ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე

ამბავი საქართველოში მოტყუებით დატოვებული სიმდიდრისა: მილიონერების შურისძიება?

863
(განახლებულია 19:04 22.07.2020)
ამბობენ, უსახსროდ დარჩენილი ვარდენ ჩხიკვიშვილი მეტად აზარტული კაცი იყო და ხშირად სტუმრობდა კაზინოებსო, იგებდა კიდეც თურმე...

საქართველოს იძულებით გასაბჭოების წინა პერიოდში, იმ განძის გარდა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა შემოუნახა ქართველობას და რომელიც ახლა სახელმწიფო მუზეუმებშია დაუნჯებული, ქვეყანაში ასევე არსებობდა უძველესი ძვირფასი ნივთები — სახელოვანი ქართველების ნაქონი ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი, ფერწერული ტილოები, ხატები, ოქროს ნაკეთობები, ხალიჩები, ხმლები და უამრავი სხვა, რომლებიც კერძო კოლექციებში ან ოჯახებში ინახებოდა.

უბედურება ის იყო, რომ მაშინდელ მილიონერთა უმეტესობა არაქართველები იყვნენ და სწორედ მათ ხელში აღმოჩნდა ერთ დროს ქართველ თავადთა კუთვნილი უნიკალური და ისტორიული მნიშვნელობის ნივთები. XIX საუკუნეში გაღატაკებულმა ქართველმა დიდგვაროვნებმა, ბედოვლათმა თავადებმა ქეიფსა და დროსტარებაში გაფლანგეს მამაპაპისეული ქონება. ასე თანდათან აღმოჩნდა მადათოვების, მანთაშოვების, მელიქოვების, აზარიანცების, ბოჟეზიანცების, ცატუროვების, ანანოვების და სხვათა ხელში ქართველი ერის მიერ საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი ქონება.

1921 წლის თებერვლის დღებში იყო საშიშროება, რომ ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ დაეკარგა მუზეუმებს გარეთ დარჩენილი ძვირფასი რელიკვიები. სანამ რიგითი ქართველობა ბოლშევიკებს ებრძოდა კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან, მდიდრები ბათუმის პორტისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ, რომ როგორმე ევროპაში გაეღწიათ. მილიონერები არაფერს ზოგავდნენ იმისთვის, რომ ანტიკვარიატი და სხვა ძვირფასი კოლექციები თან წაეღოთ უცხოეთში. მაგრამ ამაში მათ ერთ-ერთი საბაჟოს უფროსმა ვარდენ ჩხიკვიშვილმა შეუშალა ხელი, რომელმაც ქვეყნიდან უნიკალური და ძვირადღირებული კოლექციების გატანას წინააღმდეგობა გაუწია.  

მილიონერები ძალიან ჩქარობნენ ძვირადღირებული ქონების გემზე ატანას. ვარდენს მათთვის უარის თქმის არავითარი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა, ამიტომ ხერხს მიმართა: ვინაიდან დიდი ქონების სამგზავრო გემზე განთავსება ვერ ხერხდებოდა, მან მილიონერები დაამშვიდა, რომ მათ ქონებას სატვირთო გემზე გადაიტანდა და ემიგრირების ადგილზე გაუგზავნიდა. ნდობის მოსაპოვებლად ეს ყველაფერი მათ თვალწინ „განაბაჟა“ და არც შეთავაზებულ ქრთამზე უთქვამს უარი.

ვარდენს ეს ყველაფერი მილონერთა თვალის ასახვევად დასჭირდა, ამ გზით დატოვა საქართველოში უამრავი ძვირფასი ნივთი.

თავად ემიგრაციაში წასვლას არ აპირებდა, მაგრამ აღარ დააყენეს სამშობლოში — გასაქცევად გაუხადეს საქმე. მისი „დანაშაული“ ის იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის წევრისა და 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის ბენია ჩხიკვიშვილის ძმა გახლდათ. ეს კი უკვე ნიშნავდა სასიკვდილო განაჩენს, ვინაიდან ბოლშევიკები ჩინგის ხანის მეთოდებით მოქმედებდნენ — დამნაშავეებთან ერთად სიკდილით სჯიდნენ მათი ოჯახების წევრებსაც და ნათესავებსაც კი. ამიტომაც გაიქცა ვარდენ ჩხიკვიშვილი საფრანგეთში, სადაც ქართულ ემიგრაციას შეუერთდა.

რამდენიმე წლის შემდეგ ის მუხანათურად მოკლეს...

ამბობენ, უსახსროდ დარჩენილი ვარდენ ჩხიკვიშვილი მეტად აზარტული კაცი იყო და ხშირად სტუმრობდა კაზინოებსო. იგებდა კიდეც, თურმე. 1938 წლის იმ საბედისწერო დღეს ვარდენი მონპელიეს კაზინოში იმყოფებოდა, როდესაც ზურგიდან დაახალეს ტყვია და ადგილზე მოკლეს.

თავიდან ეგონათ, რომ მკვლელებს ვარდენის მიერ მოგებული ფულის ხელში ჩაგდება უნდოდათ, მაგრამ ეს ვერსია არ დადასტურდა – მკვლელებს ვარდენის ფულისთვის ხელიც არ ეხლოთ. ამის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ საბაჟოს ყოფილ უფროსს საქართველოდან გაქცეული ის მილიონერები გაუსწორდნენ, რომლებიც ესოდენ ოსტატურად „გადააგდო“ ვარდენ ჩხიკვიშვილმა თავის დროზე. ვინ იცის, იქნებ ასეცაა. ისტორია კი დუმს...

863
თემები:
იცით თუ არა, რომ... (397)
კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“

მიმოხილვა: რუსეთის ფლოტი ფლაგმანს შეცვლის

6
მძიმე სარაკეტო ატომური კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“ (პროექტი 1144 „ორლანი“) რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ფლაგმან „პეტრე დიდს“ ჩაანაცვლებს.

ანდრეი კოცი

ახალი რაკეტები, თანამედროვე საბორტე აღჭურვილობა, უნიკალური საბრძოლო შესაძლებლობები - სავარაუდოდ ეს 2022 წელს მოხდება. 

პირველი რანგი

პროექტ 1144 „ორლანის“ კრეისერები ავიამზიდების შემდეგ უდიდესი ხომალდებია მსოფლიოში. წყალწყვა — 25,8 ათასი ტონა, სიგრძე — 250 მეტრი, სიგანე — 28,5 მეტრი, ეკიპაჟი — 760 კაცი.

რუსეთს ამ ტიპის ორი ვიმპელი ჰყავს — „პეტრე დიდი“, რომელიც ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაშია, თუმცა მოდერნიზაციაზე წავა, როგორც კი „ნახიმოვი“ მწყობრში შევა. ორივე კბილებამდე შეიარაღებული საზღვაო პლატფორმაა, რომლებსა ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლიათ. სტანდარტული კომპლექტი: 20 გამშვები დანადგარი გემსაწინააღმდეგო რაკეტა П-700 „გრანიტისთის“, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „ოსა-М“, „კინჟალი“ და С-300Ф „ფორტი“, ნავსაწინააღმდეგო რაკეტო-ტორპედოები „მეტელი“ და „ვოდოპადი“, რეაქტიული ბომბმტყორცნები და ავტომატური ორლულიანი ქვემეხი АК-130.

ატომური ენერგეტიკული დანადგარი, ავტონომიურობა — ორი თვე, სიჩქარე — 31 კვანძი. სვლის სიშორე — პრაქტიკულად შეუზღუდავი. კრეისერებს უკიდურესი ჩრდილოეთის პირობებში შეუძლიათ მუშაობა და აქვთ უნარი, უზრუნველყონ რუსეთის ყოფნა არქტიკის რეგიონში, რომელსაც ბევრი ანალიტიკოსი ახლო მომავალში ბუნებრივი რესურსებისთის პოტენციურ ბრძოლის ველად მიიჩნევენ.

მაგრამ ყველა ხომალდი თანდათან ბერდება. თუ 80-იანების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში „ორლანებს“ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა, ახლა ვითარება შეიცვალა. და რადგან პირველი რანგის დიდი სამხედრო ხომალდების მშენებლობასთან დაკავშირებით რუსეთში ჯერჯერობით პტობლემებია, თავდაცვის სამინისტრომ უკვე არსებულების მოდერნიზაცია გადაწყვიტა.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პლატფორმა

„ადმირალი ნახიმოვი“ რემონტზე ჯერ კიდევ 1999 წელს გაუშვეს, მაგრამ ფაქტობრივი სამუშოები კრეისერზე მხოლოდ 2013 წელს დაიწყო, როდესაც თავდაცვისკენ, როგორც იქნა, სერიოზული ფული წავიდა. 2015 წელს საწარმო „სევმაშში“ ხომალდს ძველი აღჭურვილობა მოხსნეს და კორპუსის დეფექტები გამოავლინეს. მოდერნიზაციის დასრულება 2018 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ვადამ აარერთხელ გადაიწია. რემონტში კორექტივები შეჰქონდათ, საბორტე აღჭურვილობასა და შეიარაღებაშ სულ უფრო მეტი სიახლე შედიოდა.

გასული წლის მაისში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკომ განაცხადა, რომ მძიმე კრეისერი ერთ-ერთი პირველი მიიღებდა ჰიპერბგერით რაკეტა „ცირკონებს“.

„ორლანები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის მძლავრი სახომალდე სისტემით. მოდერნიზაციამდე „ნახიმოვს“ С-300Ф „ფორტი“ ჰქონდა, ახლა კი ის უფრო სრულყოფილი С-400-ის საზღვაო ვარიანტს მიიღებს. „ადმირალ ნახიმოვზე“ С-400-ის გამშვები 96 შახტი განთავსდება, რაც მას საჰაერო შეტევებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ხომალდად აქცევს მსოფლიოში.

ოთხმოცი უჯრედი

გარდა ამისა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „კორტიკი“ უფრო თანამედროვე „პანცირ-МЕ-თი“ შეიცვლება, ხოლო საზენიტო რაკეტები „ოსა-М-ი“ — ახალი სისტემის „რედუტით“. თუმცა მოდერნიზაცია ყველაზე მეტად მაინც დამრტყმელ კომპლექსებს შეეხება. გარდა „ცირკონებისა“, „ადმირალი ნახიმოვი“ შეიარაღდება გემსაწინააღმდეგო რაკეტა П-800 „ონიქსითა“ და ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“. ყველა მათგანი 80 უჯრედიანი ვერტიკალური გამშვები დანადგარებიდან ЗС14 გაიშვება, რომელთა დამონტაჟებისთვის ხომალდიდან П-700 „გრანიტის“ აღება გახდა საჭირო.

„გრანიტები“ თავის დროზე მოწინავე იარაღი იყო — სიჩქარე 3 მახი, სიშორე — 625 კმ. ხუთას კილოტონიან ბირთვულ ქობინს ერთი მოხვედრით შეუძლია ავიამზიდის განადგურება. მაგრამ დიდი გაბარიტები აქვს — 10 მ სიგრძე და წონა დაახლოებით შვიდი ტონა. ახალ გემსაწინააღმდეგო რაკეტებს საბრძოლო ნაწილი ნაკლებად მძლავრი აქვს, თუმცა უფრო სწრაფი და ზუსტი.

განახლდება კრეისერის ნავსაწინააღმდეგო შეიარაღებაც და ელექტრონული „შიგთავსიც“, რომელიც ყველაზე თანამედროვეთი ჩანაცვლდება. ეს სერიოზულად აამაღლებს ეკიპაჟის სიტუაციურ ინფორმირებულობას და მნიშვნელოვნად გააფართოვებს საბორტე შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, კრეისერი უზრუნველყოფილი იქნება კავშირისა და ნავიგაციის მოწინავე სისტემებით. რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსითა და ასევე სამი მოდერნიზებული ვერტმფრენ Ка-27М-ისგან შემდგარი ავიაჯგუფით. ეს მანქანები ეკიპაჟს მნიშვნელოვნად გაუადვილებს სავარაუდო მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების აღმოჩენას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას!

6
ჰარუნ ჩიმქე

„როცა საქმე ქართულს ეხება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი“- თურქი მეცნიერის სიყვარულად ქცეული საქმე

624
(განახლებულია 21:00 15.01.2021)
„ქართული ენის სიყვარულმა მე მაქცია სულ სხვა ადამიანად, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რომელიმე დღე რომ არ მქონდეს ქართულთან შეხება, ცუდად გავხდები“- ეს სიტყვები თურქ ქართველოლოგს, მეცნიერს, ჩვენი ენის უბადლო მცოდნესა და მის მოყვარულ ადამიანს, ჰარუნ ჩიმქეს ეკუთვნის...

ძნელია ქართული ენის მიმართ მისი დამსახურებები სრულად ჩამოვთვალოთ, მაგრამ მათგან მნიშვნელოვანს მაინც მოგახსენებთ. ის გახლავთ პირველი ქართველოლოგი თურქეთში, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაში საქართველოში დაიცვა. დისერტაციის თემა ბევრი ქართველისთვისაც ისეთი რთული საკითხი იყო, როგორიცაა „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“. ბატონი ჰარუნის ინიციატივით გამოიცა ქართული ენის გრამატიკა თურქულ ენაზე.  

2005 წლიდან ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ჰარუნ ჩიმქე ქართულიდან თურქულად წიგნების თარგმნას იწყებს. მის მიერ თარგმნილი პირველი წიგნი სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი „საქართველოს კულტურა“ გახლავთ. 2011 წელს თარგმნა პოეტ ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისა“, რასაც შვიდი ქართველი მწერლის ნაწარმოებების ნაკრები მოჰყვა. ახლახან დაამთავრა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ თარგმნა. საქართველოში მინიჭებული აქვს საპატიო დოქტორის წოდება და იაკობ გოგებაშვილის მედალი.

ყველაზე უცნაური და რთული დასაჯერებელი კი ისაა, რომ არა რიგითი შემთხვევა ქართველებს ასეთი დიდი მეცნიერი და ჩვენი ენის მოყვარული ადამიანი არ გვეყოლებოდა...

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

 - ბატონო ჰარუნ, ნუთუ მართლა შემთხვევას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს თქვენ ამ სფეროში ხართ?

- მე მოგიყვებით როგორ და რა მოხდა სინამდვილეში და თავად გადაწყვიტეთ. როცა 1995 წელს, საქართველოში თანატოლებთან ერთად ჩამოვედი, მიზნად მქონდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე მესწავლა. თუმცა, გეგმა ერთია და სინამდვილე – მეორე. გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო არჩეულ სპეციალობაზე მოხვედრა ვერ მოვახერხე და გადავწყვიტე, თურქოლოგიაზე შემეტანა საბუთები. ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში, სიცილსაც იწვევდა: თურქმა აქ რა უნდა ისწავლოსო. ქართულად ჩატარებული ლექციები უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე თურქულად. მეორე სემესტრის ერთ დღეს პრორექტორთან, ბატონ ვახტანგ ამაღლობელთან გაბრაზებული მივედი. ის, თავისი გვარის შესაბამისად, მართლა ამაღლებული სულის ადამიანი იყო. მან ამიხსნა, რომ მე არა მარტო თურქული ენის სპეციალობაზე ვიყავი, არამედ ქართულზეც ვსწავლობდი, ანუ ორპროფილიან (ქართულ-თურქულ) სპეციალობაზე მოვხვდი. გამოდის, რომ დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გავიგე, სინამდვილეში რაში ყოფილა საქმე. სწავლა გავაგრძელე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თავიდან იქაც ძალიან მიჭირდა, აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, შედარებით უკეთესად ვსწავლობდი. სანთლის შუქზე საათობით მეცადინეობამ შედეგი გამოიღო.

ჰარუნ ჩიმქე და ვახტანგ ამაღლობელი
ჰარუნ ჩიმქე და ვახტანგ ამაღლობელი

- ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დახმარება გაგიწიათ?

- საოცრად კეთილგანწყობილი ლექტორები და თანაკურსელები გვყავდა. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ყველაფერში დახმარება გაეწიათ და ეს გვიმსუბუქებდა გამოუვალ სიტუაციას. ყველა თანაკურსელით უზომოდ კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა ორი მათგანი განსაკუთრებით გამოვყო. ესენი არიან: ია სუსარეიშვილი და ლუიზა მაკარიძე, რომლებიც, სამწუხაროდ, ნაადრევად წავიდნენ იმიერში. ორივე ერთმანეთზე ნიჭიერი და კეთილშობილი იყო. ნათელი მათ ლამაზ სულს... ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ თანაკურსელს დახმარებაზე უარი არასოდეს უთქვამს.

ჰარუნ ჩიმქე და ცირა ბარბაქაძე
ჰარუნ ჩიმქე და ცირა ბარბაქაძე

- როდის გადაწყვიტეთ, რომ ქართული ენა საფუძვლიანად შეგესწავლათ?

- პირველი კურსის მეორე სემესტრის ბოლოსკენ უკვე მქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქართული ენის სპეციალისტთან დამატებით მევლო. ამისთვის პირველი ნაბიჯი გადავდგი და ჩვენი კურსის ქართული ენის გრამატიკის ლექტორს, ჩემს საყვარელ ადამიანს, ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილს ვუთხარი ჩემი ჩანაფიქრი. მან გამომიცხადა, რომ მისი დაკავებული განრიგიდან გამომდინარე, თვითონ ვერ ჩამიტარებდა ქართული ენის გაკვეთილებს დამატებით, მაგრამ რამდენიმე დღეში გამაცნო ჩემი მომავალი მასწავლებელი ქალბატონი რუსუდან საღინაძე, რომელიც არა მარტო ქართული ენის მასწავლებელი, არამედ, ჩემი სულიერი დედა, უახლოესი ადამიანი და ყველაფერი გახდა.

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

- ქართული ენის გრამატიკა საკმაოდ რთულია და ამის გამო ხომ არ გქონიათ სურვილი, რომ სწავლისთვის თავი დაგენებებინათ?

- რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ სასაწარკვეთილებაში ჩავვარდი. ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდი. მეცადინეობისთვის თავის დანებება ყველაზე კარგი საშუალება იყო. ქალბატონ რუსუდანს ავუხსენი, რომ არ შემეძლო ამდენის სწავლა. მან ღიმილით ამიხსნა, რომ ქართულს უფრო გამარტივებული მეთოდით მასწავლიდა. ამის მერე რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო კარგად ვსწავლობდი. უნივერსიტეტის დამთავრებამდე დამატებით გაკვეთილებზე სიარული არ შემიწყვეტია. მალე ქალბატონმა რუსუდანმა ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც ჩამრთო. მისივე ხელმძღვანელობით უკვე მესამე კურსიდან სტუდენტთა საუნივერსიტეტო თუ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციებში ვმონაწილეობდი. უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, ბატონმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა მითხრა, თუ ასპირანტურაში გავაგრძელებდი სწავლას, მზად იყო გვერდში ყველანაირად დამდგომოდა. ბატონი ავთანდილის ძალიან მადლობელი ვარ.

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

- რომელი იყო ნაწარმოები, რომელიც პირველად თარგმნეთ ქართულიდან თურქულად?

- ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ორენოვან ჟურნალში სულხან-საბა ორბელიანის იგავების რამდენიმე ნიმუშის თარგმნით დაიწყო. ამ საქმეშიც ჩემი ქართული ენის მასწავლებელი და შემდგომში უკვე სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი რუსუდანი მეხმარებოდა. სხვადასხვა დროს ვთარგმნე: „ქართული მოთხრობები“, დათო ტურაშვილის „გურჯი ხათუნი“, ზვიად კვარაცხელიას „ფორმა 100“, ნინო სადღობელაშვილის „თავშესაფარი“, შოთა არველაძის „გუშინ“, გიორგი სოსიაშვილის „მარტოსულთა ზამთარი“ და რეზო თაბუკაშვილის „13 დღე“.

ჰარუნ ჩიმქე და დათო ტურაშვილი
ჰარუნ ჩიმქე და დათო ტურაშვილი

- ქართველოლოგიაში წარმატებული საქმიანობისთვის საპატიო დოქტორის წოდება მოგენიჭათ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი აღიარება, რომელი ქართული ჯილდოა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- პირველი საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭეს 2012 წელს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის, ქართველოლოგიაში წარმატებული კვლევითი მუშაობისა და თურქეთ-საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. იაკობ გოგებაშვილის მედალი 2015 წლის 27 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გადმომეცა. 2019 წლის 20 ივნისს კი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭეს. სამივე ჯილდო ჩემთვის ფასდაუდებელია.

ჰარუნ ჩიმქე საქართველოში
ჰარუნ ჩიმქე საქართველოში

- თქვენ მუშაობდით ისეთ ურთულეს საკითხზე, როგორიცაა, ქართული ენის ზმნისწინის კვლევა. მგონი, ბევრ ქართველზე კარგად იცით ჩვენი ენა...

- პირველ კურსზე როდესაც ქართულად ორ სიტყვას ერთად ძლივს ვამბობდი, მეუბნებოდნენ: „რა კარგად იცი ქართულიო!“- ეს სიტყვები მეხივით მეცემოდა. სინამდვილეში კარგად ვიცოდი ერთი რამ - რომ არ ვიცოდი ქართული. მართალი ხართ, დღესაც ბევრი ადამიანი მეუბნება იმავე ფრაზას - „ბევრ ქართველზე კარგად იცით ეს ენაო“. რა თქმა უნდა, ამ ქებას დღესაც არ ვიღებ, შეიძლება გრამატიკა ბევრ ადამიანზე უკეთ ვიცოდე, მაგრამ ქართული სალაპარაკო ენა ქართველზე უკეთესად არასოდეს მეცოდინება... რაც შეეხება, ზმნისწინებზე მუშაობას, ქართული ენის შესწავლისას, მოსამზადებელი კურსებიდანვე, თავისი სირთულითა და მრავალფეროვნებით სწორედ ზმნისწინებმა მიიქცია ჩემი ყურადღება, თუმცაღა, ქართულ ზმნაში ადვილი და მარტივი საკითხი არც არსებობს. 2010 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს, თბილისში, ამავე სახელწოდებით ჩემი დისერტაცია მონოგრაფიის სახით გამოვეცი.

ჰარუნ ჩიმქე და მისი ხელმძღვანელი რუსუდან საღინაძე
ჰარუნ ჩიმქე და მისი ხელმძღვანელი რუსუდან საღინაძე

- თქვენი ინიციატივით ქართული ენის გრამატიკა თურქულად გამოიცა...

- ჯერ კიდევ მესამე კურსიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რატომ არ შეიძლება ქართული ენის გრამატიკა იყოს თურქულადაც-მეთქი. მინდოდა, რომ ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ თურქებს საშუალება ჰქონოდათ, უფრო მოკლე დროში უკეთეს პირობებში ესწავლათ. 2012 წლიდან რეალურად შევუდექი ჩემი ოცნების განხორციელებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და მარტო ვერ შევძლებდი. ამიტომ ჩემი გეგმა ვუთხარი თავისი საქმის პროფესიონალს, ქართული ენის დიდ ქომაგს, ქალბატონ რუსუდან საღინაძეს. იმანაც დიდი ენთუზიაზმით მიიღო ეს წინადადება. შემდეგ ორივეს საერთო გადაწყვეტილებით, ასევე დიდ მეცნიერს, ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილსაც შევთავაზეთ ერთობლივი მუშაობა. ხუთი წლის განმავლობაში დიდი შრომის შედეგად გამოვეცით სამეცნიერო ხასიათის ნაშრომი „ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა – ფონეტიკა, მორფოლოგია)“. ეს თურქეთის ისტორიაში ქართული ენის პირველი გრამატიკა იყო და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...

ჰარუნ ჩიმქე და ბესიკ ხარანაული
ჰარუნ ჩიმქე და ბესიკ ხარანაული

- ბატონო ჰარუნ, მკითხველს შევახსენოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა არსებობს...

- დიახ, ეს 2011 წელს მოხდა და მე ბედნიერება მხვდა წილად, რომ მის სათავეებთან ვყოფილიყავი. რიზე მეოთხე ქალაქია, სადაც უკვე რამდენიმე წელია, სტუდენტები ამ სპეციალობას ეუფლებიან. 2015 წელს რიზეს უნივერსიტეტში მოწვეულ ორ არაჩვეულებრივ სპეციალისტთან, ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ რუსუდან  საღინაძესთან (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ფილოლოგიის დოქტორ, ასოცირებულ პროფესორ მაია კიკვაძესთან (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთად შევადგინეთ ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა და საფუძველი ჩავუყარეთ სტუდენტთა მიღებას სპეციალობაზე, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართულ-თურქული ურთიერთობების განვითარებასა და განტკიცებაში.

ჰარუნ ჩიმქე და მისი მეგობარი, მინდია თავდიშვილი მეუღლესთან ერთად
ჰარუნ ჩიმქე და მისი მეგობარი, მინდია თავდიშვილი მეუღლესთან ერთად

- როგორც ჩანს, ქართული ენა თქვენთვის მარტო მეცნიერულად შესწავლის საგანი არ არის...

- ქართული ენა ჩემთვის და ალბათ, ბევრი უცხოელისთვისაც, აუღებელი ციხე-სიმაგრეა, აუთვისებელი განძია. რაც უფრო სიღრმეებში ჩადიხარ, მიზანს მით უფრო ვერ აღწევ. დასასრული საერთოდ არ ჩანს. ჩემი აზრით, ქართული ენის ღირსება ის არის, რომ ადამიანი, რომელიც იწყებს მისი სითბოს დაგემოვნებას, ვეღარ სცილდება მას და მის გარეშე აღარ შეუძლია. სხვანაირად რომ ვთქვა, ქართული ენის სიყვარულმა მე მაქცია სულ სხვა ადამიანად, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რომელიმე დღე რომ არ მქონდეს ქართულთან შეხება, ცუდად გავხდები... 

ჰარუნ ჩიმქე და შოთა არველაძე
ჰარუნ ჩიმქე და შოთა არველაძე

- როგორ ფიქრობთ, ქართულმა ენამ შეგცვალათ?

- ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელთანაც ერთად საქართველოში მივემგზავრებოდი, მითხრა: „როცა ქართველებს ესაუბრები, სხვა ადამიანი და უფრო მოლაპარაკე ხდებიო“- სწორი შენიშვნა იყო! ბუნებით ძალიან მოლაპარაკე ადამიანი არ ვარ, მაგრამ, როცა ქართულად ვინმეს ვესაუბრები, უხილავი ძალა მემატება. შეიძლება ეს ქართველი ხალხისა და ქართული ენის სიყვარულით აიხსნას, სხვა ახსნა ამას ნამდვილად არ აქვს. ქართული ენის სწავლას ბოლო არ უჩანს. ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, ოდესმე შევძლებ ამ ენის სრულყოფილად დაუფლებას?... ასე რომ, დავით გურამიშვილის ნათქვამის „კენწეროში გატკბილდებისო“ იმედით ვარ. საკუთარ თავს შევამჩნიე, როცა საქმე ქართულს ეხება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი და უარს ვერავის ვეუბნები. ამ საქმეში გულს ვდებ და მინდა სიცოცხლის ბოლომდეც ასე გავაგრძელო...

624
გველეთის ჩანჩქერი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 იანვარი

0
(განახლებულია 11:36 15.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მთავარი გახდება ისეთი თვისებები, როგორიცაა კონკრეტულობა და პრაგმატიზმი. როდესაც ხელს მოჰკიდებთ ნებისმიერ საქმეს, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის და რას მიიღებთ ამისგან. სწორედ ასე ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ნებისმიერ საკითხში თავიანთ ინტერესებზე დაფიქრდებიან. რამის გაკეთება მხოლოდ ალტრუიზმის გამო ძალზე რთული იქნება. ამიტომ, თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტთ, საკუთარი აზრი მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ: რა უნდა გაკეთდეს, რატომ და ვის რა სარგებელს მოუტანს ეს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: დღეს ძალებისგან გამოფიტვა გემუქრებათ – სულ უბრალო საქმის გაკეთებაც კი გაგიჭირდებათ. ამიტომ სამომავლოდ გადადეთ ყველაფერი, რისი გადადებაც შესაძლებელია. თუ საქმე თქვენს აქტიურ ჩარევას მოითხოვს, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ყველაფერში ქაოსი შეიტანოთ. ამის ბრალი იქნება არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა, არამედ პესიმისტური სულიერი განწყობაც. ექსპერტები ამბობენ, რომ საკმარისი იქნება, თავს შეუძახოთ და მელანქოლიური მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, რომ ეს დღე საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს გააჩენს.

კურო: კაშკაშა ემოციებით სავსე დღე გელოდებათ. მდიდარი წარმოსახვის წყალობით შემოქმედებით საქმიანობაში თავის გამოჩენა შეგიძლიათ. თუმცა მთავარი მაინც დღეს გრძნობათა სპონტანურობა იქნება – ვნებათა მთელი „ქარტეხილი“. ამის საბაბი ნებისმიერ რამ შეიძლება გახდეს – ღიმილი, პაემანზე დაპატიჟება, საკუთარი ფანტაზიები, რამე მინიშნება... თქვენი დღე ცისარტყელის ყველა ფერით აივსება და ყველაფერი იმ განცდების წყალობით, რომლებიც თქვენს გულს ააძგერებს.

ტყუპი: დღეს რაღაც საკითხში გამარჯვება გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, გამარჯვება სიყვარულში, ან ვინმესთვის კამათის მოგება. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ არა მხოლოდ განამტკიცოთ მიღწეული პოზიციები, არამედ წინაც გადადგათ ნაბიჯი და კონკურენტები უკან მოიტოვოთ. ეს დღე იდეალურია იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმები, მიაღწიოთ სასურველს და კარიერის საკითხებს მიხედოთ.

კირჩხიბი: დღეს ვარსკვლავები კარგ შესაძლებლობებს მოგცემენ და შანსები რომ ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებებია საჭირო. დიდი ალბათობით, საჭირო იქნება მოქნილი და არასტანდარტული მოქმედება. ამისთვის კი ყველა თვისება გაქვთ: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქცია და ავანტიურული სული. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ გარშემომყოფების სიმპათია მოიპოვოთ და ნებისმიერი მოვლენა თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ, ანუ გაქვთ შანსი, „მინუსი“ „პლუსად“ აქციოთ.

ლომი: ესაა დღე, როდესაც რეალობად შეგიძლიათ აქციოთ ყველაზე გრანდიოზული გეგმებიც კი. ვარსკვლავები დიდ წარმატებებს გპირდებიან ამბიციურ წამოწყებებში. თუ რამე გლობალურ პროექტს წამოიწყებთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სამუშაო იქნება ეს, ბიზნესი, სიყვარული თუ სხვა, არ ინანებთ: გეგმები დროთა განმავლობაში განხორციელდება, ხოლო შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ არ ღირს „დაწვრილმანება“ და დროის უაზრო და ყოველდღიურ საზრუნავზე დახარჯვა – არ შეუშინდეთ ოცნებებს და იმოქმედეთ – წინ ახალი ჰორიზონტები გელოდებათ.

ქალწული: დღეს რაღაც საკითხში არჩვენის წინაშე დადგომა მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკითხი მნიშვნელოვნად არც მოგეჩვენოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ამ გადაწყვეტილებაზე შემდგომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას არ აჰყვეთ ემოციებს, სხვების რჩევებს, „მკითხაობას“. საკითხზე კარგად დაფიქრდით, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას და ეს თქვენი არჩევანი შემდეგ სანანებელი არ გაგიხდებათ.

სასწორი: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი – ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს მკაფიოდ დაინახავთ და მისკენ მიმავალ გზაზე მომთხოვნი იქნებით როგორც გარშემომყოფების, ისე საკუთარი თავისადმი. გასაკვირი არ იქნება, თუ უკმაყოფილო იქნებით და გააკრიტიკებთ ირგვლივ მყოფებს. თქვენ ფიქრობთ, რომ გინდათ, საქმე კარგად წავიდეს, გარშემომყოფები კი ფიქრობენ, რომ მათ ექსპლუატაციას ეწევით და მათზე მბრძანებლობთ. სხვათა შორის, ამგვარი დამოკიდებულების წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ არა ადამიანებთან ურთიერთობებში.

მორიელი: დღეს „დამოუკიდებლობის“ დღე გაქვთ. ირგვლივ მყოფთა მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ – დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ ბიზნესში და გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ჩხუბის მიზეზიც შეიძლება გახდეს. სხვათა შორის, თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდება, არაა საჭირო კამათი, საკმარისი იქნება რჩევის კითხვა – თქვენ ბრძენი მრჩევლის როლს სიამოვნებით შეასრულებთ, გაუზიარებთ მას საკუთარ გამოცდილებას, მხარს დაუჭერთ და დაეხმარებით.

მშვილდოსანი: თქვენი ენერგიულობა დღეს მხოლოდ შესაშური იქნება: აქტიურობა, შრომისუნარიანობა, თავდაჯერებულობა. არაა გასაკვირი, თუ ასეთი შემართებითა და მოზღვავებული ძალებით ყველაზე რთულ და მწვავე საკითხებს შეეჭიდებით, იქნება ეს ძველი, თაროზე შემოდებული საქმეები თუ ახალი პროექტი. ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, ეცადოთ და არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი „რკინისებრი“ თავდაჯერებულობით.

თხის რქა: დღეს მოულოდნელი სირთულეები გელოდებათ, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ უამრავი ძალა და ენერგია გექნებათ მათთან საბრძოლველად. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან, რომ აღიჭურვოთ ნებისყოფით, კომუნიკაბელურობით, სხვების დარწმუნების უნარით, რომელთა წყალობითაც ნებისმიერი სიტუაციის თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. ყოველი ვითარების უკან ხომ, როგორც წესი, კონკრეტული ადამიანები დგანან, ხოლო ადამიანებთან შეთანხმებას აუცილებლად შეძლებთ.

მერწყული: დღეს თქვენთვის მშრალი ფაქტებისა და ციფრების დღეა, ხოლო ყველაფერი, რისი დასაბუთებაც ლოგიკურად არის საჭირო, გართულდება. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ენდოთ ისეთ არასაიმედო რამეს, როგორიც ინტუიციაა. სამაგიეროდ, გათვლები და ფაქტების ანალიზი იოლად გამოგივათ. მიუძღვენით დღე ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს – არ ინანებთ. ბევრი რამ შეგიძლიათ, მაგალითად, გადასახადების მოწესრიგება, ბიუჯეტის გათვლა და გენიალური გეგმის შედგენა, თუ როგორ „გახდეთ მილიონერი“.

თევზები: დღეს რისკავთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში გადაიზარდოს. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ შეგიძლიათ, უარი უთხრათ ირგვლივ მყოფებს დახმარებაზე, უარყოთ მათი რჩევები და ეს იმით გაამართლოთ, რომ თქვენ უფრო კარგად იცით ყველაფერი. ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ თუნდაც 100 პროცენტით იყოთ რამეში დარწმუნებული, ეს არ ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მართალი ხართ. ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, იფიქროთ, რომ შეცდომას არ დაუშვებთ. წარმატებებს დღეს მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიაღწევთ.

0