პირველი საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში გივი ანდრიაძე (ცენტრში)

ტიციან ტაბიძის შვილიშვილის უჩვეულო გატაცება: სიყვარული, რომელსაც ვერ ეშვები

466
(განახლებულია 18:08 26.09.2019)

ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის ხიბლი იმაშიც მდგომარეობს, რომ უამრავ საინტერესო ადამიანს ხვდები. დროთა განმავლობაში გიჩნდება განცდა, რომ ვეღარაფერი გაგაკვირვებს.

მაგრამ ყოველ ჯერზე ახალ, არაორდინალურ ვითარებას აწყდები და ხვდები, რომ ადამიანები თავიანთი ცხოვრებით სრულიად განსხვავებულ ისტორიებს ქმნიან, ერთადერთსა და განუმეორებელს. მსგავს ვითარებაში აღმოვჩნდი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ შინ მიმიწვია და გამაცნო პიროვნება, რომლის შესახებაც, რა თქმა უნდა, მსმენოდა, მაგრამ გამოირკვა, რომ მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილს ვხედავდი.

გივი ანდრიაძე
Photo: courtesy of Givi Andriadze
გივი ანდრიაძე

იდეაში ინტერვიუ უნდა ამეღო, თუმცა ჩემი რესპონდენტის მონაყოლი ზედმიწევნით ამომწურავი იყო და დიალოგის გამართვას  ყურადღებით მოსმენა ვამჯობინე. ახლა, სანამ გივი ანდრიაძის მოგვიანებით აღდგენილ მონოლოგს შემოგთავაზებთ, ორიოდ სიტყვით გაგაცნობთ: დაიბადა თბილისში 1943 წელს, არის პირველი საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში, მედიცინის დოქტორი, აკადემიკოსი. ორიოდ კვირის წინ კი 76 წლის ასაკში გერმანიის ქალაქ ბად-ელსტერში პროფესიონალ ექიმთა ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიგო.

დანარჩენს თავად ბატონი გივი მოგითხრობთ. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გივი ანდრიაძე ტიციან ტაბიძის შვილიშვილი გახლავთ.

— გასული საუკუნის 50-იან წლებში თბილისის პიონერთა სასახლეში ფარიკაობის წრე ჩამოყალიბდა, რომელსაც დიდებული პიროვნება ანატოლი ფიოდოროვი ხელმძღვანელობდა. სწორედ მის ხელში ეზიარნენ სპორტის ამ სახეობას შემდეგში დიდი სპორტსმენები: რეზო ცირეკიძე, იური ოსიპოვი, გოგი გოგელია, გურამ ჯაიანი და სხვები. არაფრით გამორჩეული მოსწავლე გახლდით, ამიტომ არც გამკვირვებია, რომ სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ საკავშირო პირველობაზე წასაყვან გუნდში ვერ მოვხვდი. მაგრამ ბოლო წამს ერთი მონაწილე ავად გახდა და მე წამიყვანეს. წარმოიდგინეთ, პირველი ადგილი ავიღე! იგივე განმეორდა მომდევნო წელსაც და უკვე აღარავინ აბრალებდა ამას შემთხვევითობას.

ჩემი ბაბუა, ტიციან ტაბიძე, მოგეხსენებათ, რეპრესირებული გახლდათ და საზღვარგარეთ ასე იოლად არ გამიშვებდნენ. მაგრამ როდესაც ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ზედიზედ სამჯერ გავხდი, უპრობლემოდ მოვხვდი საკავშირო ნაკრებში და 1962 წელს ეგვიპტეში ახალგაზრდებს შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დავიკავე. დებიუტანტისთვის თითქოს ურიგო შედეგი არ იყო, მაგრამ მამაჩემი ისე გამინაწყენდა, რომ მომდევნო წელს ბელგიის ქალაქ გენტში უსიკვდილოდ უნდა მომეგო, თორემ დამარცხებული მამას ვერ დავენახებოდი.

გივი ანდრიაძე ვეტერან მოფარიკავეებთან ერთად
Photo: courtesy of Givi Andriadze
გივი ანდრიაძე ვეტერან მოფარიკავეებთან ერთად

ფინალში ოთხნი გავედით. ჯერ ფრანგ კურტიას 5:1 მოვუგე, შემდეგ რუმინელ დრინბასთან 1:3 „ამოვქაჩე“ — ზედიზედ 4 ჩხვლეტა მივაყენე, ბოლოს შვეიცარიელი ლოზეს 5:3 ძლევით მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირიდან მე ვიყავი პირველი მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში. შემდეგში გურამ ლორთქიფანიძემაც მოიგო ეს ტიტული და სხვებმაც...

ქართულ ფარიკაობას მრავალი ტიტულოვანი სპორტსმენი ჰყავს, მათ შორის მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები, მაგრამ ყველა მათგანი გუნდურ სახეობაშია მოპოვებული, ამიტომაც გივი ანდრიაძის პირად პირველობაში მოგებული ოქროს მედალი დიდად ფასეულია.

— იყო სხვა წარმატებებიც საერთაშორისო სარბიელზე, საკავშირო პირველობებსა და სპარტაკიადებზე. სპორტისგან მოუწყვეტლად დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი. 1966-70 წლებში მოსკოვში ვმუშაობდი საკანდიდატო დისერტაციაზე აკადემიკოს ევგენი ჩაზოვთან, რომელიც იმ ხანად მეოთხე სამმართველოს უფროსი გახლდათ, ანუ კრემლის მთავარი ექიმი იყო და მის ხელში გაიარა ოთხმა „გენსეკმა“, ხრუშჩოვით დაწყებული, ანდროპოვით დამთავრებული. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დავიცავი საკანდიდატო და მერე სადოქტორო დისერტაციები.

პარალელურად ვვარჯიშობდი და მოსკოვის პირველობაზე ფინალში მარკ მიდლერს მოვუგე (მარკ მიდლერი ორგზის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონი). 

შემდეგ იყო თბილისში კარდიოლოგიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილება, ახლა კარდიო-რეანიმაციულ ცენტრს ვხელმძღვანელობ.

რაც შეეხება ფარიკაობას, ერთი დღითაც არ შემიწყვეტია ვარჯიში. თუმცა, უკვე გვარიანი ვეტერანი ვიყავი და ამიტომაც ვეტერანთა ტურნირებზე გადავინაცვლე. ევროპის ჩემპიონატზე  ვეტერანებს შორის მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოვიგე, ასევე მესამე ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში. ერთი კვირის წინ კი გერმანიაში ბად-ელსტერში პროფესიონალ მედიკოსთა ჩემპიონატზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოვიპოვე. ოქტომბერში კაიროში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება ვეტერანებს შორის. იქ გუნდური პირველობაც თამაშდება. ამიტომ ავიყოლიე ძველი მეგობრები — ზურაბ ბოკუჩავა და არტიომ სარქისოვი და ახლა გუნდურად „შევუტევთ“ მედლებს.

გივი ანდრიაძე
Photo: courtesy of Gvi Andriadze
გივი ანდრიაძე

თუმცა აქ ერთი ნიუანსია: ჩვენს გუნდში ორივე ხმლით მოფარიკავეა, მე კი რაპირით ვფარიკაობდი, ამიტომ მომიწია 76 (!) წლის ასაკში ხმლით ფარიკაობის ანბანის სწავლა. ძალიან მეხმარება ჩვენი სახელოვანი მწვრთნელი ლუდვიგ ღაღანიძე, რომელიც პოულობს დროს და დღეში რამდენიმე საათს მავარჯიშებს. ჩემპიონატი 10 ოქტომბერს იწყება და იმედი მაქვს, არც იქ შევირცხვენთ თავს.

სპორტისა და ჩემი პროფესიის წყალობით წლობით მომიწია მოსკოვში ცხოვრება, სადაც ჩემი მასპინძლები ბაბუის, ტიციან ტაბიძის დიდი მეგობრები იყვნენ: ბორის პასტერნაკი, პაველ ანტოკოლსკი და სხვები. განსაკუთრებით მიყვარდა პასტერნაკების ოჯახის აგარაკზე, პერედელკინოში ყოფნა. ბორის ლეონიდოვიჩს უყვარდა ბოსტანში ფუსფუსი და მეც სიამოვნებით ვეხმარებოდი პომიდვრის ჩითილების დარგვაში. ბებიას, ნინო მაყაშვილს ტიციანის დახვრეტის მერეც არ გაუწყვეტია მის მოსკოველ მეგობრებთან ურთიერთობა. უფრო მეტიც, 1959 წელს „დოქტორ ჟივაგოს“ გამოსვლის შემდეგ მაშინდელმა გენმდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა პასტერნაკი დაიბარა და უთხრა, ინგლისის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის და თქვენთან უნდა შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ და ერთი თვით მოსკოვიდან უნდა წახვიდეთო.

პასტერნაკმა და მისმა მიუღლემ ზინაიდა ნიკოლაევნამ თბილისში ჩამოსვლა არჩიეს და გოგებაშვილის ქუჩაზე ჩემმა ბებიამ, ნინო მაყაშვილმა უმასპინძლა. ერთი თვის განმავლობაში სახლიდან თითქმის არ გამოდიოდნენ, მხოლოდ ერთხელ, საღამოსკენ მცხეთას ეწვივნენ და შემთხვევით რუსი ტურისტების ჯგუფს შეეჩეხნენ. ერთმა მათგანმა იცნო და ჰკითხა: Борис Леонидович, это вы? რაზეც უმალ მიიღო პასუხი: Нет, милейший, это не я. 

გივი ანდრიაძე საპრიზო კვარცხლბეკზე
photo: courtesy of Givi Andriadze
გივი ანდრიაძე საპრიზო კვარცხლბეკზე

დიდი პოეტი ამ ამბებიდან მალევე გარდაიცვალა, თუმცა მის ოჯახთან ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ტიციანის შთამომავლის სახელის ტარება ერთგვარი მოვალეობა და ვალდებულებაა. ვცდილობ, მის ხსოვნას რაღაც მეც შევმატო. ჩვენი სახელოვანი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი დამეხმარა და ანჩისხატის ეზოში დიდი პოეტის ძეგლი დაიდგა, რომლის ასლი ყვარელშიც (ბებია ნინო მაყაშვილი იქიდან იყო) დგას. მოგეხსენებათ, ტიციანი და პაოლო იაშვილი დიდი მეგობრები იყვნენ და ქუთაისის პირველი სკოლაც ერთად დაამთავრეს. სულ მალე, ქუთაისის მერიის ხელშეწყობით, პირველი სკოლის ტერიტორიაზე მათი ქანდაკებები დაიდგმება, რომლის ავტორიც გიორგი კიკვაძეა.

მიყვარს პოეზია, ჩემი საქმე, ფარიკაობა კი იმდენად მიყვარს, რომ აგერ მერვე ათეულ წელს მივუკაკუნებ და მაინც არ ვეშვები... საერთოდაც, მინდა გითხრათ, რომ ყველა მიყვარს...“

ბატონი გივის ახლანდელი მონათხრობი ზედმიწევნით გადმოგეცით, საფინალო ფრაზად კი გივი ანდრიაძის ერთი ძველი ინტერვიუდან ამონარიდი უნდა მოვიშველიო და იმედია, ჩემი კოლეგა არ მიწყენს:

„ინტერვიუ დასრულდა და ბატონი გივი გამომეშვიდობა... მაშინ გავიაზრე, იმის სათქმელად იყო მოსული, რომ სიყვარული არასდროს ქრება, პირიქით, ისეთი გრძნობაა, რასაც მეტს გასცემ, უფრო და უფრო მრავლდება“.

 

466