ეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე

როგორ ჩააკითხა გურიის სოფლიდან საცოლემ შეყვარებულს პორტ-არტურში

3073
(განახლებულია 08:58 08.05.2020)
ამ ამბავს გურიაში დღესაც სიყვარულის ზღაპარივით ჰყვებიან. ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიყვარულისთვის არანაირი საზღვარი და დაბრკოლება არ არსებობს...

წარმოიდგინეთ 1944 წელი, გურია, სოფელი ცხემლისხიდი. მიუხედავად იმისა, რომ ომია, სიცოცხლე მაინც გრძელდება: სოფელში დარჩენილი მეზობლები ერთმანეთს ისევ უხმობენ ნადზე და სადედამთილოები ისევ არჩევენ ომში წასული ვაჟებისთვის სასურველ პატარძლებს… გურიის სხვა სოფელში კი, ვაკიჯვარში, მდინარაძეების ოჯახიდან ჯარში 22 წლის მოსე წავიდა. გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ იგი ერთ-ერთი იყო საქართველოში მცხოვრებ ვეტერანებს შორის, რომელიც ტრადიციულად ყოველი წლის 9 მაისს ვაკის პარკში თავის თითზე ჩამოსათვლელ თანამებრძოლებს ხვდებოდა. სამწუხაროდ, ბატონო მოსე შარშან გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. ამიტომ ამ სიყვარულის ამბავს მისი 91 წლის მეუღლისგან, ქალბატონ ეთერ აროშიძისგან მოვისმენთ. მაგრამ მანამდე ბატონი მოსეს ფრონტულ ცხოვრებაზე გიამბობთ.

სამხედრო სამსახურში 39 წელი დაჰყო. 1944 წლის დასაწყისში 39-ე არმიის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით გვარდიის 279-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად დაინიშნა. ეს იმ დროისთვის თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა იყო. ორწელიწად-ნახევარში ასეულის ზემდეგიდან პოლკის მეთაური გახდა, რაც საბჭოთა ჯარში მართლაც იშვიათი შემთხვევა იყო. სამამულო ომში გამოჩენილი მამაცობისა და სარდლობის საბრძოლო დავალებების სანიმუშოდ შესრულებისთვის მოსე მდინარაძე წითელი დროშის სამი, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის პირველი ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე მრავალი საბრძოლო მედლით დააჯილდოვეს. სოფელში და საერთოდ გურიაში ევროპული გარეგნობის ასეთ ახალგაზრდა მამაკაცს, გმირს ბევრი ოჯახი შენატროდა. 

ეთერ აროშიძე
photo: courtesy of Teona Gogniashvili
ეთერ აროშიძე

— ნახეთ, რა ბიჭი იყო! — მეუბნება ქალბატონი ეთერი და შავ-თეთრ ფოტოს მაწვდის, – ძალიან ლამაზი ზურმუხტისფერი თვალები და ღია ფერის თმები ჰქონდა. მაღალი და ტანადი იყო, ამას პორტ-არტურში კი არა, ქვეყნის ბოლომდეც გავყვებოდი!.. თუმცა, სინამდვილეშიც სწორედ ასე მოხდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ადგილი გურიიდან სწორედაც ქვეყნის დასალიერში მდებარეობს.

ახლა ისევ ცხემლისხიდში დავბრუნდეთ. 1944 წლის მარტის თვეში სოფელში სილამაზითა და, როგორც ჩვენთან უყვართ თქმა, ოჯახიშვილობით გამორჩეული 21 წლის ეთერ აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო გამოცდებს აბარებს.

– ქალბატონო ეთერ, თქვენ ყურამდე როგორ მოვიდა ახალგაზრდა გმირის ამბავი?

— სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, მომდიოდა ხმები, რომ კარგი ბიჭი იყო. მან ფრუნზეს აკადემია დაამთავრა და 26 წლის ასაკში უკვე პოდპოლკოვნიკი იყო. მაშინ ასეთი რამ ამ ასაკში იშვიათობას წარმოდგენდა. ომში დაჭრილი 8 თვე ჰოსპიტალში იწვა. ერთმანეთს შემთხვევით ვაკიჯვარში, ოლია მამიდას სახლში შევხვდით. მაშინ თოვდა და რახან ის დაჭრილი იყო, ფეხი გაუცივდა. როცა პირადად გამიცნო, მოსე, ეტყობა, მოიხიბლა, პირდაპირ გეტყვით, რომ არც მე ვიყავი ცუდი გოგო… მაშინ ჩემთვის არაფერი უთქვამს, ჩემ ოჯახს კი შემოუთვალა, თუ სხვისთვის არა აქვს პირობა მიცემული, ჩემ დაბრუნებამდე თავი შეიკავოსო. მამაჩემი, თურმე, დაიბნა, ფერი დაკარგა, რადგან მოსე ნანახი არ ჰყავდა. თუმცა, როცა მან სასიძოს ფოტო ნახა, ასე თქვა, აი, ესაა სიძე, ნამდვილი ვაჟკაცი, ისეთი, როგორიც მე მინდოდაო. მოკლედ, თვალებში რომ შევხედეთ, იმწუთშივე მოგვეწონა ერთმანეთი და მაშინვე გამოაცხადა – ეთერის დავნიშნავო. როცა დავინიშნეთ, მერე გურიიდან პირდაპირ აღმოსავლეთის ფრონტზე წავიდა…  

ეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე
photo: courtesy of Eter Aroshidze
ეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე

– 21 წლის გოგომ როგორ გადაწყვიტეთ, რომ შეყვარებულს ასეთ საშიშ დროს და თანაც ასე შორს ჩააკითხეთ? 

— მოსე ბელორუსიის ფრონტზე იბრძოდა და იქ რომ ჩავიდა, იმ დროს იაპონიის ომი დაიწყო და ისიც თავის ლეგიონს მონღოლეთში დაეწია. მერე, მოგეხსენებათ, კაპიტულაცია მოხდა. იმ დროს სად იყო ასე ადვილად დარეკვის საშუალება? ერთმანეთს წერილებს ვწერდით. მოსე ისეთ სიტყვებს მწერდა, რომ სიყვარულის ცეცხლი უფრო მეკიდებოდა. ხომ იცით, როცა შეყვარებულები შორს არიან, გრძნობაც მეტი ძალით ღვივდება. ჰოდა, ვართ ასე მიმოწერაში. ერთხელაც მოსემ ჩემ ოჯახს მოსწერა, ჩინეთში 17 თვე უნდა ვიყო, ეთერის გარეშე ამდენი ხანი ვერ გავძლებ და საბუთები გაუმზადეთო. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მეუბნებოდნენ, ასეთ დროს ამხელა გზაზე წასვლა საშიშიაო, მაგრამ მე რაღა დამაკავებდა? გადავწყვიტე, საყვარელ ადამიანთან ჩავსულიყავი. მოკლედ, წინ დიდი და გაურკვეველი გზა იყო, მახსოვს, ცხემლისხიდიდან ჯერ ბაქოში ჩავედი, 58 დღე გზაში ვიყავი. 

– ქალბატონო ეთერ, გულწრფელად მიპასუხეთ, არ შეგეშინდათ? 

— თქვენ წარმოიდგინეთ, არ შემშინებია, ოღონდ ის მენახა და ყველაფერს ავიტანდი. ვლადივოსტოკში რომ ჩავედი, ხალხი ხამსა თევზებივით იყო ჩაწყობილი. ადგილზე 500-კაციან საერთო საცხოვრებელში მიგვიყვანეს. ამის მერე სამგზავრო გემზე ავედით, სადაც საშინელი სუნი იდგა. აქ დაბრკოლება მელოდა: რადგან მოსეს ოფიციალური ცოლი არ ვიყავი, ამიტომ გემზე არ მიშვებდნენ. მაშინ ჩემმა შეყვარებულმა ადიუტანტი გამოგზავნა და შემოუთვალა, გამოატარეთო. გემზე 10 დღე საშინელ პირობებში ვიყავი. მერე ადგილზე, დაირენში ჩავედი. დაირენი პორტ-არტურთან ახლოსაა. მახსოვს, საშინელი სიცხე იყო და გზაში ერთი მგზავრის ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ადგილზე რომ ჩავედით, წვიმდა, ცა ფეხად ჩამოდიოდა. მე კი ამ დროს სამი დღის უჭმელი ვიყავი, თანაც გამაფრთხილეს, ყვითელ ზღვაში ბევრი ზვიგენია და ფრთხილად იყავიო… მეგონა, დაირენში ჩემი შეყვარებული დამხვდებოდა, მაგრამ კიდევ 15 დღე კარანტინში მომიწია ყოფნა. ბოლოს, როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანთან ყოფნა ღირდა იმად, რომ ამდენი განსაცდელი გადამეტანა. ამხელა გზა გავიარე სიყვარულისთვის და ჩვენმა გრძნობამ ყველაფერს გაუძლო…  

– გამოდის, რომ თაფლობის თვე ასეთ რთულ პირობებში გაატარეთ, მაგრამ იმ პერიოდში გადაღებული ერთი ფოტო მაინც ღიმილისმომგვრელია: მასზე მეუღლის საკმაოდ დიდი ზომის კიტელი გაცვიათ და ხელში სიგარეტი გიჭირავთ… 

— თაფლობის თვის გარდა ასეთ პირობებში კიდევ წელიწადი და 9 თვე ვიყავით. ამ ფოტოს რაც შეეხება, სახუმარო სცენა მოვაწყვეთ, მისი დიდი კიტელი ჩავიცვი და ხელში სიგარეტი დავიჭირე — ვითომ ვეწეოდი. არადა, სინამდვილეში მწეველი არასოდეს ვყოფილვარ. ვიცოდით, რომ დრო რომ გავიდოდა, ამ კადრზე გაგვეცინებოდა… ამასობაში, მოგეხსენებათ, იქ აუტანელი ჰავაა და მე დღითიდღე ცუდად ვგრძნობდი თავს, ჯანმრთელობა კინაღამ სერიოზულად შემერყა. აშკარა გახდა, დიდხანს ასე ვეღარ გავძლებდი… 

– თქვენი ამბავი, თურმე, სტალინმაც გაიგო, როგორ მოხდა ეს, ბატონმა მოსემ მას წერილი მისწერა? 

— დიახ, ეს მართალია. მოსემ სტალინს წერილი მისწერა, დაუწერა, ქართველი ცოლი მყავს, ადგილობრივ ჰავას ვერ იტანს და თუ შეიძლება, უფლება მოგვეცით, აქედან წამოვიდეთო. არავის ეგონა, რომ ეს წერილი სტალინამდე მივიდოდა, მაგრამ მალე მისგან თანხმობის პასუხი მოგვივიდა. ჩვენ დაგვრთეს ნება, რომ იქიდან წამოვსულიყავით. უკან იგივე გზა გამოვიარე, ოღონდ, ამჯერად თვითმფრინავით და საყვარელ ადამიანთან ერთად… ასე იყო ჩვენი ამბავი, ასე ჩავაკითხე საყვარელ ადამიანს გურიიდან პორტ-არტურში… 

– თუ გახსოვთ, 1945 წლის 9 მაისს სად შეხვდით?

— 9 მაისს მოსე შვებულებაში იყო და მწვანე კონცხზე, ჰოსპიტალში იწვა. ჩემთვის მოსე სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ისეთივე ახლობელი და საყვარელი ადამიანი, როგორიც გაცნობის პირველ დღეებში იყო. ბედის ირონიაა, რომ მოსემ ამდენი წელი ისე იცოცხლა, რომ არც უავადმყოფია და შარშან, 97 წლის ასაკში, ომის დროს სხეულში ჩარჩენილი ტყვიამფრქვევის ნამსხვრევის გამო გარდაიცვალა… გამოდის, რომ ამდენი წლის მერე ისევ ომმა წამართვა მისი თავი, მაგრამ სიყვარული ხომ მაინც ჩემთან დარჩა?!.

 

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია 2016 წელს!

 

3073
თემები:
9 მაისი - ისტორია და ადამიანები (10)
აბანოთუბანი

ტფილისელ „შავჩოხიანთა“ ამბოხი და ორბელიანის მიერ აკლებული ავლაბარი: ამქართა აჯანყება

80
(განახლებულია 21:00 06.07.2020)
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქართველ კაცს სოციალური პრობლემების გამო უკმაყოფილების გამოხატვა „უჭირდა“ და ამ ნიადაგზე აჯანყება არც მოუწყვია.

ამ მცდარი მოსაზრების გასაბათილებლად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველაზე თვალნათელი მაგალითია თბილისის ხელოსანთა აჯანყება, რასაც 1865 წლის ივნისის ცხელ დღეებში ჰქონდა ადგილი. გამწარებულმა ხალხმა ქალაქში ისეთი ამბები დაატრიალა, თბილისს მანამდე რომ არასდროს ენახა.

თბილისის ხელოსნები, რომლებსაც ყარაჩოღელთა (ყარაჩოღელი თურქულიდან ითარგმნება როგორც „შავჩოხიანი“) სახელითაც ვიცნობთ, მეომარი და უშიშარი ადამიანები გახლდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ საომარი ვითარების დროს ყარაჩოღელები ფრონტზეც გაჰყავდათ და ქალაქში წესრიგის დაცვასაც ანდობდნენ. მაგალითად, 1803 წელს განჯის ციხის აღებისას ბრძოლებში ქართულ ჯართან ერთად თბილისის ხელოსნობაც იღებდა მონაწილეობას; 1826 წელს ამქრები დარაჯობდნენ ნავთლუღის ჰოსპიტალს; 1854 წელს, ოსმალეთთან ომის დროს („ყირიმის ომი“) გენერალმა რეადმა, სხვებთან ერთად, თბილისელი ხელოსნებიც გაიწვია ფრონტზე და ისინიც უკლებლივ ყველა შეიარაღებული გამოცხადდა ადგილზე.

ქოლერისა და შავი ჭირის დროს, როცა თბილისის მცხოვრებნი ქალაქიდან თავგზააბნეული გარბოდნენ და თავიანთ მკვდრებსა თუ ავადმყოფებს ბედის ანაბარა ტოვებდნენ, ამქრის წევრები ქალაქში დარჩნენ, რათა სნეულებისთვის და მიცვალებულთათვის პატრონობა გაეწიათ.  

ყარაჩოღელების შრომისმოყვარეობაზე, თავაზიანობასა და პატიოსნებაზე მაშინ ლეგენდები დადიოდა. თუმცა, როდესაც ხელისუფლება ზღვარს გადავიდა, დიდი აჯანყება მოაწყვეს.

1865 წელს თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, ქალაქის კეთილმოწყობისათვის საჭირო ხარჯები გადასახადების გაზრდით ამოეღო. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ბაჟი ქალაქში შემოტანილ საქონელზე, ქალაქის მაშინდელი თავის შერმაზან ვართანოვის განკარგულებით, მომატებული ბეგარა ვაჭარ-ხელოსნებსაც შეეხო. ეს კი მეტად მძიმე ტვირთად დააწვა წვრილ ვაჭარ-ხელოსნებს და ისინიც, ბუნებრივია, ამის წინააღმდეგ წავიდნენ.

მაგრამ ქალაქის გამგეობამ ყურს მიღმა გაატარა ამქართა პროტესტი. ის კი არა, ვართანოვმა ახალი განკარგულება გასცა გადასახადების დაუყონებლივ ამოღებაზე. ამის საპასუხოდ 1865 წლის 26 ივნისს ამქრები ახლანდელი თავისუფლების, მაშინ კი ერივანსკის მოედანზე შეიკრიბნენ (დიახ, ერივანსკის მოედანი. 1827 წელს რუსეთის ჯარებმა გენერალ პასკევიჩის მეთაურობით აიღეს ციხე-სიმაგრე ერივანი. სხვა ჯილდოებთან ერთად, პასკევიჩს გრაფ ერივანსკის ტიტულიც უბოძეს. სწორედ ამ გენერლის სახელი ეწოდებოდა ერთ დროს თავისუფლების მოედანს). მღელვარების მოთავეებმა თხოვნით მიმართეს ქალაქის თავს, მეფის ნაცვალს და თვით იმპერატორსაც კი, რომ გაეუქმებინათ უკანონო გადაწყვეტილება. მაგრამ მათ საჩივარს შედეგი არ მოჰყოლია.

და როცა თხოვნით ვერაფერს გახდნენ, 27 ივნისს თითქმის მთელი ქალაქი გაიფიცა. დილიდან დაიხურა ყველა დუქანი, სახელოსნო, საბაყლო, ყავახანა, გაჩერდა ეტლები და ათი ათასამდე ხელოსანმა, მეეტლემ, მეთულუხჩემ, მეფორნემ, შავმა მუშამ, მემწვანილემ და სხვამ, კეტებსა და ხანჯლებს წამოავლეს ხელი და აჯანყდნენ. მათ მხარი აუბა ქალაქის ღარიბმა მოსახლეობამაც. სოფლიდან ქირაზე ჩამოსულმა გლეხებმა თუ წვრილმა ვაჭრებმა საპოლიციო სამმართველოს შეუტიეს. ღარიბი თბილისელები მათ ხარჯზე გამდიდრებულ ჩინოვნოკებს, მევახშეებს, გადამყიდველებს დაერივნენ.

ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ მანსვეტაშვილი თავის „მოგონებანში“ წერს:

„სხვა ღონე არ იყო. ხალხმა ძალას მიჰმართა. დუქნები დაიკეტა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მეთაურებიც გამოუჩნდნენ. მახსოვს ერთი ავლაბრელი მებაკე, რომელსაც ხშირად იხსენიებდნენ, მგონი მოსე კოლოტაშვილი იყო იმის გვარი. ძალადობამაც იჩინა თავი. ხალხი ბრალსა სდებდა ქალაქის მოთავეს, გვარად ბაჟბეუქ-მელიქოვს, ვითომ ის ჰმალავდა ფქვილს და პურის სიძვირე იმიტომ ჩამოვარდაო. ბრბო მიადგა დაწესებულებას და სთხოვდა ბაჟ-ბეუქს გამოსულიყო მოსალაპარაკებლად. ის იქ არ აღმოჩნდა. ბრბო გაეშურა იმის საკუთარ ბინაზე, მგონი, კუკიაში. აქაც უთხრეს, შინ არ არისო. აღელვებულმა და მოთმინებიდგან გამოსულმა ხალხმა არ დაუჯერა შინაურებს და თვითონ შეუდგა სახლის ჩხრეკას. მართლაცდა ბანზე, სახურავის ქვეშ, აღმოაჩინეს მიმალული ბაჟ-ბეუქი. ამ არასაკადრისი საქციელით აღელვებულმა ხალხმა ძალადობა იხმარა: ბაჟბეუქი მეორე სართულის სიმაღლიდგან ძირს გადმოაგდეს და დამსხვრეულ-დასახიჩრებულმა იქვე განუტევა სული. მერე მიჰყვეს ხელი და მთელი სახლი აიკლეს, ყველაფერი მილეწ–მოლეწეს და ოჯახობაც დააწიოკეს“.

დიდმა არეულობამ მოიცვა სოლოლაკი, ავლაბარი, ნავთლუღი. ავლაბარში აჯანყებულებს მებაკე მოსე მეთაურობდა. მთავრობამ ჯარი გაგზავნა მათ დასასჯელად, მაგრამ ცხვირიც ვერ შეყვეს ავლაბარში. შეშინებულმა ხელისუფლებამ აჯანყებულთა დასაშოშმინებლად მედიატორობა საქართველოს მეფის გიორგი XII-ის ნათესავს ირაკლი გრუზინსკის (ბაგრატიონი) სთხოვა. მართალია, გრუზინსკის დიდ პატივს სცემდნენ თბილისელები და მის სიტყვასაც ფასი ჰქონდა, მაგრამ შეშინდა მაინც, ვერ გავიდა აღელვებულ ხალხთან.  

მაშინ ხელისუფლებამ დასახმარებლად სახელოვან პოეტს, გენერალსა და მეფისნაცვლის მოადგილეს გრიგოლ ორბელიანს მიმართა.

იაკობ მანსვეტაშვილი წერს:

  • „ამან ჯერ ყიზილბაშურ ხერხს მიჰმართა: ტკბილი, მლიქვნელი ენით დაუწყო ხალხს ლაპარაკი, დარიგება და ურჩევდა დამშვიდებას და შინ დაბრუნებას. ხალხი მას ყიჟინით დაუხვდა და შტვენით გაისტუმრა. განრისხებულმა ორბელიანმა ბევრი აღარ დაახანა, ხალხს ჯარი მიუსია და გაფანტა, ავლაბარი ააკლებინა. მეთაურები შეიპყრეს, მათ შორის მოსეც, რომელიც, როგორც გამიგონია, სამართალს ვეღარ ეღირსა და ციხეში გარდაიცვალა“.

მოკლედ, არ გაჭრა ჟანდარმად ქცეული სახელოვანი პოეტის ენამზეობამ და არც მუქარამ. გამწარებულმა ხალხმა გენერალს ბოლომდე არც მოუსმინა. როცა მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელმა ხალხს მიმართა – შვილებო, გონს მოდით, დამშვიდდით, კანონი ყველასათვის ერთია. კაცი მთავარმართებელი ვარ და ცხენის ხარჯს მეც ვიხდიო, მას დაცინვით გამოეპასუხნენ – თქვენ ცხენს აჭმევთ, ჩვენ კი ცხენი გვაჭმევსო.

ხალხის დაშოშმინება უსტაბაშებმა (ამქართა წინამძღოლებმა) და სამოქალაქო გუბერნატორმა ნიკოლოზ ჭავჭავაძემაც სცადეს. მათაც მოუწოდეს აჯანყებულებს სახლში დაბრუნებისკენ. მაგრამ უშედეგოდ. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ: „ძნელია ელაპარაკო კუჭს, რადგან მას ყურები არ აქვს“. გამწარებულმა ხალხმა აიკლო ქალაქის თავის ბინა, მოკლა გადასახადების ამკრები მელიქოვი და მისი სახლი დაარბია.

მთავრობა შედრკა, შეშინდა და „წესრიგის აღსადგენად“ ჯარი გამოიყვანა. მუხროვანიდან მოიტანეს ზარბაზნები და ავლაბრის ორივე ხიდზე, თათრის მოედანზე პოლიციის შენობასთან, კუკიის ხიდთან და ჩუღურეთის სიახლოვეს განალაგეს. ამის შემდეგ გრიგოლ ორბელიანისა და ტფილისის სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით თბილესელებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯარისა და მოქალაქეთა დაპირისპირება ორ დღეს გაგრძელდა. დაიღუპა ოცზე მეტი პროტესტანტი, 16 კაცი ციმბირში გადაასახლეს, ხოლო 32-ს ხვადასხვა სახის პატიმრობა შეეფარდა. მსხვერპლი იყო ჯარისკაცებშიც.

აჯანყებას, მიუხედავად დამარცხებისა, დადებითი შედეგები მაინც მოჰყვა. მთავრობა იძულებული გახდა ზოგ დათმობაზე წასულიყო...

80
თემები:
იცით თუ არა, რომ...

მიმოხილვა: რატომ უღირს ინდოეთს 2 მილიარდი დოლარის გადახდა რუსულ გამანადგურებლებში

56
(განახლებულია 12:03 06.07.2020)
დასავლეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა მშვიდობიანად დაიპყრო შეიარაღების მსოფლიო ბაზრის თითქმის მესამედი, წერს სამხედრო მიმომხილველი

რუსეთი განაგრძობს სუხოვისა და მიქოიანის საბრძოლო ეფექტურობითა და საიმედოობით გამორჩეული გამანადგურებლების ექსპორტის განვითარებას. ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ტრადიციულად რუსულ იარაღს ამჯობინებენ და ეს არჩევანი ძვირადაც ფასობს.

ინდოეთის თავდაცვითი შესყიდვების საბჭომ ინდოეთის სამხედრო-შეიარაღებული ძალებისთვის 12 რუსული მრავალმიზნიანი გამანადგურებლის - Су-30МКИ-სა და 21 გამანადგურებლის - МиГ-29-ის შეძენისა და МиГ-29-ის 59 თვითმფრინავის მოდერნიზების გადაწყვეტილება მიიღო. Су-30МКИ-ის ახალი პარტია 1,42 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, МиГ-29-ის თვითმფრინავები კი 984 მილიონ დოლარად. საერთო ჯამში ფასი ორ მილიარდ დოლარს აჭარბებს. თვითმფრინავები ინდოელ პარტნიორებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა.

მიუხედავად დასავლეთის სასტიკი წინააღმდეგობისა, რუსეთმა მშვიდობიანად დაიპყრო შეიარაღების მსოფლიო ბაზრის თითქმის მესამედი. „როსობორონექსპორტის“ პორტფელში 55 მილიარდი დოლარის ღირებულების შეკვეთაა (მეორე ადგილი აშშ-ის შემდეგ). ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნებულია 53-56 მლრდ-ის „დერეფანი“.

რუსეთის შეიარაღების ექსპორტის დაახლოებით 45% ავიაციაა. დამაჯერებელი წარმატების მიღწევას მაღალტექნოლოგიური შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე ხელს უწყობენ Су-30 და МиГ-29, რომლებიც მრავალი პარამეტრით სამართლიანად ითვლებიან საუკეთესოდ ჩვენს პლანეტაზე. მათ იყენებენ ათობით ქვეყანაში. გამანადგურებლებზე დიდი მოთხოვნილებაა დსთ-შიც.  

რუს პარტნიორებზე არჩევანის შეჩერება შემთხვევითი არ არის. მრავალმიზნიანი მაღალი მანევრულობის 4++ თაობის გამანადგურებელი Су-30 შექმნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დღისითა და ღამით, მარტივ და რთულ კლიმატურ პირობებში, აქტიური და პასიური დაბრკოლებების გამოყენებისას. თვითმფრინავს შეუძლია რვა ტონა საბრძოლო ტვირთის ზიდვა 2125 კმ/სთ-მდე სიჩქარით და საჰაერო თავდასხმებისგან თავისი ჯარების ეფექტურად დაცვა, მოწინააღმდეგის მასირებული თავდასხმის მოგერიება (ფრთოსანი რაკეტების ჩათვლით). უკვე ექსპორტირებულია და საექსპორტოდ გამზადებულია მრავალი ასეული Су-30МКИ.

მეოთხე თაობის გამანადგურებელი МиГ-29 ფლობს მძლავრ სარაკეტო შეიარაღებას და მაქსიმალური სიჩქარით - 2,25 მახით - შეუძლია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი გამანადგურებლის უკან მოტოვება. მისი საჰაერო უპირატესობა შემოწმებულია საბრძოლო მოქმედებებში სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ეთიოპიაში, ერითრეაში, იუგოსლავიაში, სუდანში, სირიაში და აღიარებულია დასავლეთში. МиГ-29 გამანადგურებელი 25 სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშია.

დსთ-ში

რუსეთი შეიარაღებას ყიდის მსოფლიოს ორმოცდაათ ქვეყანაში, მათ შორის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შვიდ ქვეყანაში, სადაც შემტევ ავიაციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მაგალითად, ბელარუსმა კონტრაქტით გათვალისწინებული 12 თვითმფრინავიდან უკვე მიიღო ოთხი უახლესი Су-30СМ.

12 ერთეული Су-30СМ მრავალმიზნიანი გამანადგურებელი უკვე შეძენილი აქვს სომხეთს. რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ ასევე МиГ-29 გამანადგურებლებს. ერევანი რუსული წარმოების თვითმფრინავების ხარჯზე მომავალშიც გეგმავს ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო პოტენციალის გაძლიერებას. 

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს, დაგეგმილი 36 ერთეული Су-30СМ გამანადგურებლიდან, 12 მანქანა ახლო მომავალში გადაეცემა.

Су-30СМ გამანადგურებლების პარტიით სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებას აპირებს ასევე უზბეკეთი რუსული სახელმწიფო საექსპორტო კრედიტის ხარჯზე. გარდა ამისა, რუსეთი ეხმარება მას 30 ერთეული МиГ-29-ის მოდერნიზებაში.

სუხოვისა და მიქოიანის თვითმფრინავებს სწავლობენ ასევე აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალისტები. მათ ამ ორ მოდელს შორის რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებს უკვე მოეპოვებათ Миг-29 გამანადგურებლები.

უახლოესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესი კანონზომიერია. მძლავრი და მაღალი მანევრულობით გამორჩეული შემტევი თვითმფრინავები მსოფლიოში კონსტრუქტორული ნააზრევის შედევრად მიიჩნევა.

რუსეთი მაღალტექნოლოგიური შეიარაღების საიმედო მომწოდებლის რეპუტაციით სარგებლობს. თუმცა დავუბრუნდეთ ინდურ კონტრაქტებს.

სანიმუშო თანამშრომლობა

რუსეთისა და ინდოეთის ურთიერთობა 2011-2020 წლებში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის საფუძველზე ვითარდება. „როსობორონექსპორტში“ ინდური შეკვეთების პორტფელი 4 მილიარდ დოლარს აღემატება. ინდოეთი უმსხვილესი პარტნიორების პირველ სამეულშია ჩინეთთან და ეგვიპტესთან ერთად. რუსეთის წილი ინდოეთის შეიარაღების იმპორტის საერთო მოცულობის 70%-ს შეადგენს, ნიუ-დელის შესყიდვების დივერსიფიკაციის ფონზეც კი. ამას ემატება კონტრაქტები ადრე შეძენილი რუსული საავიაციო ტექნიკის ძვირადღირებული მოდერნიზაციის შესახებ.

ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის 16 ერთეული МиГ-29К/КУБ გამანადგურებლის მიწოდების პირველი კონტრაქტი 2011 წელს დასრულდა. ორი წლის შემდეგ დაიწყო მეორე კონტრაქტის შესრულება 29 ერთეული ანალოგიური მანქანის მიწოდებაზე. დღეს რუსეთის საავიაციო კორპორაცია „МиГ“, 2008 წელს 900 მლნ დოლარზე გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ინდოეთს 62 ერთეული МиГ-29-ის (МиГ-29UPG-ის მოდიფიკაცია) მოდერნიზებისთვის ტექნოლოგიურ კომპლექტებს აწვდის.

ინდოეთმა და რუსეთმა 2000 წელს გააფორმეს 3,5 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტი ინდოეთისთვის 140 ერთეული Су-30МКИ გამანადგურებლის ინდურ საწარმოში HAL (Hindustan Aeronautics Limited) გამოშვების ლიცენზიის მიყიდვის თაობაზე. მოგვიანებით მხარეები შეთანხმდნენ 222 მანქანის გამოშვებაზე და დღეს ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში დაახლოებით 270 ერთეული Су-30МКИ გამანადგურებელია.

რუსეთისა და ინდოეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად ვითარდება, მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის სანიმუშოდ იქცა. წარმატებას თან ახლავს შეიარაღების სისტემების ერთობლივი პროექტირება და შემუშავება, ტექნოლოგიების გაცვლა, საავიაციო-კოსმოსური პროექტები.

თანამშრომლობას ხელს ვერც ის სანქციები უშლის, რომელთა დაწესებითაც ინდოეთს МиГ-29-ის შეძენის შემთხვევაში (ამერიკელების მიერ შეთავაზებული F-16-ის ნაცვლად) აშშ ემუქრება. ადრე სანქციები ვრცელდებოდა Су-35 გამანადგურებლებსა და С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე.

56
კუნძული ბალი

გიყვართ ეგზოტიკურ ბუნებაში დასვენება? კუნძული ბალი ტურისტების მისაღებად ემზადება

0
(განახლებულია 09:48 07.07.2020)
ბოლო ცნობებით, კუნძულზე კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1849–ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

 

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik.  ინდონეზიის ერთ–ერთი კუნძული ბალი, რომელიც ტურისტებს შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს, დამსვენებლების მიღებას სექტემბრიდან გეგმავს, იუწყება გაზეთი Jakarta Post–ი. 

გამოცემის ცნობით, ბალის გუბერნატორმა ვაიან კოსტერმა კუნძულზე აქტივობის განახლების სამი ფაზა დაასახელა.

ხელისუფლების ახალი გეგმების თანახმად, უცხოელი ტურისტები პოპულარულ კუნძულზე სტუმრობას 11 სექტემბრიდან შეძლებენ. ამასთან, ადგილობრივი ტურისტებისთვის კუნძული 9 ივლისიდან გაიხსნება.

ბალიზე ტურიზმი მას შემდეგ გაჩერდა, რაც იქ კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევ დაფიქსირდა. ბოლო ცნობებით, კუნძულზე კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1849–ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 პაციენტი.


0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში