აშშ-ის კონკრესი

მოსაზრება: ვაშინგტონმა ევროპის მართლა დასჯა გადაწყვიტა

205
(განახლებულია 21:09 13.07.2020)
საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც.

ივან დანილოვი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკელ IT-გიგანტებს შორის (როგორებიც არიან Facebook, Google და Amazon) დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი მზად აღმოჩნდა, გაეწირა შტატებსა და ევროკავშირს შორის დღემდე შემორჩენილი ტრანსატლანტიკური სოლიდარობისა და კეთილი ნების ნარჩენები, რათა დაეცვა ამერიკული კორპორაციების შემოსავლები ევროპელი საგადასახადო ორგანოებისგან. 

ძველმა კონფლიქტმა, რომელიც მრავალი წელი მწიფდებოდა, მიაღწია დონეს, როდესაც ევროკავშირი და აშშ უკვე შეუფარავად აყენებენ ერთმანეთს მილიარდობით დოლარის მტკივნეულ ფინანსურ დარტყმებს. ევროკავშირი ცდილობს „კუთხეში მიიმწყვდიოს“ ამერიკული კორპორაციები, რომლებიც ათწლეულები მუშაობდნენ ევროკავშირში დაუბეგრავად, აშშ კი გეგმავს ევროკავშირის დასჯას მინიმალური ფისკალური სუვერენიტეტის მოპოვების მცდელობისთვის. ტრამპის ადმინისტრაციამ ნამდვილად მიზანში გაარტყა – შურისძიება ზუსტი გამოუვიდა იმ გაგებით, რომ სწორად გამოიცნო თავისუფლებისკენ ევროპული ნახტომის კონკრეტული ავტორი და „თავხედი“, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ „აშშ-ის ევროპულ კოლონიებში“ მომუშავე ამერიკული IT-ბიზნესი უნდა იხდიდეს გადასახადებს. ამ იდენტიფიკაციას კი აშშ-ის საპასუხო ზომები მოჰყვა.

„Google-ის, Facebook-ისა და Amazon-ის დაბეგვრის“ ავტორი და სულისჩამდგმელი აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ხშირად საუბრობს ევროპის, როგორც მსოფლიო ძალის პოლუსის აღდგენაზე და, შესაბამისად, თეთრი სახლის სამიზნე კომპანიების სია იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ ელისეს სასახლეს მაქსიმალური დისკომფორტი ეგრძნო.

ამერიკული ფინანსური ტელეარხი CNBC იუწყება:

„ფრანგული ლუქს კომპანიების (სეგმენტში მომუშავე - ავტ.) აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შეუძლია მაღალი ტარიფების დაწესება ამ კატეგორიის ზოგიერთ საქონელზე.

ახალი ტარიფების შესაბამისად, რომლებიც იანვრის ბოლოდან ამოქმედდება, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა შეძლებს მოსაკრებლის 100%-ის ამოღებას საფრანგეთიდან ასეთი საქონლის იმპორტზე. სავარაუდო თანხა შეადგენს 2,4 მილიარდ დოლარს. ფრანგული აქციების ვარდნა შეეხო კომპანიებს, რომლებიც ფლობენ Louis Vuitton-ს, Hennessy-ს, Hermes-ს, Christian Dior-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-სა და Balenciaga-ს".

„ასი პროცენტი – საკმაოდ ბევრია“, – განუცხადა ამერიკულ The Wall Street Journal-ს ბრუნო პავლოვსკიმ, Chanel-ის სახლის პრეზიდენტმა. „ეს ტარიფი არაა. ასი – ჯარიმაა“, – დასძინა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები ამ გადაწყვეტილების საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ყველაფერში დამნაშავე მაკრონია, რომელსაც თითქოს ძალიან უნდა ევროკავშირის ტერიტორიაზე ამერიკული კომპანიების დისკრიმინაცია. ეს ბრალდება გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ტრადიციულად პატრიოტულად განწყობილ ამერიკულ მასმედიაშიც კი.

„შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ფრანგული გადასახადის სტრუქტურა უსამართლოდაა მიმართული მსხვილი ამერიკული ინტერნეტ-კომპანიებისკენ – Facebook-ის, Google-ისა და Amazon-ისკენ. ამის მიუხედავად, სხვა ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ გამონახონ შემოსავლების მიღების მეთოდები ისეთი ფირმებისგან, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ“, – იუწყება გამოცემა Politico.

ტრამპის მხრიდან შურისძიების ინსტრუმენტის არჩევა ალბათ იმას უკავშირდება, რომ „ფრანგული ლუქსი“ ითვლებოდა იმედის კუნძულად და მშვიდ ნავსაყუდელად ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ყველაზე შეძლებულ მომხმარებლებთან მომუშავე ფრანგული კომპანიები იდეალურად იყვნენ დაცული როგორც კორონავირუსული ეპიდემიის ზემოქმედებისგან, ისე სავაჭრო ომების რისკებისგან.

ღრმა ეკონომიკური კრიზისის შავ ფონზე ასეთი კომპანიები აღვივებდნენ იმედის ნაპერწკალს და წარმოადგენდნენ იმის სიმბოლოს, რომ ქვეყანას, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს გერმანიას ან ჩინეთს ტრადიციულ მრეწველობაში, მაინც აქვს რაღაც კონკურენტული უპირატესობები საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიმბოლოს გათელვა – კომპანიებისთვის ფაქტობრივად ამერიკული ბაზრის ჩაკეტვის გზით – კარგი იდეაა, თუ ამოცანას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაშინება და ევროპულ საგადასახადო პოლიტიკაზე ზეგავლენა წარმოადგენს.

ფრანგებს სამაგიეროდ შეუძლიათ გადასახადების დაწესება ამერიკული კომპანიებისთვის (თუნდაც ნაციონალურ დონეზე), მაგრამ მოინდომებენ თუ არა, მაგალითად, გერმანელი ჩინოვნიკები (თუნდაც გერმანული ავტომობილების ექსპორტზე 100%-იანი ტარიფის მიღების რისკის ქვეშ დაყენების გზით) საერთო ევროპული გადასახადის შემოღებას – ეს სათუოა.

მეორე მხრივ, საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკურ კონფლიქტზე. ესაა დავა თავად ევროპელი პოლიტიკოსების სტატუსზე. გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც უთითებს ამა თუ იმ ტერიტორიის ფაქტობრივ კუთვნილებაზე, არის საკითხი – ვის უხდიან ადგილობრივი ბიზნესმენები გადასახადებს. ვისაც აქვს ამ გადასახადების დაწესებისა და ამოღების უფლება, სწორედ მის ხელშია ძალაუფლება კონკრეტულ ტერიტორიაზე. ისტორია იცნობს შემთხვევებს, როდესაც უცხოელი ვაჭრები და მეწარმეები კონკრეტულ ქვეყანაში დაუბეგრავად ვაჭრობდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მანამდე აგებდა ომს ან უბრალოდ ხელს აწერდა კაპიტულაციის კაბალურ პირობებს სამხედრო ძალის გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

შესაბამისად, როდესაც ამერიკული კომპანიები, პირობითად, საფრანგეთის ონლაინ-რეკლამისა და ინტერნეტ-ვაჭრობის ბაზარზე დომინანტ მოთამაშეებად ყალიბდებიან, იღებენ მილიარდებს ფრანგული კომპანიებისგან, თანაც საფრანგეთის ბიუჯეტმა ამ ვითარებაში შესაძლოა ერთი გროშიც ვერ მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთი – აშშ-ის კოლონიაა ან, სულ მცირე, არ ფლობს სრულ ეკონომიკურ სუვერენიტეტს. და მოკრძალებული, სამპროცენტიანი საურავის დაწესების გადწყვეტილება – არა იმდენად ბიუჯეტის შევსების, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობაა.

საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც – და ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია რუსეთისთვის, განსაკუთრებით, თუ ფრანგი პოლიტიკოსები უცებ საკუთარი ღირსების დაცვას გადაწყვეტენ.

სხვა თუ არაფერი, ამასწინანდელი მუქარის საპასუხოდ საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობათა წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაეგრძელებინათ დასახული გზით სიარული და დაეცვათ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უფლება.

თუ სიტუაცია მომავალშიც ამ სცენარით განვითარდება, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საშემოდგომო არჩევნებზე, ურთიერთობები ვაშინგტონსა და პარიზს, ვაშინგტონსა და ბერლინს შორის კვლავაც გაუარესდება. სასაცილო იქნება, თუ ახლო მომავალში Chanel-ის სუნამოს და Hermes-ის ჩანთის შეძენას ამერიკელი მომხმარებელი მხოლოდ კონტრაბანდის დახმარებით შეძლებს, ევროპელებს კი ამერიკული სოციალური ქსელების ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ. ეკონომიკური დეგლობალიზაციის ჩანასახი საერთაშორისო კავშირების მყარ ბარიერს არღვევს.

იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გლობალიზებული ეკონომიკის დღევანდელი სისტემა არ აძლევს ხელს, ეს ბოლო და სერიოზული შანსია, გამოასწორონ წარსულის შეცდომები და უფრო მოსახერხებელი პოზიცია გამონახონ დეგლობალიზებულ მომავალში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

205
ყველგანმავალი Тор-М2ДТ

„ტექნიკას აგვისტოსთვის ველოდებით“: ამერიკელები არქტიკაში გადასხმისთვის ემზადებიან

37
(განახლებულია 20:15 14.04.2021)
აშშ ისწრაფვის შეამციროს რუსეთისგან ჩამორჩენა არქტიკაში. ამ დღეებში სახმელეთო ჯარებმა კონცერნ Oshkosh Defense-სთან კონტრაქტი გააფორმა სინგაპურულ კომპანია ST Engineering-სთან და BAE Systems-თან ერთად იმიერპოლარეთისთვის სამხედრო ტექნიკის შექმნის მიზნით.

ანდრეი კოცი

გაირკვა, რომ ამ ტიპის მანქანები ამერიკელებს უბრალოდ არ ჰყავთ, ხოლო რაც აქვთ, ის უკვე კარგა ხანია დაბერდა. სარდლობა სიახლეების გამოცდას აგვისტოსთვის აპირებს.

აიგება ივნისამდე

არქტიკა სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი არმიისთვის. ზედაბალი ტემპერატურები, მოდრეიფე ყინულები, ინფრასტრუქტურის არარსებობა, გაძნელებული ლოგისტიკა, ხანგრძლივი პოლარული ღამე — ყოველივე ეს ძალიან ართულებს დიდი საჯარისო დაჯგუფების განთავსებას.

ცივი ომის წლებში აშშ, სსრკ-სგან განსხვავებით, რეგიონს საკმარის ყურადღებას არ უთმობდა, ამიტომ დღეს პენტაგონის განკარგულებაში ერთადერთი გამართული ყინულმჭრელია — Polar Star. რუსეთს კი ამ ტიპის 40-ზე მეტი ხომალდი ჰყავს. გარდა ამისა, ამერიკელებს არქტიკაში ფაქტობრივად არ აქვთ სამხედრო ბაზები.

ტექნიკა არც სახმელეთო ჯარებს ჰყოფნის უმძიმეს პოლარულ პირობებში ტვირთების გადასაზიდად და სამხედროების გადასაყვანად. ამისთვის შესაფერისი ერთადერთი გამწევ–ყველგანმავლები — ეს შვედური მუხლუხა Bandvagn 206-ია, რომლებიც შეიარაღებაში Small Unit Support Vehicle-ს (SUSV — ქვედანაყოფების მხარდამჭერი მცირე მანქანა) ნიშნით შევიდა. მაგრამ ამ ტიპის პირველი მანქანები კონვეიერიდან ჯერ კიდევ 40 წლის წინ ჩამოვიდა და უკვე დიდი ხანია ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

არმიამ გადაწყვიტა განაახლოს არქტიკული ტექნიკის პარკი და კონკურსი გამოაცხადა პროგრამა ColdWeather-ის და All-Terrain Vehicle-ს (CATV — ცივი კლიმატის ყველგანმავალი) ფარგლებში. პენტაგონი მზადაა 6,6 მლნ დოლარი დახარჯოს 2021 წელს პერსპექტიული გამწევის შექმნა–აგებასა და გამოცდებზე, და 9,25 მლნ დოლარი — CATV-ს 110 ერთეულის შეძენაზე.

შემდეგ პარკი 163 ყველგანმავლამდე გაიზარდა. პროტოტიპებს 14 ივნისისთვის ელოდებიან. აგვისტოდან დეკემბრამდე კი გამოცდები იგეგმება ალასკის პოლიგონზე. გამარჯვებული 2022 წელს გამოვლინდება.

ოთხი ვარიანტი

როგორც მოსალოდნელია, CATV-ს ოთხ ვარიანტად წარმოადგენენ. ზოგადი დანიშნულების ყველგანმავალმა ბორტზე, სულ ცოტა, ცხრა ჯარისკაცი უნდა აიყვანოს — მძღოლის გარდა. ამასთან უნდა ჰქონდეს აღჭურვილობა და სამდღიანი მარაგი ავტონომიური მოქმედებებისთვის.

სანიტარული ვარიანტი სამედიცინო აღჭურვილობით ორ მედიკოსზე, ორ მწოლარე და ოთხ მსუბუქად დაშავებულ პაციენტზეა გათვლილი. სასარდლო ყველგანმავალი კავშირისა და ჯარების მართვის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვება.

და, ბოლოს, სატვირთო — მსხვილგაბარიტიანი სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის დიდ მანძილზე.

„ეს მანქანები შეძლებენ გადაჭრან ამოცანების ფართო სპექტრი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის პირობებში სხვა ტექნიკისთვის გაუვალ ადგილზე, — უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის არმიის ოფიცერმა ტიმ გოდეტმა, რომელიც პასუხს აგებს პროგრამა CATV-ზე. — მათ უპრობლემოდ უნდა იმოძრაონ ყინულზე, გადალახონ წყლის ზღუდეები, იოლად ავიდნენ სიმაღლეებზე, უნდა იყვნენ მარტივი მომსახურებაში და ეკონომიურად ხარჯონ საწვავი“.

კონკურსის მონაწილეები წინა პროექტებს ეყრდნობიან. Oshkosh-მა და ST Engineering-მა საფუძვლად გამწევი Bronco 3 აიღო. ეს მანქანა 20 წელზე მეტია ბრიტანეთის შეიარაღებაში შედის და ავღანეთის საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობდა.

Bronco 3-ს აქვს ტყვიაგაუმტარი ჯავშანი, ტყვიამფრქვევიანი კოშკურა, V-ს ტიპის ფსკერი, რაც ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში დიდი ზიანისგან იცავს. ყველგანმავალი წყლის ზღუდეებს საათში ხუთი კილომეტრის სიჩქარით ლახავს.

BAE Systems სიახლეს გამწევ Beowulf-ის საფუძველზე შექმნის, რომელიც ბევრ რამეში Bronco 3-ის და SUSV-ს ანალოგია, თუმცა მეტი ტვირთამწეობა აქვს.

დავეწიოთ რუსეთს 

ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ „არქტიკულ სტრატეგიაში“ ამერიკელებმა ღიად განაცხადეს, რომ რეგიონში მოსკოვისა და პეკინის შევიწროებისკენ ისწრაფვიან. პენტაგონის განსაკუთრებულ შფოთვას რუსეთი იწვევს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულმჭრელი ფლოტი, ჩრდილოეთ განედებში სამხედრო ბაზების ქსელი და ტექნიკის მდიდარი არსენალი აქვს, რომლებსაც ექსტრემალურ სიცივეში მოქმედება დამატებითი დამუშავების გარეშე შეუძლიათ.

გამარჯვების აღლუმებში გამუდმებით მონაწილეობენ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არქტიკული მოდიფიკაციები: მცირე სიშორის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი Тор-М2ДТ, საზენიტო-სარაკეტო ქვემეხი Панцирь-СА და ასევე უზრუნველყოფის მანქანების სპეციალური ვერსიები.

არქტიკის რეგიონისთვის თითქმის მთელი სახმელეთო ტექნიკა ყველგანმავალ ДТ-30 Витязь-ს ეფუძნება, რომელსაც მინუს 55 გრადუსამდე ყინვებიც კი არ აშინებს. ზოგ მოდიფიკაციას წყლის დაბრკოლებების გადალახვაც შეუძლია, რაც ყინულების მუდმივი მსხვრევის პირობებში ჩრდილოეთ პოლუსზე მნიშვნელოვნად ზრდის მობილურობას.

უნიკალური არსენალი აქვს სახმელეთო ჯარების პირველ სრულფასოვან არქტიკულ შენაერთს — მე-80 მოტომსროლელ ბრიგადას, რომელიც მურმანსკის ოლქის დაბა ალაკურტიშია დისლოცირებული.

ყინვაგამძლე ქვეითები მაღალი გამავლობის თოვლ–ჭაობმავლებს — ТРЭКОЛ-ებს ითვისებენ, რომლებიც ზედაბალი წნევის უზარმაზარი საბურავებით მოძრაობენ სიჩქარის დაუგდებლად.

გარდა ამისა, მე-80 ბრიგადის მებრძოლებს აქვთ სრული ამძრაობის სატვირთოები „ურალი“ და „კამაზი“, რომლებიც ექსტრემალურ ყინვებზეა ადაპტირებული, თოვლმავლები ТТМ-1901 Беркут კაბინით, ჰაერბალიშიანი კატარღები, ასევე ძაღლებისა და ირმების მარხილები.

სამამულო ომის დროს ამ მარხილებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმიერპოლარეთის დაცვაში. ძაღლებითა და ირმებით საბრძოლო მასალები და პირადი შემადგენლობა გადაჰყავდათ დანიშნულების ადგილებზე. ცხოველები გადიან იქ, სადაც ტექნიკა „იჭედება“. გარდა ამისა, არქტიკული ბრიგადისთვის მუშავდება სპეციალური მოდიფიკაციის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ვერტმფრენები, კერძოდ, Ми-8АМТШ-ВА გათბობის სისტემებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

37
მყვინთავი საპატრულო ხომალდი „გუშაგი“

უჩინარი პატრული: რუსეთში მყვინთავი ხომალდი BOSS შეიქმნა

46
(განახლებულია 16:26 14.04.2021)
რუსეთის გემთმშენებლობის სამეცნიერო და ტექნოლოგიური დონე კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებისადმი არასტანდარტული მიდგომის საშუალებას იძლევა.

წყალზედა ხომალდისა და სუბმარინის ფუნქციების საპატრულო „გუშაგს“ სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტების გაოცება შეუძლია. სიახლეს სახელად BOSS (Border and Offshore Submersible Sentry) ეწოდება.

საზღვაო ტექნიკის ცენტრალურმა საკონსტრუქტორო ბიურო „რუბინმა“ საპატრულო ხომალდ „გუშაგის“ პროექტი წარმოადგინა, რომელიც სუბმარინისა და წყალზედა ხომალდის ღირსებებს აერთიანებს. შედარებით დაბალი ფასი და ზომები, მოწინავე ტექნიკური მახასიათებლები, ტრადიციულად მაღალი საიმედოობა, ბორტზე სარაკეტო-ტორპედული შეიარაღების განთავსების შესაძლებლობა BOSS-ს მიმზიდველს ხდის მცირე ბიუჯეტის მქონე ქვეყნებისთვის.

„რუბინი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია სუბმარინების პროექტირებაში 120-წლიანი სტაჟით.

BOSS გარეგნულად 613 პროექტის დიზელ-ელექტრონულ - კონსტრუქტორულად წარმატებულ, ერთ-ერთ ყველაზე მასობრივად გაყიდვად სუბმარინას ჰგავს. ტექნიკური მახასიათებლებიც მსგავსი აქვს: სიგრძე – 60-70 მეტრი, წყალწყვა – დაახლოებით 1000 ტონა, ეკიპაჟი – 42 კაცი. შეიძლება აღიჭურვოს მართვადი რაკეტებით, ტორპედოებით, დრონებით, საარტილერიო დანადგარებით.

ახალი საპატრულო „ნაუტილუსის“ სავარაუდო სამიზნეები წყალქვეშა და წყალზედა მდგომარეობაში შეიძლება გახდნენ საბრძოლო ხომალდები და სანაპირო ობიექტები. ხომალდი შეიძლება ეფექტურად იყოს გამოყენებული სადაზვერვო ან სამეცნირო-კვლევითი მიზნებით.

ნატოს თავის ტკივილი

ახალი ხომალდის შესაძლებლობებისა და ამოცანების სპექტრის გასაგებად აუცილებელია, რომ პროექტ 613-ს მივუბრუნდეთ. სუბმარინას 1347 ტონა წყალწყვა ჰქონდა და სიგრძეში 76 მეტრი იყო, 200 მეტრამდე სირღმეზე 18,5 კვანძით მოძრაობდა. ძირითადი შეიარაღება: ექვსი ტორპედული აპარატი, ავტონომიურობა – 30 დღე-ღამე, ეკიპაჟი – 52 კაცი.

პროექტ 613-ის სერიულ მშენებლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ნაკადურ-სექციური მეთოდი, ავტომატური შედუღება და რენტგენოგრაფიული კონტროლი. 1950-57 წლებში საშუალო წყალწყვის 215 დიზელ-ელექტრონული სუბმარინა აიგო, რომლებსაც ერთნაირად ეფექტურად შეეძლოთ ტორპედოებით შეტევა, დაზვერვა, ოპერატიული და პოზიციური სამსახურის გაწევა მოწინააღმდეგის დისლოკაციის რაიონებში. პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან სსრკ-ის დაშლამდე იარსება.

ეს მრავალმიზნობრივი სუბმარინები მასობრივად მიეწოდებოდა ბულგარეთის, კუბის, ინდონეზიის, ეგვიპტის, სირიის, ჩინეთის, პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს.

რაღა თქმა უნდა, ახალმა საპატრულო ხომალდმა წინამორბედისგან ყველა მთავარი მახასიათებელი მიიღო მემკვიდრეობით – სიმტკიცე, საიმედოობა და ეფექტურობა. დანარჩენით BOSS 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პირმშოა – ხარისხობრივად ახალი, ბევრად მძლავრი შეიარაღებით, კავშირის, ნავიგაციისა და ჰიდროაკუსტიკის საშუალებებით.

პოტენციალი

ზღვაზე კლასიკური საბრძოლო პატრულირება – წყალზედა ხომალდებისა და სუბმარინების ხანგრძლივი მანევრირებაა მონიშნულ რაიონში, ასევე გამუდმებული მზადყოფნა საბრძოლო პოზიციაზე გასასვლელად და მოწინააღმდეგის ხომალდებსა თუ ობიექტებზე შეტევის მისატანად.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში აკვატორიის პატრულირების ამოცანას ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გუშაგი–ხომალდები ასრულებდნენ, ნატოს სამხედრო-საზღაო ძალებში – ესკორტის ნაღმმზიდები, ფრეგატები, კორვეტები და სანაპირო ზონის ხომალდები.

ტოლობის ნიშნის დასმა ტრადიციულ წყალზედა ხომალდებსა და მყვინთავ „ბოსებს“ შორის შეუძლებელია. ახალი ხომალდის ექსპლუატაციის თავისებურებები შესაძლებლობას იძლევა ვამტკიცოთ, რომ „რუბინმა“ ჰიბრიდული სუბმარინა შექმნა.

ფარული წყალქვეშა პატრულირება მოწინააღმდეგეზე, კონტრაბანდისტებსა თუ დამრღვევებზე მოულოდნელი შეტევისა თუ საფრთხეზე რეაგირების საშუალებას იძლევა. წყალზედა მახასიათებლები ბონუსია ეკიპაჟისთვის, რომელსაც ლაშქრობისას ზღვის ჰაერის სუნთქვა შეუძლია და არა რეგენერაციის პროდუქტისა, როგორც ეს კლასიკურ სუბმარინებში ხდება. გარდა ამისა, შელფის სამეცნიერო შესწავლის შესაძლებლობები ახალ ხომალდს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ანალოგიურ წყალზედა ხომალდს. ამასთან BOSS-ს შეუძლია შედარებით დაბალფასიანი სასწავლო „კლასიც“ იყოს ეკიპაჟებისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

46
თემები:
რუსეთი დღეს
ვალუტის კურსი თბილისში

საგარეო ვალი იზრდება... ემუქრება თუ არა ქვეყანას დეფოლტი?

0
(განახლებულია 09:01 16.04.2021)
ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა, ეროვნული ვალუტა უფასურდება, ფასები იზრდება, ცხოვრება ძვირდება... ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროგნოზებისგან თავს იკავებს...

სამსონ ხონელი

საქართველოს სახელმწოფო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის უკვე 61.3 პროცენტს შეადგენს, რაც რეკორდული ნიშნულია... არახალია! − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ამ მიმართულებით სიახლეც არის. ფაქტია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ვალი კიდევ გაიზრდება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ის 63.8 პროცენტსაც გაუტოლდება... არადა მკითხველს შევახსენებ, საქართველოს ბიუჯეტით ეს მაჩვენებელი 2022 წლის მიჯნაზე 60.1 პროცენტი უნდა იყოს...  

ვისი ვარაუდი გამართლდება, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ცვლილების პროგნოზსაც გვთავაზობს. კერძოდ, მომავალ წელს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 61.04 პროცენტი იქნება. შემდეგ წლებში კი ეს მაჩვენებელი თანდათან დაიკლებს და 2026 წლისთვის 53.97 პროცენტს გაუტოლდება...

ანუ თუ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზს მივენდობით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ 2021-2026 წლებში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 7.33 პროცენტით შემცირდება... ბევრია ეს თუ ცოტა? კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია... თუმცა, პატივცემულ მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ ვალის აღებას ბევრად ნაკლები დრო ჭირდება, ვიდრე გასტუმრებას...

რატომ გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი? საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის ჯიჰად აზურის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის საგარეო საკრედიტო ვალდებულებების ზრდის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისია...

„საქართველოს მთავრობამ გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ჯანდაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა თავი მხრივ COVID19-ის პანდემიით გამოწვეული შოკის ეკონომიკაზე გავლენის შესამცირებლად გონივრულად გამოიყენა გაცვლითი კურსის მოქნილობა. რა თქმა უნდა, რომ ამან საგარეო ვალის გაზრდა გამოიწვია, მიუხედავად ამისა, საქართველოს ვალის მოცულობა კვლავ სტაბილურია...“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა.

მისივე თქმით, შექმნილ მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია,  საქართველომ შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ინფლაცია და  მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე იზრუნოს...

„საქართველოში ეკონომიკური აღდგენა ორ პრიორიტეტზე იქნება დაფუძნებული. ეს არის ეკონომიკის დაზარალებული მიმართულებების აღდგენა, ისეთი სექტორების დახმარება, როგორიცაა ტურიზმი. მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს კაპიტალის მომავლის სექტორებში ინვესტირება...“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკას ასევე დაეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, როგორიც არის მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება...

ეკონომიკური ზრდის საკითხს შევეხეთ. შეგახსენებთ, რომ იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში ეს მაჩვენებელი 3.5 პროცენტამდე შემცირდება. მომავალი წლისთვის კი 5.8 პროცენტი იქნება. 

ამავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ ზოგადად ეკონომიკის გაანსაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ ჩამოაყალიბოს ხედვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით. ეს ერთ–ერთი პირობაა ჩვენი ქვეყნისთვის ამ საფინანსო ინსტიტუტისგან  მორიგი პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად. ამის შესახებ გასული თვის ბოლოს განაცხადა ვერა მარტინმა, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო  სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელისე  პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. საინტერესოა, მაინც როგორია ამ საკითხზე თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვა. ვერა მარტინის შეფასებით, რეფორმის მთავარი ამოსავალი სახელმწიფო საწარმოების კარგად მართვა უნდა იყოს. ეს არ არის მყისიერი რეფორმა და მისი გატარება დროს მოითხოვს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი არც ერთ მთავრობას არ ეუბნება რა უნდა გააკეთოს, ანუ უნდა დაიწყონ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია თუ უნდა დაიტოვონ სახელმწიფო საკუთრებაში. საზოგადოებრივი სიკეთის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული სახელმწიფო საწარმოები შეიძლება საჭირო იყოს იმ სიკეთის შესაქმნელად, რომელსაც კერძო სექტორი ხელს არ მოკიდებს.

დღეს არსებული ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ  როგორ შეიძლება სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება...“, − განაცხადა ვერა მარტინმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართვა იყოს კომერციულ საწყისებზე, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იყოს უმაღლეს ხარისხში და რაც მთავარია, კარგად იყოს გააზრებული, რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს ცუდი მართვის პირობებში სახელმწიფო საწარმოები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის...  

ამასობაში მიმდინარე კვირა ქვეყანამ საკრედიტო ვალდებულების გასტუმრებით დაიწყო... ორშაბათს საქართველომ ბიუჯეტიდან 500 მილიონი დოლარის კრედიტი დაფარა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვალის დაფარვა და ახალი ვალის აღება გათვალისწინებული იყო. შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან გადაირიცხა და სესხიც დაიფარა. ახალი ვალის აღებას, მთავრობა ისევ ევროობლიგაციების გამოშვებით გეგმავს. მომდევნო კვირაში ტრანზაქცია განხორციელდება, ჩამოირიცხება ის თანხა, რაც ქვეყანამ  ევროობლიგაციების გამოშვებით უნდა მიიღოს. 

ვიდრე მთავრობა ერთ ვალს მეორე ვალის აღებით ისტუმრებს, ეროვნული ვალუტა დაბლა ფსკერისკენ ეშვება... სხვა საკითხია, რომ არავინ იცის, სად და რა ნიშნულზეა ეს ფსკერი... კობა გვენეტაძემ თუ იცის? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი ირონიული ტონით. აბა, რა გითხრათ, არ მაქვს პასუხი. თავად განსაჯეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, რაც გავლენას ახდენს ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ქვეყანამ ტურიზმის შემოსავლებიდან დაკარგა...  როგორც კობა გვენეტაძე გვპირდება, ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, თუმცა ქვეყნის მთავარი ბანკირი იმასაც მიგვანიშნებს, რომ ფასების ზრდა მეზობელ ქვეყნებშიც შეინიშნება... სავარაუდოდ, რაკი სამეზობლოსაც არ ულხინს, ცხოვრების გაძვირებას ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ... ლარის კურსი ის გამონაკლისი როდია, რისი პერსპექტივის პროგნოზირებაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეუძლებლად მიაჩნია. კობა გვენეტაძის თქმით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კრედიტების საპროცენტო განაკვეთების პროგნოზირებაც შეუძლებელია...

„საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ზრდა იქნება ეკონომიკაში, ფინანსური რისკები იქნება თუ არა და ა.შ...“, − განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ინიციატივით,  საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საკითხი განიხილებოდა. კობა გვენეტაძის თქმით, რაკი საკითხი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად სეგმენტს ეხება, ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში არაერთი ღონიძიება გაატარა....

„საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად შემცირდა. 2012-2013 წლებში კრედიტების ერთი ნაწილი 100-დან 200 პროცენტამდე ეფექტური საპროცენტო განაკვეთითაც კი გაიცემოდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50-53 პროცენტის ფარგლებში იყო... გარკვეული ტიპის სესხებზე 80 პროცენტიც კი... 2016 წელიდან მოყოლებული საკრედიტო პორტფელზე საშუალო ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა ეტაპობრივად დაიკლო... ორი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისიდან კი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 42 პროცენტიდან 33 პროცენტამდე შემცირდა. საპენსიო სესხების პროცენტის დონე, რომელიც ახლა გვაქვს, უკვე დიდად აღარ განსხვავდება იმ სახელფასო სესხებთან, რომელსაც საპენსიო ასაკის ქვემოთ ასაკის მოსახლეობა იღებს...“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საკომიტეტო მოსმენისას მან ისიც გვითხრა, რომ საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს... ერთი სიტყვით, თუ კაცმა თანამდებობა უნდა ინატრო, არ უნდა გასცდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე ოცნებას... ეს ისე, ხუმრობით, სადაც იყო ბევრი სიმართლე და ცოტაც ხუმრობა... ან შესაძლოა, პირიქით... დასკვნა თქვენთვის მომინდია. არ დაგიმალავთ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შემყურეს არც წინამდებარე სტატიის სახელდებაში დასმულ კითხვაზე მაქვს ოპტიმისტური პასუხი და უკეთესი მომავლის იმედით, დროებით გემშვიდობებით...

 

 

0