ქვიშის საათი

იდუმალებით მოცული მკვლელობა, ანუ ამბავი ქართველი მეფისა და უცნობი „ოვსი ყმისა“

289
იდგა წელი 1037 (სხვა ვერსიით 1038 წელი), თბილისი ალყაში ჰყავდათ მოქცეული საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-სა და მის მოკავშირეს, კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III-ს

ქალაქის გარშემო დგომა გაჭიანურდა და კახეთის ხელისუფალმა ალყის გაგრძლება თავის სარდლებს მიანდო, თავად კი ფიდრაზის მთაზე ნადირობა გამართა. რას წარმოიდგენდა, რომ მისთვის ეს ნადირობა უკანასკნელი აღმოჩნდებოდა და თავად აღმოჩნდებოდა ყველაზე „დიდი ნანადირევი“.

გახურებული ნადირობის დროს კვირიკე მესამეს ზურგიდან მიეპარა ვინმე „ოვსი ყმა“ (ყმა ამ შემთხვევაში გლეხს კი არ ნიშნავს, არამედ კარგად გაწვრთნილ მეომარს) და სიცოცხლეს გამოასალმა. მეფის მხლებლებმა მკვლელი შეიპყრეს, მისი ვინაობა და მკვლელობის მიზეზი დაადგინეს და მერე ზედ დააკლეს პატრონს.

მემატიანეებს თუ ვერწმუნებით, კახეთ-ჰერეთის დიდი მეფე შურისძიებისა და სისხლის აღების ტრადიციის მსხვერპლი გახდა. „ოვსმა ყმამ“ თავისი მეფის, ურდურეს მკვლელობა აზღვევინა მწარედ კახთა ხელისუფალს.

საქმე ის გახლდათ, რომ კახეთ-ჰერეთის ქორეპისკოპოსის (მეფე კვირიკე იმავდროულად ქორეპისკოპოსიც იყო, ანუ უმაღლესი სასულიერო პირი) გავლენა ბევრად სცილდებოდა მისი სამეფოს საზღვრებს. გარდა კახეთისა და ჰერეთისა, მის სამეფოში ასევე შედიოდა კავკასიონის გადაღმა ქვეყნები ― დურძუკეთი და ღლივეთი (ამჟამინდელი ჩეჩნეთ-ინგუშეთი), რომელიც კვეტარის საერისთავოს დაქვემდებარებაში იყო, ასევე დიდოეთი და ხუნძეთი (იგივე სარირი, ამჟამინდელი დაღესტანი), რომელიც ტვრის ერისთავის კუთვნილება გახლდათ. სწორედ ამ მიწების გამო დაუპირისპირდა კვირიკეს ოვსთა მეფე ურდურე. ალანები იმ დროს ჩრდილოეთ კავკასიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდნენ და თავისად მიიჩნევდნენ დურძუკთა და სარირის მიწებსაც. ამიტომაც ალანები 1035 წლის ზაფულში მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაიძრნენ კახეთ-ჰერეთის დასარბევად.

ურდურემ გვერდი აუარა დარიალის გადმოსასვლელს და დურძუკთა და ღლივთა ტერიტორიის გავლით გადმოვიდა ფხოვში (ახლანდელი ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი, თუშეთი). ვინც წინააღღმდეგობა გაუწია, ყველას მუსრი გაავლეს და სწრაფი სვლით კახეთ-ჰერეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრისკენ ― თიანეთისკენ დაეშვნენ.

გადამწყვეტი ბრძოლა ბოდოჯის სამეფო რეზიდენციის სიახლოვეს გაიმართა. ვახუშტის ცნობით:

„ბრძოლასა ძლიერსა იძლივნენ ოვსნი და მოჰკლეს კახთა ურდურე მეფე ოვსთა და მოწყვდნეს ოვსნი“.

სანამ მეფე იბრძოდა, ალანებიც მედგრად იდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც „წყობასა შინა ოსვთა მეფე ურდურე მოეკლა კვრიკე მეფესა“, უსარდლოდ დარჩენილი ჩრდილოკავკასიელთა ურდო დაიბნა, აირია და უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. კახელებმაც დიდ მანძილზე სდიეს მომხდურთ და მუსრი გაავლეს. მებრძოლები დაღამებამ გაჰყარა. გადარჩენილმა ალანებმა ამით ისარგებლეს, კავკასიონი გადალახეს და უკან გაბრუნდნენ.

გავიდა დრო და ბაგრატ მეოთხემ თბილისის ასაღებად ერთგული მოკავშირე კვირიკე მესამეც მიიწვია. ის კვირიკე, რომელიც მანამდე, 1010 წელს, გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ მესამემ დაატყვევა და მისი სამეფო კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა. თუმცა ბაგრატ მესამის გარდაცვალების შემდეგ კვირიკემ ტყვეობას თავი დაააღწია და თავისი სამეფოც ისევ უკან დაიბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ კვირიკემ კახეთ-ჰერეთი ერთიან საქართველოს ჩამოაშორა, მის  სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაინც ყოველთვის საერთო ქართული საქმების ავანგარდში იდგა. ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში (ბიზანტიელებთან, განძის ამირასთან და თბილისისათვის ბრძოლებში) გვერდით ედგა საქართველოს მეფეს, თავისი წვლილი შეჰქონდა საერთო ეროვნულ საქმეში.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განძის ამირა ფადლონთან ბრძოლას, რომელმაც ისარგებლა საქართველო-ბიზანტიის დაპირისპირებით და სანამ ეს ორი მართლმადიდებლური ქვეყანა ერთმანეთს უსწორებდა ანგარიშს, ყოფილი ალბანეთის სამეფოს მიწებიც მიიტაცა, სომხეთის დიდი ტერიტორიაც დაიპყრო და საქართველოც არაერთხელ ააოხრა.

ამირა ფადლონი ძალზე საშიში და ძლიერი მტერი გახლდათ ჩვენი ქვეყნისათვის. ქართველებმა მისთვის მხოლოდ ბიზანტიასთან ომის დასრულების შემდეგღა მოიცალეს, როცა ის უკვე საკმაოდ გაძლიერებული იყო.

საქართველოს სამეფო კარზე ფადლონის წინააღმდეგ ლაშქარი შეკრიბეს, რომელსაც  სათავეში კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში და ქართლის  ერისთავი ივანე აბაზას ძე ჩაუდგნენ, ვინაიდან მაშინ საქართველოს მეფე ბაგრატ IV არასრულწლოვანი იყო. კოალიციაში გაერთიანდნენ: კვირიკე მესამე დიდი, თბილისის ამირა ჯაფარი და ტაშირ- ძორაკერტის მეფე დავითი. კოალიციას სათავეში ამ ლაშქრობის ინიციატორი  და სულისჩამდგმელი კახეთ-ჰერეთის მეფე  ჩაუდგა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ფადლონის სამფლობელო უშუალოდ ესაზღვრებოდა კვირიკე მესამის სამეფოს  და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო გაძლიერებული მეზობლისა და მეტოქის დამარცხება, ალიანსის წევრებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი სწორედ მან გამოიყვანა. გარდა ამისა ანგარიში გაეწია კვირიკეს დიდ ავტორიტეტსა და საბრძოლო გამოცდილებასაც. შესაბამისად, ამ და სხვა მიზეზთა გამო, უმნიშნელოვანესი ლაშქრობის ბედი სახელოვან სარდალს მიენდო.

კვირიკეს გადაწყვეტილებით, მოკავშირენი ეკლეცის მიდამოებში შეიკრიბნენ და აქედან შეუტიეს განძას. ქართველებმა „გააქციეს ფადლონ და აუწყვიდეს ლაშქარი, აიღეს ავარი (ნადავლი, ალაფი) და განძი ურიცხვი.  ამიერითგან ვიდრე სიკუდილამდე შეჰავდა (გაშმაგდა, გაბოროტდა) ფადლონ“.

არაბი მემატიანის, იბნ ალ-ასირის ცნობით, ამ ბრძოლაში ფადლონი სასტიკად დამარცხდა. 10 ათასი განძელი მეომარი დაეცა ბრძოლის ველზე, თავზარდაცემული ამირა, გადარჩენილი მცირერიცხოვანი ჯარით, განძაში შეიკეტა. მას აღარ შესწევდა წინააღმდეგომის გაწევის უნარი და ქართველებს მორჩილება გამოუცხადა.

ასე გატეხეს წელში ფადლონ დიდი, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში აოხრებდა და აწოკებდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა ქრისტიანულ ქვეყნებს. ეკლეცთან დამარცხებამ იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა ფადლონზე, რომ მან საბოლოოდ აიღო ხელი ქართული მიწების მოთარეშებაზე და ერთი წლის შემდეგ, როცა გარდაიცვალა, ქართველთა ჯავრი საფლავში წაიღო.

სწორედ ფადლონის განადგურების შემდეგ შეუტია ბაგრატ მეოთხემ თბილისის საამიროს და რაღა თქმა უნდა, ერთგული  კვირიკეც გვერდში ედგა.

და 1037 წელს, როდესაც ალყაშემორტყმული თბილისი დღე-დღეზე უნდა დაცემულიყო, მოხდა გაუთვალიწინებელი რამ: ნადირობისას მუხანათურად მოკლეს მეფე კვირიკე.

როგორ მოხვდა კვირიკეს ამალაში „ოვსი ყმა“, უცნობია. გამორიცხული არ არის, ის ურდურეს ვაჟს, ალანთა მეფე დორღოლელს შემოჰყოლოდა საქართველოში, რომელიც ბაგრატ IV-ის მეუღლის, ბორენა დედოფლის ძმა იყო და თბილისისათვის ბრძოლაში ეხმარებოდა სიძეს. იმ დროს, როდესაც კვირიკე მოკლეს, თბილისთან ალანთა დიდი ჯარი იდგა და სავარუდოდ, სწორედ დორღოლელის ბანაკში დაიგეგმა კვირიკე III-ის მოკვდინება...

ასე „უადგილოდ“ დაასრულა სიცოცხლე კახთა დიდმა მეფემ, რომელმაც, სხვა მის ნაღვაწს რომ თავი დავანებოთ,  მთელი საქართველოს მარგალიტი ― ალავერდის დიდებული ტაძარი ააგო და ამით სამუდამოდ უკვდავყო თავისი სახელი.                                                          

289
თემები:
იცით თუ არა, რომ... (386)
წიგნები და სასკოლო მერხი

გაიცანით საინტერესო ისტორიის სიტყვები: მცირე განმარტებითი ლექსიკონი

60
(განახლებულია 18:05 24.10.2020)
იცოდით, რომ სიტყვა „ბონუსი“ იაპონიიდან მოდის, სადაც არსებობს დიდი სახელფასო პრემია „ბონასუ“ და ის რამდენჯერმე აღემატება ძირითად ჯამაგირს?

საუბრისას ჩვენ ხშირად ვიყენებთ უცხო წარმოშობისა და ქართულ ენაში მყარად დამკვიდრებულ სიტყვებს. და წარმოდგენაც არ გვაქვს, რას ნიშნავს, საიდან, როგორ წარმოიშვა, რა შინაარსს ატარებდა თავდაპირველად, ან რატომ შეიცვალა დროთა განმავლობაში მნიშვნელობა.

არადა, ბევრ მათგანს მართლაც ძალიან საინტერესო „ისტორია“ აქვს. მაგალითად, იცოდით, რომ დღეს ესოდენ პოპულარული სიტყვა „მარიონეტი“ შუა საუკუნეებში იყო თოჯინა, რომელიც ქალწულ მარიამს გამოსახავდა? დღეს კი მარიონეტს იტყვიან პიროვნებაზე ან მთავრობაზე, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს სხვის ნება-სურვილს.

თავად სიტყვა „ისტორიაც“ უცხო წარმოშობისაა, ბერძნულია და გარდასულ ამბებზე თხრობას ნიშნავს.

და ასეთი არაერთია. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

„ნომენკლატურა“ - ძველ რომში ყველა მონათმფლობელს ჰყავდა მონა ― ნომენკლატორი, რომელსაც ევალებოდა პატრონის გვერდით დგომა და სტუმრების მიღება. დღეს სულ სხვა მნიშვნელობით გამიყენება ეს ტერმინი.

„მუნიციპალიტეტი“ - იტალიურია და ნიშნავს „წარუმატებლად გაერთიანებულ თავებს“.

„დეპორტაცია“ - ლათინურია და ითარგმნება, როგორც კარიბჭის გარეთ გასმა.

„იარლიყი“ ― (თურქული, მონღოლური) ― ნიშნავს ბრძანებას. ოქროს ურდოს ყაენთა სიგელს, რომელიც დაპყრობილი ქვეყნების მართვა-გამგეობის საკითხებზე განკარგულებას შეიცავდა, იარლიყი ერქვა.

„ვექტორი“ - ლათინურია და სიტყვა-სიტყვით გადამტანს ნიშნავს.

„ულტიმატუმი“  - ლათინურად ultimus უკანასკნელი, საბოლოო. აქედან წარმოიშვა ეს სიტყვა ― ვინმეს საწინააღმდეგოდ მიმართული კატეგორიული მოთხოვნა, უარის შემთხვევაში ზემოქმედების გადამწყვეტი ზომების მიღების მუქარით.

„ნეიტრალიტეტი“ ― ლათინური neuter ნიშნავს „არც ეს, არც სხვა“, ანუ რამდენიმე ქვეყნის დაპირისპირების დროს მიუმხრობლობას, იმ იმედით, რომ პირობის შესრულების შემთხვევაში, თავად არ გახდება თავდასხმის ობიექტი.

„რეპატრიაცია“ ― ლათინური repatriation , სადაც  re უკუმოქმედების აღმნიშვნელი თავსართია, ხოლო patria სამშობლოს, მამულს ნიშნავს. ითარგმნება როგორც  სამშობლოში დაბრუნება.

„პერსპექტივა“ -   ფრანგულია და ითარგმნება  როგორც „ცხადად ვხედავ“.

„რუტინა“ - ფრანგული სიტყვაა ქართულად ნიშნავს სიახლის, ცვლილებების წინაშე შიშს. ის შაბლონის, უძრაობის, ჩამორჩენილობის სინონიმადაც  მიიჩნევა.

„ბონუსი“ - იაპონელები წელიწადში ორჯერ იღებენ დიდ პრემიას, რომელიც რამდენჯერმე  აღემატება ხელფასს. ამ პრემიის სახელია ბონასუ. აქედან მოდის სიტყვა ბონუსი.

ერთ სიტყვაში დატეული ათასი გრძნობა, ანუ უანალოგო სასიყვარულო სიტყვები>>

„კაპრიზი“ - იტალიური სიტყვაა და თხის უსაქციელობას ნიშნავს.

„ეპატაჟი“ - ფრანგულია და ნიშნავს სკანდალურ გამოხტომას, რომელიც არღვებს  დაწესებულ ნორმებსა და წესებს.

„სტიგმა“ - დაღი, ნიშანი. ძველ საბერძნეთში სტიგმას ატარებდა მონა, დამნაშავე (კრიმინალი) და სამშობლოს მოღალატე. დღესდღეობით სტიგმა ადამიანის დისკრიმინაციის გამოვლინებაა...

60
თემები:
იცით თუ არა, რომ... (386)
პატრიოტთა ალიანსი

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პრორუსული პარტიის გზა

42
(განახლებულია 21:10 23.10.2020)
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციური საპარლამენტო პარტიაა, რომელიც ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეპუტაციით სარგებლობს.

რობინზონ ნაჭყებია

პარტია 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა. მას სათავეში ჩაუდგნენ არასამთავრობო ორგანიზაციების – „მედიაკავშირი ობიექტივის“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები. სწორედ ტელეკომპანია „ობიექტივმა“ გამოაქვეყნა 2012 წელს პატიმართა წამების კადრების ერთი ნაწილი, რაც საფუძვლად დაედო „ციხის სკანდალს“ და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას. 

2013 წელს „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიწყო საკუთარი პარტიის მესამე ძალად წარმოჩენა, თუმცა ფართო საზოგადოების სიმპათია მაინც ვერ დაიმსახურა. პარტიის არაპოპულარობის მიზეზი მისი საგარეო პოლიტიკური კურსის ხედვაა. პარტია მოითხოვს სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს უარს რეფერენდუმის შედეგებზე, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ეხება. „პატრიოტების“ პოლიტიკური არაპოპულარობის მეორე მიზეზი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და პირდაპირი დიალოგის დაწყების მოთხოვნაა.

ასეთი განცხადებების გამო პარტიას საზოგადოება პრორუსულ ძალად მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად სტერეოტიპული შეხედულებებისა, „პატრიოტთა ალიანსმა“ მოახერხა თავის მხარეს საზოგადოების კონსერვატორული ნაწილის გადაბირება იმ ემიგრანტების წინააღმდეგ განცხადებებით, რომლებიც საქართველოში მიწებს ყიდულობენ, ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებითა და მართლმადიდებლური და ეროვნული ფასეულობების პროპაგანდით.

ამის წყალობით პარტიამ მოახერხა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეოთხე ადგილზე გასვლა, 2016 წელს კი – პარლამენტში მოხვედრაც.

„პატრიოტთა“ წარმატებას ხელი შეუწყო მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამაც“, რომელმაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი დააწესა და კონსტიტუციაში ჩაწერა ფრაზა, რომ ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. 

მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში ყოფნისას ვერ მოახერხა ლეგიტიმური სახე მიეცა მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მცდელობისა და რუსეთში პარტიის წარმომადგენელთა ვიზიტებისთვის. მმართველ პარტიაში ამ ქმედებებს „კერძო ინიციატივას“ უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგს ისინი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ასევე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის დიალოგის ფარგლებში აწარმოებდნენ.

ამასობაში „პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლისთვის საქართველოს ოფიციალური პირებისთვის შეუძლებელი შეძლო – ჩავიდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე და ადგილობრივ ეკლესიას ხატი გადასცა.

სულ მალე ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალზე გამოჩნდა ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე, რამაც „პატრიოტებს“ პოპულარობა ნამდვილად არ შემატა მიუხედავად იმისა, რომ მისი ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი პირდაპირ ეთერში იფიცებდნენ, რომ არავითარ ფულს ისინი რუსეთისგან არ იღებენ.

თუმცა, მიუხედავად კომპრომატების გაჟონვისა და საზოგადოების პროდასავლური ნაწილისთვის „პატრიოტთა“ იდეების მიუღებლობისა, პარტიას კიდევ ერთი კოზირი აქვს – „სააკაშვილის სიძულვილი“. ეს სიძულვილი მმართველმა პარტიამ კარგად გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე და მეორე ტურში საკუთარი კანდიდატი გაიყვანა პრეზიდენტად. ამასთან, მოგვიანებით „პატრიოტთა ალიანსის“ დეკლარაცია სააკაშვილის მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ იმავე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ჩააგდეს. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს და, სხვადასხვა რეიტინგის თანახმად, მეოთხე-მეხუთე ადგილზეა. ალიანსს ორგანიზაციების გამოკითხვების არ სჯერა და საკუთარი წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გამოკითხვის მიხედვით ისინი არჩევნებს იგებენ, მმართველ პარტიას მხოლოდ 13% აქვს, ყოფილ მმართველ პარტიას კი 3%-ზე ნაკლები.

„პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამა დიდწილად სოციალურია, თუმცა, მთავარი აქცენტები კეთდება საყოველთაოდ ცნობილ საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებზე – ნატოზე უარის თქმაზე და რუსეთთან მეგობრობაზე.

 „პატრიოტთა ალიანსის“ შედეგები წინა არჩევნებზე: 

წელი  არჩევნების სახეობა ხმების რაოდენობა  ამომრჩევლების წილი
2014   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 66 805 4,72%
2016 საპარლამენტო 88 097 5,1%
2017 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 98 530 6,56%

 

42
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ბათუმის კლინიკაში

რა თანმხლები დავადებები ჰქონდათ აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს

0
(განახლებულია 13:53 25.10.2020)
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილ პაციენტებზე  ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილები არიან 66, 72 და 90 წლის პაციენტები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ოქტომბერს შეიყვანეს და მას კორონავირუსის გარდა, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი და კონვერსიული აშლილობა უფიქსირდებოდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაცვლილ მეორე პაციენტს - 66 წლის ქალს, რომელიც  კლინიკაში 20 ოქტომბერს მოათავსეს,  COVID-19-თან ერთად ასევე ჰქონდა პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი და იყო დიალიზდამოკიდებული.

მესამე პაციენტი კი 72 წლის ქალია, რომელიც  გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, კლინიკაში 14 ოქტომბერს, COVID-19-ის, გულის უკმარისობისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 551-ით გაიზარდა.  ამ დროისთვის რეგიონში 75 მძიმე პაციენტია, მათგან 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4000-ს აჭარბებს, თვითიზოლაციაშია 12 000-მდე პირი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარაში 6 624-ს აღწევს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 10 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, აქედან ოთხი კლინიკა პაციენტების მიღებას ე.წ. ჰიბრიდული მეთოდით ახორციელებს.

„ანტისხეულები დამიფიქსირდა“ – მომღერალი აცხადებს, რომ კორონა ერთხელ უკვე გადაიტანა >>

პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში სულ 28 431 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოს მასშტაბით 201-ს მიაღწია. ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში