შალიკაშვილების ქალის სიბრძნე: განადგურებას გადარჩენილი ქართლი და ყაზვინი

© Pixabay / congerdesignძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი საფრთხე დაემუქრა სპარსეთის იმჟამინდელ დედაქალაქ ყაზვინს, რამაც სპარსეთის შაჰის კარზე პანიკა გამოიწვია. სიმშვიდეს მარტო შაჰის დედა, ოთარ შალიკაშვილის ასული — სულთან ბეგუმ მავსილუ ინარჩუნებდა

ვანო სულორი

ქართლის დიდი მეფე სვიმონ პირველი 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა ყიზილბაშებს, რომლებმაც ურჩი მტერი ალამუთის მიუდგომელ ციხეში საგულდაგულოდ გამოკეტეს.

ერთხანს იგი კაჰკაჰას ციხეშიც ჰყავდათ გამომწყვდეული, სადაც გაიცნო კიდეც უფლისწული ისმაილი, რომელიც რატომღაც მოეძულებინა მამას — ირანის შაჰ თამაზს. ქართველი მეფე და სპარსი უფლისწული მალე დამეგობრებულან კიდეც. სვიმონს ისმაილი მარტო მჭევრმეტყველებითა და დიდი განსწავლულობით კი არა, სულის გაუტეხლობითაც გაუოცებია. ქართლის მეფე არასდიდებით არ იცვლიდა სარწმუნოებას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა – სანამ ისლამს არ მიიღებდა, დღის სინათლეს ვერ იხილავდა.  

მაგრამ ამ მეგობრობას ხელი არ შეუშლია ტახტზე ასული უფლისწულისათვის, პატიმრობაში დაეტოვებინა სვიმონი, რომელიც ვერაფრით დაიყოლიეს გამაჰმადიანებაზე. ეგ იყო, ერთი შეღავათი მიეცა სვიმონს — ბნელი დილეგიდან გამოიყვანეს და დედაქალაქ ყაზვინში, სასახლესთან ახლოს გადაიყვანეს შინაპატიმრობაში.

Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო
დამარცხებული მეფის საბოძვარი: სვიმონ I და ქვლივიძიანთ გლეხის ქალი

მაგრამ 1578 წლის გაზაფხულზე შაჰი ისმაილ მეორე მოწამლეს, ხოლო ქართლის მეფე იქამდე მიივიწყეს, ვიდრე გაძლიერებულმა ოსმალეთმა ამიერკავკასიიდან ყიზილბაშთა გასადევნად ბრძოლა არ განაახლა. სწორედ მაშინ გამოჩნდა სამცხესა და ქართლში შაჰის მიერ დანიშნული მუსლიმი მმართველების სრული უსუსურობა და უნიათობა.

1578 წელს ოსმალთა უზარმაზარმა არმიამ მუსტაფა ლალა-ფაშას სარდლობით წინააღმდეგობის გარეშე გაიარა სამცხე და ქართლის სამანებს მიადგა. სპარსეთის შაჰის მიერ მმართველად დადგენილმა დაუდ-ხანმა თბილისი გადაწვა და ლორეს შეაფარა თავი, მაგრამ მერე ლალა-ფაშას ბანკში გადავიდა შეშინებული.

არც კახეთის მეფე ალექსანდრემ გაუმართლა სპარსეთის შაჰ ხუდაბენდეს. მართალია, „ერთგულმა ვასალმა“ ოსმალებს სართიჭალაში შეაგება კახელები, მაგრამ შებრძოლების ნაცვლად ლალა-ფაშას მორჩილება გამოუცხადა. კახელებითა და სამცხელებით გაძლიერებულმა ოსმალმა სარდალმა შაქი და შირვანი წაართვა სპარსელებს, ხოლო ყირიმის ხანი, რომელიც ასევე ოსმალთა მხარეს იყო, დარუბანდის გზით შირვანში შეიჭრა. იქიდან კი სპარსეთის მაშინდელი დედაქალაქი ყაზვინი, როგორც იტყვიან, ხელის გაწვდენაზე იყო.

დიდი საფრთხე დაემუქრა ქალაქს. ამან სპარსეთის შაჰის კარზე პანიკა გამოიწვია. სიმშვიდეს მარტო შაჰის დედა, მესხეთის დიდგვაროვანი ფეოდალის ყვარყვარე III ათაბაგის პირველი ვეზირის ოთარ შალიკაშვილის ასული — სულთან ბეგუმ მავსილუ ინარჩუნებდა. მან ურჩია შვილს სვიმონის ტყვეობიდან გათავისუფლება და ქართლში მმართველად გაგზავნა.  

შურისძიება - Sputnik საქართველო
ხატისსოფლის ბრძოლა: ქართლის მეფე „დელი სვიმონი“ და სამარცხვინოდ განადგურებული ოსმალები

მაგრამ არ აღმოჩნდა იოლი სვიმონის „გადმობირება“. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, „ოსმანა და ალია ორივე თათარიაო“. ქართლის მეფე შესანიშნავად ხედავდა, რომ მას ოსმალური ყულფის ყიზილბაშურით შეცვლას სთავაზობდნენ, რაც ვერაფერი შეღავათი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. სვიმონს არც ქრისტიანობის დათმობა სურდა, რასაც მისგან ითხოვდნენ შაჰის კარზე ქართლში ხელახლა გამეფების სანაცვლოდ.

დიდხანს ყოყმანობდა მეფე, მაგრამ ბოლოს იძულებული შეიქნა, დათანხმებოდა შაჰისა და მისი დედის შეთავაზებას. ქართლი უპატრონოდ იყო მიგდებული და შველა ესაჭიროებოდა. სეფიანებისგან თავდახსნილი ქვეყნისთვის ოსმალური უღელი გაცილებით აუტანელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ოსმალებმა ქართლის სამეფო თბილისის საფაშოდ აქციეს და ყოველწლიური გადასახადიც დაუწესეს — 1 მილიონი ახჩა, რაც იმ დროს კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს ქრისტიანულ მრწამსს და ქართლისა და სამცხის მოსახლეობას სრული გამუსლიმების საფრთხე დაემუქრა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შემორჩენილი ერთგული ხალხისგან მოხსენდა ქართლის მეფეს და ისიც გატყდა. შაჰის შეთავაზებაში მან ქართლის ოსმალთაგან დახსნის გზა დალანდა და ამისთვის სულიც კი „წარიწყმინდა“ — ისლამი მიიღო.

ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია შაჰის დედის, შალიკაშვილის ქალის სიტყვებმა, რომელიც ხუდაბენდესა და ქართლის მეფის შეხვედრას ესწრებოდა. სვიმონი არ ჩქარობდა შაჰის წინადადების მიღებას, რაც ძალიან ლახავდა შაჰის თავმოყვარეობას. მაშინ წამოდგა დედა-სულთანი, თავსაბურავი მოიხსნა და ხმალთან ერთად გაუწოდა სვიმონს:

„სვიმონ მეფეო, აჰა, ლეჩაქი დედაკაცისა და აჰა, ხრმალი ვაჟკაცისა. შენ თვითონ აირჩიე, რომელიც გწადდეს. ხოლო უკეთუ ხრმალი აგირჩევია, მაშინ მოგვიცია შენთვის სამეფო შენი საქართველო და სხვაც მრავალი საბოძვარი, წარვედ და განამაგრე საქართველო, არ დაანებო იგი ოსმალთა, ჩვენც მოგვეხმარე და შენს საბატონოსაცა!“

სპარსეთის შაჰის ქართველი დედის, შალიკაშვილების ქალის გათვლა ზუსტი იყო — სვიმონ მეფემ თავსაბურავი ბეგუმ ხანუმს უკან დაუბრუნა, ხმალი კი თავად დაიტოვა. რაც შაჰის სამსახურში ჩადგომას ნიშნავდა. 

ძველებური კალამი და სამელნე - Sputnik საქართველო
ამბავი დელი-სვიმონის შეპყრობისა: ტალახში ჩაფლული მეფის უკანასკნელი ხმალთაკვეთება

გახარებულმა შაჰმა ბრძანა და სვიმონს ძვირფასი მისართმეველი მიართვეს: საბუხარი მარგალიტისა და ცხენი აღკაზმული ოქროთი, სურა და თასი ოქროსი, ძვირფასი თვლებით გაწყობილი მოოქროვილი სარტყელი და თავსარქმელნი და ცხრა ათასი ოქროს თუმნიანი სახარჯოდ... 

რაც მთავარია, თავისუფლება მიიღეს სვიმონის მომხრე ქარველებმაც.

ქართლში დაბრუნებულმა სვიმონმა აიყოლია მთელი ერი და რისხვად მოევლინა იქ დაბუდებულ ოსმალებს. ამ აჯანყებამ გავლენა მოახდინა ოსმალეთ-სპარსეთის ომზეც: მუსტაფა ლალა-ფაშა იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო, რათა ქართველები ჭკუაზე მოეყვანა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მათ. მიხვდა ოსმალთა სარდალი, რომ ქართლშიც არ დაედგომებოდა და გეზი სამცხისკენ აიღო. უკან დახევა მალე პანიკურ გაქცევაში გადაიზარდა, რადგან სვიმონის მეომრები სადაც გადააწყდებოდნენ ოსმალებს, დაუნდობლად ავლებდნენ მუსრს.

სხვათა შორის, სვიმონის ბრძოლამ თავად ირანი და მისი დედაქალაქი ყაზვინიც იხსნა განადგურებისგან, რომელიც ოსმალთა მიერ თავრიზის აღების შემდეგ დასაკარგად იყო განწირული. ყველაფრის თავი და თავი კი შალიკაშვილების ქალის სიბრძნე იყო — რომ არა ის, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო...

ყველა ახალი ამბავი
0