ლელაჩკას აივანზე ერთი მიზეზით შეკრებილი სამი ბუმბერაზი და უბილეთო პრემიერა

CC0 / Pixabay / აყვავებული ხის რტო აივანზე
აყვავებული ხის რტო აივანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ კვლავ მოგესალმებათ ლელა ანჯაფარიძის სახელით მისი ვირტუალური აივნიდან და ჩვენს ფონდში დაცულ ჩანაწერებს გთავაზობთ.

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი მყუდრო და საყვარელი აივანი თბილისის ერთ-ერთ შესანიშნავ თეატრად უნდა გადავაქციოთ. ხომ იცით, როგორ მიყვარს თქვენი დაინტრიგება და თავიდან მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თქვენ გარდა დღევანდელ წარმოდგენას დაესწრება სამი საოცარი და ბუმბერაზი ადამიანი — დიდი რუსი პოეტი ალექსანდრ პუშკინი, დიდი რუსი პოეტი და პროზაიკოსი ბორის პასტერნაკი და დიდი გერმანელი პოეტი და დრამატურგი ბერტოლდ ბრეხტი, რომლებიც ერთმანეთს პირადად, სამწუხაროდ, არ იცნობდნენ (თუმცა, მოსკოვის პუშკინის სახელობის თეატრში ბრეხტის პიესაში „დოლები“ მთავარი გმირი კითხულობს პასტერნაკის ლექსს), მაგრამ დღეს ამ სამ ლეგენდარულ ადამიანს ჩვენთან მობრძანების საერთო მიზეზი გააჩნია.

დღეს გახლავთ ალექსანდრ სერგეევიჩის ხსოვნის დღე, ხოლო ბორის პასტერნაკი და ბერტოლდ ბრეხტი დაბადებული არიან სწორედ ამ დღეს — 10 თებერვალს (შესაბამისად, 1890 და 1898 წელს).

© photo: Sputnik / RIA Novosti / გადასვლა მედიაბანკში ბორის პასტერნაკი ანა ახმატოვასთან ერთად
 ბორის პასტერნაკი ანა ახმატოვასთან ერთად - Sputnik საქართველო
1/3
ბორის პასტერნაკი ანა ახმატოვასთან ერთად
© photo: Sputnik / RIA Novosti / გადასვლა მედიაბანკშიბერტოლდ ბრეხტი
ბერტოლდ ბრეხტი - Sputnik საქართველო
2/3
ბერტოლდ ბრეხტი
© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ პუშკინი
ალექსანდრ პუშკინი - Sputnik საქართველო
3/3
ალექსანდრ პუშკინი
1/3
ბორის პასტერნაკი ანა ახმატოვასთან ერთად
2/3
ბერტოლდ ბრეხტი
3/3
ალექსანდრ პუშკინი

მართალი გითხრათ, კიდევ ერთი იუბილარის, ცნობილი მზვერავისა და ძალიან საინტერესო პიროვნების – რუდოლფ აბელის მოწვევაც მინდოდა, მაგრამ ამ კომპანიაში რაღაც ვერ წარმოვიდგინე და თავი დავანებე.

დიდხანს ვფიქრობდი, სად მომეყარა ერთად თავი ამ შესანიშნავი სამი სტუმრისთვის და ბოლოს მოვიფიქრე: რა თქმა უნდა, ჩვენ რუსთაველის თეატრში, რა თქმა უნდა, ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით საოცარი ბატონი რობერტ სტურუას მიერ დადგმული „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერაზე, რომელიც შედგა 1975 წელს (მე 14 წლის ვიყავი) და რომელიც გახდა მოვლენა არა მარტო თბილისის, არამედ, თამამად ვიტყვი, მთელი მსოფლიოს თეატრალურ ცხოვრებაში.

ყველას გვაქვს ნანახი პრემიერა თუ არა, შემდგომი წარმოდგენები აუცილებლად. უამრავი აღფრთოვანებული რეცენზია და შეფასება გვაქვს წაკითხული ამ სპექტაკლზე და საშინლად ვამაყობდით, მაგრამ მე მინდა დღეს გაგიზიაროთ იმ პრემიერის შესახებ მოგონებები, რადგან ეს მოგონებები ღრმად ჩამრჩა გულში, ისევე, როგორც იმდროინდელი გემრიელი თბილისი და ლამაზი ურთიერთობები.

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ნუ მიწყენენ — დღევანდელ თბილისს თავისი ხიბლი გააჩნია, მაგრამ, ხომ იცით, ყველას თავისი ახალგაზრდობა უყვარს. გავა დრო, თქვენც „გაიზრდებით“ ჩემსავით და ასევე ტკბილად მოიგონებთ უკვე დღევანდელ თბილისს.

მოკლედ, როცა ოჯახში გამომიცხადეს, რომ პრემიერაზე მივდიოდით, ისე გავიპრანჭე, ვერც კი წარმოიდგენთ. პოლონელ ცნობილ მკერავთან შეკერილი საფრანგეთის რევოლუციის ფერებში გადაწყვეტილი კაბა ჩავიცვი და წავედით თეატრში.  თანაც, უბილეთოდ, რადგან იმედი გვქონდა, რომ ლოჟაში დაგვსვამდნენ, როგორც ყოველთვის. დამთავრდა იმით, რომ დედას ერთ-ერთმა კოლეგამ ტელევიზიიდან საკუთარი ადგილი დაუთმო ლოჟაში, მამა კულისებში გავიდა, მე კი, ასეთი გამოპრანჭული, კიბეზე მოვკალათდი გაბრაზებული ბეღურასავით, რადგან მთელ რუსთაველის თეატრში ერთი სკამიც კი არ დარჩა რიგის ბოლოში მისადგმელი. 

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისპექტაკლ „კავკასიური ცარცის წრის“ მსახიობთა დასი
ლელაჩკას აივანზე ერთი მიზეზით შეკრებილი სამი ბუმბერაზი და უბილეთო პრემიერა - Sputnik საქართველო
სპექტაკლ „კავკასიური ცარცის წრის“ მსახიობთა დასი

მაგრამ როდესაც სპექტაკლი დაიწყო, ყველაფერი დამავიწყდა – არასდროს არ მინახავს ასეთი ფეიერვერკი, ასეთი დღესასწაული სცენაზე, ამდენი განუმეორებელი მსახიობი და ამას ყველაფერს ამშვენებდა გია ყანჩელის მუსიკა, გოგი მესხიშვილის მხატვრობა, იური ზარეცკის ქორეოგრაფია…

სპექტაკლის დროს სულ ერთხელ გავიხედე გვერდზე და თვალში მომხვდა ლოჟაზე გადმოკიდებული არისტოკრატიულად თხელი და დახვეწილი ხელი – ბუნებით და გენებით რომაა, ისეთი, და არა სილამაზის სალონში ყოველკვირეული სიარულით „გამოწრთობილი“.

ცოტა ღრმად ჩავიხედე ლოჟაში და დავინახე ერთი შეუდარებელი ქალბატონი. ანტრაქტის დროს თვალი არ მომიშორებია. ყველაფრით მომწონდა, უკვე შეყვარებული ვიყავი. იყო ისეთი სათნო, მომღიმარი, ხალისიანი, შარმიანი და თანაც, საშუალო ასაკზე მეტი ხნის. ვერ მოვითმინე და მამიკოს ვკითხე, ვინ არის–მეთქი. ვიგრძენი, ესიამოვნა, რომ ვკითხე, და მიპასუხა, ეს არის ვინც არისო – დიდი ევგენი მიქელაძის მეუღლე, ქალბატონი ქეთევან ორახელაშვილიაო. ისეთი თვალებით შევხედე, მიმიყვანა და გამაცნო. რა ვქნა, ის ანტრაქტებიც კი სხვანაირი იყო და სპექტაკლზე ნაკლებად არ დამრჩა მეხსიერებაში… 

© ნიკოლოზ რდაზდოვის ოჯახის არქივიქეთუსია ორახელაშვილი
ლელაჩკას აივანზე ერთი მიზეზით შეკრებილი სამი ბუმბერაზი და უბილეთო პრემიერა - Sputnik საქართველო
ქეთუსია ორახელაშვილი

იცით, რა არის საწყენი? განახლებული ოპერის თეატრის გახსნაზე რომ ვიყავი… საოცარი შენობა, თავისი განსაკუთრებული აურით, გადასარევი სპექტაკლი, შესანიშნავი მაყურებელი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენ ცოტა დავკარგეთ ურთიერთობის ნიჭი. ხალხი ყველა ჯგუფ-ჯგუფად იდგა, არ იყო რაღაც ის ერთიანობა და ერთობა, რომელიც მაშინ არსებობდა თეატრებში.

არც ეს არის პრობლემა, ჩვენ, ქართველები უდავოდ ნიჭიერი ხალხი ვართ და ამას ყველაფერს აღვადგენთ, მთავარია, თეატრებში ვიაროთ ხშირად და თანაც არა მარტო პრემიერებზე. თეატრი ხომ კინო არ არის, ერთი და იგივე სპექტაკლი ორ სხვადასხვა დღეს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

ჩვენი დღევანდელი სპექტაკლიც დასრულდა. მე კი იმ ბენუარის ლოჟასთან მივედი, ჩვენი საოცარი სტუმრები რომ არიან დაბრძანებულნი – მათი შთაბეჭდილებები მაინტერესებდა.

  • ალექსანდრ სერგეევიჩმა ბრძანა: „გაჰყვე დიდი კაცის ფიქრებს — ყველაზე შემეცნებადი მეცნიერებაა“; 
  • ბორის პასტერნაკმა: „ზღაპარი სხვა არაფერია, თუ არა პროზა, რომელსაც გენიოსი შეეხო“;
  • ბერტოლდ ბრეხტმა კი ვერაფერი ვერ თქვა — აღფრთოვანებისგან ცრემლები ედგა თვალში.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და თეატრივით ლამაზ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0