„მე დურუ ვარ!“ – არმისაბაძი ლეგენდები დაუნდობელ ქართველ კრიმინალზე

CC0 / Pixabay / მამაკაცი დაკუნთული სხეულით
მამაკაცი დაკუნთული სხეულით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ სტატიის მიზანი არამც და არამც არ გახლავთ დურუ ხურცილავას, როგორც ყაჩაღისა და მკვლელის პოპულარიზაცია. ეს უბრალოდ არის ამბავი უჩვეულო ძალის მქონე ადამიანისა, რომელმაც ქვეყნისთვის სიკეთის ნაცვლად, სამწუხაროდ, ბოროტება თესა.

ქართველები „რკინისმკნეტელი“ კაცების დეფიციტს არასდროს განვიცდიდით. ყოველთვის გვყავდა დევგმირები. წარსულს თავი რომ დავანებოთ, კახი კახიაშვილის, გიორგი ასანიძის, ლაშა ტალახაძის, კონსტანტინე ჯანაშიასა და ლევან საგინაშვილის დასახელებაც იკმარებდა. უკვე ორი ათეული წელია, რაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია.

რაც შეეხება ახლო წარსულს, ქართველებს გასული საუკუნის 60–70-იან წლებში გვყავდა ფანტასტიკური ძალის მქონე ადამიანი, რომელზეც არაერთი დაუჯერებელი ისტორიაა შექმნილი. მრავალი წელი ქუხდა დურუ ხურცილავას სახელი. ამბობენ, ყველას ტანში ცრიდაო ამ სახელის გაგონებაზე, საკმარისი იყო მას მხოლოდ ერთი ფრაზა ეთქვა, მე დურუ ვარო, და თვით ყველაზე თავზეხელაღებულ ვაჟკაცსაც კი ელეთ-მელეთი ემართებოდაო.

იმასაც ამბობენ, ყველა გაურბოდაო დურუ ხურცილავას, რადგან კარგად უწყოდნენ, რომ მის ძალას ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა წინ.

არადა, კრიმინალი იყო დურუ ხურცილავა, დაუნდობელი და სისხლში გასვრილი, რომელმაც თავისი ხანმოკლე, 32 წლის სიცოცხლის მეტი წილი ციხეებსა და იზოლატორებში გაატარა.  

ხურცილავას თავს გადამხდარი დაუჯერებელი ამბები იმათთვის არის წარმოუდგენელი, ვინც მას არ იცნობდა, თორემ თვითმხილველები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ ამ ისტორიებში გადაჭარბებული არაფერი იყო.

დურუ ხურცილავა მკვრივი აღნაგობის, 185 სანტიმეტრი სიმაღლის კაცი იყო, დაახლოებით 100 კილოგრამს იწონიდა და უსაშველო ძალის პატრონი გახლდათ (ცნობილი ფაქტია, რომ საქონლის „ბოინში“ მუშტის ერთი დაკვრით მოკლა ერთტონიანი ხარი). ისეთი პირქუში მზერა ჰქონდა, თვალს ვერ გაუსწორებდი. უზარმაზარი ხელის მტევნები და იმდენად სქელი თითები ჰქონდა, რომ იარაღის სასხლეტში ძლივს ეტეოდა თურმე. გონება საკმაოდ უჭრიდა და ეშმაკობით ძნელად თუ აჯობებდა ვინმე. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
მილიონერი თუ გლეხების შემწე: სიმართლე სახელგანთქმულ ქართველ ყაჩაღზე

დურუზე ლეგენდები დადიოდა, რომ ნეკნები გაერთიანებული ჰქონდა, რომ იოლად წყვეტდა ხელბორკილებს, ღუნავდა ლითონის გისოსებს. ყველამ იცოდა, რომ ნებისმიერ ტკივილს უდრტვინველად იტანდა. მეტიც, სხეული სამართებლით თავად ჰქონდა დასერილი, ხოლო საკუთარი ხელით მიყენებულ ჭრილობებს მარილის დაყრით იშუშებდა.

არადა დურუ (ნამდვილი სახელი ტარასი) ხურცილავა დაბადებისას (1941 წელი, სოფელი იაშთუხა) იმდენად სუსტი ყოფილა, რომ მის გადარჩენას არავინ ელოდა. ის და მისი სამი დედმამიშვილი ადრე დაობლებულან. დურუსთვის აღარავის ეცალა თურმე, სიარული და ლაპარაკი 5 წლის ასაკში უსწავლია. შემდეგ ერთხანს დაწყებით კლასებში უვლია და მისი სწავლა-განათლებაც ამით ამოწურულა.

დაობლებული პატარები სანახევროდ მშიერ-ტიტველნი იზრდებოდნენ, მამას ეს თურმე არც ადარდებდა. უფრო მეტიც, გაუგონარ სისასტიკეს იჩენდა შვილების მიმართ, რამაც დიდი დაღი დაასვა დურუსა და მისი ძმების ფსიქიკას. ისინი რომ კრიმინალებად გაიზარდნენ, ამაში დიდი როლი სწორედ მამის სისასტიკემ ითამაშა...

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახლობელმა დურუ მიწის დასამუშავებლად იმ პირობით წაიყვანა, რომ ყველს მისცემდა. მაგრამ მძიმე შრომის შემდეგ ხელმოცარული და მშიერი გაუშვა. 14 წლის ბიჭმა იმ ღამეს სამი წველა ყველი მოჰპარა ძუნწ ნათესავს და ასე აღმოჩნდა პირველად საბრალდებო სკამზე — ქურდობისთვის 5 წელი მიუსაჯეს.

მოგვიანებით თანამოსაკნეს გაუმხილა თურმე, მაშინ რომ არ დავეჭირე მილიციას, ჭიდაობის დაწყებას ვაპირებდი და, ვინ იცის, იქნებ უკვე მსოფლიო ჩემპიონიც ვყოფილიყავიო.

მერე იყო და, ციხიდან ახალგამოსული 17 წლის დურუ დაბა დრანდაში საწყობის გასაძარცვად მისულმა ქურდებმა ბოქლომდადებულ კართან მიიყვანეს, ჩაგვეკეტა და ვერ ვხსნითო. ხურცილავამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გატეხა რკინის დიდი ბოქლომი და თავისი გზით წავიდა... მაგრამ საწყობის ქურდები დაიჭირეს და დურუც ზედ მიაყოლეს.  

ფულის გადაცემა ხელიდან ხელში - Sputnik საქართველო
როგორ გაყიდა ფირმა „შიბლამ“ ისტორიული ხომალდი: ქართველი თაღლითების ნამდვილი ისტორიები

მაშინ იქნებ კიდევ შეიძლებოდა ყმაწვილის გადარჩენა, მისდა საუბედუროდ სისხლში რომ არ გაესვარა ხელი. ერთ საღამოს ბოროტმოქმედებმა დურუს უფროსი ძმა ალიოშა და მისი ექვსი თვის ორსული ცოლი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. შურისძიების წყურვილით ანთებული დურუ ცოფიან ხარს დაემსგავსა თურმე. ერთ მკვლელობას მეორე მოჰყვა, მეორეს — მესამე და დურუ ხურცილავა საბჭოთა კავშირის მაშსტაბით ყველაზე თავზეხელაღებულ კრიმინალად იქცა, რომლის ჯერ ხელში ჩაგდება, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დურუ სულ 11-ჯერ იყო დაპატიმრებული და აქედან მილიციელებს ექვსჯერ მაინც დაუსხლტა ხელიდან.

1962 წლის 9 ივლისს დურუმ თავისი ზღაპრული ძალის მორიგი დემონსტრირება მოახდინა: მუშტებითა და წიხლებით გაამტვრია სოხუმის იზოლატორის საკნის საკმაოდ სქელი კედელი და პატიმარ ჯაიანთან ერთად გაიქცა.

სამართალდამცველები „მეოცე საუკუნის აბრაგის“ ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს მიმართავდნენ. აგენტურული ქსელი თავს არ ზოგავდა, მაგრამ ამაოდ. მისი ხელში ჩაგდება ჭირდა. ერთხელ მეძავი მიუგზავნეს, რომელმაც წამალი ჩაუყარა ღვინოში და მილიციელებმა ყაჩაღი უგონო მდგომარეობაში ჩაიგდეს ხელთ. ორი დღეც ვერ გაძლო „კაპეზეში“ დურუმ, საკნის მძიმე კარი გაანგრია, ორი კონტროლიორი მუშტის დარტყმით ჯერ გათიშა, შემდეგ გაკოჭა და გაიქცა...

1969 წლის 15 სექტემბერს კრიმინალებმა ციხეში მყოფი „ურჩი“ დურუს თავიდან მოცილება გადაწყვიტეს, მაგრამ ყაჩაღმა ექვსი თავდამსხმელი იქით მიბეგვა და მიასავათა. „იდეის ავტორი“, გვარად კიუტი, თურმე დიდხანს ევედრებოდა ხურცილავას, არ მომკლა დურუ, გეხვეწები, არ მომკლაო.

ცნობილია დურუს არაკრიმინალური ისტორიებიც. ერთხელ თურმე ხურცილავა და მისი მეგობრები ავტომაქანა „პობედით“ მიდიოდნენ სადღაც. ის-ის იყო ქუთაისთან საგზაო მილიციის „ტეკს“ უნდა გასცდენოდნენ, რომ ინსპექტორმა ხელჯოხი დაიქნია და „პობედამაც“ დაამუხრუჭა.

Книги на полке - Sputnik საქართველო
ქიზიყელთა განთქმული ბელადი და მეფის ერთგული მეომარი: ამბავი „შავი პაატასი“

— ბიჭებო, — მიმართა მანქანაში მსხდომთ ავტოინსპექტორმა, — „სამასვალია“ ჩავარდნილი ტალახში, სამი კაცი ნახევარი საათია ვწვალობთ, ძვრაც ვერ ვუყავით და ეგება ამოგვაყვანინოთ.

რად უნდა მაგ ურმის ამოყვანას ამდენი კაცი, მარტო მეც მოვერევიო, უთქვამს ხურცილავას. იქ მყოფთ, რომლებიც დურუს არ იცნობდნენ, გასცინებიათ, ერთ-ერთი ავტოინსპექტორი კარგი სუფრის გაშლაზეც დანიძლავებია ქართველ ჰალკს.

დურუსაც პიჯაკი გაუძვრია და „სამასვალის“ მძღოლისთვის უთქვამს, მე ჯერ მანქანას მხრებით ავწევ, წინ მივაწვები და როცა ტალახიდან ამოვიყვან, მერე დაქოქე, არ მინდა ქვა ან ტალახი მომხვდესო.

მძოლს გაკვირვებისაგან პირი კი დაუღია, მაგრამ დურუ მართლაც შედგომია თვითმცლელს და ერთი-ორი ბიძგის შემდეგ ადგილიდან დაუძრავს. ხუთიოდე მეტრით წინ რომ წაუწევია მანქანა, გაოგნებულ მძღოლს მერეღა დაუქოქავს „სამასვალი“ და მშრალზე გაუყვანია...

დურუ ხურცილავას საპატიმროში ყოფნის დროს თურმე არაფერი აკლდა: ხინკალი, მწვადი, ყველი, შემწვარი გოჭი თუ წიწილა, ნარჩევი ღვინო და კონიაკი, ელექტროგამათბობელი თუ სხვა „სიკეთე“. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, ორი მზარეული ემსახურებოდა და „გაუჩენელს უჩენდნენ“.

ის კი არა, საკნის რკინის კარს ფეხით აღებდა და დერეფანში სეირნობდა, ჰაერი არ მყოფნისო. გულს რომ იჯერებდა, კვლავ საკანში ბრუნდებოდა. როცა მოისურვებდა, ნებისმიერი საკნის კარს აღებდა და სხვა პატიმრებს სტუმრობდა.

უფრო მეტიც, დერეფანში სუფრას აშლევინებდა და ადმინისტრაციას ზედა სართულებიდან „კანონიერ ქურდებს“ ჩამოაყვანინებდა ხოლმე საქეიფოდ. ერთხელ ციხის უფროსობას საკანში საახალწლოდ ნაძვის ხეც კი მიატანინა და მოართვევინა.

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
აღზევებული მდაბიო: ამბავი ქვეყნის ერთგული და ავ ენას შეწირული მესტუმრე ჯიქურისა

დურუ ხურცილავა უკანასკნელად 1973 წლის ბოლოს გაასამართლეს და უმაღლესი სასჯელი — დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა სანამ მოკლავდნენ, იმდროინდელი წესების თანახმად, განაჩენი მოსკოვს უნდა დაემტკიცებინა. იქიდან პასუხმა რამდენიმე თვე დაიგვიანა. ამ ხნის განმავლობაში ხურცილავა თბილისში, ორთაჭალის ციხის პირველ სართულზე, სპეციალურად გამაგრებულ ერთადგილიან საკანში იმყოფებოდა. მანამდე, სხვა საკანში ყოფნისას, რკინის კარი ჩამოუგლეჯია და გაქცევა უცდია. ამიტომ მისთვის სპეციალური სქელკედლიანი საკანი გააკეთეს, 500 კილოგრამიანი რკინის კარი დაკიდეს და იქ გადაიყვანეს. სასეირნოდ გაყვანამდე ხელებზე ორ ბორკილს ადებდნენ, რადგან ერთს თავისუფლად წყვეტდა. 

ბოლოს მოსკოვიდან დასტური მოვიდა. ციხის თანამშრომლებმა მისი საკნიდან გაყვანა მოინდომეს, მაგრამ ისეთი დღე დააწია ხურცილავამ ათკაციან ბრიგადას, რომ მერე კიდევ დიდხანს იშუშებდნენ იარებს.

ხურცილავას მკვლელობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, საკნის კარში ამოჭრილი სარკმლიდან ესროლეს და ისე ჩაცხრილეს, მეორე ვერსიით, დახვრეტისთვის მზადება კონსპირაციულად მიმდინარეობდა, რომ დურუს რამე არ ეეჭვა და მდგომარეობა უმართავი არ გაეხადა.

როგორც წესი, სიკვდილმისჯილებს სამუშაო დღეებში სჯიდნენ, დურუს კი უქმე დღეს, 1974 წლის 17 მაისს დაენიშნა განაჩენის აღსრულება. სანამ საკნიდან გაიყვანდნენ, სცენარი გაითამაშეს: ზედამხედველებმა ციხისთვის აკრძალული საჭმელი მიუტანეს დურუს და ჩვეულებისამებრ მომსახურებაში ფული გამოართვეს, რათა ეჭვი არაფერში შეეტანა. ცოტა ხანში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ზედამხედველებს ყვირილი დაუწყეს, რაიმე აკრძალული საჭმელი თუ შეიტანეთ ხურცილავასთან, ყველას დაგაპატიმრებთო. დურუმ მათი დაცვა დაიწყო, არაფერი მოუტანიათ, მოდით და ნახეთო. მათაც ეს უნდოდათ, შევიდნენ საკანში და სანამ ხურცილავა რამეს იაზრებდა, თავში ურო ჩაარტყეს, ხელბორკილები დაადეს და ასე გათიშული გაიყვანეს დასახვრეტად.

სიკვდილის წინ მაინც მოიყვანეს გონს — ეს აუცილებელი პირობა იყო, დახვრეტის წინ მსჯავრდებული ფხიზელი უნდა ყოფილიყო. და სანამ სკამზე საიმედოდ დაბმულ დურუს ტყვიას დაახლიდნენ, ჯალათს მის თვალზე ცრემლი შეუნიშნავს...

ყველა ახალი ამბავი
0