სამშვილდე – უძველესი ქართული ციხე-ქალაქის თავისებური მისტიკა

CC BY-SA 3.0 / travelgeorgia / Samshvilde fortressსამშვილდის ციხე-ქალაქი
სამშვილდის ციხე-ქალაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადმოცემის თანახმად, ამ ქვის მეშვეობით შესაძლებელი იყო ციურ სხეულებთან დაკავშირება. ქვა ზოდიაქოს ერთ-ერთ ნიშანთან, მშვილდოსანთანაც იყო კავშირში, რის გამოც ამ ადგილს სამშვილდე ეწოდა...

მდინარეების – ქციისა და ჭივჭავის შესართავთან, ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე შემორჩენილია ძველი ციხე-ქალაქის სამშვილდის ნანგრევები. ეს დიდი ქალაქი და მტკიცე ციხე-სიმაგრე ოდესღაც სამხრეთ-დასავლეთიდან იცავდა თბილისს. ვარაუდობენ, რომ სამშვილდე ერთ დროს სამეფო ქალაქიც იყო.

ეს მიუვალი ციხე ქციისა (ხრამი) და ჭივჭავას შორის სოლისებურად შეჭრილ კონცხზე, ციცაბოფერდობიან პლატოზე მდებარეობდა. გვერდებიდან ღრმა ხრამი იცავდა და ციხის აღება მხოლოდ დასავლეთიდან პირდაპირი შეტევით იყო შესაძლებელი. მაგრამ მაღალი და მკვიდრად ნაშენი გალავნები საიმედოდ იცავდა ამ მიმართულებასაც. მშენებლებს კარგად გაეთვალისწინებინათ რელიეფის თავისებურება: რაკი მტრის შემოსევა დასავლეთიდან იყო შესაძლებელი, სწორედ ამ მხარეს იყო ციხე ყველაზე საიმედო. 

აყვავებული რტო - Sputnik საქართველო
ბოჭორმის ანგელოზები – ზვარაკად შეწირული თორმეტი ქართველი ფერია

სამშვილდის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი ვარაუდით, ადრე ამ ადგილს ორბეთი, ანუ ორბების საბუდარი ერქვა, მერე კი სამშვილდე ეწოდა, ვინაიდან იქ ყველაზე კარგ მშვილდ-ისრებს ამზადებდნენ.

არსებობს სხვა ახსნაც: სამშვილდის ტერიტორიაზე მდებარეობს ძველისძველი საკულტო ობიექტი ოთხქვა. გადმოცემის თანახმად, ამ ქვის მეშვეობით შესაძლებელი იყო ციურ სხეულებთან დაკავშირება. ქვა ზოდიაქოს ერთ-ერთ ნიშანთან, მშვილდოსანთანაც იყო დაკავშირებული, რის გამოც ამ ადგილს სამშვილდე ეწოდა...

სანამ საქართველოს ოქროს ხანა ედგა, XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე ეს ქალაქიც ყვაოდა. მაგრამ მერე სამშვილდე საომარი პერიპეტიების ეპიცენტრში მოექცა — სწორედ ის იღებდა მთავარ დარტყმას, სანამ მტერი სატახტო ქალაქ თბილისს შეუტევდა.

სამშვილდე განსაკუთრებით დაზარალდა თემურ ლენგის ლაშქრობების დროს, მაგრამ ჯეჰან შაჰმა, როგორც იტყვიან, მას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.

თემურ ლენგის იმპერიის დაშლის შემდეგ ყარა-ყოინლუს, ანუ შავბატკნიანთა სახელმწიფომ დაიწყო გაძლიერება. ამ თურქმანული სასულთნოს სახელი უკავშირდებოდა დროშას, რომელზე შავი ბატკანი იყო გამოსახული. ჯერ ყარა იუსუფმა, ხოლო შემდეგ მისმა ძემ, არდავილის შეიხმა მუზაფარ ად-დინ ჯეჰან შაჰ ხანმა მნიშვნელოვნად გააფართოვა სამფლობელოს საზღვრები. 

Грузия - горный пейзаж на восходе - Sputnik საქართველო
გორგასლის საბრძოლო ეშმაკობა და სომეხ დიდებულთა ღალატით წაგებული ბრძოლა

და საფრთხე საქართველოსაც დაემუქრა. ჩვენი ქვეყანა ორჯერ გახდა ყარა იუსუფის სამიზნე და რაც მამამ დაგვაკლო, მისმა ვაჟმა აგვინაზღაურა.

1439 წელი იწურებოდა. უცხო სენისგან შეპყრობილი მეფე ალექსანდრე სიკვდილს ებრძოდა. ვის აღარ იწვევდნენ მის სამკურნალოდ, მაგრამ მას სააქაო პირი აღარ უჩანდა — დღე-დღეზე ელოდნენ მის აღსრულებას. შავბატკნიან თურქმანთა ბელადმა ჯეჰან შაჰმა ხელსაყრელად მიიჩნია საქართველოში შექმნილი ვითარება და ლაშქრობისათვის სამზადისს შეუდგა. მაგრამ რადგან ზამთრის პირი იყო, ლაშქრობა გაზაფხულისთვის გადადო.

უეცრად ალექსანდრემ გამოჯანმრთელება დაიწყო. უკვე ფეხზე წამომდგარი მეფე თავად დაუხვდა ირანის მბრძანებლის — ჯეჰან შაჰის ელჩს, რომელმაც მისგან უსიტყვო მოირჩილება მოითხოვა. მაგრამ ალექსანდრემ გაბედული უარი შეუთვალა შაჰს.

ანისი – კერკეტი კაკალი, რომელიც გიორგი მესამემ „გატეხა“>>

1440 წლის გაზაფხულზე ჯეჰან შაჰი საქართველოს ასაოხრებლად დაიძრა. იდგა 27 მარტი, აღდგომა დღე. მთელი ქვეყანა საზეიმოდ მორთულიყო და დღესასწაულს ზეიმობდა. მოულოდნელად შეიხმა 20-ათასიანი ლაშქრით საქართველოს საზღვრები გადმოლახა, თრიალეთი მოარბია, მერე სამშვილდეს მიადგა და ალყა შემოარტყა. 

მეფე ალექსანდრე პირველი მოუმზადებელი შეხვდა მტრის მოულოდნელ თავდასხმას და ციხე-ქალაქს დახმარება ვერ გაუწია. ალყიდან 50 დღის შემდეგ, შიმშილითა და წყურვილით შეწუხებული ქალაქი მოტყუებით აიღეს. გარედან დახმარებას მოკლებული ძლიერი და გალავან-მაღალი ციხე დაეცა. ჯეჰან შაჰი ქალაქის დამცველებს დაპირდა, რომ არ დასჯიდა და დიდსულოვნად შეიწყნარებდა მათ, მაგრამ როგორც კი ქალაქი ხელში ჩაიგდო, მტარვალმა პირობა დაივიწყა და სამშვილდეში სისხლის მდინარეები დააყენა: ყველა ეკლესია-საყდრები თუ ციხე-სიმაგრენი დაანგრია, მოსახლეობა გაძარცვა და გაწყვიტა.

შაჰის ბრძანებით ქალაქის შესასვლელთან 1664 ადამიანის მოჭრილი თავისგან მინარეთი დადგეს, ხოლო 9400 ტყვე ქართველი სპარსეთში წაასხეს და ქვეყანა აოხრებული დატოვეს...

ყველა ახალი ამბავი
0