კონსტანტინე ლორთქიფანიძე ჩამოგდებულ ბომბზე ზის

უშიშნი ვითარცა უხორცონი: ამბავი ქართველი „ღიმილის ბიჭების“ გმირობისა

996
(განახლებულია 17:42 07.05.2020)
75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ ეგოროვმა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს. თუმცა ამას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი უშეღავათო და სისხლიანი ომი ფაშისტურ გერმანიასთან, რასაც დაახლობით 35-40 მილიონი ადამიანი შეეწირა.

მავანთ არაერთხელ წამოუძახებიათ ქართველებისთვის, თითქოს მეორე მსოფლიო ომის დროს ბერია და სტალინი „გვიფრთხილდებოდნენ“ და ფროტზე არ გავყავდით. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. რეალური სტატისტიკა საწინააღმდეგოს მეტყველებს. საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა ფაშიზმის დამარცხება. ასობით ათასმა ქართველმა დედამ ჩაიცვა შავი, ზოგი ქართული ოჯახი ისე ამოწყდა, რომ აღარავინ დარჩა სულიერი. უამრავი სოფლისა და დაბის მოსახლეობა თითქმის განახევრდა.

მაგალითად:

  • ამბროლაურის რაიონის სოფელ წესიდან 325 კაცი გაიწვიეს ომში, მათგან მხოლოდ 72 დაბრუნდა ცოცხალი.
  • ჭიათურის რაიონის ორი პატარა სოფლიდან — თვალუეთიდან და ცხუკვეთიდან ომში 168 კაცი წავიდა და 107 ვეღარ დაბრუნდა;
  • ბაღდათის სოფელ ფერსათში 458 გაწვეულიდან 288 დაიღუპა;
  • საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევში 250 გაწვეულიდან 117 შინმოუსვლელია...

ერთი სიტყვით, ნაცისტური ჭირის განადგურებაში საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა. სამმილიონიანი ქვეყნიდან 700-750 ათასი მეომარი მონაწილეობდა საომარ ოპერაციებში, რომელთაგან დაახლოებით 350 ათასი ბრძოლის ველზე დაეცა. 168 ჩვენს თანამემამულეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, მათგან 42-ს - სიკვდილის შემდეგ.  

ქართველებმა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში სიმამაცითა და შეუპოვრობით მტერიც განაცვიფრეს და მოყვარეც.

ომის პირველსავე დღეებში უამრავი ქართველი წავიდა წინა ხაზზე. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ერთი ოჯახიდან რამდენიმე წევრი მიდიოდა ომში. მაგალითად, სხვადასხვა ფრონტებზე გმირულად იბრძოდა შვიდი ძმა ლოლაძე (თელავის რაიონი, სოფელი ხოდაშენი), ექვსი ძმა ფირუაშვილი (გორის რაიონი, სოფელი კარალეთი), ექვსი ძმა ბუხრიკიძე (ხაშურის რაიონი, სოფელი ზემო ოსიაური), ხუთი ძმა ოსეფაშვილი (მცხეთის რაიონი, სოფელი ნიჩბისი), ხუთი ძმა ბურდილაძე (ონის რაიონი, სოფელი ფარახეთი), ხუთი ძმა ჯიბლაძე (აბაშის რაიონი, სოფელი გეზათი), ხუთი ძმა ჯანიაშვილი (საგარეჯოს რაიონი, სოფელი ხაშმი) და მრავალიც სხვა.

ფაშისტებს ებრძოდა სოხუმის რაიონის სოფელ მაჭარას მკვიდრი, ტანკისტი გიორგი შანგუაც, რომელმაც 1942 წლის აპრილამდე ფრონტის სხვადასხვა უბანზე მოწინააღმდეგის 51 ქვემეხი, 31 ტყვიამფრქვევი და 200-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა.

ლენინგრადის გმირ დამცველთა რიგებში იყო ტყვარჩელელი ერემია კვარჭია. მშრომელი გლეხი მსროლელი ტანკისტი გახდა და დაუნდობლად ანადგურებდა მტერს. ერთ-ერთ ბრძოლაში მისმა ტანკმა სამ გერმანულ ტანკს გაუმართა ბრძოლა, ერთი ააფეთქა, ორი - დააზიანა, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში კვარჭიას ტანკიც მწყობრიდან გამოვიდა, მძიმედ დაიჭრნენ მეთაური და წამყვანი. მოწინააღმდეგეებს მათი ხელში ჩაგდება სურდათ, მაგრამ ერემია კვარჭია ორი დღე-ღამე იგერიებდა მტერს. მან არც ტანკი დათმო და არც დაჭრილი თანამებრძოლი. როცა დამხმარე რაზმი მოვიდა, ერემიას ტანკის გარშემო ასზე მეტი ფაშისტის გვამი იხილეს.

ქართველები იცავდნენ სევასტოპოლსაც. მათ შორის განსაკუთრებით ისახელა თავი ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის მკვიდრმა, ზემდეგმა ნოე ადამიამ. მან 1942 წლის 16–22 ივნისის შუალედში მებრძოლთა მცირე ჯგუფით ათამდე იერიში მოიგერია. პირადად ნოემ გაანადგურა მოწინააღმდეგის ერთი ტანკი და 200 ჯარისკაცი და ოფიცერი. ამ მამაცობისთვის მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 

სახელოვანი მფრინავის, ფაშისტთა საჰაერო ძალების რისხვის, „ცის შევარდნად“ აღიარებული ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი და საქმეები კი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. ერთხელ კიევის დასაბომბად დაძრულ „მესერშმიტებსა“ და მათ დასაზღვევად გამოგზავნილი 20 გერმანულ „იუნკერსს“ ოთხმა მფრინავმა გადაუღობა გზა მოძველებული B-16-ით. მათ შორის იყო ჭიჭიკო ბენდელიანიც. და მტრის ექვსი თვითმფრინავი თვალის დახამხამებაში დაენარცხა მიწას. კიევი იმ დღეს დაბობვას გადაურჩა...

სულ 410 საბრძოლო გაფრენა მოასწრო ჭიჭიკო ბენდელიანმა. 85 საჰაერო შეტაკებაში მტრის 30 თვითმფრინავი ჩამოაგდო. ქართველმა კამიკაძემ არაერთხელ განახორციელა საჰაერო ტარანი. მამაც ქართველს მაიორის წოდება მიანიჭეს.

1944 წლის 20 ივლისს, პოლონეთის საზღვართან გამართული ბრძოლებისას, უკანასკნელი გაფრენა შეასრულა 30 წლის ვაჟკაცმა. მაშინ ერთი დღით შეწყდა საბრძოლო გაფრენები — იმ დღეს უკრაინის მიწას მიაბარეს მამაცთა შორის უმამაცესი მფრინავი...

1941 წლის დეკემბერში ყირიმის დაცვის ოპერაციაში ჩაერთო 224-ე ქართული მოტომსროლელი დივიზია, რომელი ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული.

26 წლის გრიგოლ სხულუხია გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. მაგრამ ვერ მიიღეს მისგან ცნობები. მაშინ ქართველ ვაჟკაცს საღად დარჩენილი მარცხენა ხელიც მოტეხეს, შემდეგ კი ტანსაცმელი გახადეს და ზურგზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი ამოჭრეს. მერე გაკოჭილი ნაკვერჩხალში ჩააგდეს და მაშინაც რომ არ გატყდა, ზემოდან ჩალა დააყარეს, ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. 

1943 წლის ოქტომბერში სერჟანტი ლავრენტი ავალიანი (ქუთაისი, სოფელი გუმათი) მელიტოპოლის მისადგომებთან იბრძოდა. ერთ-ერთი შეტევის დროს ავალიანი მოწინააღმდეგის სანგარში შეიჭრა და ხელჩართულ ბრძოლაში 18 ჰიტლერელი გაანადგურა.

მეორე დღეს ხუტორ კანდსკისთან კონტრშეტევის მოგერიებისას ავალიანმა ხელყუმბარებით მწყობრიდან გამოიყვანა მტრის სამი ტანკი, ხელის ტყვიამფრქვევით გაანადგურა მტრის 150-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი. როდესაც ტყვია-წამალი გაუთავდა, ფინური დანით შეიჭრა მტრის რიგებში და ხელჩართულ ბრძოლაში 12 ფაშისტი გამოასალმა სიცოცხლეს. თვითონაც გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

სევასტოპოლისთვის ბრძოლაში ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლის მკვიდრმა, ანაპის 414-ე ქართული დივიზიის მეომარმა გრიგოლ სამხარაძემ ერთ ბრძოლაში ტყვიამფრქვევით 160-მდე ჰიტლერელი გაჟლიტა.

კავკასიისათვის წარმოებულ ბრძოლებში ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრმა, მეტყვიამფრქვევე გიორგი სიამაშვილმა ორასზე მეტი ჰიტლერელი გაანადგურა და მოწინააღმდეგის ერთი ბომბდამშენი ჩამოაგდო.

1943 წლის 28 იანვარს უმცროსი ლეიტენანტი, ბოლნისის რაიონის წითელსოფლის მკვიდრი ვასილ პეტრიაშვილი ამბრაზურას გადაეფარა და თავის ოცეულს საკუთარი სიცოცხლის ფასად გაუხსნა გზა.

სხვათა შორის, პეტრიაშვილმა ეს გმირობა ალექსანდრე მატროსოვზე 26 დღით ადრე ჩაიდინა... 

სამწუხაროდ, უამრავი „ღიმილის ბიჭი“, პირტიტველა ქართველი ისე დაიღუპა იმ ომში, რომ არც საფლავი ეღირსა და არც მათი გმირობის ამბავი შემორჩა მატიანეს. თუმცა ისტორიის ფურცლებმა შემოინახა სხვა დიდებულ ქართველთა უმაგალითო გმირობა და ლეგენდარული ფრაზა, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოგვცემს ოთხწლიანი ეპოპეის არსს:

„ჩვენ ოციოდე გაზაფხული ვიკმარეთ ჩვენთვის, დანარჩენი კი სამშობლოსათვის შეგვიწირია...“

 

996
თემები:
იცით თუ არა, რომ... (361)

მიმოხილვა: ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ საფრენად ემზადება

145
(განახლებულია 12:36 24.05.2020)
რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სულ უფრო სრულყოფილი და ეფექტური ხდება. ახალი მძიმე კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ ფინალურ გამოცდებს გადის შეიარაღებაში შესვლის წინ

ალექსანდრ ხროლენკო

რუსეთის ვიცე–პრემიერმა იური ბორისოვმა 21 მაისს განაცხადა, რომ COVID-19–ის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ ზაფხულში გამოცდაზე — ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური კონსტრუქტორის მიერ განსაზღვრულ ვადებში ჩატარდება.    

„სარმატის“ გამტყორცნი გამოცდები 2018 წელს დასრულდა. კომპლექსი საბრძოლო ბლოკების ფართო სპექტრს მიიღებს, მათ შორის, ახალო თაობის ჰიპერბგერითს და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების შეიარაღებაში 2021 წელს შევა.  

ახალი რაკეტა მსოფლიოში უყველაზე ძლიერ Р-36М2 „Воевода–ს“ შეცვლის (ნატოს კლასიფიკაციით – SS-18 Satana). „სარმატს“ აქვს უნარი, იფრინოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გვერდის ავლით, წინასწარ გაუთვლელი ტრაექტორიით, რაც პირობითი მოწინააღმდეგის მხრიდან მის ჩაჭერას გამორიცხავს.

„სარმატას“ პრინციპული განსხვავება „ვოევოდასგან“ არის შემდეგი: ახალი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა, Ю-71 ტიპის ჰიპერბგერითი ბლოკებით, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ზეზუსტი იარაღი არაბირთვულ აღჭურვილობაში. ატმოსფეროში დაახლოებით 15 Max (7 კმ/წმ) სიჩქარის დროს ბლოკის კინეტიკური ენერგია გარანტირებულს ხდის ბირთვული დარტყმისთვის სახასიათო ნგრევას, მაგრამ ადგილის რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. ჰიპერბგერითი მანევრირებადი ბოეგოლოვკების არსებითი უპირატესობა — ეს ტრაექტორიის ძალია ზუსტად კორექტირების უნარია.

დასრულებულია მრეწველობის მოდერნიზაცია ახალი რაკეტის სერიული წარმოებისთვის, რომელიც კრასნოიარსკის მხარესა და ორენბურგის ოლქში განთავსდება. ამ გზით რუსეთი შეკავების პოტენციალს ზრდის.

ორივე პოლუსის გავლით

მსოფლიოს ყველა ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ცდილობს, გადაუსწროს კონკურენტს მძიმე კონტინენტთშორისი რაკეტების წარმოების სფეროში, მაგრამ რუსეთი ძალიან წინაა. შახტში ბაზირების სარაკეტო კომპლექსი „სარმატი“ ყველა პარამეტრით აღემატება დანარჩენებს.

ანალოგი სიშორის, სისწრაფისა თუ დამანგრეველი სიმძლავრის მხრივ, არ არსებობს. ფრენის სიშორით — 18.000 კმ/სთ — „სარმატი“ ერთნახევარჯერ  სჯობნის „ვოევოდას“, რომელიც თავის მხრივ ყველა უცხოურ კონკურენტზე წინაა. 10 ტონამდეა გაზრდილი სასარგებლო დატვირთვა. თავის ნაწილი ინდივიდუალური დამიზნების ათი ბლოკისგან შედგება. ახალი რაკეტის სასტარტო მასა 208 ტონას შეადგენს (აქედან 178 ტონა — საწვავია).რაკეტის საერთო სიგრძე 35,5 მეტრია, ხოლო დიამეტრი — 3 მეტრი. 

საბრძოლო სიმძლაცრით „სარმატი“ და „ვოევოდა“ ერთნაირია. კონტინენტთშორის რაკეტას აუცილებლად წარმატებით უნდა შეეძლოს ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადალახვა, დროულად და ზუსტად მოარტყას მიზანში. „ვოევოდას“ საბრძოლო ბლოკებიც კი მიფრინავდა ცრუ ელემენტების ღრუბელში (რაკეტის თავის ნაწილი ათი საბრძოლო ბლოკისგან შედგება, რომელტაგან თითოეულის სიმძლავრე 800 კილოტონაა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გარღვევის განვითარებული სისტემითაა აღჭურვილი). ლოგიკურია ვივარაუსოთ, რომ „სარმატს“ ფრენისას დაცვისა და შენიღბვის პრინციპულად ახალი საშუალებები ექნება.  სხვადასხვა სიმძლავრისა და დანიშნულების ბლოკების ხაზში კი ნამდვილად იარსებებს მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა ინოვაციური კომპონენტები.

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი?

გაყოფის შემდეგ მანევრირებადი ბლოკი დაახლოებით 15 Max–ის  (7 კმ/წმ) სიჩქარით მოძრაობს 100 კმ სიმაღლეზე და ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შესვლის წინ რთულ მანევრს ასრულებს მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადასალახავად. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამგვარი საბრძოლო  ბლოკებით წქერტილოვანი არაბირთვული დარტყმების მიტანაა შესაძლებელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე ლოკალურ კონფლიქტებში.

ახალი მძიმე „სარმატის“ შექმნისას ორი ძირითადი ორიენტირი იყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისადმი მოუწყვლადობა და მიფრენის მინიმალური დრო – რამაც შესაძლებელი გახადა მიეღოთ რეკორდული სიჩქარე, სიშორე, ტვირთამწეობა და 60 წამიანი საბრძოლო მზადყოფნა — მოწინააღმდეგის თავდასხმის შემთხვევაში ელვისებური რეაქცია.

პირობითი მოწინააღმდეგის ტერიტორიის „ორბიტული დაბომბვის“ ტექნოლოგია სამხრეთ პოლუსის ტრაექტორიის გავლით (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არსებული და პერსპექტიული სისტემების გვერდის ავლით), „სარმატს“ საშუალებას აძლევს, სამოქალაქო დანიშნულების კოსმოსური აპარატებიც გაუშვას. 

საკვანძო პარამეტრები

რამდენ ახალ მძიმე რაკეტას მიირებს რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები? მანამდე ამერიკულმა ტელეარხმა CNBC–მ, აშშ–ის დაზვერვაზე დაყრდნობით, 60 „სარმატის“ თაობაზე განაცხადა, რაც დაახლოებით შეესაბამება „ვოევოდების“ რაოდენობას ორ დივიზიაში.

მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა სხვა გეგმებიც ჰქონდეს. ღია ინფორმაცია არსებობს მხოლოდ კონტინეტშორისი ბალისტიკური რაკეტებისა და საბრძოლო ბლოკების ზღვრულ რაოდენობაზე, რომელიც СНВ-3–ის შეთანხმებითაა განსაზღვრული. ეს 700 გამშვები დანადგარი და 1550 საბრძოლო ბლოკია.

რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების პერსპექტივების განვითარებაში მნიშვნელობა აქვს აშშ–ის სარაკეტო–ბირთვულ პოტენციალსა და მის საგარეო პოლიტიკას, ვა შინგტონის გასვლას მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლას, ამერიკული საშუალო სიშორის რაკეტების სავარაუდო განთავსებას ევროპაში — რუსეთთან ახლოს. ასე მაგალითად, პოლონეთსა და რუმინეთში პენტაგონის ანტისარაკეტო კომპლექსებია განთავსებული — უნივერსალური გამშვები დანადგარებითა და მზადყოფნის სხვადასხვა ხარისხით.  იქიდან საშუალო სიშორის ანტისარაკეტო „სტანდარტ–3–ისა“ და ფრთოსანი რაკეტა „ტომაგავკების“ გაშვებაა შესაძლებელი.  გარდა ამისა, პოლონეთსა და რუმინეთში ბაზირებული ამერიკული მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები შესაძლოა ბირთვული საბრძოლო მასალებით იყოს აღჭურვილი. რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ საშუალო სიშორის მოიერიშე კომპონენტების გამოყენების შემთხვევაში, საპასუხო დარტყმის ზონაში აღმოჩნდება შეერთებული შტატებიცა და სასტარტო მოედნის ქვეყნებიც“. ამის ტაობაზე პირდაპირ განაცხადა რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალმა სერგეი კარაკაევმა.

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების 2020 წლის გეგმებში შედის ორასზე მეტი სხვადასხვა დონის სწავლება და კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების ექვსი გაშვება. გასულ წელს დაახლოებით ამდენივე სწავლება სარაკეტო გაშვება გაიმართა, რამაც სარაკეტო კომპლექსების მაღალი საიმედოობა და ეფექტურობა დაადასტურა.

თანამედროვე სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები — ეს სამი სარაკეტო არმია, 12 სარაკეტო შენაერთი (მათ შორის, სტაციონარული ბაზირების ოთხი და რვა მობილური დივიზია). ობიექტები საიმედოდაა დაფარული საჰაერო თავდასხმისგან. ბირთვულ სამეულში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები მთავარ როლს ასრულებს. ახალი მძიმე კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ ამ ჯარებსა და ბირთვული შეკავების სისტემაში საკვანძო პოზიციებს დაიკავებს.

145
ძველი წიგნი

მილიონერი თუ გლეხების შემწე: სიმართლე სახელგანთქმულ ქართველ ყაჩაღზე

727
(განახლებულია 18:35 20.05.2020)
არსენა ოძელაშვილი ნამდვილად იყო და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონად ჩვენს ქვეყანაში.

XIX საუკუნის დასაწყისში მას იმდენად ჰქონდა სახელი გავარდნილი, რომ თბილისის გუბერნიაში ლამის ყოველ მეორე ახალდაბადებულ გლეხის ბიჭს არსენას არქმევდნენ, ხოლო ყოველი მესამე შვილს არსენას ნათლულობას აბრალებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მშობლებს ყაჩაღისთვის თვალიც არ ჰქონდათ მოკრული. 

მარაბდელი ყაჩაღის სიცოცხლეშივე ბევრი იბრალებდა არსენობას. გადაივსო ქართლისა და კახეთის ტყეები თვითმარქვია „არსენებით“. არც ერთ ადამიანზე იმდენი ლექსი არ თქმულა, რამდენიც ამ პირველ და ყველაზე ცნობილ ქართველ ყაჩაღზე. მასზე შექმნილი ლექსები და რომანები ნამდვილ ბეტსელერებად იქცა და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ლიტერატურულმა გმირმა აჯობა ღირსებებით თავის პროტოტიპს — არსენა მარაბდელმა ადამიანთა აზროვნებაში მყარად და სამუდამოდ დაიკავა ადგილი, როგორც დაჩაგრულთა დამცველმა და კეთილშობილმა პიროვნებამ. 

არადა, ის არასდროს ყოფილა ისეთი ალტრუისტი და გულმოწყალე, როგორი იმიჯიც შეუქმნა მას ბატონყმობით გაწამებულმა გლეხობამ. ხალხი მხსნელს ელოდა და ასეთი გმირი რატომღაც არსენა ოძელაშვილში დაინახა.   

მარაბდელი ყაჩაღი დიდი ძალის პატრონი, უშიშარი კაცი გახლდათ, გამორჩეული ხასიათითა და გარეგნობით. გერმანელი მოგზაური ბოდენშტადტი იხსენებს, რომ ერთ ხატობაში მას დაანახეს ახოვანი, კარგად ჩაცმული ადამიანი და უთხრეს, ეს არის არსენა ყაჩაღიო. მოულოდნელად ის იქვე მდგომ ოფიცერს ახირებია, ხმალი უნდა მაჩუქოო. ისეთი გაწევ–გამოწევა ამტყდარა, რომ საქმეში ქალებიც კი ჩარეულან. ბოლოს ოფიცერს დაუთმია და მიუცია თავისი ხმალი არსენასთვის. თუმცა მარაბდელს მეორე დღეს ის ხმალიც დაუბრუნებია და კიდევ ერთი სართად მიუყოლებია.

ერთი ვერსიით, არსენა ვაჭარი ყოფილა და თბილისში დუქანიც ჰქონია გახსნილი. გარკვეულ დრომდე უდარდელად ცხოვრობდა თურმე, მაგრამ მერე ისე მოხდა, როგორც ეს ზღაპრებსა და ხალხურ თქმულებებშია აღწერილი: თავად ზაალ ბარათაშვილის მოახლე გოგო შეუყვარდა და ბატონს ქორწინების უფლება სთხოვა - წესი იყო ასეთი. თავადი ჯერ კი დათანხმებია გარკვეული თანხის საფასურად, მაგრამ როცა არსენას ფული მიუტანია, ბატონს მოულოდნელად უარი უთქვამს. მაშინ ღირსებაშელახულ არსენას ეს გოგო გაუტაცნია და ქვემო ქართლში, ბირთვისის კლდეებში გადაუმალია.

ბევრი კი უძებნია, მაგრამ მთელ იმ არემარეში ვერ უპოვია მღვდელი, რომელიც მათ ჯვარს დასწერდა. არადა, ჯვარდაუწერლად გოგო არსენას ცოლად ვერ ჩაითვლებოდა. ერთხანს კი უცხოვრია წყვილს ბირთვისის გამოქვაბულებში, მაგრამ მერე, რადგან ჯვარი ვერ დაიწერეს, არსენა იძულებული შექნილა გოგო ბატონისთვის დაებრუნებინა. 

სხვა ვერსიით, გაქცეულმა არსენამ საცოლესთან ერთად ახალციხეში დაიდო ბინა. 1828 წლამდე სამცხე-ჯავახეთი ოსმალეთს ეკუთვნოდა და დევნილთათვის იქაურობა იდეალური ადგილი იყო, რადგან იქ ვერც რუსი ხელისუფალი მისწვდებოდა და ვერც ზაალ ბარათაშვილი დააკლებდა რამეს.

არსენა და მოახლე გოგო ახალციხელი კათოლიკეს პავლე შაყულიანის ოჯახში ცხოვრობდნენ. იმათ ცოტა გვიან შუტყვიათ, რომ მარაბდელს ქალთან ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი და იქვე, ახალციხის კათოლიკურ ეკლესიაში აღუსრულებიათ ქორწინების საიდუმლო. არსენას ქართლიდან ჩაუტანია საკლავი და ღვინო და ისეთი დიდებული ქორწილი გადაუხდია, მთელი ახალციხე განუცვიფრებია. ამბობენ, წყვილს შვილებიც იქვე, ახალციხეში ეყოლაო.  

მარაბდელი ყაჩაღი თურმე ხშირად გადადიოდა მშობლიურ მხარეში და ბატონს სისხლს უშრობდა. მოკვლით არ მოუკლავს, მაგრამ ქონებრივად კი დიდი ზარალი მიაყენა: გაიტაცა მისი კუთვნილი საქონელი, სხვების დახმარებით გადაუწვა ყანები, ტყეები, ვენახი. მიზეზი პირადი მტრობა იყო თორემ საყაჩაღო არა სჭირდა რა — საკმაოდ შეძლებული კაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში ცხოვრობდა, ხშირად ჩადიოდა ხოლმე შიდა ქართლში სხვისთვის მიბარებული თავისი ცხვრის ფარის დასახედად. გომარეთში კიდევ ცალკე კაცი ეყენა, რომელიც მის აურაცხელ ფარას პატრონობდა.

მას შემდეგ რაც რუსეთმა ოსმალეთს ახალციხე და სამცხე-ჯავახეთი წაართვა, არსენა ქართლში დაბრუნდა და ტყეს შეაფარა თავი. ხელისუფლება მის დაჭერას ლამობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ის თავისივე ნათლიმამის ფარსადან ბოდბისხეველის ღალატის წყალობით შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს. მაგრამ დაახლოებით 1833 წლისთვის ციხიდან გაიქცა და კიდევ უფრო გაბოროტებულა. რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქი და მისი შემოგარენი შიშში ჰყავდა თურმე — ძარცვავდა ვაჭრებს, ჩარჩებს, შეძლებულ ადამიანებს. 

ხალხური გადმოცემით, არსენა ნაყაჩაღარიდან იმდენს იტოვებდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, დანარჩენს კი მშივრებსა და უმწეოებს ურიგებდაო. მაგრამ თურმე მთლად ასეც არ ყოფილა. კი, ზოგჯერ ბაზრობებზე 

ჩამოივლიდა და ჩარჩებს ფართლის საზომ ადლებს დაუგრძელებდა ხოლმე, ამიერიდან ამ ჯოხით გაზომავო, ეტყოდა (აქედან გაჩნდა ეს გამოთქმაც „არსენას ადლი“) — ამას ნამდვილად აკეთებდა, მაგრამ ნაძარცვ ქონებას იოლად ნამდვილად ვერ ელეოდა. მისი შეძლების საილუსტრაციოდ გამოდგება ხალხური ლექსი, სადაც არსენა ფარსადანს ჰპირდება: ორას თუმანს აქ გაჩუქებ, სამას თუმანს —  გომარეთსაო.

თანაც, არსენას უფრო მეტიც ჰქონია სათავსოდ გადანახული. აკი ამბობს ერთგან, ჩემი შვიდასი თუმანი კასპში ერთ დიდ კლდეში ძევსაო.

700 თუმანი იმ დროს ზოგ მდიდარსაც არ ჰქონდა (იმ დროს ამ თანხით დაახლოებით 1500-1700 სულ მსხვილფეხა საქონელს შეიძენდი). ამას დაუმატეთ მისი აურაცხელი ცხვრის ფარებიც და გამოდის, რომ არსენა ოძელაშვილი, დღევანდელი საზომითაც კი, ნამდვილი მილიონერი გამოდის. ისეთი ხელგაშლილი და გლეხობის შემწე კაცი კი, როგორადაც მას ხალხი ხატავდა, მილიონერი ვერ გახდებოდა.

არსენა შარაგზის ყაჩაღი კი იყო, მაგრამ ტრაქტირებსა და სამიკიტნოებში ქეიფი, ღვინის სმა ჰყვარებია. მაშინ მრავლად იყო განთქმული რუსული ტრაქტირები, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფუნდუკები, სადაც მგზავრს ჭამა–სმაც შეეძლო, ღამის გათენებაც და ცხენების დასვენებაც. მარაბდელი ძალიან ფრთხილი კაცი იყო, მაგრამ ადამიანებთან ყოფნას დანატრებული ტრაქტირებშიც ხშირად დადიოდა. მით უმეტეს, რომ სახეზე ბევრი ვერც ცნობდა.

უმძიმესი ხასიათი ჰქონია ყაჩაღს. განსაკუთრებით აუტანელი და შარიანი მაშინ ხდებოდა თურმე, როცა ნასვამი იყო. ერთხელაც თავადი საგინაშვილი გამოუწვევია სმაში და შემთვრალს მეფისა და თავადების გინება დაუწყია. დაწყებულა გაწევ-გამოწევა. მოჩხუბრები კი გაუშველებიათ და თითქოს კონფლიქტიც ამოწურულა, მაგრამ როცა საგინაშვილი სუფრიდან წამომდგარა და წასულა, არსენას ზურგში ტყვია დაუხლია მისთვის და ადგილზე მოუკლავს. 

გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის აუგუსტ ჰაქსტაუზენის გადმოცემით, მარტყოფში დღესასწაულზე მოულოდნელად გამოჩენილა მთვრალი არსენა. თავად ორბელიანთან მისულა და ღვინო მოუთხოვია, თან მის გვერდით მჯდომ მოხელეზე მიუთითებია, ამ კაცს უთხარი, ხმალი მაჩუქოსო. ორბელიანს რაღაც გადაუჩურჩულებია მოხელისთვის და იმასაც წამში გადაუცია ხმალი არსენასთვის. ცოტა ხანში ოძელაშვილი ისევ მიადგა ორბელიანს თურმე და ამჯერად დამბაჩა მოითხოვა. გაბრაზებულა თავადი, ჩახმახი შეუყენებია და ყაჩაღისთვის დაუმიზნებია. მაგრამ ამ დროს ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მივარდნია ორბელიანს, ამ წმინდა დღეს სისხლს ნუ დაღვრითო, და თავადსაც დაუწევია დამბაჩა.

თუმცა გადმოცემებით ისიც ირკვევა, რომ არსენა ოძელაშვილი ტრაქტირებში მხოლოდ დასათრობად არ დადიოდა. იმ დროს იმერელი აზნაურიშვილები კარგ მწევრებს ზრდიდნენ, რომლებსაც მერე ქართლსა და კახეთში ყმა–გლეხებში ცვლიდნენ. არსენა ათასგვარ ფანდს იგონებდა თურმე, რომ ასეთი სამარცხვინო ვაჭრობა ჩაეშალა და საქმე ისე მოეგვარებინა, რომ ადამიანები ტყვეობიდან დაეხსნა. მისი ყველაზე ცნობილი ფანდი ტრაქტირში მწევრებისგან უკვე „ხელდაცლილი“ იმერლების დათრობა და ძაღლებზე გაცვლილი გოგო-ბიჭების გაპარება ყოფილა.

ასე იყო თუ ისე, არსენა ქართლსა და კახეთში ყაჩაღობას განაგრძობდა. კახელებს, ქართლელებისაგან განსხვავებით, სახელგანთქმული ყაჩაღის „სტუმრობა“ ძალიან უხაროდათ, იმიტომ რომ როცა არსენა იქ იყო, ლეკები კახეთში თარეშს ვერ ბედავდნენ, ემანდ არსენას არ გადავეყაროთო. 

მარაბდელი ყაჩაღი ძალიან უშიშარი ყოფილა და გამომწვევად იქცეოდა. ჩვეულებად ჰქონდა გადაქცეული გზის პირას კარგი გლეხური სუფრის გაშლა და გამვლელ-გამომვლელის მიპატიჟება.

იმ საბედისწერო დღესაც გატეხა პური მუხათგვერდის გზის პირას და ღვინოც ბლომად მიირთვა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ჯვარცმის დღეს ღვინის სმა დიდი ცოდვა გახლდათ. მგზავრი ბევრი არ იყო, მაგრამ ვინც გაიარა, ღვინო ყველას შესთავაზა არსენამ. ვინც მისი ახირებული ხასიათი იცოდა, მიწოდებულ სასმისს ცლიდა და სასწრაფოდ ეცლებოდა იქაურობას.

აი, გიორგი კუჭატნელმა კი უარი უთხრა ღვინის დალევაზე. ამ გოლიათური აღნაგობისა და არსენაზე არანაკლები ვაჟკაცის ნამდვილი გვარი სეფისკვერაძე იყო. იმერელ გლეხს დიდი სახელი დაეგდო კახეთში ლეკებთან ბრძოლაში და ამის გამო კუჭატანში მიწა მიუციათ. სხვათა შორის, მის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი მამულიშვილური საქმე — ყვარლის მაზრაში, ლეკთა გამუდმებული თარეშისგან დაცლილ ახალსოფელში ხალხის ჩასახლება და გაუკაცრიელებული სოფლის აღორძინება...

იმ დღეს, როცა ნასვამ არსენას გადაეყარა, გიორგი კუჭატნელი მხლებელ ლეკ ბიჭთან თუ საკუთარ ძმისშვილთან ერთად ბრუნდებოდა თავისი კახური მამულიდან იმერეთში. არსენამ მასაც შესთავაზა ღვინო, მაგრამ კუჭატნელმა იუარა, ქრისტიანი კაცი წითელ პარასკევს ღვინოს არ დავლევო და გზა განაგრძნო. როგორ თუ უარი მითხარიო, გამოეკიდა არსენა, წინ გადაუდგა და ფულისა და ცხენის წართმევა მოუნდომა. კუჭატნელმა ერთი კი სცდა მისი გონზე მოყვანა — გამეცალე, ტყუილად თავს ნუ გამაფუჭებინებო, მაგრამ როცა ყაჩაღმა ხმლის ყუა ჩაარტყა თავში მის მხლებელ ბიჭს, ლეკთა მმუსვრელმაც იშიშვლა ხმალი.

გააფთრებულ ბრძოლაში სეფისკვერაძემ დაჯაბნა არსენა და მარჯვენა მოჰკვეთა თურმე. თუმცა მანამდე არსენამაც შეძლო ყური ჩამოეთალა კუჭატნელისთვის. ამასობაში კი წაქცეული ბიჭი გონს მოვიდა, ოძელაშვილს ზურგში დამბაჩა დაახალა და ადგილზე მოკლა.

უცნაურია, მაგრამ ამბობენ, კუჭატნელს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ შემოაკვდაო. როცა ხელისუფლებას არსენას მოკვლისათვის დაწესებული სოლიდური ჯილდო შეუთავაზებია, თავმოყვარე იმერელს კაცის მოკვლისათვის დაწესებული ფულის აღებაზე უარი უთქვამს...

727
თემები:
იცით თუ არა, რომ... (361)
ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დებენ

Google–მა საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი გამოუშვა

0
(განახლებულია 10:35 26.05.2020)
Google–მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავის მომხმარებელს ქვეყნის მთავარი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მსოფლიოში უდიდესმა საძიებო ინტერნეტ–სისტემა Google–მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავის სასტარტო გვერდზე ქართული დროშით დუდლის განთავსებით მიულოცა.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშშნავს. დუდლის მეშვეობით ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია გადასვლა გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულის შესახებ.

დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

ქვეყნის მთავარი დღესასწაული ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.

0