ჯვარი მამაკაცის ხელებში

ნამდვილი ამბავი: ფარული ჯვარი და ჩუმი ქართული ნადიმი თურქეთში

503
(განახლებულია 19:44 19.05.2020)
საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ისტორია მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია, ვიცით დიდ მეფეთა „საქმენი საგმირონი“, ვიცით ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ამბები.

მემატიანეებმა შემოგვინახეს ათასი ჯურის დამპყრობელთა მიერ გავერანებული ქვეყნის ათასგზის ხელახლა ფეხზე წამოდგომის და იმავე მტარვალთა ბედისწერად ქცევის შესახებ ამბები.

დღეს მინდა გიამბოთ ჩვენი ქვეყნის ერთი ულამაზესი კუთხის - აჭარის შესახებ, რომლის ისტორიაც უამრავი ჩვენი წინაპრის სისხლით არის გაპოხილი. ამბავი კი მოვისმინე თურქეთში, ყარსის ვილაიეთის ერთ-ერთი ყადის (მოსამართლე) ოჯახში სტუმრობისას. სანამ თავად მასპინძლის ნაუბარზე გადავალ, ჩემ იქ მოხვედრასა და მშვიდობიანად „გადარჩენაზე“ მოგითხრობთ. 

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს თურქეთში გადასვლა შესაძლებელი გახდა. ჟურნალისტის რანგში მოვხვდი დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ოფიციალური მისია (არაოფიციალური ჩემთვის უცნობია) ყარსის რეგიონში ისტორიული ძეგლების მონახულება გახლდათ. ჩასვლიდან მესამე საღამოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ოთარმა (გვარს ვერ დავასახელებ) ადგილობრივებთან შეხვედრაზე წასვლა შემომთავაზა. ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რამდენიმე ბოთლი ქართული კონიაკი პარკში ჩავალაგე და გავყევი.

პატარა ქალაქში რამდენიმე წრე დავარტყით, ჩაბნელებულ შუკებში კინაღამ ცხვირ-პირი დავიმტვრიეთ და, როგორც იქნა, ერთსართულიან, თუმცა საკმაოდ ფართო სახლში შევედით. თეთრებში გამოწყობილმა ჭარმაგმა მასპინძელმა (როგორც მოგვიანებით გავიგე, ადგილობრივი ყადი გახლდათ) შინ შეგვიპატიჟა, სადაც თავისი სამი ვაჟი გაგვაცნო. მალე მაგიდას მივუსხედით, ტრადიციული ჩაი, ფახლავა მოგვართვეს და აქ დავუშვი შეცდომა, რომელიც კინაღამ ძვირად დამიჯდა... პარკიდან ამოვალაგე საჩუქრად წამოღებული ქართული კონიაკი და ამაყად მივაჩოჩე მასპინძლის ვაჟებისკენ. ჩემდა გასაოცრად, ძმათაგან უფროსმა ცივად უკანვე მომიჩოჩა ძღვენი და ქართულად დაამატა, ჩვენ მაჰმადიანები ალკოჰოლს არ გეახლებითო.

ვაჟა-ფშაველაზე გაზრდილს არ მესიამოვნა და მკვახედ ვუპასუხე, ჩვენ, ქართველ ქრისტიანებს ერთი ანდაზა გვაქვს — „ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენ“. თუ რამ არ მოგწონს, ჩვენი წასვლის შემდეგ შეგიძლია ნაგავში გადაუძახო-მეთქი. 

ბრაზისგან სახეწამოწითლებულ ძმებს შევატყვე, ერთი სული ჰქონდათ, ამ კონიაკის ბოთლების სიმყარე ჩემს თავზე გამოეცადათ. მაგრამ საქმეში მამა ჩაერია — ხელის ერთი მოძრაობით შვილები ადგილზე დააბრუნა, მეორეთი საკინძე შეიხსნა, ძეწკვზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარი ამოიღო და ემთხვია. მერე ბიჭებს გადახედა და ამათაც იგივე გაიმეორეს. ენა ჩამივარდა, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ისევ მასპინძელმა დაარღვია და სწორედ მისი ნაუბარი მინდა მოგითხროთ:

„ყარსი ძველად ქართველების ქალაქი იყო, გარშემო სულ ქართველები ცხოვრებდნენ. ყარსის იქითაც საქართველო ყოფილა. ჩვენი წინაპარი, აქაური აზნაური გოგიტიძე თათრის მოსვლისას ფაშად დაუნიშნავთ იმ პირობით, რომ თუ თვითონ გათათრდებოდა, მოსახლეობას ქრისტიანად დარჩენის ნებას მისცემდნენ. ამასაც რა გზა ჰქონდა, დათანხმებულა. თუმცა, სახელად სეიდ ფაშა გოგიტიძე უჩუმრად ჯვარს მაინც ატარებდა.

გეცოდინებათ, ყმაწვილო, რომ საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა და გავრცელდა აჭარის მხრიდან, კერძოდ, დიდაჭარიდან, რომელიც მემლექეთის (ასე მოიხსენიებენ სამშობლოს თურქეთელი ქართველები) სხვა ისტორიულ კუთხეებთან ერთად ქრისტიანობაზე მოაქცია ანდრია პირველწოდებულმა, აქვე ააგო პირველი ეკლესიაც. ისიც გეცოდინებათ, რომ ქრისტეს მეთორმეტე მოციქული მატათა თქვენს აჭარაში, გონიოს მიწაზე განისვენებს.

ჩვენი წინაპრები მართალი ქრისტიანები იყვნენ. არ გასულა დიდი ხანი სეიდ ფაშას გამაჰმადიანების შემდეგ და ოსმალის ფადიშაჰისგან ბრძანება მოსულა, რომ ქართველები მთლად უნდა გაამაჰმადიანოთო. ამაზე ყაბულს არც ფაშა იყო და არც ერი. ყარსელ ქართველობას ოსმალთა წინააღმდეგ ჩხუბი დაუწყია. დიდძალი ქართველობა გამწყდარა, მაგრამ არც ოსმალთ დასდგომიათ კარგი დღე, მრავალი დახოცილან. მაგრამ მალე მოშველებია ახალი ჯარი და ამათ გაუმარჯვნიათ. 

ამ მარცხის შემდეგ სეიდ-ფაშა გოგიტიძე თავისი ხალხით აჭარაში გამოქცეულა, რადგანაც აჭარა მაშინ საქართველოსი იყო. აქ ქართველი მეფე იჯდა. სოფელ ვაიოში დასახლებულა. აქ გაუმაგრებია თავი და აქედან ებრძოდა ოსმალთ. აჭარელთ დიდი ხანი შეუნახავთ რჯული. ყარსში დარჩნენ სეიდ ფაშას ძმები — ომერ და დურსუნ გოგიტიძეები. ომერი იყო ჩვენი დიდი წინაპარი. ომში გადარჩენილები თათარს ერთად შეუყრია, ერთ მხარეს ქრისტეს ხატი დაუდეს, მეორე მხარეს ყურანი და უბრძანეს, ხატს მიაფურთხეთ და ყურანს ემთხვიეთ, სხვაგვარად ყველას დაგხოცავთო. ხატის გვერდით იყო თავ-საკვეთი ქვა და იდგნენ ჯალათები თავ-საკვეთით აღჭურვილნი. ბევრმა უარი თქვა და იქვე ჩახოცეს უწყალოდ.

ბოლოს ესენიც გამაჰმადიანებულან. ოსმალმა ხოჯა-მოლები გამოგზავნეს, ეკლესიები დააქციეს, მღვდლები გამორეკეს, ზოგი გაათათრეს, ქართულად ლაპარაკი აკრძალეს და აქაურებიც, რადგან მომხრე და ქომაგი არავინ ჰყავდათ, ძალაუნებურად თათრულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ნელ-ნელა თათრულს შეეჩვივნენ, მაგრამ ქართული არ დაგვვიწყებია, არც ენა და არც ადათ-წესი, სტუმრის პატივისცემაც ვიცით და მასპინძლის მოვალეობაც“...

თავი დამნაშავედ ვიგრძენი ამ ისტორიაგამწარებული ხალხის წინაშე, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ისევ მასპინძელმა მიშველა - უფროს ვაჟს ანიშნა და იმანაც კონიაკის ბოთლი გახსნა, საშუალომ ჭიქები მოგვაშველა, უმცროსმა კი შემოსასვლელი ჭიშკარი გადაკეტა და თავადაც იქ დარჩა.

დანარჩენის მოყოლა არც ღირს, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ. გამთენიას გამოგვაცილეს ყარსელმა გოგიტიძეებმა, მხარზე ვეამბორე მხცოვან ყადის და მოვუბოდიშე უტაქტო საცქიელისთვის. გამიღიმა, არაფერი შეგშლია ყმაწვილო, ჩვენ გვაპატიე, რომ ფესვებს მოწყვეტილებს ხანდახან ქართული წესი გვეშლებაო, ჩამჩურჩულა...

503
თემები:
რეალური ისტორიები (36)
აშშ-სა და ჩინეთის  დროშები

გადაწყდა: ჩინეთს ათნი მოახრჩობენ დაუძახებენ თუ არა რუსეთს?

98
(განახლებულია 18:35 05.08.2020)
ჩინეთთან ცივი ომის გარდაუვალობის ფონზე, რომელიც, დიდი ალბათობით, სანქციებსაც გაითვალისწინებს, ეკონომიკური კავშირების შეზღუდვასაც, ორმხრივ შპიონაჟსაც და, შესაძლოა, კონფრონტაციის ძალისმიერ ფორმასაც, დასავლელი ექსპერტები პეკინზე გამარჯვების ჯადოსნური მეთოდის ძებნას იწყებენ

ივან დანილოვი

„ჩინური დრაკონის მოხრჩობის“ ყველა ვარიანტი, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით განიხილავენ ვაშინგტონში, ლონდონსა თუ ბრიუსელში, რაღაც ფართო ანტიჩინური კოალიციის შექმნას მოიაზრებს იმ მიზნით, რომ კოლექტიური ძალისხმევით მოხდეს ჩინეთის იზოლირება, გაუვნებელყოფა და დაჩოქება დაახლოებით ისეთივე სქემით, როგორიც სსრკ-ის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის გამოიყენებოდა.

მაგრამ თუ რაღაც მიმართულების მიმცემი პრინციპების დონეზე არანაირი მრავალფეროვნება არ შეინიშნება, ამ პრინციპების განხორციელების დონეზე სერიოზული პრობლემა ჩნდება, რომლის გადაჭრის დროსაც პრეზიდენტებს, პრემიერებს, დიპლომატებსა თუ ანალიტიკოსებს „შუბები ემსხვრევათ“.

საქმე ისაა, რომ ზოგ ევროპულ დედაქალაქში და აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრებში უკვე იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირისა და (განსაკუთრებით, გერმანია, საფრანგეთი და იტალია) ასევე აზიის ზოგი ქვეყანა რატომღაც არ იწვიან სურვილით, მონაწილეობა მიიღონ ახალ ცივ ომში ჩინეთის წინააღმდეგ — აშშ-ის პაიკების რანგში. უფრო მეტიც, მათ არ სურთ ფული იხადონ ამერიკის გამარჯვებისთვის ამ ომში (რაც იმ მუდმივ სკანდალებში გამოიხატება, რომ გერმანია და საფრანგეთი უარს ამბობენ თავიანთი შიდა პროდუქტის მთლიანი მოცულობის ორი პროცენტის გადახდაზე „ამერიკულ სამხედრო საფარველში“) და ისინი მზად არც კი არიან, მაშინვე დაეთანხმონ, მაგალითად, ევროკავშირში ჩინური კომპანია „ჰუავეის“ აღჭურვილობის სრულ აკრძალვას, რაც 5G ქსელებისთვისაა საჭირო. ეს კი წარმოუდგენლად აბრაზებს „ანტიჩინურ ქორებს“ ვაშინგტონსა და ლონდონში.

საკუთარი არმიის ფაქტობრივი შექმნის შესახებ ევროპული განცხადებებისა და მაკრონის დეკლარაციის ფონზე, რომელიც დამოუკიდებელი (ანუ, არც პროჩინური და არც პროამერიკული) საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილს შეეხება, ჩნდება ეჭვები, რომ ფართო ანტიჩინური ალიანსის „შეკოწიწება“ ძალიან რთული და ძვირი იქნება. და ეს ეჭვები მხოლოდ ძლიერდება, მასთან ერთად კი ძლიერდება ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

ავტორიტეტული ჟურნალი Foreign Affairs, რომელიც გავლენიანი „გონებრივი ცენტრის“ Council on Foreign Relations-ის ეგიდით გამოიცემა, ამ პრობლემისადმი მიდგომის ორ ვარიანტს განიხილავს. მათგან ერთს შეიძლება პირობითად „დონალდ ტრამპის მიდგომა“ ეწოდოს, ხოლო მეორეს — „ბორის ჯონსონის მიდგომა“. იმ კოლოსალური გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც Council on Foreign Relations-ი ახდენს ამერიკული და ასევე ევროპის პროამერიკული ელიტების აზროვნებაზე (თავად „გონებრივი ცენტრი“ რამდენიმე პოპულარული შეთქმულების თეორიის გმირია, რომელთა თანახმადაც, ის ლამის „აშშ-ის ჩრდილოვან მმართველად“ მიიჩნევა), ღირს განვიხილოთ ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკოცენტრული სამყაროს მოწყობის კრიზისისა და „ჩინური პრობლემის“ წარმატებით გადაჭრისთვის გვთავაზობენ — მით უმეტეს, რომ ამას პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ Foreign Affairs-ის ახალი სტატია დაიბეჭდა სათაურით „დემოკრატიის საბჭოს მრავალმხრივობის გადარჩენა შეუძლია“, შემოთავაზებული მეთოდები მაინც ვაშინგტონის ფაქტობრივ დომინირებაზეა (მინიმუმ, დასავლურ სამყაროში მაინც) ორიენტირებული, განსხვავება მხოლოდ ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნების მეთოდებშია.

ავტორიტეტული გამოცემის ავტორები სტატიას იმის კონსტატაციით იწყებენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი აშკარად სულს ღაფავს, ხოლო მთავარი საფრთე ამ დროისათვის არის არა კორონავირუსი, არამედ ჩინეთი და რუსეთი.

„მაგრამ კორონავირუსის პანდემიამდეც კი მრავალმხრივი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით აიგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძლივს უმკლავდებოდა ყველაზე სასიცოცხლო პრობლემებს მსოფლიოში. COVID-19-მა აჩვენა, რომ მეფე შიშველია, მაგრამ რეალურად მეფე მანამდე ძუნწად იყო ჩაცმული რაღაც დროის განმავლობაში.

რამდენადაც მსოფლიო ეკონომიკის სიმძიმის ცენტრმა ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა, გლობალური ამბიციების მქონე სტრუქტურებს აღარ შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან ამ რეგიონში დამაჯერებელ ლიდერობაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის გარეშე. მაგრამ G7-ში, რომელიც 1973 წლის სანავთობე შოკის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ შედის ევრო-ატლანტიკური რეგიონისმიღმა ერთი წევრი — იაპონია. ხოლო „დიდი ოცეული“, რომელიც აზიური ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიქმნა 1997 წელს და თავისი ღირებულება წარმოაჩინა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ძალიან შეუთავსებელი აღმოჩნდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე საერთაშორისო პრობლემების საიმედოდ გადაჭრის უნარის თვალსაზრისითაც. ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ზიანი მიადგა ჩინეთსა და რუსეთში აგრესიული ავტორიტარიზმის აღორძინებით“.

ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია, რომელიც შეიძლება დავიყვანოთ თეზისამდე: „ყველაფერი დაიღუპა და არაფერი მუშაობს!“

შესაბამისად, შემოთავაზებულია გადაჭრის ორი გზა — ერთი ტრამპის, მეორე — ჯონსონისა.

„ჯონსონი პირველი იყო, ვინც ახალი სტრუქტურის იდეა წამოაყენა. მაისში მან ათი წამყვანი დემოკრატიის ალიანსის შექმნის წინადადება დააყენა, რომელშიც G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა შევიდოდნენ, ხოლო გაერთიანებას D10 დაერქმეოდა — იმისათვის, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში პოლიტიკის კოორდინაცია მომხდარიყო და ჩინური ბაზრის ლიდერის „ჰუავეის“ ალტერნატივა დამუშავებულიყო, რომლის დომინანტმა მდგომარეობამ 5G-ს ტექნოლოგიაში უსაფრთხოებას ყველგან შეუქმნა საშიშროება. ამის შემდეგ მალევე ტრამპმა გადადო G7-ის შეხვედრა, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, და მის ნაცვლად G11-ის ფორმატი შემოგვთავაზა შემოდგომის სამიტზე. ჯონსონის წინადადებისგან განსხვავებით, ტრამპის ახალ ჯგუფში, D10-ის ქვეყნებთან ერთად, რუსეთიც უნდა შედიოდეს“.

Foreign Affairs-ის ექსპერტების რეკომენდაციით, ამ კლუბში რუსეთის შეყვანა არ ღირს და ისინი D10-ის ვარიანტს, ანუ ჯონსონის სქემას არჩევენ. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უფრო საინტერესოა თავად ამ რეკომენდაციის მოტივაცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს რამენაირად დაარწმუნებენ, რომ ანტიჩინურ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს, ტრამპის სქემა მაინც ცუდი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში — უპერსპექტივოც, იმის გამო, რომ ის უპირველესად ანტიჩინურ დღის წესრიგზე იქნება აგებული. აი ჯონსონის სქემიდან კი თითქოს რაღაც პოზიტიური დღის წესრიგის ამოღება შეიძლება, ანუ რაღაც გამაერთიანებელი იდეისა, რომელიც „ჩინეთის საწინააღმდეგო ალიანსის“ შექმნას კი არა, არამედ „ყველაფერი კარგისთვის ალიანსის“ შექმნის საშუალებას გააჩენს.

პოზიტიურ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ცარიელი ლოზუნგების ნაკრები მოიაზრება — „დემოკრატია“, „თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებები“. განსაკუთრებით სახალისოა ის, რომ ასეთი პოზიტიური დღის წესრიგის გაჩენა ვაშინგტონის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას საპირწონედ უდგება: „შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოვიდეს აზიური ბანკის (რომელსაც ჩინეთი მეთაურობს) ინფრასტრუქტურული ინვესტიციების წინააღმდეგ, ინიციატივებისა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ და რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. მაგრამ თუ დამაჯერებელ ალტერნატივას არ შესთავაზებენ სხვა ქვეყნებს, მათი დარწმუნება, რომ ისინიც იგივენაირად მოიქცნენ, ძალიან რთული იქნება. ვაშინგტონი ვერ დაამარცხებს რამეს, თუ არაფერს გამოიყენებს“.

ამ მიდგომის პრობლემა ისაა, რომ „დემოკრატია“ და „თავისუფლება“ იარლიყით „დამზადებულია აშშ-ში“ ვერ შეუცვლის გერმანიას რუსულ გაზს, ხოლო იტალიას — ჩინურ ინვესტიციებს. აქ შეიძლებოდა ამერიკულ ფულს ემუშავა, მაგრამ ვაშინგტონს ასეთი ურთიერთობები არ სჭირდება, თანაც, კონკრეტული მომავალი პრეზიდენტის გვარის მიუხედავად — ბაიდენსაც და ტრამპსაც სჭირდებათ კოლონიები, მაგრამ ევროკავშირის დაბრუნება ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, აღარ გამოვა, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, D10-ის თუ G11-ის ფორმატში. რუსეთზე ხომ ლაპარაკიც აღარაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

98
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია

იდეალური ოჯახები არ არსებობს, ანუ რატომ დაინგრა ქორწინებები პანდემიის დროს

457
(განახლებულია 19:46 04.08.2020)
კრიზისული პერიოდის ეტაპები ურთიერთობაში – ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.

წყვილები, რომლებიც გამოირჩევიან ურთიერთშეცნობის მაღალი უნარით, ქმნიან მყარ ოჯახებს. ურთიერთშეცნობა არ გულისხმობს მხოლოდ დადებითი კუთხით ერთმანეთის ხედვას. მსგავს წყვილებს კარგად ესმით ერთმანეთის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლების, იღებენ და უყვართ პარტნიორი ისეთი, როგორიც ის არის.  

„გაიდეალურება“ და ერთანეთის მიმართ არაჯანსაღი, გაზვიადებული მოლოდინები ხშირ შემთხვევაში ხდება მიზეზი ურთიერთგაუგებრობის და ერთმანეთისგან გაუცხოების, ვინაიდან მცირედი იმედგაცრუების განცდაც ასეთ დროს კატასტროფად, გამოუვალ მდგომარეობად აღიქმება, რაც უქმნის საფრთხეს მათ მომავალ პარტნიორობას.

წყვილთა შორის უთანხმოების მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის არის განსხავვებული შეხედულებები, გადამეტებული სწრაფვა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, თავისუფალი დროის გატარების განსხვავებული მოთხოვნები, ერთმანეთის პიროვნული გრძნობების, შეხედულებების და ღირსების უპატივცემულობა, ერთმანეთის გაგების, მზრუნველობის და ყურადღების ნაკლებობა, ასევე სოციალურ ეკონომიკური ფაქტორები, ფსიქო-სექსუალური შეუთავსებლობა.

წყვილები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ ნებისმიერ პიროვნულ ურთიერთობებს თან ახლავს გარკვეული კრიზისული პერიოდები, რაც კრიზისულ ფსიქოლოგიაში ყოველთვის უარყოფით კონტექსტში არ განიხილება, ვინაიდან კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვა უფრო ძლიერს და მყარს ხდის ურთიერთობებს.

პირველ კრიზისული პერიოდს წარმოადგენს ურთიერთობის პირველი წელიწადი, როცა ხდება ერთმანეთის უკეთ შეცნობა, „ჩვენ“ კონცეფციის გაცნობიერება. ეს არის პარტნიორთა ურთიერთდაპირისპირების პერიოდი.

მეორე კრიზისული პერიოდი ბავშვის დაბადებას, მშობლების პასუხისმგებლობას, მათი უფლებების და მოვალეობების  შესრულებას ეხება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წყვილის ურთერთობაზე.

მესამე კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს ერთფეროვნების პრობლემა, როცა მნიშვნელოვანი ხდება სიახლის და გარკვეული ცვლილებების განხორციელება ურთიერთობაში.

მეოთხე კრიზისული პერიოდი ხშირად ემთხვევა ხანდაზმულობის პერიოდის დაწყებას, როცა შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებით გამოწვეული მარტოობის განცდა ჩნდება.

პარტნიორები, რომლებიც მეტად აცნობიერებენ ურთიერთობებში კრიზისული პერიოდების არსებობას, როცა ხდება ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებების შეცნობა, ურთიერთპატივისცემა, უპირობო სიყვარული და მიმღებლობა, ეს ყოველივე მყარი ურთიერთობის საფუძველია.

სტატისტიკური მონაცემებით გამოიკვეთა, რომ პანდემიით გამოწვეულ თვითიზოლაციის პირობებში ხშირი იყო განქორწინების შემთხვევები. გარეთ გამოსულმა ბევრმა ქართველმა, პირველი, რაც გააკეთა, საჯარო რეესტრს მიაკითხა და ქორწინების გაუქმება მოითხოვა. სწორედ იზოლაციის დროს ერთმანეთის შეცნობისა და უარყოფითი მხარეების წარმოჩინების, ურთიერთგაუგებრობის და კრიზისული პერიოდის არაჯანსაღად მართვის შედეგად მრავალი წყვილი განქორწინდა.

მნიშვნელოვანია წყვილს ესმოდეს ერთმანეთის წუხილი, აუცილებელია გააცნობიერონ ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებები, პატივი სცენ ერთმანეთის განსხვავებულ შეხედულებებს. მნიშვნელოვანია წყენის არდაგროვება,  ერთმანეთის მოსმენა, გულახდილი საუბარი და მიმდინარე პრობლემის ერთობლივი დაძლევა.

ხშირად გვსმენია ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით რჩევები ბავშვის ყოლის შესახებ – რომ შვილი უფრო მყარს გახდის მათ პარტნიორობას, რაც ყოვლად მიუღებელია. უპირველესად უნდა მოხდეს ერთმანეთის შეცნობა, ურთიერთმიმღებლობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ვინაიდან შვილის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის იზრდებოდეს მოსიყვარულე, თბილ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.

იდეალური ოჯახები არ არსებობს, ჩვენ შეგვიძია ვისაუბროთ წარმატებულ ურთიერთობებზე, რომლებიც სწორედ წყვილის უნარებზეა დამოკიდებული. ეს კი სირთულეების გადალახვის, განსხვავებული აზრის პატივისცემის, ერთმანეთის პირადი სივრცის დაცვის, უპირობო მიმღებლობისა და სიყვარულის შედეგია.

457
ცესკო

უკვე 34: ცესკო არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

0
(განახლებულია 09:51 06.08.2020)
დღეისათვის რეგისტრაცია 34–მა პარტიამ გაიარა, უარი კი 10 პარტიას ეთქვა. განაცხადა სულ 68 პარტიამ შეიტანა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპარლამენტო  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კიდევ ორი პარტია დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს ცესკოს მონაცემების თანახმად, 5 აგვისტოს საღამოსთვის რეგისტრაცია გაიარეს პარტიებმა – „ახალი საქართველო“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. 

არასაპარლამენტო პარტიების განცხადებებს კომისია 15 ივლისამდე იღებდა. განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა. დღეისათვის  დარეგისტრირებულია  34 პარტია, დარღვევების გამო 10 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების შეტანის ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება.

არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მანამდე იმ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ცესკოში 5 ათასი მომხრის ხელმოწერები უნდა წარადგინონ. დანარჩენები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

ამ დროისთვის დარეგისტრირებული პარტიები:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – ლიდერი მიხეილ სულუაშვილი;   

 „სოციალური სამართლიანობისთვის“ – ლიდერი მამუკა ტუსკაძე’

 „საქართველო“ – ლიდერი გიორგი ლილუაშვილი

 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – ლიდერი ჯონდო ჯავახიშვილი;

 „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – ლიდერი იაგო ხვიჩია;

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ლიდერი გია ბერძენიძე; 

„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ – ლიდერი გრიგოლ ჯოჯუა;

„ახალი ქრისტიან–დემოკრატები“ – ლიდერი ნიკოლოზ ჯოგლიძე;

„ევროპელი დემოკრატები“ – ლიდერი პაატა დავითაია;

„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – ლიდერი ხათუნა ქოიავა;

„პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ლიდერი გიორგი ვაშაძე;

„ლელო საქართველოსთვის“ – ლიდერი მამუკა ხაზარაძე;

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა" – ლიდერი ნინო ბურჯანაძე;

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა" – ლიდერი მალხაზ გორგასლიძე;

„სახელმწიფო ხალხისთვის" – ლიდერი ნიკა მაჭუტაძე;

„თავისუფალი დემოკრატები" – ლიდერი შალვა შავგულიძე;

„ნაციონალურ–დემოკრატიული პარტია" – ლიდერი ბაჩუკი ქარდავა;

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – ლიდერი შალვა ნათელაშვილი;

„თავისუფალი საქართველო" – ლიდერი კახა კუკავა;

„ქრისტიან–კონსერვატორული პარტია " – ლიდერი შოთა მალაშხია;

„გამარჯვებული საქართველო" – ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;

„ქართველ ნაციონალისტთა ერთობა" – ლიდერი გაიოზ მამალაძე;

„ქართული დასი – ლიდერი ჯონდი ბაღათურია;

„მწვანეთა პარტია" – ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე;

„კანონი და სამართლიანობა" – ლიდერი თაკო ჩარკვიანი;

„რეფორმატორები" – ლიდერი დავით მიროტაძე;

„პროგრესი და თავისუფლება" – ლიდერი ნიკოლოზ გვრიტიშვილი;

„მამულიშვილთა ორდენი – სამშობლო" – ლიდერი გრიგოლ სოხაძე;

„კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია" – ლიდერი ირაკლი კობრავა;

„სახალხო მოძრაობა – ქრისტიან–დემოკრატები" – ლიდერი ანა რეხვიაშვილი;

„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" – ლიდერი ხათუნა ქოიავა;

ქართული ფესვები" – ლიდერი თენგიზ ოქროფილაშვილი;

„სოციალ–დემოკრატები – საქართველოს განვითარებისთვის“ – ლიდერი გია ჟორჟოლიანი;

„მომავალი საქართველო" – ლიდერი გიორგი ლაღიძე;

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო" – ლიდერი ისაკი გიორგაძე.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020