დაღესტნის მთები

იყო თუ არა შამილი ქართველი, ანუ ალექსანდრე ბატონიშვილის დაღესტნური ოდისეა

175
(განახლებულია 20:50 10.04.2020)
ლეგენდარული იმამის - შამილის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს. ამბებიც, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ, ამ კატეგორიაში გადის, რომელთაც ვერსიის დონეზე არსებობის უფლება უდავოდ აქვთ.

სტამბულში პირველად სტუმრობისას მასპინძლობას ბალალ (გიორგი) მემეშიში მიწევდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაში სწავლისას გავიცანი. მისი არეული ლაზურ-ქართული, ჩემი მეგრული ფესვების წყალობით მხოლოდ მე მესმოდა და მალე დავმეგობრდით კიდეც.  

აია-სოფიას დიდებული ტაძრის მონახულების შემდეგ ტოპ-კაპის მუზეუმში წამიყვანა. ერთ, ჩემთვის უინტერესო ექსპონატთან გამაჩერა და მითხრა, ეს მოსასხამი და ჩალმა დიდ იმამ შამილს ეკუთვნოდაო. როდესაც დაინახა, რომ არც ამ ფრაზამ მოახდინა ეფექტი, დაამატა, იცი, რომ არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც შამილი კავკასიის მთიანეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილის შვილიაო. ჩემი უნდობლობის გასაქარწყლებლად კი, შინ დაბრუნებულს, თავისი კვლევის ნიმუშები მიჩვენა. ამ ამბის დაბეჯითებით დადასტურება ძნელია, მაგრამ ვერსიის დონეზე მისი განხილვა თბილისში დაბრუნებულმა ვცადე და ასეთი შედეგი მივიღე. 

ალექსანდრე ფრონელი წიგნში „მთის არწივი შამილი“ იმამის წარმომავლობაზე წერს:

„როდესაც ალექსანდრე ბატონიშვილი, ძე ერეკლე მეორისა იყო დევნილი რუსთაგან, მაშინ იგი გადაიხვეწა დაღესტანში, ავარში, სოფელ სოკოლოს, რომელიც არის გიმრის მახლობლად. ამ განდევნილობის ჟამში ალექსანდრემ, როგორც უცოლო ასაკოვანმა ვაჟკაცმა, შეიყვარა რომელიმე ლეკის საშუალებით ერთი ლეკის, სახელად დენგაუს ცოლი, ქალი ლამაზი და მათი შეერთებიდგან დაიბადა შამილი, რომელიც განითქვა შემდეგ დაღისტნის იმამად და შეიქმნა ძლიერ განთქმული რუსების მტერი. თვით დენგაუ იყო კაცი ძრიელ ლაღი და სუსტი ჭკუის. ხელობა იმისი იყო მხოლოდ წყლის ზიდვა საკიდრით მდინარედგან და არა მეტი ხელობა მას არ შეეძლო. მცხოვრები იყო სოფელ გიმრის და, როგორც ამბობენ, არ შესძლებოდა მას სისუსტისა გამო შესრულება ცოლ-ქმრობის წესებისა“.

საკუთარი ვარაუდების მხარდასაჭერად ალექსანდრე ფრონელს მოჰყავს შამილის თანამემამულეთა დასკვნებიც: „ამ თვალსაზრისს ადასტურებს მოხუც ლეკთაგან მოსმენილი გადმოცემებიც – დედა რომ გაუწყრებოდა შამილს, მობეზრებული მისი ცელქობით, წააყვედრებდა ხოლმე, არ დასცხრები, შე გიაურო და გურჯის შვილოვო!“

ვაჟა-ფშაველას საინტერესო მოგონებები დარჩა დაღესტანში ალექსანდრე ბატონიშვილის ცხოვრებაზე. სოფელ გიმრზე, სადაც ბატონიშვილი კარგა ხანს ცხოვრობდა, მას ფშაური თქმულებაც ჩაუწერია: 

„პირველად, როცა ბატონიშვილი ალექსანდრე გაიქცა და მტრობა გამოუცხადა რუსის მთავრობას, მიჰმართა მთას. ბატონიშვილს ყველგან უნდოდა მომხრეები ეშოვნა. ამ მიზნის მისაღწევად დაღესტანშიაც კი იმყოფებოდა. ფშავისა ხომ ხშირი სტუმარი იყო, სადაც ნათლიდედები და ნათლიმამები გაიჩინა. უამისოდაც ზოგიერთ ოჯახებთან ძლიერ დაახლოვებული იყო ბატონიშვილი. ერთი ამისთანა ოჯახი ხახა ქისტაურისა იყო, სადაც ერთხელ ქეიფობის დროს ბატონიშვილმა წარმოსთქვა თურმე: „ეჰ, მე იქნება ამოდენა ტანტალში უძეოდ მოვკვდე. თუმცა კი არც უძეო ვარ, მხოლოდ ის მენანება, რომ ჩემი თესლი დაღესტანში დარჩაო“. 

წიგნში „ვაინახები და ქართველი მთიელები“ ხვთისო მამისიმედაშვილი შამილის მიერ საკუთარი წარმომავლობის ცნობის საინტერესო ინტერპრეტაციას იძლევა: „როგორც ცნობილია, ამ გარემოებას თვით იმამიც არ უარყოფდა. ვინ იცის, იქნებ გამარჯვების შემთხვევაში სურდა კიდეც კავკასიის გაერთიანება, თავის გამოცხადება ბაგრატიონთა მემკვიდრედ და თავზე საქართველოს სამეფო გვირგვინის დადგმაც“. 

გარეშე მიუმხრობელი წყაროებიდან შამილის ქართული წარმოშობა დასტურდება „რუსეთის საიმპერიო კავშირ–ორდენის“ მიერ ლოს-ანჯელესისა და სამხრეთ კალიფორნიის არქიეპისკოპოს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანტონის რედაქციით გამოცემულ წიგნში „რუსეთის საიმპერატორო ტახტის სამემკვიდრეო“, სადაც ვკითხულობთ:

„მეფე ერეკლე II-ის ვაჟი ალექსანდრე კვლავაც ინარჩუნებდა მტრულ პოზიციას. მან დიდხანს დაჰყო დაღესტანში. იქ გავრცელებული გადმოცემით, შამილი მისი უკანონო ძე იყო“.    

ინგლისელი ოფიცერი მანტეისი კი წერდა, ყველაზე ძვირფასი, რაც ალექსანდრე ბატონიშვილს ამქვეყნად დარჩა, მოწაფე და მიმდევარი შამილი იყო — მისი ასლი და კვალი შესახედავადო.

როგორც ცნობილია, შამილის უთანასწორო ბრძოლა მარცხით დასრულდა. იგი გენერალ ბარიატინსკის ჩაბარდა ტყვედ. ერთი თვის თავზე შამილი პეტერბურგში, იმპერატორ ალექსანდრე მეორესთან მიიყვანეს, თანაც, იარაღითა და ქამარ-ხანჯლით აღჭურვილი – რუსები გაგებით მოეკიდნენ იმ ფაქტს, რომ კავკასიელისთვის იარაღის აყრა შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ამ შეხვედრის დროს იმპერატორს შამილისთვის უთქვამს, მონანიება საჭირო არ არისო და მეგობრობა შეუთავაზებია.

ალექსანდრე მეორემ იმამის ოჯახის 22 წევრს პენსია დაუნიშნა 20 ათასი მანეთის ოდენობით, პლუს შამილს ცალკე – 15 ათასი მანეთი. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ეს თანხა აღემატებოდა 1850-1851 წლებში მთლიანად შამილის იმამათის მეომართა მიერ მოპოვებულ ნადავლს.

შამილის უკანასკნელი თხოვნა იყო, რომ ნება დაერთოთ მისთვის, მექაში წასულიყო და მაჰმადიანთა წმიდა ადგილები მოელოცა. იმპერატორმა მას ეს ნებართვა მისცა. მექაში ჩასულ შამილს ალაჰისთვის უთხოვნია, ჩემი ცხოვრება ამ წმინდა მიწაზე დაასრულეო. მართლაც იქ, ქალაქ მედინაში გარდაიცვალა „კავკასიელი არწივი“ 1871 წელს. დაკრძალულია მუსლიმანთა უწმიდეს ადგილზე – ჯანიათ-ალ-ბაქირის სასაფლაოზე...

175
თემები:
იცით თუ არა, რომ... (362)
პოლიცია აშშ-ის პროტესტების დროს

მოსაზრება: ამერიკას რასიზმსა და ანარქიას შორის არჩევანს სთავაზობენ

38
(განახლებულია 23:05 03.06.2020)
ეჭვგარეშეა, რომ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას და შემდგომ პროტესტს, რომელიც ქაოსში გადაიზარდა, შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად გამოიყენებენ.

ირინა ალქსნისი

ვარაუდობენ, რომ მთავარ დარტყმას ტრამპს მიაყენებენ, რომელსაც მისი ოპონენტები რასიზმსა და თეთრი პოლიციელების სისასტიკეში ადანაშაულებენ. ამ უკანასკნელებმა კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლეს. რაც უფრო ვითარდება მოვლენები, მით უფრო ნათელი ხდება, რომ რეალობას კიდევ შეუძლია დემოკრატებს სიურპრიზი შესთავაზოს.

ამერიკის ლიდერმა ერთი სრულყოფილად დადგმული სპექტაკლი მოაწყო. ის მკაცრი სიტყვებით გამოვიდა, რომელშიც: ა) მან აჯანყებულებს ,,მეამბოხეები“ უწოდა, ბ) რამდენიმე შტატის ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების კრიმინალებისაგან დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა, გ) დაჰპირდა ყველა ფედერალური რესურსის (არმიის ჩათვლით) მობილიზებას, რათა „ბოლო მოეღოს განადგურებასა და ცეცხლს“. 

ეს ყველაფერი თეთრი სახლის ვარდების ბაღში მოხდა, სადაც აღწევდა შუქბგერითი ყუმბარებისა და ცრემლსადენი გაზის ჭურვების აფეთქების ხმა. ეს პოლიცია ათავისუფლებდა ლაფაიეტის სკვერის მიდამოებს მომიტინგეებისგან კომენდანტის საათის დროს.

შემდეგ დონალდ ტრამპმა დატოვა რეზიდენცია და გაწმენდილი ტერიტორიის გავლით წმინდა იოანეს ეკლესიამდე მივიდა, რომელსაც წინა დღეს რადიკალებმა ცეცხლი წაუკიდეს. იქ მან ასწია ბიბლია და თქვა, რომ „შეერთებული შტატები უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში“, და სახელმწიფოებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაპირდა.

პრეზიდენტის „პერფომანსს“ რეაქცია მყისიერად მოჰყვა. კონგრესში დემოკრატების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ტრამპის ქმედებები დაახასიათეს, როგორც „მშიშარა, არაეფექტური და საშიში“.

არანაკლებ დრამატულად გამოვიდა რამდენიმე შტატის ლიდერი, დემოკრატიული პარტიის წარმოადგენლები, კერძოდ, ნიუ-იორკისა და ორეგონის გუბერნატორები. ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა ლაფაიეტის სკვერში „უიარაღო მომიტინგეების“ დარბევას სირცხვილი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალურმა ( და არა ადგილობრივმა — ეს ძალზე მნიშვნელოვანია!) პოლიციამ თეთრი სახლის წინ მომიტინგეთა დარბევა კომენდანტის საათის დაწყებამდე 25 წუთით ადრე დაიწყო. შემდეგ მერმა ამაღელვებლად დასძინა: „ვაშინგტონის მცხოვრებლებო, სახლში წადით. იყავით უსაფრთხოდ!“ 

                                                                 რუსული სტანდარტებით, ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ერთი მხრივ, აშკარაა, რომ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები ხშირად აშკარად არ არის საკმარისი ვაკჰანალიის შესაჩერებლად. მედია სავსეა მტკიცებულებებით, თუ როგორ უბრალოდ ადევნებს თვალს პოლიცია ქალაქის კვარტლებში ქაოსსა და მაღაზიების ძარცვას. მეორე მხრივ, პრეზიდენტი სულ უფრო მეტად იმუქრება და დაპირებას იძლევა, მაგრამ ვითარების სტაბილიზაციისთვის არსებითად არაფერს აკეთებს.

ეს თავსატეხი მოიცავს როგორც ამერიკის სახელმწიფო სისტემის მახასიათებლებს, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებების სიმკაცრეს.

შეერთებულ შტატებში ფედერალურ ცენტრსა და შტატებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკმაოდ რთული სისტემა არსებობს, მაგრამ მთლიანობაში რეგიონალური ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც ხდება მათ ტერიტორიაზე. ეს ეხება სამართალდამცავ სფეროსაც, რის წყალობითაც შტატებში სამართალდამცავი ორგანოების ძალზე რთული სტრუქტურაა.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ არეულობებში, პირველ რიგში, უშუალოდ რასობრივი ნიშნით, ამერიკისთვის განსაკუთრებული არაფერია. ის რეგულარულად იფეთქებს ხოლმე. ყველაზე ცნობილი, ალბათ, 1992 წლის ლოს-ანჯელესის ბუნტია, მაგრამ ბევრს კარგად ახსოვს 2014 წელში ფერგიუსონში მიმდინარე მღელვარება.

ფედერალები ერევიან მხოლოდ შტატის ხელისუფლების თხოვნით, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ თავად ვერ გაუმკლავდებიან. პრეზიდენტს ასევე აქვს უფლებამოსილება, გუბერნატორის გარეშე გამოიყენოს ძალა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა. 

აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო პროტესტებმა მოიცვა შტატების უმეტესობა (დაახლოებით 45 შტატი 50-დან), მაგრამ თავდასხმების, ძალადობისა და მოროდიორობის კერები ძირითადად დემოკრატიული პარტიის „მამულებში“ გვხვდება. ეს ის რეგიონებია, სადაც ტრამპს გამარჯვების მცირედი შანსიც კი არ აქვს.

ყველაზე ნათელი მაგალითი, უდავოდ, ნიუ-იორკია. მრავალეროვნული, ტოლერანტული და ხაზგასმით ლიბერალური მეგაპოლისი აგრძელებს განადგურებას, ქალაქისა და შტატის ხელმძღვანელობა გაურკვევლად ლუღლუღებს. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ დანაშაული, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მაგრამ აჯანყებულები „დემონსტრანტებს შეერივნენ“. როგორც ჩანს, მისი აზრით, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ არაფერი გააკეთონ.         დემოკრატი გუბერნატორების მხრიდან მკაცრი ზომების მიღების შეუძლებლობა მარტივად აიხსნება: ისინი ელექტორატს ეყრდნობიან, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს მოროდიორების წინააღმდეგაც კი ძალის გამოყენებას. უფრო მეტიც, დემოკრატიულმა პარტიამ ,,თეთრ რასისტ, შოვინისტსა და ქალთმოძულე“ ტრამპთან ბრძოლაში ლიბერალური ტენდენცია  საკუთარი ხელებით გააძლიერა  ბოროტმოქმედებისა და კრიმინალების მიმართ ლმობიერი დამოკიდებულებით, რომლებიც ,,დისკრიმინაციულ უმცირესობას“ მიეკუთვნებიან.

ამერიკაში სამოქალაქო-პოლიტიკური დაპირისპირების თითოეულმა მხარემ თავისი არჩევანი, ფსონი გააკეთა. 

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ მღელვარება თავისთავად  იფეთქებს  და დღის წესრიგში კვლავ შესაძლებელი გახდება მაქსიმალური კონცენტრირება თეთრი კონსერვატორების რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

პრეზიდენტი აშკარად ელის, რომ რესპუბლიკელ გუბერნატორთა შტატები სწრაფად აღადგენენ წესრიგს, არ დაუშვებს ძარცვა-გლეჯის გავრცელებას. მაგრამ დაზარალებული ქალაქების კადრები და დემოკრატ პოლიტიკოსების უუნარობა გაუმკლავდნენ სიტუაციას არა მხოლოდ აძლიერებს რესპუბლიკური შტატების კონსოლიდაციას, არამედ  მერყევი რეგიონების ქანქარას ტრამპის მხარეს არხევს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არავინ ცდილობს ორივე პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ საკითხი დააყენოს: სისტემური რასიზმი ამერიკის სამართალდამცავი სისტემების მიერ ძალადობის გადაჭარბებული გამოყენების ტენდენციის სახით, და ნებისმიერი არეულობის გადამწყვეტად ჩახშობის აუცილებლობა, რაც არ უნდა კეთილშობილურ ლოზუნგებს ეფარებოდნენ ისინი.

როგორც ჩანს, ამერიკისთვის ეს, როგორც წინა ათწლეულების განმავლობაში, კვლავაც გადაულახავ ამოცანად რჩება. 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

38
მოსკოვი

მოსაზრება: დასავლური ხაფანგი რუსეთისთვის შეტყუების მცდელობა

72
(განახლებულია 20:45 02.06.2020)
ახლა დასავლეთს უფრო სჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს დასავლეთი, რაც კიდევ უფრო ძლიერად გამოჩნდება დროთა განმავლობაში. ამ ბანალური აზრის ათვისება უჭირთ არა მარტო ჩვენებურ დასავლეთელებს, არამედ თავად დასავლელ ლიდერებს.

პიოტრ აკოპოვი

ძალიან რთულია შეგუება იმასთან, რომ თამაშის წესებსა და დღის წესრიგს რუსეთთან ურთიერთობაში განსაზღვრავს არა დღეისათვის ბევრად ძლიერი დასავლეთი.

ტრამპმა ორშაბათს პუტინს დაურეკა, რათა დასავლურ კლუბთან შესაერთებლად მიეწვია. მიმდინარე წელს აშშ „დიდ შვიდიანს“ უმასპინძლებს, რომელიც ივნისში იგეგმებოდა, მაგრამ ტრამპი მის გადადებას სექტემბრისთვის აპირებს, ვინაიდან ყველა ევროპელი ლიდერი (მაგალითად, მერკელი) არ არის მზად შტატებში ჩასასვლელად. და პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, გაიტანოს თავისი ძველი იდეა რუსეთის დასავლურ მაგიდასთან დაბრუნების შესახებ. 

ტრამპი ამას ჯერ კიდევ გასულ წელს კვებეკში „დიდი შვიდიანის“ სამიტის წინ ამბობდა, მაგრამ მაშინ იტალიის პრემიერის გარდა მხარი ღიად არავინ დაუჭირა. ახლა ტრამპმა სხვა მხრიდან მოვლა სცადა. გასულ უქმეებზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „დიდი შვიდიანი“ მოძველდა: „არ მგონია, რომ „დიდი შვიდიანი“ სწორად ასახავდეს მსოფლიოში მომხდარს“, — თქვა მან.

სწორედ ამიტომ ღირს მისი სექტემბრამდე გადადება და მასზე ჩინეთის მომავლის განხილვა — მაგრამ არა სი ცზინპინთან, არამედ პუტინთან ერთად.

იდეა შესანიშნავია ყველა მიმართულებით: განიხილონ ჩინეთი, რომელიც ტრამპმა მსოფლიოს უმთავრეს საფრთხედ დანიშნა, და დააბრუნოს რუსეთი, რომელიც აშშ-ის წინა პრეზიდენტმა დანიშნა ამ როლზე. ანუ შეურიგდეს რუსეთს და მასთან ერთად დაიწყოს ბრძოლა ჩინეთის წინააღმდეგ, რასაც უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს ზოგი ამერიკელი სტრატეგი. მაგრამ სურს რუსეთს ამ ზეიმში მონაწილეობა?

და სად წავა? მას ხომ საგულდაგულოდ დაფარული შიშები აქვს ჩინური ექსპანსიის მიმართ. და საერთოდ, რუსულ ელიტას სრულიად პროდასავლური მენტალიტეტი აქვს და „მსოფლიო ლიდერების“ კლუბში დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ სახის დაუკარგავად, პატივისცემის გამოხატვით და მაშინ მათ უკან დასახევი გზა აღარ ექნებათ — მათ ხომ თავადაც სურთ ეს.

ასე რომ, მთელი პრობლემა ახლა ისაა, რომ დასავლეთმა ძალიან ბევრი თაფლაკვერი არ მისცეს პუტინს, თორემ რუსები გაამპარტავნდებიან და თავს გამარჯვებულად ჩათვლიან. თაფლაკვერს მათრახიც უნდა მიეშველოს და მაშინ ვერსად ვერ წავლენ. 

საოცარია, მაგრამ ასეთი სურათი არსებობს არა მარტო ბევრი დასავლელი სტრატეგის, არამედ ზოგი რუსი ანალიტიკოსის თავშიც — თანაც, როგორც პროდასავლელების, ისე ვითომ პატრიოტებისა. რუსეთს თავად არაფერი შეუძლია, ჩვენ ჩინეთთან დაახლოება მხოლოდ იმიტომ დავიწყეთ, რომ დასავლეთს წავეჩხუბეთ. თუ ახლა კონფრონტაცია დამთავრდება, ჩვენი ანტინაციონალური ელიტები მაშინვე დაუბრუნდებიან დასავლეთის უმცროსი პარტნიორის სანატრელ როლს — ასეთი წარმოდგენები არც ისე იშვიათია რუსულ საზოგადოებაში. ამიტომაც არ უნდა მივიღოთ არანაირი მიწვევა „დიდ შვიდიანში“.

მიწვევის მიღება მართლაც არ შეიძლება, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. არა იმიტომ, რომ ელიტები ჩააბარებენ რუსეთს — პუტინმა სერიოზულად შეცვალა როგორც შემადგენლობა, ისე ელიტების მოსაზრებები. ისინი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს ახლაც ისინი მართავენ, ვისაც დასავლეთი ნიმუშად და უფროს მასწავლებლად მიაჩნია, ხოლო რუსები — ევროპული ცივილიზაციის წარუმატებელ შტოდ, ილუზორულ სამყაროში ცხოვრობენ. რუსეთს ელიტებთან და ეროვნული თვითშეგნების აღზრდასთან უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ეჭვი არავის ეპარება. სტრატეგიულ თამაშში, რომელსაც ბევრი რაუნდი აქვს, ვითარება და გარემო ატმოსფერო იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება მიზანი. ძლიერი, თვითკმარი რუსეთი, ქვეყანა–ცივილიზაცია, ძალის ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო წესრიგს XXI საუკუნეში. უფრო ნაკლებს რუსეთი არ დათანხმდება.

როგორ დაეხმარება ამ მიზნის მიღწევას დასავლეთთან დაახლოება? არანაირად — ტაქტიკური თამაშიც კი მხოლოდ ზიანს მიაყენებს რუსეთს. და არა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთზე შეტევა განაგრძო — კბეჩდა რა ყველაფერს, რაც შეიძლებოდა, სანამ უკრაინას არ მიადგა. არა, აქ ყველაფერი გასაგებია — კომპრომისები ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეზე დაუშვებელია: უკრაინის ატლანტიზაცია, მისი დასავლეთის გეოპოლიტიკურ ველზე მიმაგრება შეუძლებელია პრონციპში და ეს არც განიხილება.

უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ: რომელ დასავლეთს უნდა დაუახლოვდეს რუსეთი, რომც მოინდომოს? ერთიანი დასავლეთი აღარ არსებობს — მისი რღვევის პროცესი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და სრულად პასუხობს რუსეთის ინტერესებს. ჩვენ შეგვიძლია ავაგოთ ხიდები დასავლეთის შემადგენელ ელემენტებთნ — ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან, მთლიანად ევროკავშირთანაც, ტრამპის ანტიგლობალისტურ ამერიკასთანაც. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ავაგოთ სამომავლო გეგმები ატლანტიკურ დასავლეთთან, ვინაიდან ის ჩვენი შეურიგებელი გეოპოლიტიკური მტერია. 

„დიდი შვიდიანი“ დიდი ხანია უკვე ცარიელია — და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს მის მარტივად დამარხვას, ის თანდათან გადაიქცევა ურთიერთობების გასარჩევ მოედნად დასაშორებლად განწირულ მხარეებს შორის. „დიდი რვიანი“ (ანუ ფორმატი რუსეთის მონაწილეობით), დასავლეთის მიერ ყირიმის მერე გაყინული, შეუძლებელია აღდგეს — და არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთმა ამ წლებში ჩინეთთან სტრატეგიული ალიანსი განამტკიცა. დასავლეთი პლუს რუსეთი ვერ შეძლებენ მსოფლიოში თამაშის წესების განსაზღვრას — ამას ყველა საკვანძო მოთამაშე სჭირდება. ბუნებრივია, ჩინეთი და ინდოეთი — მაგრამ რეგიონული ინტეგრაციული კავშირებიც, რომლებიც სამხრეთ–დასავლეთ აზიას, არაბულ სამყაროს, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკას წარმოადგენენ. ყველაზე ახლო ამ ფორმატთან „დიდი ოცეულია“.

ტრამპი გვთავაზობს შეიქმას რაღაც საშუალო „დიდ შვიდიანსა“ და „დიდ ოცეულს“ შორის — 11 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი. თუ G-11-სა და G-20-ს შევადარებთ, კიდევ ვინ არ აღმოჩნდება მასში ჩინეთის გარდა? სამხრეთ ამერიკა (მექსიკა, არგენტინა და ბრაზილია), აფრიკა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) და ისლამური სამყარო (თურქეთი, საუდის არაბეთი და ინდონეზია) — ანუ ისევ დასავლური ან გეოპოლიტიკურად დამოკიდებული ქვეყნების ჯგუფი გამოდის (სამხრეთ კორეა), რომლებსაც რატომღაც უნდა შეუერთდნენ რუსეთი და ინდოეთი. მაგრამ პუტინი და მოდი დამოუკიდებელ სახელმწიფო–ცივილიზაციებს წარმოადგენენ, რომლებისთვისაც სასაცილოა მსავს თამაშში მონაწილეობის შეთავაზება. მით უმეტეს, რომ ის აშკარად ანტიჩინურ ხასიათს ატარებს. 

ამასთან ტრამპის თავაზიანად შეჩერება ძალიან ძნელი იქნება. როგორც სამიტის მასპინძელს, მას უფლება აქვს მიიწვიოს ის, ვინც სურს და შეუძლია არც გაითვალისწინოს დიდი ბრიტანეთისა თუ გერმანიის წინააღმდეგობა პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს ხომ „დიდი რვიანის“ აღდგენა არ არის, არამედ, უბრალოდ, შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით.

რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი არ წავა არანაირი ფორმატის „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე, თუნდაც „დიდი რვიანის“ აღსადგენად დაუძახონ. გასულ შემოდგომაზე მის მიერ გამოთქმული შენიშვნა „დიდი რვიანის“ თაობაზე ერთ მნიშვნელოვან მინიშნებას შეიცავდა: რადგან დასავლელი ლიდერები 2014 წელს არ ჩამოვიდნენ რუსეთში მორიგ სამიტზე, მაშინ, თუ ახლა „ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ჩამოსვლა სურთ, მოხარულები ვიქნებითო“. მოკლედ, ყირიმში ჩამობრძანდითო.

ამასთან სექტემბერში ნიუ-იორკში მაინც შეიძლება გაიმართოს ამ წლის უმნიშვნელოვანესი სამიტი. პუტინი და სი კი იმ დროისათვის უკვე მოასწრებენ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრის მოწყობას — და სხვა საკითხებს შორის, ათასწლოვანი რუსეთისა და სამიათასწლოვანი ჩინეთის ლიდერები, რაღა თქმა უნდა, ამერიკის მომავალზე იმსჯელებენ...

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

72
მეტროს მგზავრები პირბადეებით

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

0
(განახლებულია 14:45 04.06.2020)
საქართველო  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე კორონავირუსის ეპიდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევას ჩაატარებს

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. აუცილებელია დეტალური კვლევის ჩატარება კორნავირუსის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გავლენის კუთხით, რათა მოვემზადოთ პანდემიის მეორე ტალღისთვის, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მუშაობამ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშზე მთავრობის მიერ კრონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ნათლად აჩვენა, რომ ეს ძალზე კარგი შესაძლებლობაა სუსტი ადგილების გამოსავლენად.

პრემიერმა აღნიშნა რომ ეს ანგარიში საფუძვლად დაედება კვლევას, რათა პანდემიასთან ბრძოლა უფრო ეფექტური იყოს.

„იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის... გვინდა, გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „კოვიდ-19“-ის ვირუსის, ეპიდემიის ზეგავლენის შესახებ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე – სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ. თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, ჩვენ მას ვპასუხობთ ეფექტურად, რამეთუ ვმართავთ რისკებს, შესაბამისად უნდა გადავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო, რათა ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების ჩატარებაში მაქსიმალურად სწრაფ დროში“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა რომ ეს კვლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ უკეთ მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის, არამედ გავუზიაროთ საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორებსაც.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში