ქალი როდესაც იხდის, სულაც არ ნიშნავს სტრიპტიზს...

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიღამის კლუბში
ღამის კლუბში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ კვლავ მოგესალმებათ ლელა ანჯაფარიძის სახელით მისი ვირტუალური აივნიდან და ჩვენს ფონდში დაცულ ჩანაწერებს გთავაზობთ.

ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს ჩვენი ღირსეული, დარბაისელი და თავშეკავებული აივანი ცოტა უნდა შევცვალოთ და გავამხიარულოთ. ერთხელ ხომ შეიძლება, სულ მთლად რომ არ გასერიოზულდეს და არ მოიწყინოს? ამიტომ გთავაზობთ – ცოტა ხნით ვიმოგზაუროთ ბოჰემურ პარიზში და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი აივანი გადაიქცა, მაგალითად, მყუდრო პარიზულ ქუჩის კაფედ, რომელსაც ახსოვს ტულუზ ლოტრეკი და მისი საყვარელი, იმ დროისთვის ძალიან პოპულარული, მაგრამ ცოტა „უხერხული“ ცეკვა „კან-კანი“.

მაგრამ „კან-კანს“ რა უჭირს, ის „მოკრძალებულიც“ კი იყო იმ ცეკვასთან შედარებით, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი და რომელიც „კან-კანზე“ 50 წლით გვიან შეიქმნა.

1893 წლის 9 თებერვალს პარიზის ცნობილ კაფე „მულენ რუჟში“ სტუდენტური შეკრების დროს მოდელმა, სახელად მონამ ცეკვის დროს ნელ-ნელა გაიძრო ტანისამოსი, რისთვისაც... 100 ფრანკით დაჯარიმდა!

სამაგიეროდ გაჩნდა ახალი ცეკვა, რომლებსაც ფრანგებმა რატომღაც ინგლისური სახელწოდება მისცეს (ცეკვის ფრანგულად დასახელება, როგორც ჩანს, მოერიდათ) – „სტრიპტიზი“ (strip — გახდა, tease — გამოწვევა).

სანამ გულში გავკიცხავდეთ უსაქციელო მონას, მინდა მოგახსენოთ, რომ სინამდვილეში სტრიპტიზი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არსებობდა. უბრალოდ მაშინ მის შემსრულებლებს უწოდებდნენ ალმეიებს, რაც არაბულად ნიშნავს „განათლებულ ქალს“ და ისინი იყვნენ ეგვიპტური ღმერთის — ოსირისის კულტის მიმდევრები. ისინი საღვთისმსახურო ცეკვისა და სიმღერის დროს იხდიდნენ, რადგანაც მიიჩნეოდა, რომ სიშიშვლე საუკეთესო ფორმა იყო ღმერთის პატივისცემის გამოსახატად. სტრიპტიზის კიდევ ერთ წინაპრად მიიჩნევა ანტიკური ეპოქის „ბზიკის ცეკვა“, რომლის დროსაც შალში გახვეული მოცეკვავე ასრულებდა ტანსაცმელში გაბლანდული ბზიკის გათავისუფლების იმიტაციას და ცეკვის დროს იძრობდა შალს…

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში და ნორვეგიაში რამდენჯერმე ჩატარდა სასამართლოები, რომელთა ვერდიქტების თანახმად:

სტრიპტიზი ისეთივე ხელოვნების დარგია, როგორიც, მაგალითად, ბალეტი ან ოპერა, და ამიტომაც მაყურებელმა უნდა შეიძინოს ბილეთები, რომლებიც დამატებული ღირებულების გადასახადითაც კი არ უნდა დაიბეგროს.

დღეისათვის გამოკითხულ რესპონდენტთა 84%-ის აზრით, სტრიპტიზის მოცეკვავის პროფესია არაფრით გამოირჩევა სხვა პროფესიებისგან. ხოლო რას ფიქრობს დანარჩენი 16%, სავარაუდოდ, იოლი მისახვედრია.

საინტერესოა, რომ სტრიპტიზის მოცეკვავეთა 92% ქალები არიან და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, თურმე, ხუთი სტრიპტიზიორი ქალიდან მხოლოდ ერთს ჰყავს „მუდმივი კლიენტი“, რომელიც ხშირად ესწრება მის გამოსვლას, ხოლო ხუთი სტრიპტიზიორი მამაკაციდან მუდმივი კლიენტი-ქალბატონი ჰყავს ოთხს.

არ ვიცი, რითი შეიძლება ამის ახსნა — იმით, რომ ამ პროფესიაში კაცები ბევრად ნაკლებია, თუ იმით, რომ ქალები უფრო „ვერნები“ ვართ…

ალბათ ყველას გვაქვს ნანახი ფილმი „სტრიპტიზი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს შესანიშნავი დემი მური. ის იხსენებდა, რომ არნახულად ბევრი მუშაობა და უამრავი გაკვეთილი დასჭირდა იმისთვის, რომ ელეგანტურად ესწავლა სტრიპტიზის ცეკვა. კრიტიკოსების აზრით, ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესოა მსახიობის ფილმოგრაფიაში. დემი მურის ჰონორარმა მაშინ 12 მილიონი დოლარი შეადგინა.

შეიძლება ზოგი არ დამეთანხმოს და ჩათვალოს, რომ ეს ცეკვა მაინც ვულგარულია და რომ, მაგალითად, ასეთ სერიოზულ მსახიობს, რომელიც გვახსოვს „მოჩვენებიდან“, არ უნდა შეესრულებინა ეს როლი. ნამდვილად არ შეგეკამათებით, მაგრამ ერთიც არის — ყველაფერი, რაც კეთდება პროფესიონალურად, მაინც ლამაზია. ზოგი ცეკვისთვის აუცილებელია, რომ ქალი იყოს გამომწვევი და თუ ეს ქალს მიზნად აქვს დასახული, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ის ცეკვას ასრულებს ღერძთან თუ დიდი პითონით ხელში, მაგალითად, როგორც მომხიბვლელი სალმა ჰაიეკი ცნობილ ფილმში “დაისიდან აისამდე“; ან კიდევ მთლად სერიოზული და მსახიობებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ნატალი პორტმანი ფილმში „სიახლოვე“.

მოკლედ, იცით, რა მგონია?

ქალი როდესაც იხდის,

სულაც არ ნიშნავს სტრიპტიზს,

როცა შიშვლდება სინდისი,

მაშინ  იწყება  სტრიპტიზი.

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0