რუსეთი იტალიას ეხმარება  COVID-19-თან ბრძოლაში

რით დაეხმარება იტალიას სამხედრო-სამედიცინო დესანტი რუსეთიდან

92
(განახლებულია 20:49 24.03.2020)
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „სამედიცინო სპეცრაზმის“ პროფესიონალური და თავდადებული მოქმედება კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრში მსოფლიო საზოგადოებისთვის იმის მაგალითად შეიძლება იქცეს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას მსოფლიო მასშტაბის ურთულესი პრობლემები.

ალექსანდრ ხლორენკო

თვითმფრინავი Ил-76 რუსი სამხედრო სპეციალისტებითა და აღჭურვილობით 23 მარტს „პრაქტიკ დე მარეს“ საავიაციო ბაზაზე (რომიდან 30 კმ-ის დაშორებით) დაეშვა, რათა იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. რუსეთი იტალიაში გზავნის სამხედრო ვირუსოლოგებისა და მედიკოსების 8 მობილურ ბრიგადას, სადიაგნოსტიკო აპარატურას, ტრანსპორტისა და ტერიტორიის სადეზინფექციო კომპლექსებს, სხვა სამედიცინო მოწყობილობას. 

„სამედიცინო სპეცრაზმის“ შემადგენლობაშია ვირუსოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის სფეროში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 100-მდე წამყვანი სპეციალისტი, რომელთაც ეპიდემიებთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. რუსეთის დესანტი აღჭურვილია ყველა აუცილებელი სამედიცინო პრეპარატითა და თანამედროვე სპეცტექნიკით. იტალიის მხარესთან შეთანხმებით რუსი სამხედრო მედიკოსები და ვირუსოლოგები დასახული ამოცანების შესრულებას შეუდგებიან. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შექმნა საავიაციო დაჯგუფება ცხრა Ил-76 თვითმფრინავის შემადგენლობით იტალიისთვის დახმარების ოპერატიულად მისაწოდებლად. ეს საჰაერო ხიდი, ალბათ, იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის მთელი პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს. რუს სპეციალისტებს შრომატევადი და სახიფათო სამუშაო ელოდებათ. 24 მარტისთვის იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 63 927 ადამიანს მიაღწია, COVID-19-ს 6 077 ადამიანი ემსხვერპლა. 

ძალები და საშუალებები

21 მარტს სატელეფონო საუბრისას რუსეთისა და იტალიის პრეზიდენტებმა პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია და ინფექციის შემაკავებელი ღონისძიებები განიხილეს. ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა იტალიის დახმარების მზადყოფნა.

პირველ Ил-76-ს, რომელიც იტალიის საავიაციო ბაზაზე დაეშვა, დახვდნენ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური ენცო ვიჩერელი, რომლებმაც იტალიელი ხალხის სახელით დიდი მადლობა გადაუხადეს რუსეთის მხარეს დახმარებისთვის. ეს გულწრფელი მადლობა იყო. უახლოესი ევროპელი მეზობლები ხომ დიდხანს ვერ წყვეტდნენ იტალიისთვის თუნდაც ფულადი დახმარების აღმოჩენას. 

იტალიას აუცილებლად სჭირდება გარედან დახმარება, რესპუბლიკაში ჯანდაცვის სისტემის 4 824 თანამშრომელია ინფიცირებული – ორჯერ მეტი, ვიდრე ჩინეთში. თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. გაზეთი La Repubblica იუწყება: ნიღბებისა და რესპირატორების პარტია, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ იტალიას გაუგზავნა, ჩეხეთის ხელისუფლებამ ამოიღო. თუმცა ჩეხეთი იტალიას იმავე რაოდენობის დამცავი საშუალებების მიწოდებას დაჰპირდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უმოქმედოდაა. იტალიაში ვირუსოლოგებისა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავის გაგზავნის შემდეგ იტალიის ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით პენტაგონს მიმართა. კერძოდ, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ლორენცო გუერინიმ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ მარკ ესპერას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებისა და სამედიცინო ნიღბების გამოგზავნა სთხოვა. რომს აშშ-ის ჯარის შემადგენლობაში იტალიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედრო მედიკოსების დახმარების იმედიც აქვს. თუმცა თხოვნას ვაშინგტონის ოპერატიული რეაქცია არ მოჰყოლია.  

მეცხრე Ил-76 იტალიაში 23 მარტს, დილით ჩაფრინდა. სამხედრო მედიკოსების ჯგუფი სრული შემადგენლობითა და საჭირო აღჭურვილობით იტალიაშია. მობილური სადეზინფექციო კომპლექსები იტალიის ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში მიემართებიან. რუსეთის გარდა, სახელმწიფო დონეზე ეპიდემიასთან ბრძოლაში იტალიას ეხმარებიან მხოლოდ ვენესუელის, ჩინეთისა და კუბის სამედიცინო ჯგუფები.

უნიკალური სპეციალისტების, სამედიცინო პრეპარატებისა და სპეცტექნიკის გაგზავნით რუსეთი იტალიას, უპირველეს ყოვლისა, აწვდის ეპიდემიებთან და საშიშ დაავადებებთან (ებოლა, ციმბირული წყლული და სხვ.) ბრძოლის წარმატებულ სამხედრო-სამედიცინო გამოცდილებას. რასაკვირველია, რუსი სპეციალისტები იტალიაში ნაკლებად ცნობილ ვირუსთან ბრძოლის ახალ ფასდაუდებელ გამოცდილებსაც შეიძენენ.

სამედიცინო სპეცრაზმი

იტალიაში გაგზავნილი რუსი სპეციალისტების ჯგუფის პრაქტიკულად ყველა წევრი – სამხედრო ვირუსოლოგებისა და მსოფლიო დონის მედიკოსების ელიტაა. მაგალითად, „სამედიცინო სპეცრაზმის“ ხელმძღვანელია გენერალ-მაიორი სერგეი კიკოტი. მას ციმბირული წყლულის ურთულეს ეპიდემიოლოგიურ პირობებში მუშაობის, ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაციის დიდი გამოცდილება აქვს. 

წამყვანი მეცნიერ-ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლკოვნიკი ალექსეი სმირნოვი არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაში.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გენადი ერემინი – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, ავტორიტეტული სპეციალისტი ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების სფეროში.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პოდპოლკოვნიკი ალექსანდრ იუმანოვი გვინეის რესპუბლიკაში ებოლასთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მობილური ჰოსპიტლის შექმნაზე და სხვ.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ჯარში დღემდე არ არის გავრცელებული კორონავირუსი – დიდწილად ასეთი მაღალი დონის მეცნიერებისა და პრაქტიკოსი ექიმების დამსახურებით.

და, მაინც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 მარტის სხდომა COVID-19-ის პრობლემის განხილვით დაიწყო. ერთი კვირით ადრე ჩამოყალიბდა ოპერატიული შტაბი შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და სამხედროებს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მომზადდა სპეციალური განყოფილებები 32 საავადმყოფოში. ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციისა და ინფექციასთან ბრძოლის მიზნით 18-19 მარტს ჩატარდა რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარის სპეციალური წვრთნები მედიკოსების მონაწილეობით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყოველთვის მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის. ბუნებრივი ეპიდემიები და ბიოლოგიური იარაღი ჯერ არსად გამქრალა.

 

92
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (459)