ასევე, თქვენი ძლიერი ხასიათის პრაქტიკაში გამოყენება.

ფინანსები და სამუშაო: სჯობს, სამსახურებრივ რომანებს მოერიდოთ, რადგან ის სამუშაო პროცესზე ყურადღების კონცენტრირებაში ხელს შეგიშლით. ექსპერტები გირჩევენ, ჯანსაღად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და არ გარისკოთ. 2021 წელს მიზანი საშუალებებს არ ამართლებს. ზედმეტი აქტიურობა დასაბუთებული და მიზანშეწონილი უნდა იყოს. შოპინგისას სიფრთხილე გმართებთ.

სიყვარული და ურთიერთობები: არ არის გამორიცხული, რომ ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის ახალი ძალების მიცემა შეძლოთ. ეს იქნება შთაგონების, კაშკაშა ემოციებისა და ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანის პერიოდი. მარტოხელებმა ყურადღება, სჯობს, სამუშაოზე და საქმეებზე გაამახვილოთ.

განწყობა და ჯანმრთელობა: შესანიშნავი საშუალება იმისთვის, რომ განწყობა აიმაღლოთ, სწავლა, ახალი ცოდნის მიღება და ახალი უნარების გამომუშავებაა. ვარსკვლავები მნიშვნელოვნად შეგიწყობენ ხელს ახალ წამოწყებებში, ასევე დაგემარებიან მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროების, ტყუპებისა და კირჩხიბებისთვის.

0