სლესა, ანუ მოქცევის ციხე

როგორ იქცა სპარსი უფლისწული იბერიის დიდ მეფედ: ღვაწლი მირიანისა

457
(განახლებულია 15:29 09.10.2019)

ვანო სულორი

მირიან მეფეს ფართო საზოგადოება იცნობს როგორც მეფეს, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მაგრამ ის, რომ მირიანი იმავდროულად დიდი პოლიტიკოსი და სარდალი გახლდათ, რომელმაც იბერიის სამეფო სპარსთა ბატონობისგან დაიხსნა და მისი საზღვრები განავრცო და გააფართოვა, ამაზე ბევრმა არაფერი უწყის.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ბოლოს, იბერიაში ასფარუგ პირველის მეფობის დროს ქვეყანაში სპარსელთა ბატონობა დამყარდა. დამარცხებული მეფე ოვსეთში გადავიდა ჯარების შესაკრებად, რათა ტახტი დაებრუნებინა, მაგრამ იქ გარდაიცვალა. 

ასფარუგს ძე არ დარჩენია. ამით ისარგებლა სპარსეთის შაჰმა ქასრემ, ასფარუგის ქალიშვილი აბეშურა შვიდი წლის სპარს უფლისწულზე დააქორწინა და იბერიის მეფედ დასვა. ეს იდეა შაჰს მისმა სპასპეტმა მაეჟანმა და ქართველმა ერისთავებმა მიაწოდეს, მათ სთხოვეს შაჰს უფლისწულის ასფარუგის ასულზე დაქორწინება. თუმცა ერისთავებმა ქასრეს ისიც უთხრეს, თუ სპარსული სარწმუნოების თავს მოხვევას, იბერიის სამეფოს გაუქმებასა და ქართველების სპარსელებში აღრევას მოიწადინებ, ზედ შეგაწყდებითო.

შაჰს რომთან გართულებული ვითარების გამო არ აწყობდა იბერიელებთან მტრობა და ერისთავთა პირობას დათანხმდა, დასვა თავისი მცირეწლოვანი ძე „მეფედ მცხეთას და მისცა ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ერეთი... არამედ დაუტევა მამამძუძედ და განმგებლად წარჩინებული ერთი, რომელსა ერქუა მირვანოზ“.

ანუ ქვეყნის რეალურ მმართველად სპარსი მირვანოზი დანიშნა, 7 ათასი რჩეული მეომარი დაუტოვა მცველად, ხოლო კიდევ 40 ათასი მხედარი „დახსნა ჰერეთს და მოვაკანს და სომხეთს“.

სანამ მირიანი გაიზრდებოდა, ქვეყანას მისი მამამძუძე მართავდა. პირობის თანახმად, მირიანს ორი რჯულის — სპარსული ცეცხლმსახურებისა და ქართველთა კერპების სიყვარულს უნერგავდნენ, მაგრამ, როგორც „ქართლის ცხოვრება“ წერს, მან „შეიყუარნა ქართველნი და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავლა ენა ქართული“ და ეს ყოველივე „ქართველთა სათნოებისათვის ქმნა“. 

როდესაც მირიანი 15 წლისა შესრულდა, ცოლი გარდაეცვალა. ასფარუგის ქალიშვილის სიკვდილით „ამოსწყდა მეფობა და დედოფლობა ქართსა შინა ფარნავაზიანთა მეფეთა“ და რადგან იბერიელებს ღირსეულ მმართველად სხვა არავინ ეგულებოდათ, მეფობა მირიანს დარჩა.

ამასობაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა საგარეო პოლიტიკაში. რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ სპარსეთზე გაიმარჯვა და ნისიბინის ზავით იბერია, სომხეთი და მესოპოტამია რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. მირიან მეფე იძულებული გახდა ანგარიში გაეწია შექმნილი ვითარებისათვის და დაქვრივებულმა მეფემ „მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტოთ, ასული ოლღოტოსისი, სახელით ნანა“.

თუმცა ამით იბერიასა და რომს შორის ურთიეთობა არ გაუმჯობესებულა. საქმე ისაა, რომ ზავის მიუხედავად სპარსეთი და რომი კვლავინდებურად იბრძოდნენ კავკასიისათვის და რომაელები ფრიად დაინტესებული იყვნენ სპარსეთის მომხრე მირიანის ტახტიდან ჩამოგდებით. ამადაც იმპერატორმა თავის ხელდასმულ სომხეთის მეფე თრდატ მესამეს ჯარი გაუგზავნა იბერიის წინააღმდეგ საომრად.

ომი, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ თრდატი იმარჯვებდა, მერე კი მირიანმა დაჯაბნა მეტოქე, მაგრამ იბერიის მეფემ ამ წარმატებით ვერ ისარგებლა. ის იძულებული გახდა, მთელი ძალები ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მომთაბარეების წინააღმდეგ მიემართა და სომხეთზე უარი ეთქვა. 

მემატიანის ცნობით, მირიანს გაუთავებელი ომი ჰქონდა „ხაზარებთან“, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავითარი ხაზარებს იმ დროს კავკასიონი არ გადმოულახავთ. ციმბირში მომთაბარე ეს ტომი მდინარე ვოლგის აქეთ მხოლოდ VI საუკუნეში გამოჩნდა. უბრალოდ, გვიანი ხანის ქართველი და სომეხი მემატიანეები იმ დროს კავკასიის სიახლოვეს მოთარეშე ყველა თურქულ ტომს ხაზარებად მოიხსენიებდნენ. ანუ, რეალურად მირიანიცა და ვახტანგ გორგასალიც ებრძოდნენ არა ხაზარებს, არამედ მრისხანე ჰუნებსა და მათ მოკავშირე სხვა მომთაბარე ტომებს. მირიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ მან მაინც მოახერხა დამპყრობლების ისევ კავკასიის ქედს იქით განდევნა.

  

თუ ქართულ წყაროებს ვერწმუნებით, როდესაც სპარსეთის მეფე გარდაიცვალა, მირიანის უმცროსი ძმა ბარტამი ავიდა ტახტზე. მაგრამ სპარსეთის გვირგვინზე მირიანსაც ჰქონდა პრეტენზია. იბერიის მეფემ შეკრიბა ლაშქარი და ბაღდადისკენ დაიძრა, რომელიც მაშინ სპარსეთს ეკუთვნოდა. ბარტამმაც „შეკრიბნა სპანი ურიცხუნი და მიეგება ბრძოლად“.

მეტოქეები ერთმანეთს ნისიბინის ველზე შეხვდნენ, მაგრამ ბრძოლა არ გამართულა. სპარსი უხუცესები და მარზპანები ძმებს შორის ჩადგნენ „მოციქულად და ბჭედ“. მირიანმა განუცხადა მათ, სპარსეთის სამეფო ტახტი მე მეკუთვნის როგორც უფროს ძეს და აგრეთვე იმიტომაც, რომ საკუთარი სისხლის ფასად გიცავთ ხაზარებისგანო, მაგრამ უხუცესებმა მეფობა ბარტამს დაუმტკიცეს, მირიანს კი „გულის სადებლად მისცეს ბარტამისაგან ჯაზირეთი და შამის ნახევარი და ადარბადაგანი“ (ჩრდილოეთ ირანი და დასავლეთ სირია).

მირიანი ქართლში გამობრუნდა. მაგრამ სანამ თავის სამეფომდე მიაღწევდა, ქართლში შემოჭრილ ოსებთან მოუხდა შეტაკება. მეფემ დაამარცხა მოთარეშენი, კავკასიის გადაღმა გადარეკა ისინი, დაარბია მათი სამკვიდრო და გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში. 

ამის მერე ისევ განახლდა ომი რომსა და სპარსეთს შორის. იმ დროისათვის ირანის ტახტზე უკვე მირიანის ძმისწული იჯდა, რომელმაც ბიძას ჯარის შეკრება და სომხეთის გავლით საბერძნეთის ერთობლივად დალაშქვრა შესთავაზა. მართლაც შეკრიბეს ურიცხვი ლაშქარი ბიძა-ძმისწულმა, გაიარეს სომხეთი და მივიდნენ საბერძნეთს. მეფე კონსტანტინემ ვერ გაუწია წინააღმდეგობა მირიანსა და მის ძმისწულს, იმპერატორი დამარცხდა. იბერიელებმა რომის მოკავშირე სომხეთი დაიკავეს და მეფე თრდატი ქვეყნიდან გაიქცა. 

მაგრამ დამარცხებულმა კონსტანტინე დიდმა მაინც მოახერხა ომის ბედის შემობრუნება, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა  სპარსეთს, იბერიელებიც დაამარცხა და სომხეთიც დაიბრუნა. ქართლში დაბრუნებულმა მირიანმა მოციქული გაუგზავნა იმპერატორს და მშვიდობა ითხოვა. კონსტანტინემ იბერიის მეფის წინადადება სიხარულით მიიღო, მისი ძე ბაქარი მძევლად აიყვანა, მერე კი მირიანი და თრდატი დაამოყვრა — მირიანის ძე რევს თრდატის ასული სალომე შერთო ცოლად.

საზღვარიც კონსტანტინემ განუჩინა სომხეთსა და იბერიას. მან ასე გაყო სადავო მიწები: ის მდინარეები, რომლებიც სამხრეთით მიემართებოდნენ და არაქსს ერთვოდნენ, სომხეთის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო ის მდინარეები, რომლებიც ჩრდილოეთით მიედინებოდნენ და მტკვარს ერთვოდნენ, მირიანის საკუთრებად იქნა აღიარებული. ამგვარი გაყოფის შედეგად სომხეთის უდიდესი ნაწილი იბერიის სამეფოში შევიდა:

„მეფობდა მირიანი ქართლს, რანს, ერეთს და მოვკანს, და აქუნდა ეგრისიცა ვიდრე ეგრის წყლამდე“.

ანუ ახლანდელი აზერბაიჯანის მდინარე აგრი-ჩაიმდე.

სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა ნადირობის ცნობილი ეპიზოდი და ქართლში წმიდა ნინოს მოღვაწეობა, რასაც ქვეყნის გაქრისტიანება და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოჰყვა.

ქართლის მოქცევამ ფრიად გაახარა კონსტანტინე კეისარი, რომელმაც მძევლად დატოვებული ვაჟი ბაქარი მირიანს დაუბრუნა და შემოუთვალა, ამიერიდან ძმები ვართ და ჩვენ შორის მძევლობა საჭირო აღარაა, რადგან შუამდგომლად ქრისტეც საკმარისიაო.

ახლადმოქცეულმა მირიანმა მთელი დარჩენილი სიცოცხლე ამიერკავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებას შეალია. წარმართთა ქრისტეს რჯულზე მოქცევით ის იბერიას უქვემდებარებდა ისეთ მიწებს, რომელიც მანამდე მისი კუთვნილება არ ყოფილა და ამაში ხელს უწყობდა კონსტანტინოპოლის სამეფო კარიც.

ქრისტიანობის გავრცელებით მირიანმა შეუქცევადი გახადა იბერიელთა შედუღაბებისა და ერის საბოლოო ფორმირების პროცესი.

 

457
თემები:
იცით თუ არა, რომ... (391)
ქვიშის საათი

საკუთარ ინტრიგებს შეწირული „უდღეური“ მეფე - ამბავი საქართველოს ისტორიიდან

52
(განახლებულია 10:43 29.11.2020)
საქართველოს ისტორიას ბევრი „უდღეური“ მეფე ახსოვს, რომელთა მეფობამაც სულ რამდენიმე თვეს გასტანა

ეს, რა თქმა უნდა, დალხენილი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. დაშლილ-დაქუცმაცებული ქვეყნისა და დასუსტებული ხელისუფლების ფონზე,  არ იყო ძნელი ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მით უმეტეს, თუ მხარს გიჭერდნენ დიდ იმპერიების ბატონ-პატრონები.

მაგრამ დავით V-ის  ეპოქაზე ამას ვერ ვიტყვით. საქართველო იმ დროს ერთიან სამეფო  და ძალიან ძლიერი ქვეყანა იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ დემეტრე I-მა მაინც დაკარგა ხელისუფლება და ტახტი მისმა უფროსმა ძემ, დავითმა დაიკავა.

პარადოქსია, მაგრამ, როდესაც საქართველოს სამეფო ხელისუფლება იყო ძალიან ძლიერი, სწორედ მაშინ გამოვლინდა მეფის სისუსტე. თუმცა მამა-შვილს შორის დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა, მალე დემეტრეს უმცროსი ძისთვის, გიორგისთვის გვირგვინის დათმობის სურვილი გაუჩნდა.

მართალია, იმ პერიოდის სამეფო კარის ინტრიგებზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ აშკარად იკვეთება ორი დაჯგუფება: ერთ მხარეს მეფე დემეტრე და უმცროსი უფლისწული გიორგი, მეორე მხარეს კი უფროსი უფლისწული დავითი და მისი  მომხრეები. როგორც ჩანს, დემეტრეს მომხრეები უფრო ძლიერები იყვნენ, ვინაიდან უფროსი ვაჟის ტახტზე ასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

საერთოდ საქართველოს საშინაო პოლიტიკურ სტაბილურობას განსაკუთრებით უფროსი უფლისწულის, დავითის ამბიციები უთხრიდა ძირს. ის მეფე-მამის ტახტიდან ჩამოგდებასა და თავად გამეფებას ცდილობდა, რაც მისი პოზიციების სისუსტეზე მეტყველებს. საქმე ისაა, რომ კანონიკურად, ყველანაირი წესისა და ტრადიციის მიხედვით,  ტახტი მას ეკუთვნოდა და ძლიერი, საკუთარ ძალებში დაჯერებული უფლისწული არ აჩქარდებოდა. მაგრამ, როგორც სომეხი მემატიანენი გვარწმუნებენ, უფლისწულს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველი და სომეხი დიდგვაროვანი ფეოდალები აქეზებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა პერსონალიებში კი არ იყო (კონკრეტულად თუ რომელი უფლისწული გამეფდებოდა), არამედ არსებობდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელთაც განსხვავებული ხედვა გააჩნდათ სამეფოს მომავალზე.

ამ მოვლენებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე დავით აღმაშენებელმა ლაგამი ამოსდო თავგასულ ფეოდალებს და მათი უფლებები მინიმუმადე დაიყვანა. რომ იტყვიან, მეფის გარეშე ქვაც კი არ გადაგორდებოდა აღმაშენებლის საქართველოში. დემეტრე  მეორე დავითის კარზე იყო აღზრდილი და მისი პოლიტიკის გამგრძელებელი გახლდათ. რამდენად გამოსდიოდა ― ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც მიუღებელი აღმოჩნდა ბევრი დიდებულისთვის.

დემეტრეს კარზე მძლავრი ოპოზიცია რომ არსებობდა, ეს კარგად გამოჩნდა მისი გამეფების პირველსავე წლებში. 1130 წელს აღმაშენებლის უმცროსი ვაჟის, უფლისწულ ვახტანგის (იგივე ცვატა, რომელიც ყივჩაღთა მეფის ასულისგან ჰყავდა აღმაშენებელს) გასამეფებლად შეთქმულება მოეწყო. აშკარაა, რომ შეთქმულებს პატარა ბავშვის გამეფება იმისთვის სურდათ, რომ მერე თავის ნებაზე ეტარებინათ არასრუწლოვანი  ხელისუფალი და თავად ემართათ ქვეყანა. მაშინ დემეტრემ შეძლო შეთქმულთა დასჯა (ივანე აბულეთის ძეს თავი გააგდებინა, უფლისწულ ცვატას  კი თვალები დათხარა), მაგრამ როგორც ჩანს, მეფის მტკიცე ხელით უკმაყოფოთა დიდი ჯგუფი ისევ დარჩა სამეფო კარზე და სავარაუდოდ, მოგვიანებით უფლისწულ დავითის ბანაკში აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, უფლისწულ დავით დემეტრეს ძეში დაინახეს თანამოაზრე და მხარდამჭერი. ქართველ ფეოდალებს დავითის სახით მართვადი და მათ წინაშე ვალში მყოფი მეფე სჭირდებოდათ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საგარეო ფაქტორებიც. მართალია, აღმაშენებლმა წელში გადატეხა საქართველოს საგარეო მტრები, მაგრამ ისინი არასდიდებით არ აპირებდნენ შეგუებოდნენ ძლიერი საქართველოს არსებობას.  უბრალოდ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს და სამხედრო ლაშქრობების ნაცვლად, სპეცსამსახურების საქმიანობა გააძლიერეს. რაც გამოვლინდა კიდეც გახშირებულ შეთქმულებებში, რომელთა მიზანიც დემეტრეს ტახტიდან გადაგდება იყო.

რაც შეეხება სომეხ დიდებულთა მხარდაჭერას დავით უფლისწულისადმი, ამას პოლიტიკურ მოსაზრებებზე უფრო ანგარება ედო საფუძვლად. ისინი იმიტომ  ებრძოდნენ დემეტრეს, რომ არ სურდათ, საქართველოს მეფეს სომხური ქალაქები (უპირველესად კი ანისი) მაჰმადიანი ვასალი მმართველებისათვის გადაეცა. დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, მეფეს ზოგჯერ უხდებოდა დაეტოვებინა ძველი მუსლიმი მმართველები ― ყმადნაფიცობისა და ვასალობის აღიარების შემთხვევაში. სომეხ ფეოდალებს კი სომხებით დასახლებული ქალაქების მართვა თავადვე სურდათ.  

როგორც ჩანს, უფლისწული, ოღონდაც ტახტზე ასულიყო, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაზეც ყაბულს იყო და სომეხ დიდებულებზეც გასცა გარკვეული გარანტიები. არათუ დიდებულები, სომეხი ისტორიკოსებიც კი არ მალავდნენ სიმპათიებს დავით V-ის მიმართ. 

1150 წელს უფლისწულმა დავითმა ქართველ და  სომეხ ფეოდალებთან  ერთად სამხედრო ამბოხი მოაწყო და ტახტზე ძალით ასვლა მოინდომა. დემეტრე პირველმა შეძლო აჯანყების ჩახშობა და მოღალატე დიდებულები ზოგი სიკვდილით დასაჯა, ზოგიც ქვეყნიდან გააძევა ან  „განაპატიჟა“ (დააქვეითა). დავით უფლისწულს ეს „ცელქობა“ რატომღაც შერჩა.

ხუთის წლის შემდეგ, 1155 წელს, დავითმა შეთქმულებით მაინც ჩაიგდო ხელში სამეფო ტახტი. მეფე-მამა დემეტრე I დავით გარეჯის მონასტერში დამიანეს სახელით ბერად შედგა. საეჭვოა, ეს გადაწყვეტილება მას ნებაყოფლობით მიეღო, ეს ნათლად გამოჩნდა მოგვიანებით, როდესაც ყოფილმა მეფემ გაიხადა ბერის სამოსი და ტახტზე დაბრუნდა.

დავით V-მ სულ ექვსი თვე იმეფა და მოულოდნელად გარდაიცვალა. (მართლაც რომ ბედის დაცინვა იყო, დავითი თითქმის ორი ათეული წელი ემზადებოდა ტახტის დასაკავებლად, მეფობამ კი მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწია). ამ მოკლე პერიოდში მან ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, ამიტომ ძალიან ძნელია, პოზიტიურად ან ნეგატიურად შევაფასოთ მისი მმართველობა. ერთი კია, რომ მან სასახლიდან დაითხოვა მამისა და ძმის მომხრეები და ისინი თავისი ერთგული ხალხით ჩაანაცვლა. მეფე დავითმა დილეგიდან გამოიყვანა და ამირსპასალარობა (თანამედროვე ტერმინით თავდაცვის მინისტრი) უბოძა მამის დაუძინებელ მტერს, თირქაშ აბულეთის ძეს. სომეხი მემატიანის, ვარდანის ცნობით,  თირქაში მონაწილეობას იღებდა 1130 წელს დემეტრე პირველის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, მაგრამ მისი ძმის, ივანესაგან განსხვავებით, მას საქართველოდან გაქცევა მოუსწრია და შაჰ-არმენის, ანუ ხლათის სასულთნოს შეაფარა თავი. შაჰ არმენს მისთვის არშარუნის ქვეყანა უფეშქაშებია. თირქაშმაც იმით დაუმტკიცა ერთგულება ხლათის სულთანს, რომ გვერდით შემოკრებილი სულგაყიდული ქართველებითა და სულთნის მეომრებით თავს ესხმოდა საქართველოს მონაპირე პროვინციებს და სასტიკად აოხრებდა. დემეტრემ მოახერხა თირქაშის ხელში ჩაგდება და მოღალატე დილეგში გამოამწყვდია, მაგრამ სასახლის გადატრიალების შემდეგ ტახტზე ასულმა დავითმა არათუ გაათავისუფლა ქვეყნის ორგული ერისთავი, ვაზირადაც დაისვა. 

ქვეყნის მოღალატეთა აღზევებით დავით მეხუთემ განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ქართველებისათვის უკვე ნათელი შეიქნა, თუ საით მიჰყავდა ქვეყანა ახალ მეფეს და როგორც ჩანს, სანამ ის ხელისუფლების განმტკიცებას მოასწრებდა, თავიდან მოიცილეს. სომეხი ისტორიკოსები მხითარ გოში და ვარდანი დაბეჯითებით ამტიკიცებენ, რომ მეფის მკვლელები სუმბატ და ივანე ორბელები იყვნენ.

უცნობია, თუ რა ბედი ეწია თირქაშს, რომლის აღზევებამაც ბევრი მტერი შესძინა დავით მეხუთეს. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ტახტზე დაბრუნებულმა დემეტრემ  სუმბატ ორბელი ისევ დააბრუნა სასახლეში და ამირსპასალარობა უბოძა.

ასე უსახურად დაასრულა მეფობა და სიცოცხლეც დავით მეხუთემ, ქვეყნის მთავარსარდალმა, რომელსაც ერთხელაც არ ეღირსა წინ გაძღოლდა ჯარს ქვეყნის გარეშე მტრების წინააღმდეგ (თუმცა ვის უნდა შებრძოლებოდა, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი მტერი სასახლის კარზე ჰყავდა აღზევებული). მისი სტიქია უფრო სასახლეში შეთქმულებებისა და ინტრიგების  ქსელის ხლართვა იყო და საბოლოო ჯამში, თვითონვე გაება ამ ქსელში, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

52
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მიმოხილვა: როგორ წარმოიშვა მითები თურქული დრონების შესახებ ყარაბაღში

10
(განახლებულია 10:09 29.11.2020)
საომარი მოქმედებები 21-ე საუკუნეში არ შეიძლება იყოს „იაფი და გაბრაზებული“, მაგრამ ვერც ცალკეული ტექნოლოგია, მაგალითად, როგორიცაა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები, გამარჯვების გარანტი ვერ იქნება.

განმსაზღვრელ როლს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის მთელი სისტემა, თავდაცვითი მრეწველობის პოტენციალის, არსენალებისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების ჩათვლით. ყარაბაღის კონფლიქტმა პირველ რიგში თურქული Bayraktar TB2-ის უპირატესობა კი არ აჩვენა ჰაერში, არამედ სომხეთის მხრიდან საკუთარი ძალების გადაჭარბებით შეფასება და თავდაცვის ცუდი ორგანიზაცია მიწაზე.

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მედია-სივრცეში არაერთი შეფასებითი პუბლიკაცია გაჩნდა, რომელთა შინაარსი ორ მარტივ მტკიცებულებამდე შეიძლება დავიყვანოთ:

1. აზერბაიჯანმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ თურქული დრონები ჰქონდა;

2. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „მძიმე“ სისტემები უსარგებლო ხდება დრონების თანამედროვე ომში.

ესოდენ გამარტივებული მიდგომა ექსპერტების შედარებით აბსტრაქტული სამხედრო-ტექნიკური ცოდნითა და ასევე სომხური საბრძოლო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მარცხის თვალსაჩინო მაგალითების უზარმაზარი რაოდენობით აიხსნება. მაგრამ რეალობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი შეხედულებები მასზე.

სასწაულები არ არსებობს, ნებისმიერი ფილმის რეჟსორის ჩანაფიქრის ნაყოფია. „ბაირახტრებისა“ თუ აზერბაიჯანის არმიის სხვა დრონების მიერ ყარაბაღში გადაღებული ვიდეოსიუჟეტები იმთავითვე მოწინააღმდეგის საბრძოლო სულის განადგურებასა და თურქული დრონების შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ამასთან კადრს მიღმა რჩებოდა „ამაო ფრენები“ და შეცდომები, ასევე ათობით დრონის ჩამოგდების კადრები.

ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების ძირითადი ინსტრუმენტები კვლავ საარტილერიო იარაღი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები რჩება. ჯარებში ამგვარი ტექნიკა უფრო მეტია, ვიდრე უპილოტო საფრენი აპარატები. არტილერია შეუდარებლად ძლიერია საომარი სიძლიერის კუთხით. მაგალითად,  მილიონ დოლარად ღირებულ Bayraktar-ს სამიზნემდე 150 კგ საბრძოლო მასალის მიტანა შეუძლია, ხოლო შედარებით ბიუჯეტური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ერეთ ზალპში ტონობით მომაკვდილენელი ლითონი შედის. ამგვარად, არტილერია მნიშვნელოვნად ამცირებს სამიზნეების განადგურების „თვითღირებულებას“.  

დაუდევარი თავდაჯერებულობა

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწორად ორგანიზებულ, ეშელონირებულ სისტემას მოწინააღმდეგის დრონების ნებისმიერ რაოდენობასთან გამკლავება შეუძლია, ხოლო რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებს წამებში შეუძლია მათი კოორდინატების გამოთვლა.  ამასობაშ კი ყარაბაღში განთავსებული სომხური თავდაცვის სისტემების ცალკეული კომპლექსები ვერ უზრუნველყოფდა საიმედო თავდაცვას ― არა მარტო მოძველებული მახასიათებლების გამო. ამაზე ისახებოდა სამსახურის ორგანიზების დონეც და სისტემის არარსებობაც. შევნიშნავთ, რომ 1960-იანი წლების საზენიტოპსარაკეტო კომპლექსები Стрела-10 და Оса-АКМ ზოგჯერ ვერ აღწევდნენ „ბაირახტრებამდე“ რვა კილომეტრის სიმაღლეზე. ხოლო თანამედროვე კომპლექსები Тор-М2КМ და Бук-М2Э მხოლოდ ერევანსა და მეწამორის ატომურ სადგურს იცავდნენ.

კიდევ ერთი პრობლემა ― ეს ადგილზე შენიღბვის არარსებობა იყო. ცალკეული სამხედრო ობიექტები თითქოს ყვიროდნენ, მომკალიო.

მეორე მხრივ, როცა თურქულმა დრონებმა „შემთხვევით“ დაიწყეს ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე შეფრენა, იქ სწორად ორგანიზებულმა თავდაცვისა და რადიოელექტრონული  ბრძოლის სისტემებმა უპრობლემოდ ჩამოყარეს ისინი. შესაბამისად, დრონებმა მალევე შეწყვიტეს იქ ფრენები. 

1994 წლის გამარჯვებამ ჩამოაყალიბა და წლების განმავლობაშ განამტკიცა მითი სომხური არმიის უძლეველობის შესახებ ყარაბაღის მიმართულებით. მხოლოდ ამით შეიძ₾ება აიხსნას სერიოზული საინჟინრო ნაგებობების არარსებობა მდინარე არაქსიდან მრავას ქედამდე ასკილომეტრიან ხაზზე. ღია ტრანშეები და საცეცხლე წერტილები, ბლინდაჟები ― ეს გასული საუკუნის დასაწყისის ფორტიფიკაციის ნიმუშებია.  სომხურ მხარეს არ უზრუნია გამძლე საცეცხლე წერტილებისა (რკინაბეტონის) და მიწისქვეშა კომუნიკაციების შექმნაზე, მიუხედავად იმისა, რომ დრო სრულიად საკმარისი ჰქონდათ ― 25 წელზე მეტი. ამ ფონზე კი სომხეთის პრემიერ მინისტრი 2019 წელს აცხადებდა, ყარაბაღი სიმხეთიაო (თუმცა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არ ცნო), ხოლო თავდაცვის მინისტრმა დავის ტონოიანმა კონცეფციის ასეთი ფორმულირება ჩამოაყალიბა: „ახალი ტერიტორიები ახალი ომის შემთხვევაში“.

სომხური მხარის სამხედრო პოტენციალი 27 სექტემბრისთვის რამდენჯერმე ჩამორჩებოდა აზერბაიჯანულს. თუმცა მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მაინც დიდი მსხვერპლი ჰქონდა. სამხრეთის მიმართულებით აზერბაიჯანულმა ძალებმა ერთ-ერთ ეტაპზე ათმაგი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 30-40 კილომეტრით წაიწიეს წინ.  ბაქოს ბლიცკრიგი არ შედგა. უნდა აღვნიშნოთ სომეხი სამხედროებისა და მოხალისეების სიმტკიცე და სიმამაცე, რომლებსაც საბრძოლო მართვის ცენტრალიზებული სისტემის, ჰაერიდან დაცვის არქონის პირობებში უწევდათ ბრძოლა.

სირიული და ლიბიური გამოცდილება

თუ რუსული თავდაცვის სისტემებისა და თურქული დრონების შედარების თემას დავუბრუნდებით, შეიძლება სირიასა და ლიბიაში მომხდარი „დრონთა ცვენა“ გავიხსენოთ, სადაც პროფესიონალურად გამოიყენეს საზინიტო-სარაკეტო კომპლექსები Тор-М2КМ, Бук-М2Э და Сосна.. ასეთივე მაღალეფექტურობა გამოავლინა Панцирь-С1-მაც. ეს კომპლექსები დროულად რომ განეთავსებინათ მთიან ყარაბაღში, ისინი თურქულ „ბაირახტრებს“ ერთ შანსსაც არ დაუტოვებდნენ.

რუსეთმა სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი კომპლექსები Леер-3 გადაისროლა. მისი ძირითადი ამოცანები ― ეს ფიჭური კავშირის GSM-ს, 3G და 4G სისტემების სიგნალების ჩახშობაა. კომპლექსი ერთი ავტომობილი „კამაზისა“ და ორი-სამი დრონ „ორლან-10-სგან“ შედგება, რომელთა გამოყენების რადიუსი 120 კმ-ა.

დრონს შეუძლია აღმოაჩნოს ტელეფონები, პლანშეტები აწარმოოს დაზვერვა, დაიტანოს მონაცემები ციფრულ რუკაზე და გადასცეს ისინი არტილერიას იერიშის მისატანად.

ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ გაყინულია და არა გადაჭრილი, და დაზვერვისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს მცირედითაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

10
ავერსის აფთიაქი

ყაზბეგის გამზირზე აფთიაქში ინციდენტი მოხდა - ერთი პირი დაკავებულია

0
(განახლებულია 22:11 29.11.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, „ავერსის“ აფთიაქში ინციდენტი მოხდა, პოლიციამ ადგილზე ერთი პირი დააკავა, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში შევიდა ორი პირი, მათ მოითხოვეს ფსიქოტროპული პრეპარატი, რომელიც მხოლოდ რეცეპტით იყიდება. უარის მიღების შემდეგ მათ ფარმაცევტს იარაღის მსგავსი ნივთი მიუშვირეს, ხოლო ფარმაცევტმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახა.

ორივე პირი პოლიციამ ადგილზე შეაჩერა. ერთ-ერთი არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ამოღებულ სავარაუდოდ იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.

„ავერსის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ორ პირს სათამაშო პისტოლეტები ჰქონდათ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ წითლაურმა განაცხადა, რომ 20 წლამდე ასაკის პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

„ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა“, – განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში