ჭადრაკი

გენიოსი ბუხუტი ივანიჩი: როგორ გადაარჩინა ქართველმა დიდოსტატმა მარცხს მსოფლიო ჩემპიონი

608
(განახლებულია 19:13 27.02.2020)
ჭადრაკში პირველი ქართველი დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე უაღრესად საინტერესო პიროვნება გახლდათ. ის წლების განმავლობაში იყო ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანის პირადი მწვრთნელი და დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ქალთა მაშინდელ ტრიუმფში.

ჭადრაკის დიდებულ მცოდნეს, განუმეორებელ თეორეტიკოსს ბევრჯერ ნამდვილი სასწაული მოუხდენია და უიმედო პოზიციაში გადადებული პარტიები გადაურჩენია. ერთი ასეთი შემთხვევის მომსწრე მეც გახლავართ და მინდა გავიხსენო.

ბუხუტი გურგენიძე
ბუხუტი გურგენიძე

გურგენიძეების ოჯახში შინაურ კაცად ვითვლებოდი, ვმეგობრობდი თავად ოჯახის უფროსთან, მის მეუღლესთან — ქალბატონ ლიასთან და შვილებთან — ზუკასა და ნანასთან. 1984 წლის შემოდგომაა. ბუხუტის სახლში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტის დასაწყისში პრეფერანსს ვთამაშობთ დიდოსტატ გენადი ზაიჩიკთან და გენრიხ იმნაძესთან ერთად. თამაშმა ისე გაგვიტაცა, როგორ შემოგვაღამდა, ვერ გავიგეთ. ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კარპოვ-კასპაროვის პირველი მატჩი მიმდინარეობს.

შუაღამისას ტელეფონის გაბმულმა ზარმა შეგვაწყვეტინა „ბრძოლა“. ლენინგრადიდან (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) ედუარდ გუფელდი რეკავდა. გუფელდი, თბილისელი დიდოსტატი, კასპაროვის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. 41(!)-ე პარტია კასპაროვისთვის ძალიან მძიმე პოზიციაში გადადებულიყო, მარცხის შემთხვევაში ჩემპიონი კარპოვი ხდებოდა. გუფელდს უთქვამს, ამ პარტიის გადარჩენა მხოლოდ ერთ კაცს შეუძლიაო და დარეკეს თბილისში.

ბუხუტის პოზიცია უკარნახეს, მერე კი თავად გარი კასპაროვი დაელაპარაკა: ბუხუტი ივანიჩ, მხოლოდ შენი იმედი დამრჩა, თუ ვერ მიშველე – დავიღუპეო.

ნანა ალექსანდრია და ბუხუტი გურგენიძე
ეროვნული არქივი
ნანა ალექსანდრია და ბუხუტი გურგენიძე

ბუხუტიმ უპასუხა, ორ საათში დამირეკეთო. გავიდა მეორე ოთახში და საქმეს შეუდგა. ამასობასი ჩვენც გადავხედეთ პარტიას და მეც კი მივხვდი, რომ ვითარება პრაქტიკულად უიმედო იყო. გენას გაეღიმა, შენ არ იცი, ივანიჩს რა შეუძლიაო.

ორ საათში ბუხუტი ოთახში შემობრუნდა. სახე უბრწყინავდა, თუმცა ხმა არ ამოუღია და ჩვენც არაფერი გვიკითხავს. მალე ისევ გაისმა ტელეფონის გაბმული ზარი. საუბარი მალე დასრულდა და ჩვენც დავინტერესდით, რა გამოსავალი მოიძებნა. როგორც გაირკვა, ქართველ დიდოსტატს პარტიის გადარჩენის ერთადერთი ვარიანტი მოეძებნა, რომლის მეშვეობითაც, სვლების გამეორებით ყაიმის მიღწევა შეიძლებოდა.

რამდენიმე წუთში ტელეფონმა ისევ დარეკა. ღამის სიჩუმეში ოთახში მყოფთაც მშვენივრად გვესმოდა 2000 კილომეტრით დაშორებული ქალაქიდან გარი კასპაროვის ყვირილი:

„Бухути Иванич! Ты просто гений, настоящий гений“.

ბუხუტის სახე უდიდეს ნეტარებას გამოხატავდა. ეს იყო კმაყოფილება კაცისა, ვინც რაღაც შეუძლებელი შეძლო და მართლაც ასე გახლდათ. იმ წუთში ბუხუტი გურგენიძე უფრო დიდი იყო, ვიდრე გარი კასპაროვი და ანატოლი კარპოვი ერთად აღებული.

608
თემები:
რეალური ისტორიები (38)
მთიანი ყარაბაღი

მოსაზრება: რატომ არ გამოუვიდა აშშ-ს ბაქოსა და ერევნის შერიგება

25
(განახლებულია 19:48 27.10.2020)
უკვე ერთი თვეა, რაც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება. ამ ხნის მანძილზე ჰუმანიტარული შერიგების უკვე სამი მცდელობა ჩავარდა.

გალია იბრაგიმოვა

კონფლიქტის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც შეერთებული შტატების მონაწილეობით შეთანხმდა, თითქმის მაშინვე დაირღვა.

ამერიკული გამოღვიძება

„შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების პროდუქტიულ მოლაპარაკებებს. ჩვენი ძალისხმევა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გადაჭრისკენაა მიმართული“, — ასე დააანონსა სახელმწიფო დეპარტამენტმა რიგით მესამე ჰუმანიტარული დაზავება.

წინა ორი შეთანხმების ჩაშლის გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დაიდო, მაიკ პომპეომ პირადი გარანტიები გასცა: „ზოგრაბ მნაცაკანიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა დაგვარწმუნეს, რომ დაზავების პირობებს დაიცავენ“.

მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხში ჩართულობა წარმოაჩინა დონალდ ტრამპმაც. ნიუ-ჰემპშირის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კავკასიურ ომს გაუმკლავდება. „რატომაც არა? მიმაჩნია, რომ ეს იოლი შემთხვევაა, თუ იცი რა უნდა გააკეთო“, — განაცხადა თეთრი სახლის თავკაცმა.

ნიუ-ჰემპშირი შედის ე.წ. მერყევ შტატთა ჩამონათვალში, სადაც ამომრჩეველთაგან ყველა ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, ვის მისცემს ხმას არჩევნებში. იმისათვის, რომ რეგიონის მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის ხმები მოიპოვოს, ტრამპმა პირდაპირ მათ მიმართა.

„შეხედეთ სომხებს — ეს საოცარი ადამიანები არიან. მათ ჯოჯოხეთურად ბევრი იბრძოლეს. ეს ძალიან შრომისმოყვარე ხალხია და ჩვენ დავეხმარებით მათ. ჩვენ დავეხმარეთ სერბეთსა და კოსოვოს პრობლემების გადაჭრაში, დავეხმარებით მთიან ყარაბაღსაც. ჩვენი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა“, — განაცხადა ამერიკის ლიდერმა აპლოდისმენტების თანხლებით.

ამერიკელების მცდელობას, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაესვა აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის პრეზიდენტიც უჭერდა მხარს: „იმედი მაქვს, რომ ვაშინგტონი ჩვენთან უნისონში იმოქმედებს და დარეგულირებაში დაგვეხმარება“, — ხაზი გაუსვა პუტინმა.

დაზავების ჩაშლა

ჰუმანიტარული დაზავება ძალაში 26 ოქტომბრის დილის 8 საათზე შევიდა ადგილობრივი დროით. მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მხარეები ისევ ალაპარაკდნენ შეთანხმების დარღვევაზე.

აზერბაიჯანმა სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერისა და მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე დასახლებული პუნქტების დაცხრილვაში დაადანაშაულა. მალე ამას მოჰყვა სომხეთის თავდაცვითი უწყების განცხადებაც, რომ აზრბაიჯანელმა არტილერისტებმა ცეცხლი გახსნეს „შეხების წერტილის ჩრდილო–აღმოსავლეთი მიმართულებით“.

არაღიარებულ რესპუბლიკაში დეზინფორმაცია უწოდეს „როგორც დაზავების დარღვევის შესახებ, ისე სამხრეთში აზერბაიჯანული პოზიციების დაცხრილვის თაობაზე ინფორმაციას“. თუმცა შუადღისთვის აღიარეს, რომ რიგით მესამე ჰუმანიტარული დაზავება ჩაიშალა. სტეფანაკერტმა ბაქო სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა ყარაბაღის ერთ-ერთ სოფელზე.

ამის პარალელურად სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიდერი არაიკ არუთუნიანი აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ შეთანხმების დასაცავად.

დროებითი შესვენების მომხრე იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. ამასთან ის საერთაშორისო შუამავლებს ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდებდა.

„თუ ცეცხლის შეწყვეტა სურთ, მაშინ სომხეთს უთხრან, რომ ჩვენი ტერიტორიები დატოვოს. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ბოლომდე წავალთ“, — აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაში ჩართულ მოთამაშეებს მიმართა სერგეი ლავროვმაც. კერძოდ, მან ურჩია თურქეთს, გამოიყენოს გავლენა კავკასიაზე.

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბრების სერია მქონდა. ვცდილობთ დავარწმუნოთ ანკარა, მხარი დაუჭიროს მშვიდობიანი დარეგულირების ხაზს“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქული თამაშები

ეუთოს მინსკის ჯგუფი არ წყვეტს მცდელობას, შეარიგოს მოწინააღმდეგეები. თანათავმჯდომარეები 29 ოქტომბერს ჟენევაში შეხვდებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მაგრამ РИА Новости-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები ამ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ თავად კონფლიქტის მხარეები იყვნენ დაინტერესებული. ჯერჯერობით ასეთი განწყობა არ არის. აზერბაიჯანული მხარე ყოველ ჯერზე ანახლებს მთიანი ყარაბაღის დაცხრილვას. სომხეთის ტერიტორიაზე გამუდმებით შემოდიან დრონები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბაქო არ აპირებს შეჩერებას“, — მიაჩნია სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ექსპერტს ჯონი მელიქიანს.

მისი თქმით, ერევანი მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას, მაგრამ პროცესს თურქეთი უშლის ხელს, რომელიც კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეზე გამოდის.

„მოსკოვი, ვაშინგტონი, პარიზი შერიგებისკენ მოუწოდებენ. ანკარა ამის წინააღმდეგია და ბაქოს შეიარაღებული კონფრონტაციისკენ აქეზებს. ამასთან თურქული მხარე არ მალავს, რომ სურს გახდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. თუ ასე მოხდა, ფორმატი განადგურდება“, — მიაჩნია სომეხ ექსპერტს.

ამერიკელების ინიციატივა

რუსეთში მოღვაწე კავკასიათმცოდნე ნურლან ჰასიმოვს ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ-ის შუამავლობა მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხში იმთავითვე განწირული იყო. მისი თქმით, დაზავებას ორივე მხარე იმისთვის იყენებს, რომ დამატებითი რეზერვები მიიზიდონ და პოზიციები გაიმაგრონ კონფლიქტის ზონაში.

„მიდის სასტიკი ბრძოლები ლაჩინის დერეფნისთვის. თუ აზერბაიჯანი მას დაიპყრობს, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის პირდაპირი კომუნიკაცია გაწყდება. ეს კარდინალურად შეცვლის სურათს. ბაქომ დიდი ძალა გადაისროლა ლაჩინში, ახლა აზერბაიჯანისთვის დაზავება ხელსაყრელი არაა“, — ამბობს ჰასიმოვი.

ვაშინგტონის აქტიურ მონაწილეობას ექსპერტი ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს. თუმცა დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად დაკარგავს ინტერესს სამხრეთ კავკასიისადმი.

„ვაშინგტონისგან ინიციატივა ერთადერთხელ წამოვიდა 2001 წელს. მაშინ კი-უესტში შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან მომლაპარაკებელმა პოლ გობლმა ტერიტორიების გაცვლის გეგმა წარმოადგინა: მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შვიდი რაიონი აზრებაიჯანს უნდა დაბრუნებოდა, ხოლო ბაქოს სომხეთისთვის მთიანი ყარაბაღი და ლაჩინის დერეფანი უნდა გადაეცა მეგრინის დერეფნის სანაცვლოდ. ეს ვიწრო მონაკვეთია სომხეთ–ირანის საზღვარზე. მაგრამ ერევანმა უარი თქვა — ირანის საზღვარი ქვეყანას გარე სამყაროსთან აკავშირებს. ბაქოსთვის კი გობლის გეგმა მთიანი ყარაბაღის დაკარგვას ნიშნავდა და ჰეიდარ ალიევი ასევე არ წავიდა ამ გარიგებაზე“, — ამბობს ჰასიმოვი.

90-იან წლებში აშშ-ის ნაბიჯებს მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაში ექსპერტი არა იმდენად ქვეყნების შერიგების სურვილით ხსნის, რამდენადაც „კავკასიის ნავთობ–გაზის სექტორში საკუთარი ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ სურვილით.

„დასავლეთმა მაშინ დიდი სახსრები ჩადო სამხრეთ კავკასიაში გაზისა და ნავთობსადენების აშენებაში. აზერბაიჯანული ნავთობი რუსული ენერგორესურსების ალტერნატივად განიხილებოდა ევროპაში და ამერიკელები ამას ყველანაირად უჭერდნენ მხარს. ომს შეიძლებოდა ხელი შეეშალა ამ პროექტების რეალიზაციისთვის. მაგრამ გობლის გეგმის ჩავარდნის შემდეგ ვაშინგტონმა სამშვიდობო ინიციატივა მთლიანად რუსეთს გადასცა“, — იხსენებს კავკასიათმცოდნე.

კონსენსუსი მოსკოვთან

აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი პაველ კოშკინი ამერიკულ მშვიდობისმყოფელობას ასევე წინასაარჩევნო ვითარებას უკავშირებს.

„ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, მიიღოს მრავალიცხოვანი სომხური დიასპორის ხმები მერყევ შტატებში. აქედან მოდის დაპირება კონფიქტის დარეგულირებაში დახმარებაზე. მაგრამ არჩევნების შემდეგ ვაშინგტონი ისევ დაივიწყებს კავკასიას“, — ვარაუდობს ექსერტი.

ამერიკელების მრავალწლიან განდგომას მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხისგან კოშკინი იმით ხსნის, რომ კონფლიქტი შტატებს მართვადი მიაჩნდა.

მისი თქმით, ვინც უნდა გახდეს თეთრი სახლის ახალი მეთაური, მთიანი ყარაბაღისადმი ინტერესი მარგინალური დარჩება. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია — ეს ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის თემათაგან, რომლებშიც ვაშინგტონი მოსკოვის მოსაზრებას ეყრდნობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

25
დონალდ ტრამპი და სი ცზინპინი

კოზირი სახელოში: გაყიდის თუ არა ჩინეთი აშშ-ის სახელმწიფო ვალს

32
(განახლებულია 20:46 26.10.2020)
ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირებამ ახალი ძალით იფეთქა – სავაჭრო ომი ტექნოლოგიურ ომში გადაიზარდა.

ნატალია დემბინსკაია

სანამ ვაშინგტონი ჩინურ პროექტებს ბლოკავს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარის შემცველად მიაჩნია, პეკინში მათი მთავარი იარაღი გაიხსენეს: ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების ტრილიონებიანი პორტფელის გაყიდვას დოლარის კურსისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოშლა შეუძლია. ეს მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის უკიდურესად საშიში სცენარია. რამდენად შორს წასასვლელად არის მზად ჩინეთი?

ტექნოლოგიური ომი

იანვარში მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სავაჭრო ომის დამთავრებისკენ: ვაჭრობის აღსადგენად პირველი ფაზის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ვაშინგტონმა კორონავირუსის გავრცელებაში პეკინი დაადანაშაულა და ფულადი კომპენსაცია მოითხოვა. ამასთან ამერიკელებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გადიან და მას ჩინეთისადმი ლმობიერება უსაყვედურეს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა იზრდება. ტრამპს ისევ გაახსენდა ზარალი, რომელიც თითქოს ჩინურმა კომპანიებმა მიაყენეს ამერიკულ ეკონომიკას – წარმოებები თავისთან „გადაქაჩეს“ და ტექნოლოგიური საიდუმლო ინფორმაციები მოიპარესო.

აგვისტოში ვაშინგტონმა ჩინეთი ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩარევაში დაადანაშაულა. სამიზნე ჩინური დანართი TikTok აღმოჩნდა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დანართი უნდა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთი იმ ამერიკელი მოქალაქეების მონაცემებზე წვდომას მიიღებს, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენო.

TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს აიძულებენ – ბიზნესი ამერიკულ კომპანიებს მიჰყიდოს. ტრამპის თქმით, ეს აუცილებლად 12 ნოემბრამდე უნდა მოხდეს, თორემ სერვისი დაიბლოკება.

როგორ უპასუხებს ამას პეკინი, ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ TikTok-ის გამოსარჩლებისთვის ჩინეთის ხელისუფლებას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს, ვინაიდან ის „მავნებლად“ მიაჩნიათ: ავრცელებს „ვულგარულ კონტენტს“, არ შეესაბამაება „სოციალიზმის ღირებულებებს“, ხრწნის ჩინელ ახალგაზრდობას.

მაგრამ ვაშინგტონი Huawei-საც უტევს — ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას. და პეკინი უკვე დაემუქრა უცხოურ კომპანიებს სტრატეგიული მასალებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვით.

სერიოზული საუბარი

პარალელურად პეკინში გაიხსენეს, რომ ჩინეთს უფრო სერიოზული ბერკეტები აქვს ზეწოლისთვის. საუბარია სამი ტრილიონი დოლარის აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებზე.

აშშ-თან სავაჭრო ომის გამო ჩინეთი ისედაც გეგმაზომიერად იშორებდა თავიდან ამ ქაღალდებს და უკვე 2019 წლის ივნისისთვის უცხოელ მფლობელთა შორის ტრეჟერისი იაპონიის ხელში გადავიდა.

როგორც ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ბოლო ანგარიშიდან ჩანს, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ჩინური პორტფელი 1,08 ტრილიონამდე შემცირდა. წლის პირველ ნახევარში პეკინმა 106 მლრდ დოლარის ტრეჟერისი მოიშორა, რაც ყველაზე სწრაფი ტემპია 2015 წლის შემდეგ.

თუმცა საქმე მარტო ეკონომიკურ დაპირისპირებაში არ არის. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩინეთი ამერიკის სახელმწიფო ვალს თავიდან იშორებს, ეს დოლარის გაუფასურების რისკია საბეჭდი დაზგის გაუჩერებლად მუშაობის გამო.

თანაც ვალიც იზრდება. რვა თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 7,7 ტრილიონის სახაზინო ობლიგაცია გამოუშვეს, რაც რეკორდია. ანუ ეკონომიკას მხოლოდ და მხოლოდ სესხებით უჭერენ მხარს.

როგორც Global Times წერს, პეკინში ხედავენ, რომ ვაშინგტონში საბეჭდი დაზგის გარეშე არ შეუძლიათ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, ამიტომ ამერიკულ სახელმწიფო ვალში ინვესტიციები უკიდურესად სარისკოა.

დიდი ბაზრობა?

აშშ-ისა და ჩინეთის კონფლიქტის გაღრმავება მხოლოდ აღვივებს შიშებს: ერთიც ვნახოთ და ამერიკის ეკონომიკის მეორე უმსხვილესმა უცხოურმა კრედიტორმა ვერ გაუძლოს და ტრეჟერისების მასშტაბური გაყიდვა დაიწყოს? ასეთი ნაბიჯების შედეგები კატასტროფული იქნება. ამ ქაღალდების მასობრივი ვარდნა პანიკას გამოიწვევს ბაზარზე.

თუმცა, ეს თავად ჩინეთსაც არ აწყობს. უპირველესად იმიტომ, რომ 100–200 მლრდ დოლარის ობლიგაციების მოკლე პერიოდში გაყიდვა გარდაუვლად ჩამოშლის მათ ფასებს. ამ შემთხვევაში ჩინეთის საგარეო აქტივებისა და რეზერვების ფასებიც მნიშვნელოვნად დაიწევს — ისევე, როგორც გაიაფებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან მიღებული სახსრები.

ამას დაემატება დოლარის დაცემაც, რაც ასევე არაფერში სჭირდება ჩინეთს. ამერიკული ვალუტის დასუსტება ჩინურ ექსპორტს გააძვირებს. გარდა ამისა, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების ვარდნა სერიოზულად შეზღუდავს პეკინის შესაძლებლობებს, მართოს იუანი — თუ სავაჭრო ომი საბოლოოდ გავა კონტროლიდან. და, ბოლოს, ტრეჟერისების გაყიდვიდან მიღებული დოლარი სადღაც უნდა ჩაიდოს, ეს კი არც ისე იოლია.

პრობლემები შეექმნება არა მარტო ჩინეთს. საფრთხე ყველას დაემუქრება.

„ამერიკული ობლიგაციების პირამიდის ჩამოშლა ნიშნავს – მთელი მსოფლიო ფინანსურ ქაოსში ჩაიძიროს, რომელთან შედარებითაც 1998 თუ 2008 წლების კრიზისები ბავშვურ ხუმრობად მოგეჩვენებათ. ამიტომ არ მგონია, რომ ხილულ პერსპექტივაში რაიმე მსგავსი მოხდეს“, — აცხადებს კროპტოვალუტის ბანკ Chatex-ის ხელმძღვანელი მაიკლ როს–ჯონსონი.

დიდი ალბათობით, დოლარსა და ტრეჟერისზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდება — რაც ხდება კიდეც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომისტის სი ცზიუანის თქმით, პეკინი „ეტაპობრივად შეამცირებს“ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების პორტფელს დაახლოებით 800 მლრდ დოლარამდე — „თუ მოვლენები ნორმალურად განვითარდება“. თუმცა უკიდურესი ვარიანტი მაინც არ გამოირიცხება, მაგალითად, სამხედრო კონფლიქტის დროს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

32
კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ჯანმოში გადაკვალიფიცირებას გაივლის

24
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გადაკვალიფიცირებაზე გადაამისამართეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პირდაპირი ინვესტირების რუსულმა ფონდმა განაცხადები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ის რეგისტრაციისა და გადაკვალიფიცირების დაჩქარებული პროცედურისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიტანა, იუწყება РИА Новости.

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ჯანმოს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გადაკვალიფიცირებისთვის მიმართა.

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

„რუსეთმა პირველმა მსოფლიოში დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V", რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების უსაფრთხო, ეფექტურ და კარგად შესწავლილ პლატფორმაზე შეიქმნა... მადლობას ვუხდით ჯანმოს აქტიური თანამშრომლობისთვის და გადაკვალიფიცირების პროცესის ყველა ძირითადი ეტაპის წარმატებული გავლის იმედს ვიტოვებთ“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

გადაკვალიფიცირების პროგრამა - სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი გლობალური პროგრამაა. მის კოორდინირებას ახდენს ჯანმო, რომელიც ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასებას. თუ სამედიცინო პრეპარატი შეესაბამება ჯანმოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ის გადაკვალიფიცირება გავლილ პრეპარატების ჩამონათვალში შეაქვთ.

პანდემიის გათვალისწინებით, რუსული ვაქცინის რეგისტრაციის დაჩქარებული პროცედურა (Emergency Use Listing, EUL) გახდის მას ხელმისაწვდომს მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მოკლე ვადებში, ვიდრე ამას ჩვეულებრივი პროცედურები ითვალისწინებს, და ხელს შეუწყობს გლობალურ ძალისხმევას კორონავირუსის ინფექციის პრევენციისათვის, აღნიშნავს სააგენტო.

თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის გადაკვალიფიცირებას, ის შევა სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში, რომელსაც საერთაშორისო შემსყიდველი ორგანიზაციები და ქვეყნები სამკურნალო საშუალებების მასობრივი შესყიდვების მართვის პროცესში იყენებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა გახდა პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ-V“, რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ეპივაკკორონას“ წარმოება, რომელიც სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ შემუშავდა. ასევე გრძელდება მუშაობა ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

24
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში