ამერიკელი სამხედრო

ტრამპს გერმანიიდან ჯარი აშშ-ის და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ გაჰყავს

1791
(განახლებულია 12:36 11.08.2020)
„რია ნოვოსტის“ რუბრიკის ავტორი ირინა ალქსნისი მსჯელობს აშშ-ის თავდაცვის მინისტრ მარკ ესპერის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, გერმანიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანა შეკავების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

ირინა ალქსნისი

როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, გერმანიიდან ჯარის გაყვანა რუსეთის შეკავების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

უწყების ხელმძღვანელი მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვინაიდან მის განკარგულებაში გაცხადებული პოზიციის გასამყარებლად ერთადერთი არგუმენტია. თუ საკითხს ფორმალურად შევაფასებთ, შეერთებული შტატები სინამდვილეში „ჯარს გადაწევს აღმოსავლეთისკენ, რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს“. უბედურება ის არის, რომ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ეს თეზისი გაცამტვერდება და სააშკარაოზე გამოიტანს მიმდინარე მოვლენების ამერიკელებისთვის მეტად უხერხულ შიგთავსს.

გერმანიას დატოვებს 12 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ მხოლოდ 6,4 ათასი ადამიანი დაბრუნდება სახლში, აშშ-ში. დანარჩენი გადანაწილდება სხვა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ბელგიაში. მოსკოვის მეზობლად კი, პოლონეთში მხოლოდ ათასი სამხედრო გაიგზავნება.

არც ისე შთამბეჭდავი მათემატიკაა ესპერის სიტყვების გასამყარებლად. თუმცა სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ამერიკული კონტინგენტის ირგვლივ კოლიზიას მეტისმეტად შორეული კავშირი აქვს ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებასთან.

ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში Washington Post-მა გამოაქვეყნა პენტაგონის ანალიზი ევროპაში ჯარების დისლოკაციის ადგილის მსხვილმასშტაბიანი შეცვლის შედეგებისა და ღირებულების შესახებ. გაზეთი ამტკიცებდა, რომ ტრამპმა აღნიშნული იდეით დაინტერესება იმავე წლის დასაწყისში გამოთქვა. თანაც აშშ-ის პრეზიდენტის მოტივები უკავშირდებოდა მხოლოდ ნატოში მისი მოკავშირეების უკმაყოფილებას, რომლებიც უარს აცხადებდნენ თავდაცვის სფეროსთვის დიდი ხარჯის გაღებაზე. პირველ რიგში ეს ეხებოდა სწორედ ბერლინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, არ გაეზარდა სამხედრო ხარჯი მშპ-ის ორ პროცენტამდე, როგორც ამას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ითხოვდა.

ტრამპი ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს>>

ერთი წლის წინ თემა კვლავ გაჩნდა საჯარო სივრცეში. როგორც მაშინ აშშ-ის ელჩმა გერმანიაში რიჩარდ გრენელმა პირდაპირ განაცხადა, მისი ქვეყანა მზად იყო, გადაეყვანა აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში, ვინაიდან „შეურაცხმყოფელი იყო მოლოდინი, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი გააგრძელებდა გერმანიაში 50 ათასზე მეტი ამერიკელის დაფინანსებას მაშინ, როცა გერმანელები სავაჭრო ბალანსის საკუთარ პროფიციტს საშინაო მიზნებისთვის იყენებდნენ“.

ყველაზე მძაფრი და აღტაცებული რეაქცია ამ განცხადებამ პოლონეთში გამოიწვია. მთელი გასული წელი პოლონელი პოლიტიკოსები და მასმედია ოცნებობდნენ იმაზე, რომ გერმანიის ნაცვლად სწორედ მათი ქვეყანა გახდებოდა ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილი. საქმე ბირთვული იარაღის დისლოკაციის ადგილის შეცვლის პერსპექტივების განხილვამდეც კი მივიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საუბრები უსაფუძვლო არ ყოფილა. ისინი პროვოცირებული იყო ოფიციალური პირების მიერ, რომლებმაც დაუშვეს მოვლენათა მსგავსი განვითარება.

თუ ფაქტებს პოლიტიკური განცხადებების, გეგმებისა და მოლოდინების საფარველს მოვაშორებთ, დავინახავთ, რომ მიმდინარე მოვლენების არსი უბრალოა.

შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, გერმანია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა, იძულებული გაეხადა, კარდინალურად გაეზარდა სამხედრო ხარჯი, ვინაიდან წარმატების შემთხვევაში სახსრების დიდი ნაწილი ოკეანის მიღმა გადაინაცვლებდა. ამერიკელები აქტიურად მიმართავდნენ მუქარას, ზეწოლასა და შანტაჟსაც კი. თუმცა მთელი მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა: ვაშინგტონმა გერმანიის ხელისუფლებას პოზიცია ვერ შეაცვლევინა.

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს ბოლოს და ბოლოს მობეზრდა ეს ყველაფერი, ასე რომ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დღეს ცდილობენ ისე შეფუთონ გერმანიიდან სამხედროების გამოყვანის შესახებ ქვეყნის ხელისუფალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეერთებული შტატები ამ სიტუაციაში წაგებული არ გამოჩნდეს.

თუმცა სწორედ ასე ჩანს გვერდიდან.

გერმანელებთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. დამატებითი სახსრები საკუთარ ეკონომიკაში ვერ მიმართეს. სამხედრო კონტინგენტი ევროპაში მცირდება – და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი ზრდის თავის გავლენასა და ძლევამოსილებას. ჯარის გაყვანა, როგორც გერმანიის დასჯის მეთოდი – სუსტი არგუმენტია: გერმანია მართლაც დაკარგავს სამუშაო ადგილებს და გარკვეულ თანხებს, რომელსაც სამხედრო ინფრასტრუქტურის შენახვით გამოიმუშავებდა, მაგრამ ეს დანაკარგი ვერ შეედრება იმას, რაც იქნებოდა, ქვეყანა ვაშინგტონის მოთხოვნებს რომ დასთანხმდებოდა.

პოლონეთში დამატებით ათასი სამხედრო მოსამსახურე – ერთადერთია, რაც შტატებს შესაძლებლობას მისცემს, შეინარჩუნოს სახე და განაცხადოს, რომ ინარჩუნებს რუსეთის შეკავების კურსს.

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო არის კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა ტრამპმა გერმანიიდან კონტინგენტის გაყვანა. ბოლოს და ბოლოს მას არაფერი უშლიდა ხელს, ძველებური პოლიტიკა გაეგრძელებინა.

ევროკავშირი გვიყენებს: დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა>>

კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ აშშ-ის პრეზიდენტის პიროვნებასა და მიზნებში, რომლებსაც ის ისახავს, როგორც ნაციონალური ლიდერი.

მთელი თავისი ექსცენტრიულობით დონალდ ტრამპი სინამდვილეში ორიენტირებულია აშშ-ის დაგროვილი სისტემური პრობლემების, მათ შორის, რადიკალური მეთოდებით გადაჭრისკენ. შეერთებული შტატები გაება ხაფანგში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ეკონომიკური ინტერესები და მსოფლიო ზესახელმწიფოს რენომე.

პრეზიდენტის უკმაყოფილება არსებითად სავსებით სამართლიანია: გარდა იმისა, რომ ამერიკამ თავის თავზე აიღო ევროპის თავდაცვის ფუნქციები, იგი თავად იხდის ამ ყველაფრის საფასურს, რადგან ბებერი კონტინენტის ყველაზე მსხვილი და მდიდარი ეკონომიკები მოხერხებულად მოკალათდნენ მის კისერზე.

ეჭვგარეშეა, აქ როლს ასრულებს ისიც, რომ არც ერთ მათგანს, მათ შორის არც გერმანიას, ბრმად არ სჯერა რუსეთის მხრიდან რეალური სამხედრო საფრთხის არსებობის. ასე რომ, თუ ამერიკელებს ხელს აძლევს მოსკოვთან სამხედრო-პოლიტიკური თამაში, ევროპა მზადაა, უფროს პარტნიორს თამაშში აჰყვეს, მაგრამ საკუთარი ამბიციები ვაშინგტონმა თავად უნდა დააფინანსოს.

აშშ-ის გლობალური ზესახელმწიფოს სტატუსი კი ამერიკული ელიტის დიდი ნაწილისთვის არის ღირსების საქმე, რისთვისაც ნებისმიერი თანხის გადახდა ღირს. მათ შორის უიმედო პროექტებშიც.

მაგრამ დონალდ ტრამპისთვის მსგავსი პოზიცია მისაღები არ არის. მას არაერთხელ ღიად განუცხადებია, რომ მსოფლიო ლიდერობას კონკრეტული სარგებელი უნდა მოჰქონდეს შეერთებული შტატებისა და მისი ეკონომიკისთვის. ხოლო თუ ეს არ ხდება, ზესახელმწიფოს სტატუსი უსარგებლო და ძვირადღირებული სისულელეა, ხოლო მისთვის გამოყოფილი რესურსების დახარჯვა მიზანშეწონილია სხვა, უფრო მნიშვნელოვან სფეროებში.

გერმანიიდან კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება გახდა მორიგი მაგალითი იმისა, რომ პრინციპულ საკითხებში ტრამპის სიტყვა საქმეს ემთხვევა.

ტრამპი, რომელმაც გააცნობიერა, რომ ბერლინს პოზიციას ვერ შეაცვლევინებდა, საქმეს მიუდგა როგორც ბიზნესმენი და ხარჯის შემცირების პროცესი წამოიწყო. დისლოკაციის ადგილის შეცვლა, თავისთავად, შტატებისგან მნიშვნელოვან სახსრებს მოითხოვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე მრავალი წლის განმავლობაში გერმანიაში მათი შენახვა. ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ეფექტურია ეკონომიკური თვალსაზრისით და აშშ-ის ნაციონალურ ინტერესებს ესადაგება. 

პარალელურად იგი, რასაკვირველია, განაგრძობს შეერთებული შტატების გლობალური ჰეგემონიის დემონტაჟს, დაუფარავად ამხელს მის სისუსტესა და უუნარობას, მომავალშიც გააგრძელოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების ტვირთის ზიდვა. ეს კი მთელი მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას

1791
გაეროს შტაბბინა

მოსაზრება: აშშ მზადაა დაშალოს გაერო

46
(განახლებულია 20:13 23.09.2020)
გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ყველაზე მეტი ინტერესი კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა.

ირინა ალქსნინი

დისტანციური ვიდეოფორმატი, რომლის მეშვეობითაც იღებენ მსოფლიო ლიდერები მონაწილეობას გაეროს გენასამბლეის საიუბილეო, 75-ე სესიაში, უნებურად უფრო მეტ ინფორმაციასა და საფიქრალს იძლევა, ვიდრე მათი ტრადიციული გამოსვლები ორგანიზაციის ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში. ანტურაჟიც კი, რომელშიც იმყოფებიან სახელმწიფოთა ლიდერები, მეტად სიმბოლურია.

ყველაზე მეტი ინტერესი დღეს კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა. დონალდ ტრამპის სიტყვა კიდევ ერთ წინასაარჩევნო ღონისძიებად იქცა, რომელშიც ხაზგასმული იყო არა მარტო მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი —  ანტიჩინური მიმართულება, არამედ ამერიკის ლიდერის გაეროსადმი ქედმაღლურ–დამამცირებელი დამოკიდებულებაც.  

ტრამპმა სიტყვა თეთრი სახლის ჩვეულ პრეს-ვითარებაში წარმოთქვა, სახელმწიფო დროშისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის დროშის ფონზე — ყოველგვარი იმაზე მინიშნების გარეშე, რომ მისი სიტყვის ადრესატი არათუ გაერო, არამედ თუნდაც საერთაშორისო აუდიტორია იყო.

ამერიკის ლიდერმა მანამდე არაერთგზის განაცხადა, რომ ვინაიდან მისი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფინანსებელი ყველაზე მსხვილი წყაროა, ამიტომ ის ვაშინგტონის ქვეშევრდომია და ვალდებულია შეასრულოს მისი განკარგულებები.

ეჭვგარეშეა, მისი წინამორბედებიც ანალოგიურად ფიქრობდნენ, მაგრამ ტრამპი პირველი აღმოჩნდა, ვინც თავს უფლება მისცა, ამგვარი პოზიცია ღიად დაეფიქსირებინა და თანაც დასჯით დამუქრებოდა ურჩობის შემთხვევაში. ასე რომ, მის მიერ დღევანდელი გამოსვლის გამოყენება საარჩევნო კამპანიის ამოცანების გადასაჭრელად სრულად ჯდება ამგვარი მიდგომის ჩარჩოში.

რუსულმა მედიასაშუალებებმა შენიშნეს, რომ ამერიკის პრეზიდენტს არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი. სამაგიეროდ ჩინეთი დასახელდა თორმეტჯერ (სხვათა შორის, „შეერთებულმა შტატებმა“ მხოლოდ ათჯერ გაიჟღერა). სწორედ ეს გამომწვევი, პირდაპირ სკანდალური ანტიჩინური სული იყო ტრამპის სიტყვის არსი. მარტო პეკინის დასჯის მოწოდება რად ღირდა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ან სიტყვაში „ჩინური ვირუსის“ გამოყენება.  

ამერიკული მოხსენების ხაზგასმით კონფრონტაციული ხასიათი ეწინააღმდეგება გაეროს ტრადიციებსა და დაუწერელ კანონებს. მაგრამ პეკინი აშკარად ელოდებოდა მსგავს დემარშს. და საქმე მარტო ის არაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის გამოხდომებს ელვისებურად მოჰყვა ჩინეთის წარმომადგენლის პასუხი.

სი ძინპინის სიტყვა მიმდინარე მომენტის ყველაზე მწვავე პრობლემებს ეძღვნებოდა (უპირველესად, რაღა თქმა უნდა, COVID-19-თან მსოფლიო ბრძოლას) და ჩვეულ აწონილ ტონში იყო „გამოყვანილი“.

თუმცა ეს კია, ქვეყნის ლიდერი ჩინეთის დიდი კედლისა და ჩინური მკაცრი ბუნების მასშტაბური გამოსახულების ფონზე იჯდა. ძნელი იყო არ გაგეგოთ კომპოზიციაში ჩადებული გამჭვირვალე სიმბოლური ქვეტექსტი: სი ძინპინის ზურგს უკან დგას უზარმაზარი უძველესი ქვეყანა, რომელიც მზადაა გაუძლოს ნებისმიერ გარე საფრთხეს.

ამერიკული და ჩინელი კოლეგების კონტრასტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა ყველაზე ტრადიციული ჩანდა: დაწყებული პუტინის მიერ წამოწეული, თანამედროვეობის ფუნდამენტური პრობლემების ფართო სპექტრიდან, დასრულებული ხაზგასმული „გაეროული“ ანტურაჟით, რომლის ფონზეც ის საუბრობდა. დაცული იყო რუსეთის ლიდერის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ისეთი თავისებურებაც, როგორიცაა ტექსტის ფურცლიდან კითხვა და არა ტელესუფლიორის გამოყენება.

პუტინი საუბრობდა გაეროს როლის მნიშვნელობაზე პლანეტაზე სტრატეგიული სტაბილურიბის მხარდაჭერაში, ისტორიის დამახინჯების დაუშვებლობაზე, შეიარაღებაზე კონტროლის შენარჩუნების აუცილებლობასა და, რაღა თქმა უნდა, კოლექტიური საერთაშორისო ძალისხმევების მნიშვნელობაზე კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში და მის სოციალურ–ეკონომიკურ შედეგებზე.

არსობრივადაც და ფორმითაც ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის სიტყვა, რომლის ქვეყანაც უბრალოდ თვალს ადევნებს მსოფლიოს მორიგ ქაოსის ეპოქაში ჩაძირვას და, ამასთან, ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ არ დაუშვას ყველაზე საშინელი შედეგი.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ 75 წლის განმავლობაში არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის, დიალოგისა და ურთიერთგაგების სისტემას გასულ ჯერზე საშინელი ფასი გადაეხადა. და რუსეთი, რომელმაც მაშინ მასში დიდი წვლილი შეიტანა, ბოლომდე იქნება ნორმალურობისა და ჯანსაღი აზრის პატარა კუნძული, რომლის იმედიც პლანეტას ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

46
თეთრი სახლი

მოსაზრება: რატომ განუახლა შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები

32
(განახლებულია 19:32 22.09.2020)
შეერთებულმა შტატებმა ანტიირანული სანქციები სრული მოცულობით აღადგინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს იმით ახსნა, რომ თეირანი არ ასრულებს „ბირთვული შეთანხმების“ პირობებს.

გალია იბრაგიმოვა

გაეროსა და ევროკავშირში ამერიკელთა არგუმენტები დამაჯერებლად არ ჩათვალეს და უარი თქვეს, შეერთებოდნენ ვაშინგტონს. რისკენ ისწრაფვის თეთრი სახლი და რა პოზიცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებას?

ცალმხრივი ზეწოლა

„გაეროს უშიშროების საბჭომ არ გაუხანგრძლივა ირანს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო. მაგრამ აშშ უმოქმედოდ არ რჩება და სანქციები დააბრუნა. თუმცა ამჯერად არა მარტო თეირანის, არამედ ემბარგოს ყველა დამრღვევის მიმართ“, — განაცხადა მაიკ პომპეომ და მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონს.

მაგრამ რეაქცია საპირისპირო გამოდგა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა („ევროსამეული“) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც თეთრი სახლის ნაბიჯებს გმობდნენ.

„აშშ ირანულ პროგრამაზე მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმიდან 2018 წლის 8 მაისს გავიდა და აღარ მიიჩნევა „გარიგების“ მონაწილედ. ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონის არანაირ გადაწყვეტილებას არ აქვს იურიდიული ძალა“, — აღნიშნეს „ევროსამეულის“ მინისტრებმა.

პარიზი, ბერლინი და ლონდონი, პირიქით, სანქციების შესუსტებას განაგრძობენ. მინისტრების თქმით, ირანისთვის შეზღუდვების მოხსნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციითა გათვალისწინებული. ამ დოკუმენტმა ოფიციალურად დაამტკიცა 2015 წელს შეთანხმებული „ბირთვული გარიგება“.

„ჩვენ გამუდმებით ვუჭერდით მხარს მის შენარჩუნებას და განვაგრძობთ ამის კეთებას“, — ხაზი გაუსვეს ევროპელებმა.

ევროპული დაპირებები

დონალდ ტრამპი „გარიგებიდან“ ორი წლის წინ გავიდა და მიზეზად ის დაასახელა, რომ თეირანი ფარულად ავითარებს ბირთვულ პროგრამას. მას არანაირი მტკიცებულებები არ მოუყვანია, თუმცა სანქციების დაბრუნება კი მოითხოვა.

რუსეთმა, ჩინეთმა და ევროპელებმა ეს დაგმეს და ხაზი გაუსვეს, რომ დოკუმენტი აშშ-ის გარეშეც განაგრძობს მოქმედებას. გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სპეციალური კანონიც კი მიიღეს, რომელიც კომპანიებს ირანთან თანამშრომლობის უფლებას ანიჭებს. იმისათვის, რომ ბიზნესს აშშ-ის ზეწოლისა არ შეშინებოდა, განსაკუთრებული საფინანსო მექანიზმი INSTEX-იც კი შეიმუშავეს.

თუმცა, ეფექტი შეზღუდული აღმოჩნდა. კომპანიები მაინც ტოვებდნენ ირანის ბაზარს და ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა მკვეთრად დაეცა. თეირანთან თანამშრომლობა ჩინელებმაც კი გაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა დაგმო ამერიკული სანქციები.

ირანის ხელისუფლებამ მოლოდინის რეჟიმი აირჩია იმის იმედით, რომ ევროპელები მოახერხებდნენ ვაშინგტონის დარწმუნებას – არ დაეთრგუნა ბიზნესი. მაგრამ იმის კვალდაკვალ, თუ როგორ გადიოდნენ უცხოური კომპანიები ქვეყნიდან, ხოლო ვაშინგტონის შერბილების იმედი ქრებოდა, თეირანმა ბირთვულ პროგარამაზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

ფორმალურად მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA) მუშაობს, მაგრამ „გარიგების“ მონაწილეთა ურთიერთბრალდებები მისდამი ნდობას ანგრევს. თეირანის უარს, დაიცვას დოკუმენტის პირობები, ვაშინგტონი „აიათოლების რეჟიმზე“ ახალი შეტევის ახალ არგუმენტად იყენებს.

„ემბარგოს გაუქმება არ უნდა დაიშვას“

ყველაზე მეტად ამერიკელები იმას უფრთხიან, რომ 18 ოქტომბერს თეირანს იარაღზე ემბარგო მოეხსნება. ამ შიშებს ირანის მეზობლები კიდევ მეტად ამწვავებენ.

მაგალითად, ისრაელი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და კუვეიტი მიუთითებენ, რომ აკრძალვების გაუქმების შემდეგ ისლამური რესპუბლიკა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და თანამედროვე გამანადგურებლებს შეიძენს რუსეთისა და ჩინეთისგან. ეს გააძლიერებს ირანს და რეგიონში ვითარებას გაართულებს. იმისათვის, რომ ასეთი სცენარი არ დაუშვან, თეირანის მოწინააღმდეგეები აშშ-ის გავლით მოქმედებენ.

აგვისტოში ამერიკელებმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს რეზოლუცია იარაღის ემბარგოს გახანგრძლივების თაობაზე და ეს იმით გაამყარეს, რომ თეირანი „ჰესბოლას“ აიარაღებს ლიბანსა და სირიაში, ასევე შიიტ ბოევიკებსაც აწვდის იარაღს ერაყში, რომლებმაც არაერთხელ მოაწყვეს შეჯახება ადგილობრივ სამხედროებთან.

„ევროსამეული“ ამერიკელების შიშებს იზიარებს, მაგრამ მათ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. რუსეთმა და ჩინეთმა კი მიანიშნეს, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის ყველა ძალისხმევას დაბლოკავენ. ირანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ასეთი რეზოლუცია საბოლოოდ დაუსვამს ჯვარს „ბირთვულ გარიგებას“.

გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო ამერიკული პროექტი. მაგრამ უკვე ერთი კვირის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც თითქოს ადასტურებდა, რომ თეირანი „გარიგებით“ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევდა. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი დადგენილ ნორმაზე 300 კგ-ით მეტი დააგროვა.

მაიკ პომპეო არ მალავდა, რომ ვაშინგტონს სანქციების სრული მოცულობით აღდგენა სურდა. უშიშროების საბჭოში მათ შეახსენეს: აშშ-ს არ შეუძლია იმსჯელოს „გარიგების“ პირობების დაცვაზე, ვინაიდან ის იქიდან გავიდა. ამერიკელებმა კი უპასუხეს, რომ ისინი კვლავინდებურად რჩებიან მათ შორის, ვინც რეზოლუცია 2231 დაამტკიცა და, შესაბამისად, ინარჩუნებენ სანქციების უფლებას.

ამასთან მიუთითეს, რომ, „გარიგების“ თანახმად, თუ ირანის მიმართ საჩივრის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში ზომებს არ მიიღებდნენ, სანქციები აღდგებოდა. ვადა 20 სექტემბერს ამოიწურა.

მოლოდინის დიპლომატია

„გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში უშიშროების საბჭოში კონსენსუსის არარსებობას დაეყრდნო და ამერიკული სანქციების აღდგენას წინააღმდეგობა გაუწია. ამერიკულ გადაწყვეტილებას იგნორირებით უპასუხეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოშიც, ევროპაში კი მკვეთრად გააკრიტიკეს. ვაშინგტონი საკმაოდ დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, — მიაჩნია ექსპერტ ანდრეი ბაკლიცკის.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკულმა სანქციებმა მაინც დააფრთხოს უცხოური ბიზნესი. თუ ოქტომბერში იარაღის ემბარგო გაუქმდება, კომპანიებიდან ბევრი მაინც არ მოისურვებს ირანთან ვაჭრობას. აშშ-ის ზეწოლის ქვეშ აღმოჩენის საფრთხე გადაწონის. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი ვაშინგტონის ქმედებები მეტისმეტი ჩანს.  

„ევროპული კანონმდებლობა იარაღის ემბარგოს 2023 წლამდე მოიაზრებს. ამიტომ საერთაშორისო აკრძალვების მოხსნის შემთხვევაშიც კი ევროკავშირი ვერ შეძლებს თეირანთან თანამშრომლობას ამ სფეროში. რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო საინტერესოა. ამ ქვეყნების ის კომპანიები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ირანისთვის იარაღის მიყიდვა, უკვე სანქცირებული არიან. მათ არავინ უშლის ხელს, დადონ პომპეზური გარიგებები თერანთან ემბარგოს მოხსნის შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თაირანი იარაღს მაშინვე მიიღებს, მაგრამ აშშ-ის მორალური მარცხი აშკარა იქნება“, — მიაჩნია ბაკლიცკის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რაფაელ სატაროვი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეირანმა აშშ-ის ცალმხრივ სანქციებზე თავშეკავებული რეაქცია გამოავლინა. მისი თქმით, ირანის ხელისუფლებას არ სურს ვითარების გამწვავება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

„ისლამურ რესპუბლიკას ესმის, რომ აშშ-ის მიმართ ნებისმიერი მკვეთრი გამონათქვამი მხოლოდ ზიანს მიაყენებს. ტრამპი მაშინვე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ირანთან მორიგ კრიზისს და რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებს. გარდა ამისა, ახლა ევროპა, რუსეთი, ჩინეთი და გაერო ირანის მხარეს არიან. სიტყვიერ კონფრონტაციას აზრი არ აქვს. ხოლო ცალმხრივ სანქციებს საერთაშორისოდ აღიარებული კანონიერი ძალა არ აქვს“, — ამბობს სატაროვი.

გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ აშშ-ის შემდგომი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ამერიკელები შეძლებენ დაუბრუნდნენ „გარიგებას“. მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში ირანის ირგვლივ ვითარება შეიცვალა და ამიტომ „გარიგებაში“ დაბრუნება არც ისე მარტივი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

32
პლანეტების აღლუმი

წელიწადი უდრის რამდენიმე საათს: აღმოჩენილია ახალი პლანეტა

0
(განახლებულია 12:34 24.09.2020)
ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე ტემპერატურა პლუს 1700 გრადუსს აღწევს ცელსიუსით და საოცრად სწრაფად ბრუნავს თავისი „მზის“ გარშემო

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ვარსკვლავ LTT 9779-ის მეზობლად აღმოაჩინა პლანეტა–გიგანტი, რომლის წელიწადიც სულ რამდენიმე საათს შეადგენს.  კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Astronomy.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ნეპტუნის მსგავსი და ზემაღალ ტემპერატურამდე გავარვარებული პლანეტა იმდენად ახლოს ბრუნავს თავისი ვარსკვლავის, ანუ „მზის“ გარშემო,  რომ მისი წელიწადი სულ რაღაც 19 საათის განმავლობაში გრძელდება.

ამასთან კვლევებით დადასტურდა, რომ პლანეტა ნეპტუნზე ორჯერ მძიმეა, თუმცა მისი მსგავსი სიმკვრივე აქვს.

პლანეტას თავისი „მზე“ ცელსიუსით 1700 გრადუსზე მეტად ახურებს. ასეთ ტემპერატურაზე კი მძიმე ელემენტები, მაგალითად, რკინა, ატმოსფეროში იონიზირდება. სწორედ ამიტომ მეცნიერები საგონებელში არიან ჩავარდნილი, როგორ შეინარჩუნა პლანეტამ წყალბად–ჰელიუმოვანი (H/He) გარსი ესოდენ დიდი ხნის განმავლობაში — თავისი ვარსკვლავის ინტენსიური გამოსხივების გათვალისწინებით.

ასტრონომების ვარაუდით, პლანეტა რაღაც დროის განმავლობაში შესაძლოა შორს იყო თავისი მნათობისგან და მხოლოდ შედარებით ცოტა ხნის წინ  (კოსმოსური საზომით) მიუახლოვდა მას მჭიდროდ.

აღსანიშნავია რომ ვარსკვლავი LTT 9779 მზის სისტემიდან დაახლოებით 260 სინათლის წლითაა დაშორებული და ზალიან მდიდარია ლითონებით.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება