როგორ „გაიტანეს“ ქართველმა ავანტიურისტებმა იმპერიის ხაზინის რეზერვი: საუკუნის ძარცვა

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიGold ingots
Gold ingots - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, სრულიად შემთხვევით შევიტყვე. პეტერბურგელმა მეგობარმა, ისტორიკოსმა იგორ კუზმინმა ფინელი ანარქისტის კონრად ცილიაკუსის წიგნი მაჩვენა — აქ ქართველებზე ბევრი საინტერესო წერიაო.

მაშინ ბევრი რამ ამოვიწერე იმ წიგნიდან და მერე ჩემს არქივში ქექვისას წავაწყდი იმ ჩანაწერებს...

1904 წელს, რუსეთ–იაპონიას შორის გაგანია ომის დროს სანქტ-პეტერბურგში მყოფმა იაპონელმა აგენტებმა შეიტყვეს, რომ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინგფორსის (ამჟამად ჰელსინკი) „სამთავრო ბანკში“ რუსეთის იმპერიის ხაზინის რეზერვი - 5 მილიონი მანეთი ინახებოდა ოქროთი. იაპონური დაზვერვის რეზიდენტს, პოლკოვნიკ მოტოჯირო აკაშის ფულის გატაცების იდეა ცნობილმა ფინელმა ანარქისტმა კონრად ცილიაკუსმა მიაწოდა, ხოლო საქმის შემსრულებლად თავისი ქართველი „კოლეგა“ ვარლამ ჩერქეზიშვილი ურჩია. 

იაპონელსაც, ეტყობა, გაგონილი ჰქონდა ეს გვარ-სახელი და დათანხმდა. ცილიაკუსი მაშინვე გაემგზავრა თბილისში. ვარლამ ჩერქეზიშვილმა ფინელი სტუმარი ქართული წესით მიიღო, ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:

„აქცია უსისხლოდ უნდა ჩატარდეს… ფულის ხელში ჩასაგდებად ჩვენ რომ თოფი გავისროლოთ, საპასუხოდ ზარბაზანს გვესვრიან და ყველაფერი ჩაფლავდება“.

დადებითი პასუხით გულმოცემული ცილიაკუსი მალე უკან გაბრუნდა, ხოლო ვარლამ ჩერქეზიშვილი ბაქოში მყოფ ქართველ ავანტიურისტს, სოლომონ აშორდიას დაუკავშირდა. ეს ის აშორდია გახლდათ, ვისი დამზადებული ყალბი საბუთებითაც ნახევარი საქართველო გააზნაურდა. ამის გამო მათ „აშორდიას აზნაურებად“ მოიხსენიებდნენ. ჩერქეზიშვილმა მას რამდენიმე ყალბი საბუთის შედგენა სთხოვა და კარგი გასამრჯელოც აღუთქვა. ამ უკანასკნელმა ფულის აღება იუარა – კაცურად დაგეხმარებითო, შეუთვალა ჩერქეზიშვილს და მცირე ხანში საჭირო საბუთებიც აახლა.

1904 წლის 20 დეკემბერს ჩერქეზიშვილმა ჰელსინკიში სამი „სპეციალისტი“ აფრინა — ბესო სვანიძე, აფრასიონ ჩიხრაძე და პავლე გოცირიძე.

მოგონებებში კონრად ცილიაკუსი წერდა, ჩამოსულები დახვეწილი არისტოკრატული მანერებით გამოირჩეოდნენ, ხოლო ბესო სვანიძე თავისუფლად საუბრობდა რუსულად და ფრანგულადო.

მეორე დღეს გადაცმული ბესო სვანიძე ფინეთის „სამთავრო ბანკის“ ხელმძღვანელს, სენატორ კარლ თეოდორ ალექსანდრ ვეგელიუსს წარუდგა და აცნობა, რომ სანქტ-პეტერბურგიდან საიდუმლო დავალებით იყო წარგზავნილი. ამის დასტურად იმპერატორის ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც რუსეთის სახელმწიფო ხაზინის რეზერვების შემოწმების უფლება ენიჭებოდა.

ალბათ მიხვდით, დოკუმენტი აშორდიას მიერ იყო დამზადებული. მაგრამ მისი ნახელავისთვის სიყალბის შეტყობა რთული იყო და სტუმარს საიდუმლო საცავისკენ თავად სენატორი წარუძღვა. იმ დღეს ბესო სვანიძემ ბანკის ავან-ჩავანი საფუძვლიანად შეამოწმა, მასპინძლებს გულითადად დაემშვიდობა და წავიდა.

მეორე დღეს ბანკის საცავების დეტალური სქემა დახაზა, კონრად ცილიაკუსსა და მის თანამოაზრეებს კი აუწყა, რომ ბანკიდან ხაზინის რეზერვის გამოსატანად გვირაბი უნდა გაეთხარათ. მერე ცილიაკუსს ბანკის რომელიმე თანამშრომლის მოსყიდვა დაავალა, ხოლო აფრასიონ ჩიხრაძესა და პავლე გოცირიძეს უბრძანა, სასწრაფოდ დაექირავებინათ ბანკის უკან მდებარე შენობის სარდაფი.

ქართველებმა ეს სარდაფი 22 დეკემბერს ვითომ პურის საცხობის მოსაწყობად იქირავეს, ხოლო ცილიაკუსმა ბანკის ერთ-ერთი მოლარე მოისყიდა.

უკვე 24 დეკემბრის საღამოს ავანტიურისტებმა გვირაბით ბანკის მთავარ საქვაბეში შეაღწიეს. ამასობაში მოსყიდულმა მოლარემ, რომელმაც თანამშრომლებს ქეიფი შესთავაზა მოახლოებული შობის აღსანიშნავად, შეუმჩნევლად მიატოვა შეზარხოშებული თანამეინახეები, საქვაბისა და ხაზინის რეზერვის საცავის კარები გააღო და ისევ სუფრას მიუბრუნდა. 

გლობუსი და საწერი მოწყობილობა სამუშაო მაგიდაზე - Sputnik საქართველო
ავანტურისტი და თაღლითი ქართველი პატრიოტი, ანუ ამბავი გურული აზნაურისა

აფრასიონ ჩიხრაძე, პავლე გოცირიძე და ერთიც ფინელი დამხმარე საცავში შეიპარნენ, ოქროს ზოდები წინასწარ მომზადებულ ტომრებში ჩაყარეს და სამ გზად გაიტანეს მთელი ეს სიმდიდრე დაქირავებულ სარდაფში. როცა საცავიდან ბოლო ტომარაც გაიტანეს, მოლარეს ნიშანი მისცეს, ამ უკანასკნელმა სუფრა კვლავ შეუმჩნევლად მიატოვა, საცავის კარი ჩაკეტა, გასაღები თავის ადგილზე დაკიდა და გამტაცებლებს გაჰყვა...

ზუსტად არ ვიცი, რა ბედი ეწიათ ქართველ „სპეციალისტებს“. სავარაუდოდ, მშვიდობით ჩამოაღწევდნენ სამშობლოში. და ამას ის ფაქტიც შეუწყობდა ხელს, რომ რუსულმა ჟანდარმერიამ „სამთავრო ბანკის“ საქმე მკაცრად გაასაიდუმლოვა და დოკუმენტების უდიდესი ნაწილი საერთოდ გაანადგურა. ამბავი ფართო საზოგადოებრიობისთვის მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა ცნობილი, თუმცა ბევრი რამ დღესაც დაუდგენელია. ნათელის მოფენას ვერც კონრად ცილიაკუსის მოგონებები შველის, რომელიც 1919-1920 წლებში სტოკჰოლმში გამოიცა, რადგან „დაზარალებულმა“ მხარემ ფაქტის გახმაურებას დუმილი ამჯობინა.

ამბის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ, რადგან ჩერქეზიშვილის ბიოგრაფები ამ ფაქტს საერთოდ არ ახსენებენ. თხრობას კი გრიგოლ რობაქიძის სიტყვებით დავასრულებ, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილს ეხება:

„იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0