რომელი უფრო აღმატებულია - ქართული „მეფეთ-მეფე“ თუ ევროპული „იმპერატორი?“

© Pixabay / josealbafotosძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოცარია ჩვენი ქვეყნის ისტორია, ერთდროულად შიშისა და აღტაცების მომგვრელი. როგორც წესი, მუდამ, გარდა მცირე გამონაკლისისა, ვიყავით ჩვენზე უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანი მტრის გარემოცვაში.

აღმოსავლეთის ყველა დიდი დამპყრობელი ცდილობდა დაეპყრო საქართველო, ტკბილი და მსუყე ლუკმა, სადაც ერთმანეთს კვეთს ჩრდილოეთი და სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ არსებობა. ეს უამრავმა მიზეზმა და გარემოებამ განაპირობა და ამაზე საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს.

ერთი მთავარი ფაქტორი ბაგრატიონთა დინასტია, ქართველი მეფეები არიან, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ნიჭიერი რეფორმატორები და მხედართმთავრები. ერთსაც უნდა გავუსვა ხაზი, ქართულმა ეკლესიამ აღიარა ბაგრატიონების ღვთიური წარმოშობა და ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს გაერთიანების მცდელობას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამავე დროს,   ფაქტი ფაქტად რჩება – ევროპის ისტორიაში ეს ერთადერთი დინასტიაა, რომლის ტახტიდან გადაგდების საკითხი არ დამდგარა და არაბაგრატიონი ქართველმა ხალხმა მეფედ არ მიიღო. 

ძველი ქართული საბრძოლო იარაღი - Sputnik საქართველო
წარწერები ქართველ მეფე-დიდებულთა საჭურველზე: სახასიათო შტრიხები

კი იყო რამდენიმე მცდელობა,  დასავლეთ საქართველოში დადიანებმაც იმეფეს ერთხანს, გურიელმაც და აბაშიძემაც, მაგრამ ისტორიისთვის შეუჩნეველ ეპიზოდებად დარჩა. ბაგრატიონებმა მოახერხეს, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ მეფის ხელისუფლება, როგორც სიმბოლო სახელმწიფოს არსებობისა. სუსტი იყო, ძლიერი თუ დაშლილი, ქართული სახელმწიფო მაინც არსებობდა.  სწორედ ამ ბაგრატიონებმა მოიტანეს ეს ჩვენი ქვეყანა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე.

რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად ჭკვიანი და სამშობლოსთვის თავდადებული არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ყველა იყო თავისი სახელმწიფოს მმართველი. ჩემი აზრით აქვს არსებობის უფლება იმ აზრს, რომ გენეტიკურად ჰქონდათ სამხედრო ნიჭი.  ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩვენში არსებობდა ტახტის მემკვიდრის აღზრდის ჩამოყალიბებული კოდექსი: მას რამდენიმე აღმზრდელი ჰყავდა, მათ შორის ისიც, ვინც  სამხედრო საქმისთვის ამზადებდა.

ახლა მინდა შევეხო ქართველ მეფეთა ტიტულატურას. დავით აღმაშენებელამდე მეფეებს ჰქონდათ როგორც ქართული ისე უცხოური, ძირითადად ბიზანტიური ტიტულები, როგორიცაა:- პატრიკიოსი, მაგისტროსი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, კურაპალატი. ამათგან ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგა კურაპალატი, რომელსაც თავად ბიზანტიურ იერარქიაში მესამე ადგილი ეკავა და ეს ტიტული ქართველთაგან პირველს ქართლის ერისმთავარ გუარამს მიენიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები. ამით ხაზი გაუსვა ბიზანტიის კეისართან  თანასწორობას. 

ციხე-ქალაქ პეტრას ნაშთი - Sputnik საქართველო
ქართველ მეფეთა შეცდომები: ორი ამბავი ისტორიიდან

ქართული ტიტულატურა ჩამოყალიბებას ბაგრატ III–ის დროს იწყებს და დავითის შემდეგაც გრძელდება. ბაგრატმა აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოები გაეერთიანა და შედეგად მიიღო ტიტული – „მეფე აფხაზთა და ქართველთა“. რანისა  და კახეთის შემოერთების შემდეგ, დავითი იწოდება: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. მოგვიანებით ამას ემატება წოდება „მეფე სომეხთა“. მას მერე რაც დავითმა ლორე-ტაშირის სომხური სამეფო გაათავისუფლა და იქაური  მეფეები დაიმორჩილა, ქართველ მეფეთა სრული ტიტული გახდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“. ლორე-ტაშირის გარდა შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა. კერძოდ, უკვე თამარის მამა გიორგი მესამე იწოდება როგორც: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

საინტერესოა ქართული ტიტულის „მეფეთ-მეფე“ რანგი.  ეს იგივეა, რაც  დიდი, აღმატებული, სუზერენი და   იმპერატორის ტიტული. იგი, ერთის მხრივ, ქრისტიანთა და მეორე მხრივ, მაჰმადიანთა იმპერატორის ტიტულია: მეფეთ-მეფე და შაჰანშა (შაჰთა-შაჰი) ერთი და იგივეა.  გამოჩენილმა ქართველმა აღმოსავლეთმცოდნემ ბატონმა მაგალი თოდუამ აღმოაჩინა და გამოიკვლია ქალაქ თავრიზში დაცული კრებული „თარასსოლი“ (მიმოწერას  ნიშნავს), სადაც  ჩანს როგორ მოიხსენიებენ დავით აღმაშენებელს:

„პასუხი მეფე დავითს, აბხაზის პატრონს (აქ აბხაზი სრულიად საქართველოს ნიშნავს). უზენაესი ბრძანება უდიდესი მეფისა; აღზევებული ხელმწიფისა; უმოწყალესი კეისრისა; სახელგანთქმული დიდგვაროვნისა; ძლევამოსილი მართლმსაჯულისა; ქვეყნიერებისა და სახელმწიფოს სიდიადისა; ქრისტესმოსავთა შემწისა და იესოს მიმდევართა მფართველისა; კეისართა მძლეველისა; გოლიათთა მმუსვრელისა; დიდებული ჯვრის დამცველისა; ქრისტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთ მემკვიდრეობით მპყრობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა; ქრისტეს სარწმუნოების მცველისა; აბხაზის, შაქის, ალანის და რუსის მეფეთა-მეფისა; მესიის თანაშემწისა; (ალლაჰმაც განაგრძობს მეუფება მისი და მარადჰყოს სამეფო მისი).“

როგორც ჩვენი ისტორიკოსები ამტკიცებენ და მოდავეც არავინ ჰყავთ, ქართველ მეფეთა ტიტული „მეფეთ-მეფე“ არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ „იმპერატორსა“ და აღმოსავლურ გნებავთ „სულთანს“ და გნებავთ „შაჰანშას“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0