შამქორის ბრძოლა: ქართველთა პომპეზური აღლუმი და ძაღლებით მოგვარებული დავა-კამათი

© Pixabay / kat7214ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შამქორში გამარჯვების შემდეგ მოწყობილ პომპეზურ აღლუმზე ქართველებმა „გამოფინეს“ დაახლოებით თორმეტი ათასი ტყვე, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი, ნაალაფარი ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვალ-მარგალიტი...

ვანო სულორი                                      

ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად სამხედრო აღლუმისა და ტრიუმფის მოწყობის ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის. ამას ყველაზე პომპეზურად მაინც რომაელები აღნიშნავდნენ, რომლებიც საზეიმო ტრიუმფისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ, კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ და ხშირად ეს სამზადისი რამდენიმე თვეც კი გრძელდებოდა. რომაული ტრიუმფების აპოგეას წარმოადგენდა სამხედრო ტყვეების რომის მოქალაქეთა თვალწინ ჩატარება, ნიშნად მარადიული ქალაქის უძლეველობისა.

რომის დამხობის შემდეგ პომპეზური ტრიუმფები ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. შუა საუკუნეებში გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმები ზოგჯერ ისევ იმართებოდა, მაგრამ ძალიან იშვიათად. საბედნიეროდ, ამ იშვიათ გამონაკლისს ჩვენი ქვეყანაც წარმოადგენს, სადაც დიდი პომპეზურობით აღინიშნა შამქორის ბრძოლაში მიღწეული გამარჯვება. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
შამქორის ბრძოლა: წვერებით ნათრევი ამირა-სულთნები და გაქცეული აბუ-ბექრი

1195 წლის 2 ივნისს (ახლით 16 ივნისს) შამქორთან ქართველთა ლაშქარმა სახელოვან გამარჯვებას მიაღწია ადარბადაგანის მმართველ აბუ-ბექრის მრავალრიცხოვან ლაშქართან ბრძოლაში. დამარცხებულმა ათაბაგმა გაქცევით უშველა თავს. თამარ მეფისთვის დიდი გამარჯვების შეტყობინების პატივი მანდატურთუხუცეს ჭიაბერს ხვდა წილად, რომელიც ტაბახმელაში ეახლა მეფეს და ამცნო სასიხარულო ამბავი. მანაც მოისმინა „აღუზავებელითა და წყნარითა ტკბილითა სულითა ლმობიერითა გულითა“, და იმ წუთიდანვე დაიწყო სამზადისი გამარჯვებულთა ზეიმით დასახვედრად.

ბრძოლის მეორე დღეს შამქორელებმა გააღეს ციხის კარები და მორჩილება გამოუცხადეს ქართველთა მეფე დავით სოსლანს. განძაც უბრძოლველად დამორჩილდა ქართველებს. სოსლანს გამოეგებნენ დიდებულები, დიდვაჭარნი, ყადი და მოლები, მის წინაშე დაეცნენ მიწაზე, ცრემლით შეავედრეს თავი და ცოლ-შვილი (როგორც მემატიანე წერს: „თაყვანი სცეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა“). მეფეს დაუფინეს სტავრა, დიდი პატივით გაუძღვნენ სულთნის სასახლეში და მის ტახტზე დასვეს. იქ დავით მეფეს სულთნის შესაბამისი საზეიმო თაყვანისცემის ცერემონია გაუმართეს, დოლებისა და ლიტავრების თანხლებით. დღის ბოლოს კი, მაჰმადიანთა წესის საწინააღმდეგოდ, ქართველები ღორის ხორცითა და ღვინით კარგად აქეიფეს. 

თამარ მეფის ძეგლი მესტიაში - Sputnik საქართველო
დავით სოსლანი - მხოლოდ თამარ მეფის მეუღლე თუ შამქორისა და ბასიანის გმირი?!

განძაცა და შამქორიც მამა-პაპისეულ სამფლობელოებთან ერთად ამირ-მირანს გადაეცა, რომელიც საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გახდა. ეს იყო უდიდესი მიღწევა. შამქორში გამარჯვებამ და განძის აღებამ საქართველოს დიდი ავტორიტეტი მოუპოვა. შამქორის ომის გამოძახილს წარმოადგენს სახელოვანი პოეტის ნიზამი განჯელის თამარზე დაწერილი ფრაზა:

„მან თითისტარი შუბად აქცია და ჩვენ კი შუბი – თითისტარად“

თამარი წინ მიეგება შამქორის ბრძოლიდან დედაქალაქში დაბრუნებული ლაშქარს, ურიცხვი ძღვენი რომ მოეტანათ მისთვის. თამარ მეფისა და მოქალაქეებისთვის საჩვენებლად ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა ტყვეები და ალაფი ქალაქგარეთ „გამოფინეს“. დიდუბის ველზე, ავჭალასა და გლდანის ხევამდე დააყენეს ტყვე ამირები საკუთარი დროშებით. პირველ რიგში ხალიფას დროშა იყო, რომელიც შალვა ახალციხელმა თამარს მიართვა (მეფემ კი ხალიფას კუთვნილი ალამი და მანიაკი, ანუ მოოქროვილი და ძვირფასი თვლებით გაწყობილი ყელსაბამი ხახულის მონასტერს უსახსოვრა), მერე — ათაბაგის დროშა, მის უკან კი იდგნენ ტყვეები, დაახლოებით თორმეტი ათასი კაცი, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი. აქვე იყო დაუნჯებული ნაალაფარი ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვალ-მარგალიტიც. 

განძეული - Sputnik საქართველო
როგორ ივსებოდა თამარ მეფის დროს ხაზინა და როგორ ნაწილდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი

ამ „გამოფენამ“ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც საქართველოს მტრებზე, ისე მოკავშირეებზეც. მთელი დედაქალაქი იყო ქუჩებში გამოფენილი და თვალს ვერ წყვეტდნენ აღმოსავლურ სიმდიდრეს.

თუმცა საყოველთაო ზეიმს ინციდენტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. დიდი გამარჯვების აღსანიშნავად სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს. წირვის დასრულების შემდეგ ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა ისურვა ხმიადის მიღება, მაგრამ იოანე კათალიკოს-პატრიარქმა არ მიაწოდა სეფა, რადგან ამირსპასალარი გრიგორიანელი, ანუ სომხური სარწმუნოების მიმდევარი გახლდათ. გაჯავრებულმა მხარგრძელმა თბილისში მოუხმო სომეხთა კათალიკოსს. დიდხანს მიმდინარეობდა ქართველ და სომეხ სჯულის მეცნიერთა შორის დავა-კამათი და ბოლოს, რადგან ვერაფერზე შეთანხმდნენ, ქართველთა კათალიკოსმა იოანემ ასეთი რამ მოიფიქრა: სამ-სამი დღე ვაშიმშილოთ ჩვენ-ჩვენი ძაღლები. სამი დღის შემდეგ შენს ძაღლს მე მივუგდებ კრავს შესაჭმელად, ჩემსას შენ მიუგდე. რომლისაც ცოცხალი გადარჩეს, ის იყოს მართალიო.

ასეც მოიქცნენ და სამი დღის შემდეგ დამშეული ძაღლები გარეთ გამოუშვეს. სომეხთა ძაღლი მაშინვე გაექანა ქართველთა კათალიკოსის კრავის შესაჭმელად, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა, შებრუნდა და წკავწკავით მოკურცხლა უკან. სომხებმაც მიუგდეს ქართველთა ძაღლს კრავი, „ძაღლი მიეტევა და შთანთქა იგი“.

გაბრუნდნენ უკან შერცხვენილი სტუმრები. გაჯიქებული ზაქარია სპასალარი მაინც იმავე სარწმუნოებაზე დარჩა, ხოლო მისმა ძმამ ივანემ კი იმწამსვე აღიარა მართლმადიდებლობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0