ძველი წიგნი

ჟამიანობა საქართველოში: ყვავილზე „აჭრილი“ უფლისწული და ქოლერას შეწირული პატრიარქი

409
(განახლებულია 17:40 26.03.2020)
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა. მაგრამ ეს პირველი არ არის, მანამდე იყო შავი ჭირი, კეთრი, მალარია, ტიფი, ქოლერა, ყვავილი, „ისპანკა“ თუ სხვა დაავადებები, რომლებმაც კატასტროფული შედეგები მოუტანეს  კაცობრიობას.

ეპიდემიები და პანდემიები ერთბაშად მოიცავდა ხოლმე რამდენიმე ქვეყანას, ზოგჯერ კონტინენტებსაც კი, და იწვევდა დიდ მსხვერპლს. ამ მოარულ დაავადებებში ყველაზე მეტად აპოკალიფსური, საზარელი და დამთრგუნველი შავი ჭირი იყო, რომლის 140-ზე მეტი ეპიდემია და 3 პანდემიაა დაფიქსირებული. VI და XIV საუკუნეებში მძვინვარე ამ სენმა დედამიწის მოსახლეობის თიითქმის ¼ შეიწირა.  

„შავ სიკვდილს“ უკვალოდ არც საქართველოში ჩაუვლია. XIV საუკუნეში შავი ჭირი ჩვენში ვაჭრებმა შემოიტანეს და პირველი კერები ქვეყნის უმთავრეს სავაჭრო ცენტრში — თბილისში გაჩნდა. აქედან კი დანარჩენ საქართველოში გავრცელდა და დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მძვინვარებდა, რასაც ასობით ათასი ადამიანი შეეწირა. შავმა ჭირმა 1366 წელს თბილისის მოსახლეობა თითქმის გაანახევრა.

მართალია, უკურნებელი სენი ძირითადად ღარიბ–ღატაკებსა და ბოგანოებს ემტერებოდა, მაგრამ ზოგჯერ ის დიდგვაროვანთა და სამეფო სასახლეებშიც აღწევდა. მაგალითად:

  • ერთ-ერთი ვერსიით, ალექსანდრე მაკედონელი მალარიამ შეიწირა;
  • საქართველოს ამომგდებ თემურ ლენგსაც, სავარაუდოდ, ატიპიური პნევმონიის ნიშნები ჰქონდა, მაგრამ ვინაიდან ეს ტერმინი მაშინ არ არსებობდა, მტარვალის სიკვდილის მიზეზად ფილტვების ანთება მიიჩნიეს;
  • „მუცლის გვრემას“ (დიზენტერიას) გადაჰყვა საქართველოს კიდევ ერთი მაოხარი შაჰ აბას პირველიც. „ირანის ლომის“ სიკვდილის მიზეზი დაუსრულებელი ფაღარათი შეიქმნა;
  • 1266 წელს, სავარაუდოდ, შავმა ჭირმა იმსხვერპლა „ოქროს ურდოს“ ყაენი ბერქა. მისი ურდო დარუბანდის გზით გრიგალივით შემოიჭრა ამიერკავკასიაში, მიწასთან გაასწორა ხორნაბუჯი, მდინარე ივრისპირეთი, ხუნანი, რუსთავი, მაგრამ მონღოლთა ბანაკში გაჩენილმა ჭირმა შეიწირა და გარეჯში დალია სული;
  • 1346 წელს გარდაიცვალა საქართველოს დიდი მეფე გიორგი ბრწყინვალე. ერთ-ერთი ვერსიით, ის ვერაგმა სენმა იმსხვერპლა;
  • შავ ჭირს შეეწირა საქართველოს მეფე ბაგრატ V-ის მეუღლე დედოფალი ელენეც;
  • ისტორიამ შემოგვინახა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს მეფე ულუ დავითი და მისი შვილი გიორგი ნაწლავთა დაავადებას გადაჰყვნენ, რომლის აღწერა ემთხვევა ამებიაზის კლინიკას...

შავმა ჭირმა ყველაზე დიდი უბედურება ჩვენ ქვეყანას XIX საუკუნის დასაწყისში მოუტანა, როცა მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ხოლო იმერეთის სამეფოში მცხოვრებთა თითქმის ნახევარი შეიწირა. კავკასიის მთავარმართებელი ალექსი ერმოლოვი იმერეთში შექმნილ მდგომარეობას ასე ახასიათებდა:

„იმერეთში მძვინვარე უძლიერესი შავი ჭირი და შიმშილი იმდენად საშინელი იყო, რომ მამები თავიანთ შვილებს სამუდამოდ მონობაში ყიდიდნენ ლუკმა-პურისთვის, სასოწარკვეთილი დედები კი შიმშილისგან გალეულ ბავშვებს ტყეში და შარაგზაზე ტოვებდნენ“.

უმძიმესი ვითარება იყო შექმნილი თბილისშიც, საიდანაც ხალხი უკანმოუხედავად გარბოდა. და ამ ფონზე, 1812 წლის აპრილში  დედაქალაქში კვარტალურ ზედამხედველად სტეფანე მიზანდარი დაინიშნა, რომელსაც კარანტინის დარგში კომისრის ვალდებულება დაეკისრა. 

სტეფანე მიზანდარი უშიშრად შედიოდა შავი ჭირით დაავადებულთა სახლებში, განსაკუთრებული მზრუნველობითა და, როგორც ახლა იტყვიან, ოპერატიულად აცალკევებდა სნეულ და ჯანმრთელ მოქალაქეებს, ავადმყოფები ლაზარეთებში გადაჰყავდა. ამ უშიშარი ადამიანის წყალობით არაერთი თბილისელი გადაურჩა მომაკვდინებელს სენს. გადარჩა სიკეთის მთესველი მიზანდარიც. 

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ქვეყანაში გავრცელებული შავი ჭირის გამო ქართლ-კახეთის დიდი მეფე ერეკლე მეორე 40 დღის განმავლობაში არ დაუკრძალავთ. დიდი სურვილის მიუხედავად, მეფის ცხედრის თელავიდან თბილისში, კერძოდ, სიონის ტაძარში გადასვენება ვერ ხერხდებოდა. ამიტომ თელაველებმა იგი პირდაპირ მცხეთას გადააბრძანეს – არაგვის პირას დატოვეს და თავად უკან გაბრუნდნენ. დიდი მეფის ცხედარს მდინარის გაღმა მცხეთელები ელოდებოდნენ. მათ ფეხით გადალახეს არაგვი, ერეკლეს ნეშტი გადაიბარეს და სვეტიცხოველს წაასვენეს.

მაგრამ ტაძარში შესვლა ძალიან სახიფათო იყო, რადგან იქ სნეულები იყვნენ თავშეფარებული. სამწუხაროდ, თელაველი ჭირისუფლებიდან არავინ შეჰყვა პატარა კახის ცხედარს სვეტიცხოველში, გარდა ერეკლეს კარის მოძღვარის ქრისტეფორესი, რომელმაც არ მიატოვა მეფე, პარაკლისიც გადაუხადა და ყველა საღვთო წესიც აღასრულა. არადა, გადმოცემის თანახმად, ლეგენდარულ მეფეს უკანასკნელ გზაზე, თელავიდან მცხეთამდე 20 ათასი ჭირისუფალი მიაცილებდა თურმე. 

უნდა ითქვას, რომ „ყვავილმაც“ არანაკლები უბედურება მოსწია სამყაროს. საქართველოში შავი ჭირის მძვინვარებას ყვავილიც დაერთო და მაშინ მეფე ერეკლემ დიდი რისკი გასწია ერისა და ქვეყნის გადასარჩენად — საკუთარი შვილი, იულონ ბატონიშვილი ააცრევინა პირველი სრულიად უცნობი ვაქცინით, რომელიც ევროპელმა მეცნიერებმა და კათოლიკე მღვდლებმა შემოიტანეს ჩვენში XVIII საუკუნის ბოლოს. მეფეს კათოლიკე პატრებისთვის უთქვამს – ჩვენს შვილს, იულონს ყვავილი აუჭერითო (მაშინ ტერმინი აცრა არ არსებობდა და მის აღსანიშნავად თავად ერეკლემ შემოიღო „აჭრა“).

არავინ იცოდა, რით დასრულდებოდა „ყვავილის აჭრა“. ეს ვაქცინაზე იყო დამოკიდებული: თუ ის უვარგისი გამოდგებოდა, ვინ იცის, იქნებ ბატონიშვილის სიცოცხელეც წაეღო. მაგრამ რისკმა გაამართლა და სამეფო კარის ძალისხმევით ყვავილზე აცრამ ფართო მასშტაბები მიიღო...

ქოლერის ეპიდემია პირველად 1840 წელს გავრცელდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. საეკლესიო ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ადამიანები ორ–სამ დღეში ოჯახებიანად წყდებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი გვარის ხალხიც კი ამოჟლეტილა.

ეპიდემია საუკუნის ბოლომდე გაგრძელებულა. მასთან ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულა თვით ილია ჭავჭავაძეც, რომელმაც სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკიდან სოლიდური სახსრები გაიღო და დააფინანსა ისეთი ღონისძიებები (ქოლერის აცრა, ღარიბი მოსახლეობისთვის წყლისა და საპნის უფასოდ მიწოდება, კირის შეძენა), რამაც ხელი შეუშალა ამ სენის კიდევ უფრო გავრცელებას.

ქოლერის მეორე ეპიდემიამ 1919 წელს იფეთქა. პირველი შემთხვევები თბილისში მცხოვრებ უცხოელებს შორის დაფიქსირდა. ასეთები ბევრნი არ იყვნენ, მათი რიცხვი 90-ს არ აღემატებოდა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება ადვილად გადამდები იყო, თბილისელებიც დასნეულდნენ. თუმცა ქოლერის გავრცელების მთავარი მიზეზი მაინც დაბინძურებული მტკვრის სასმელ წყლად გამოყენება იყო.

ამბობენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, მორჩილებმა მთიდან ჩამოუტანეს წყაროს წყალიო. მაგრამ არ დაულევია ერის სულიერ მამას იგი – მეც ის წყალი უნდა ვსვა, რასაც ჩემი მრევლი სვამსო.

და 1921 წლის 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქოლერის დიაგნოზით გარდაიცვალა...

 

409