დარიალის ხეობა

ციხესიმაგრე „დარუბალ“: დურძუკთა ლაშქრობა საქართველოში და მირიანის მიერ „დახშული კარი“

241
(განახლებულია 18:09 10.10.2020)
მოვიდა კართა მათ შინა, ვითარედ ჯიქუი სიფიცხლითა, ვითარცა ვეფხნი სიმხნითა, ვითარცა ლომი ზახილითა, და იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი...

მირიან I იბერიის მესამე მეფე იყო ფარნავაზიანთა დინასტიიდან. „ქართლის ცხოვრების“ მატეანე მირიან მეფეს ახასიათებს როგორც ყოველმხრივ ღირსეულ ხელმწიფესა და პიროვნებას:

„ესე იყო მირვან ტანითა სრული, შუენიერი, ძლიერი და ქველი“.

მისი მეფობა და ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა უშფოთველი, პირიქით მირიანმა ტახტი დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა და ქვეყანასაც დიდი განსაცდელი ააცდინა.

თუ მირიანის წინამორბედ საურმაგს იბერიელი დიდებულები აუჯანყდნენ და მან ტახტი ჩრდილოკავკასიელების, ანუ დურძუკების დახმარებით დაიბრუნა, მირიანის მეფობისას ქართველთა სახელმწიფოს საფრთხე თავად დურძუკებისგან დაემუქრა.

თეიმურაზ ბაგრატიონის თქმით, დურძუკთა დამანგრეველი ლაშქრობის უკან ეგრისის ერისთავი და მისი დიდებულები იდგნენ. როდესაც ფარნავაზმა ქვეყანა გააერთიანა, ეგრისის მეფე ქუჯიმ ნებაყოფლობით დათმო ტახტი და ფარნავაზის რიგით ერისთავობას დასჯერდა. გაერთიანებული იბერიის მეფემ ქუჯი დაიმოყვრა და თავისი და მიათხოვა ცოლად.  ამრიგად, ქუჯის შთამომავლები ფარნავაზიანებადაც ითვლებოდნენ და მათაც გააჩნდათ გარკვეული პრეტენზიები იბერიის სამეფო ტახტზე. თეიმურაზ ბაგრატიონის ვერსიით, ქუჯიან-ფარნავაზიანებმა ამბოხი მცხეთის ტახტის დაუფლების მიზნით წამოიწყეს. თუმცა ეგრისის ერითავს დურძუკთა ლაშქრობის დროს აქტიურობა არ გამოუჩენია და ისიც ფაქტია, რომ არავითარი დინასტიური ომს ადგილი არ ჰქონია. ამიტომ მტკიცება იმისა, რომ დურძუკებს მცხეთის ტახტზე ქუჯის მემკვიდრეთა აყვანა სურდათ, ფაქტებით არ დასტურდება.

ფარნავაზიდან მოყოლებული, იბერია სელევკიდების უზარმაზარი იმპერიის მხარდაჭერითა და მფარველობით სარგებლობდა. მაგრამ მირიან I-ის ტახტზე ასვლის მომენტისათვის სელევკიდების სამეფო უკვე დასუსტებულ–განადგურებული იყო და მირიანის დახმარება არ შეეძლო. მოკავშირის გარეშე დარჩენილ იბერიის მეფეს გაუჭირდა დურძუკებთან გამკლავება. 

საქართველოში დარიალის გზით შემოჭრილ დურძუკებს მთიულეთის არაგვის სიახლოვეს მცხოვრები ჭართალელები შეუერთდნენ და ერთიანი ძალებით მოარბიეს ბაზალეთი. შემდეგ კახეთს მიაშურეს, იქაურობა გადაწვეს და ისევ უკან გაბრუნდნენ.

მირიან მეფემ, მოთარეშეების დასასჯელად, „მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისა, და შემოიკრიბნა ყოველნი სპანი მხედარი და ქუეითი.. წარემართა დურძუკეთს“.

იბერიის მეფემ ანგარიში გაუსწორა მოღალატე ჭართალელებს და დურძუკეთში გადავიდა. დაშინებული დურძუკნი ციხესიმაგრეებსა და ვიწრო ხეობებში გამაგრდნენ. ქართველთა ჯარი, რომელსაც მეფე მირიანი მიუძღოდა, დურძუკთა მთავარ სიმაგრეს მიადგა.

როგორც მემატიანე წერს:

„შეკრბეს ურძუკნი, დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასვლათა გზასა მას. მაშინ მირიან გარდატეხა ცხენისაგან. მივიდა ქუეთთა თანა თუისთა, და წარუძღუა წინა ქუეითთა. ზურგით შემოადგინნა მხედარნი და მოვიდა კართა მათ შინა, ვითარედ ჯიქუი სიფიცხლითა, ვითარცა ვეფხნი სიმხნითა, ვითარცა ლომი ზახილითა, იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი, ხოლო მირიანს ვერ ჰკუეთდა მახვილი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სპასა. და დადგა უძრავად ვითარცა კოშკი მტკიცედ და გაგრძელდა  მათ შორის ბრძოლა, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხუ. ხოლო იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს“.

უკან გამობრუნებულმა მირიანმა ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელ ვიწრო უღელტეხილზე ქვითკირის ციხე ააშენა და უწოდა „დარუბალ“. ამით მირიანმა ჩაკეტა დარიალის ხეობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღეკვეთა ჩრდილოკავასიელთა იბერიაში შემოჭრა.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ძველი წელთაღრიცხვით II საუკუნეში დარიალს გადაღმა მიწები დურძუკებს (ჩეჩენთა და ინგუშთა წინაპრებს) ეკუთვნოდათ. ოსები წინაპარი ალანები ამ ადგილებში მოგვიანებით გამოჩნდნენ და ხეობას დარიალანი (დარიალი) ანუ „ალანთა კარიც“ მოგვიანებით ეწოდა. სიტყვა „დარუბალი“ კი სპარსულია და „დახშულ კარს“ ნიშნავს. მოგვიანებით რომაელი ისტორიკოსი პლინიუსი უფროსი ამ ციხესიმაგრეზე წერდა:

„კავკასიის კარები უზარმაზარი ქმნილებაა ბუნებისა, მთების უეცარი გაპობის შედეგი. თვით გასავლელი მოზღუდულია რკინით შემოჭედილი დირებით... მდინარის გამოღმა აგებულია „კუმანიად” წოდებული სიმაგრე, აშენებული იმ მიზნით, რათა დააბრკოლონ მრავალრიცხოვანი ტომების გადმოსვლა“.

მირიანის თითქმის 50 წლიან მეფობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა. მან ააშენა არმაზი, განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა, საქართველოს უშიშროების განმტკიცებისათვის შეეკრა „მეფესა ასურისტანისა“, მაგრამ დარიალის ციხესიმაგრის აგება მართლაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. ამით, ერთი მხრივ, აღიკვეთა ჩრდილოკავკასიელთა უკონტროლო თარეში საქართველოში, მეორე მხრივ კი, იბერიის მეფეს შეეძლო, საჭიროების შემთხვევაში გაეღო დარიალის კარი, ჩრდილოკავკასიელი მთიელები თავის სამსახურში ჩაეყენებინა და მიეშვა ეს დაუძლეველი ძალა სამხრეთელ მტრებზე. დარუბალის, იგივე დარიალის ჩარაზვით მირიანი სამუდამოდ შევიდა ქვეყნის ისტორიაში, როგორც სახელოვანი მეფე.

241
თემები:
იცით თუ არა, რომ... (385)
პატრიოტთა ალიანსი

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პრორუსული პარტიის გზა

34
(განახლებულია 21:10 23.10.2020)
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციური საპარლამენტო პარტიაა, რომელიც ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეპუტაციით სარგებლობს.

რობინზონ ნაჭყებია

პარტია 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა. მას სათავეში ჩაუდგნენ არასამთავრობო ორგანიზაციების – „მედიაკავშირი ობიექტივის“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები. სწორედ ტელეკომპანია „ობიექტივმა“ გამოაქვეყნა 2012 წელს პატიმართა წამების კადრების ერთი ნაწილი, რაც საფუძვლად დაედო „ციხის სკანდალს“ და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას. 

2013 წელს „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიწყო საკუთარი პარტიის მესამე ძალად წარმოჩენა, თუმცა ფართო საზოგადოების სიმპათია მაინც ვერ დაიმსახურა. პარტიის არაპოპულარობის მიზეზი მისი საგარეო პოლიტიკური კურსის ხედვაა. პარტია მოითხოვს სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს უარს რეფერენდუმის შედეგებზე, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ეხება. „პატრიოტების“ პოლიტიკური არაპოპულარობის მეორე მიზეზი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და პირდაპირი დიალოგის დაწყების მოთხოვნაა.

ასეთი განცხადებების გამო პარტიას საზოგადოება პრორუსულ ძალად მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად სტერეოტიპული შეხედულებებისა, „პატრიოტთა ალიანსმა“ მოახერხა თავის მხარეს საზოგადოების კონსერვატორული ნაწილის გადაბირება იმ ემიგრანტების წინააღმდეგ განცხადებებით, რომლებიც საქართველოში მიწებს ყიდულობენ, ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებითა და მართლმადიდებლური და ეროვნული ფასეულობების პროპაგანდით.

ამის წყალობით პარტიამ მოახერხა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეოთხე ადგილზე გასვლა, 2016 წელს კი – პარლამენტში მოხვედრაც.

„პატრიოტთა“ წარმატებას ხელი შეუწყო მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამაც“, რომელმაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი დააწესა და კონსტიტუციაში ჩაწერა ფრაზა, რომ ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. 

მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში ყოფნისას ვერ მოახერხა ლეგიტიმური სახე მიეცა მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მცდელობისა და რუსეთში პარტიის წარმომადგენელთა ვიზიტებისთვის. მმართველ პარტიაში ამ ქმედებებს „კერძო ინიციატივას“ უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგს ისინი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ასევე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის დიალოგის ფარგლებში აწარმოებდნენ.

ამასობაში „პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლისთვის საქართველოს ოფიციალური პირებისთვის შეუძლებელი შეძლო – ჩავიდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე და ადგილობრივ ეკლესიას ხატი გადასცა.

სულ მალე ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალზე გამოჩნდა ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე, რამაც „პატრიოტებს“ პოპულარობა ნამდვილად არ შემატა მიუხედავად იმისა, რომ მისი ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი პირდაპირ ეთერში იფიცებდნენ, რომ არავითარ ფულს ისინი რუსეთისგან არ იღებენ.

თუმცა, მიუხედავად კომპრომატების გაჟონვისა და საზოგადოების პროდასავლური ნაწილისთვის „პატრიოტთა“ იდეების მიუღებლობისა, პარტიას კიდევ ერთი კოზირი აქვს – „სააკაშვილის სიძულვილი“. ეს სიძულვილი მმართველმა პარტიამ კარგად გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე და მეორე ტურში საკუთარი კანდიდატი გაიყვანა პრეზიდენტად. ამასთან, მოგვიანებით „პატრიოტთა ალიანსის“ დეკლარაცია სააკაშვილის მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ იმავე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ჩააგდეს. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს და, სხვადასხვა რეიტინგის თანახმად, მეოთხე-მეხუთე ადგილზეა. ალიანსს ორგანიზაციების გამოკითხვების არ სჯერა და საკუთარი წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გამოკითხვის მიხედვით ისინი არჩევნებს იგებენ, მმართველ პარტიას მხოლოდ 13% აქვს, ყოფილ მმართველ პარტიას კი 3%-ზე ნაკლები.

„პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამა დიდწილად სოციალურია, თუმცა, მთავარი აქცენტები კეთდება საყოველთაოდ ცნობილ საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებზე – ნატოზე უარის თქმაზე და რუსეთთან მეგობრობაზე.

 „პატრიოტთა ალიანსის“ შედეგები წინა არჩევნებზე: 

წელი  არჩევნების სახეობა ხმების რაოდენობა  ამომრჩევლების წილი
2014   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 66 805 4,72%
2016 საპარლამენტო 88 097 5,1%
2017 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 98 530 6,56%

 

34
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საპროტესტო აქცია მინსკში

მოსაზრება: ბელარუსი ფერად რევოლუციას მარხავს

28
(განახლებულია 19:40 23.10.2020)
ბელარუსული ოპოზიცია იმდენად უიღბლოა, რომ „წლის უიღბლოს“ ნომინაციაში დამარცხების შანსებიც კი აქვს, მიაჩნია პოლიტიკურ მიმომხილველს.

ირინა ალქსნისი  

მის წინააღმდეგ თამაშობენ როგორც მისგან დამოუკიდებელი გარემოებები, ისე მისივე ლიდერები, რომლებიც ისეთ ფეერულ ინიციატივებს აყენებენ, რომ საერთოდ გაუგებარია, როგორ უნდა დაფარცხოს ისინი მძიმე რეპუტაციული და საიმიჯო დანაკარგების გარეშე.

კვირას ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის თითქმის ორი კვირის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ წაყენებელ ულტიმატუმს ვადა გასდის. გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან მისი მოთხოვნების შესასრულებლად იოტისოდენი მზადყოფნაც კი არ შეინიშნება, „პრეზიდენტ სვეტას“ დაპირების თანახმად, ბელარუსი საერთო ეროვნული ჯანყის ქაოსში უნდა ჩაიძიროს — გზების დაბლოკვითა და სახელმწიფო მაღაზიებში გაყიდვების ჩამოშლით.

მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარება ყოველდღიურად სულ უფრო ფანტასტიკურად გამოიყურება.

როგორც ჩანს, ამის ეჭვი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოშიც გაუჩნდათ, რომელიც ახლა იმითაა შეწუხებული, როგორ დაუძვრეს ვითარებას მცირე დანაკარგებით. მისი ერთ-ერთი წევრი პაველ ლატუშკო აცხადებს, რომ ულტიმატუმის ვადის გასვლის კვალდაკვალ (რომელიც ხელის ერთი აქნევით გარდაიქმნება „სახალხოდ“) ისინი აქტიურობას გააძლიერებენ. ძალიან მოხერხებული ფორმულირებაა — ინტერპრეტაციისთვის ფართო შესაძლებლობებით და ამასთან არანაირი ვალდებულების მიმცემი.

მაგრამ ბელარუსში პროტესტების ყველაზე აშკარა ჩავარდნის მხოლოდ შიდა ფაქტორებთან მიბმა მაინც არ იქნებოდა სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, რა თქმა უნდა, უმთავრეს როლს ასრულებს.

ბელარუსის ოპოზიციას არ გაუმართლა ხელისუფლების დამხობაში ფერადი რევოლუციის ფენომენის მასშტაბური დისკრედიტაციის მომენტში.

თითქმის 15 წლის განმავლობაში ეს ფენომენი რეალური საფრთხე იყო ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისთვის და იმავდროულად ოპოზიციისთვის სულისჩამდგმელიც. ფერადი რევოლუციები სრულყოფილ და ყოვლისშემძლე იარაღად მიიჩნეოდა არასასურველი მთავრობების შესაცვლელად და რეჟიმების დასამხობად. ეს ცნება ადემორალიზებდა ერთს და სწრაფი გამარჯვების იმედს აძლევდა მეორეს.

მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ სახით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის რეალურ შესაძლებლობაში უამრავი ისეთი ადამიანი იყო დარწმუნებული, რომლებსაც პოლიტიკასთან უშუალო შეხება არ ჰქონდათ.

ფერადი რევოლუცია ხომ უბრალოდ სახელმწიფო გადატრიალება არ არის. ის შეუძლებელია ჩვეულ სიტუაციაში აპოლიტიკური ხალხით სავსე ქუჩების გარეშე, რომლებმაც მკვეთრად დაიჯერეს ხელისუფლების დაუყოვნებლად შეცვლის აუცილებლობა ნათელი მომავლისთვის. სწორედ ამან უბიძგა ასობით ათას ადამიანს კაიროში ტაჰრირის მოედანზე გასვლისკენ 2011-ში და კიევის ევრომაიდანზე 2013-ში.

სხვათა შორის, ბელარუსულ პროტესტებსაც ასევე შეიძლებოდა თავიდან დაეტრაბახათ ფართო მასშტაბებით, მაგრამ ახლა აქციების რაოდენობა განუხრელად ეცემა კვირიდან კვირამდე.

საქმე მარტო ის კი არაა, რომ ადამიანები ამ ღონისძიებებში თავიანთი მონაწილეობის უშედეგობით დაიღალნენ და რომ ლოზუნგს „ლუკაშენკო, წადი“ სულაც არ აღმოაჩნდა მაგიური ძალა „არასწორი“ ეროვნული ლიდერის ძალით განსადევნად. ბელარუსული მოვლენების პარალელურად მსოფლიოს სხვა კუთხეებში მეტად ღირსშესანიშნავი პროცესები ხდება, რომლებიც რესპუბლიკის მოქალაქეებს აიძულებს, უფრო ფხიზლად შეაფასონ საკუთარ სახლში მომხდარი.

არსებობს ყირგიზეთი, რომელიც პირდაპირ ახლა ბოლო 15 წლის განმავლობაში მესამე კრიზისშია ჩაფლული, რომელსაც „ფერად რევოლუციად“ მოიხსენიებენ. ცოტას თუ გაუკეთებია ამ მოვლენის დისკრედიტაციისთვის იმდენი, რამდენიც ამ შუააზიურმა ქვეყანამ გააკეთა, ვინაიდან არც ერთ სახელმწიფო გადატრიალებას, რომელსაც თან ახლდა არეულობა და ანარქია, ყირგიზეთის მოსახლეობისთვის დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

არსებობს სომხეთი. ნებისმიერი მაიდნისა და მათი სულ უფრო გახშირებული წარუმეტებლობისა, სწორედ 2018 წლის ერევნის მოვლენები გახდა ხავერდის რევოლუციების სანიმუშო მაგალითი. აჯანყებულმა ხალხმა დემოკრატიის, ევროპული მომავლისა და კორუფციასთან ბრძოლის სახელით წარმატებით განდევნა მობეზრებული ხელისუფლება და სახელმწიფოს სათავეში დააყენა ის, ვისიც დაიჯერა. და ახალ ლიდერს უკვე შეუძლია დაიტრაბახოს პირველ წლებში გაკეთებულით. ყოველ შემთხვევაში, უკრაინისა თუ ყირგიზეთის მსგავსი კატასტროფული შედეგების არარსებობა უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან მიღწევად ამ დროში.

ტერმინი „ფერადი რევოლუცია“ ქვეცნობიერად გვიჩენს აზრს, რომ მსოფლიო საოცარი, მზიანი, მეგობრული ადგილია, სადაც ადამიანები ძმები არიან და საკმარისია ცალკეული მავნე ძალები მოაშორო სახელმწიფოს სათავიდან, რომ ქვეყანაც ასეთივე აყვავებულ ბაღნარად იქცეს.

ყირგიზეთი და სომხეთი ბელარუსული საზოგადოებისთვის ხილული შეხსენებაა იმისა, რომ მსგავსი წარმოდგენა — ეს ილუზიაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის კუთხით.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბელარუსში პროტესტები თანმიმდევრულად მოძრაობს გარდაუვალი ჩავარდნისკენ. და ამით რესპუბლიკა თავის ლურსმნებს დააჭედებს ფერადი რევოლუციების შესახებ მსოფლიო მითის კუბოს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

28
სპეცოპერაცია ზუგდიდში

როგორ გამოისყიდეს ნახევარმილიონის ფასად ზუგდიდელი მძევლები - ვრცელდება ვიდეო

0
კადრებში ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, აწვდის თანხას და მძევლების ხელშეუხებლობას ითხოვს

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელისთვის გამოსასყიდის გადაცემის მომენტია დაფიქსირებული, დღეს აქტიურად ვრცელდება Facebook-ის ქართულ სეგმენტში.

საუბარია გასულ ოთხშაბათს, ზუგდიდში მომხდარ მოვლენებზე. 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების სიცოცხლის გადასარჩენად მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თავად დამნაშავე კი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ფულთან ერთად მიიმალა.

ვიდეოზე, რომელიც, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონითაა გადაღებული, ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, თანხას გადასცემს.

თავდამსხმელი კადრებზე მხოლოდ ზურგიდან ჩანს. გალდავა ხსნის ჩანთას, საიდანაც იღებს ფულის შეკვრებს და იატაკზე აწყობს. ამის შემდეგ ისმის დიალოგი, რა დროსაც გალდავა მოუწოდებს თავდამსხმელს არ დახოცოს მძევლები, რაზეც ის პასუხობს, რომ არ გააკეთებს ამას, თუ პოლიციის მხრიდან პროვოკაცია არ მოხდება.

მძარცველი: ვთქვათ გავუშვი ესენი და წავედი მე მარტო, სისულელეა!

გალდავა: მარტო არ გეუბნები-მეთქი. წამიყვანე მე და სადამდეც გინდა იქამდე მიდი, ძმაო.

მძარცველი: სისულელეა!

გალდავა: რა გინდა? რას მთავაზობ?

მძარცველი: არაფერს, შემოიტანე ფული და დადე აქ.

შემდეგ კადრებში ჩანს, თუ როგორ იღებს გალდავა ჩანთიდან ფულის რამდენიმე შეკვრას და იატაკზე ალაგებს.

გალდავა: პროსტა გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას.

მძარცველი: მე გითხარი, მე არაფერს გავაკეთებ, თქვენ თუ არ გააკეთებთ.

გალდავა: მე არ გავაკეთებ-მეთქი არაფერს, ძმაო.

სწორედ გალდავა მოგვიანებით ჩაბარდა მძევლად, მანვე გააშვებინა დამნაშავეს მძევლების უმრავლესობა. ბოლო მომენტამდე ბოროტმოქმედს მძევლად ჰყავდა გალდავა და კიდევ სამი პირი, რომლებსაც ფარად ამოეფარა. გამთენიისას, როდესაც დარწმუნდა, რომ დევნა არ ხორციელდებოდა, მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაათავისუფლა და მიიმალა. პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

შსს-ს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ადრე სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ მოუწოდეს მედიას, არ გაევრცელებინათ კადრები და ინფორმაცია, რაც გამოძიების მსვლელობას ხელს შეუშლიდა.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა