ჯავრშეუჭმელი ქართველები: რამდენიმე მაგალითი ისტორიიდან

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / ქსნის ციხე
ქსნის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიული სიმცირე მრავალს უღვიძებდა აოხრებისა და დაჩაგვრის სურვილს, მაგრამ ჩვენი გმირი წინაპრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „ჯავრშეუჭმელი“ მაინც არავინ გაგვიშვია

ვანო სულორი

საქართველოს ტერიტორიული სიმცირე მრავალ იმპერიას უღვიძებდა მისი  აოხრებისა და დაჩაგვრის სურვილს, მაგრამ ჩვენი გმირი წინაპრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, მართალია ბევრი მოგვრევია და დავუმარცხებივართ, მაგრამ „ჯავრშეუჭმელი“ მაინც არ გაგვიშვია. 

ხალილ ბეგის გაცრუებული იმედი

1490 წლი თებერვალში  აყ-ყოინლუს (თეთრბატკანიანთა ურდოს) ყაენმა იაყუბ-ხანმა ხალილ ბეგი ახალი ჯარებით გამოგზავნა ქართლის ასაოხრებლად და მისი მეფის, კონსტანტინე მეორის დასამორჩილებლად. ეს ის ხალილ ბეგია, რომელმაც არაერთხელ ააოხრა სამცხე და ქართლი და დიდი ზიანი მოგვაყენა. ქვეყანას ისევ დიდი განსაცდელი ელოდა.  

ვანო ფიცხელაურის ფოტო - Sputnik საქართველო
„კეთილი მტრები“ - როგორ ახასიათებდნენ ქართველებს დამარცხებული ქვეყნები

ქართლის მეფემ საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება კახეთი მეფე ალექსანდრე მეორესა და სამცხის მთავარ ყვარყვარე მეორეს სთხოვა. მაგრამ ისინი, არათუ არ დაეხმარნენ კონსტანტინეს, პასუხიც არ აღირსეს ქართლელებს. 

მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, ქართლის მეფემ გამოწვევა მიიღო და თეთრბატკნიანებთან საბრძოლველად ჯარი უმოკლეს დროში შეკრიბა. კონსტანტინემ სარდლებს უბრძანა, მომხდურთან გაშლილ ველზე კი არ გაემართათ ბრძოლა, ციხესიმაგრეებსა და მიუვალ ტყე-ღრეებში გამაგრებულიყვნენ.

თეთრბატკნიანები ქვემო ქართლში შემოიჭრნენ და პირველად ორბეთს მიადგნენ. მაგრამ მოულოდნელად გვერდი აუქციეს და კოჯრისკენ წავიდნენ. როგორც ჩანს, მათი მიზანი მანამდე დაკარგული თბილისის დაბრუნება გახლდათ.

კოჯრის ციხეში მცირერიცხოვანი რაზმი იდგა ქავთარ სოლოღაშვილის მეთაურობით. ციხიონმა უაზროდ მიიჩნია დიდძალი მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ციხე დაცალა. ხალილ ბეგმა კოჯორი გადაწვა და თბილისისკენ გაიჭრა.

მეფე კონსტანტინემ ტაბახმელასთან გადაუჭრა გზა მტერს და მარცხი აგემა. უკანდახეულმა 1500 თურქმანმა მხედარმა და ათი ათასამდე ქვეითმა მეომარმა ორბეთის მიდამოები ააოხრეს, მთის სოფლები დაარბიეს და ვისაც წააწყდნენ, დაატყვევეს. მაგრამ ენაგენთან ქართლელები სულხან ბარათაშვილის, ქაიხოსრო თურმანიძის, სულხან და ქაიხოსრო ციციშვილების მეთაურობით დაეცნენ მოთარეეშეებს და გაანადგურეს. გადამთიელთა სისხლი მდინარეებად დიოდა თურმე.   გადარჩენილებს ხიხათის ხევისთვის შეუფარებიათ თავი, მაგრამ ქართველებს იქაც მოუჭრიათ გზა და ერთიანად გაუჟლეტიათ —  „მოსრვიდნენ და სწყვედდნენ, ვითარცა ქათამთა“. 

შატილი - Sputnik საქართველო
შატილიონი არწივები: ამბავი ხევსურებთან შამილის ბოლო ბრძოლისა და მწარე მარცხისა

თურქმანთა სამასამდე მხედარსღა გაუსწრია სასაკლაოსთვის, მაგრამ ქავთარ სოლოღაშვილისა და ჯავახ ჯავახიშვილის ოცკაციანი რაზმი ჩადგომია კვალში და იმათთვისაც წირვა გამოუყვანიათ.

როცა ეს თავზარდამცემი ამბავი ხალილ ბეგის მეომრებს შეუტყვიათ, აყრილან და უკანმოუხედავად გაუქუსლავთ...

გულმოსული კახელები

XVI საუკუნის დასაწყიში შაქ-შარვანის (დღევანდელი აზერბაიჯანი) ხანი ჰასან-ბეგი კახეთს არბევდა. გააფრთხილეს ქართველებმა, ჩვენს მიწებზე თარეშზე ხელი აიღეო, მაგრამ ირანის შაჰი ისმაილი იდგა ჰასან-ბეგის უკან და ამით იყო გათამამებული. თავისი სარდლებიც აფრთხილებდნენ ბეგს, ქართველებს დაეხსენი, თორემ სულს მოითქვამენ და მწარედ გვაგებინებენ პასუხსო, მაგრამ შაქ-შარვანის მმართველი არავის უწევდა ანგარიშს.

1521 წელს კახელებს ყელში ამოუვიდათ შაქის ხანის თავგასულობა და მის დასასჯელად ლაშქრობა მოაწყვეს — ახლა გასწავლით, როგორია სხვათა მიწა-წყლის დარბევა როგორიაო, დაუქადნიათ.

ჰასან-ბეგი ჯარით შეგებებია კახელებს, მაგრამ გაგულისებულ ქართველებს მთლიანად შეუმუსრავთ მისი ლაშქარი, თავად ჰასან-ბეგი დაუნდობლად აუკუწავთ, მისი ქვეყანა კი ცეცხლისთვის მიუციათ.

მოულოდნელი პასუხი

იმერთა მეფე სოლომონ პირველმა არაერთხელ დაამარაცხა „ბრწყინვალე პორტა“, მაგრამ ოსმალები არა და არ ეხსნებოდნენ დასავლეთ საქართველოს. ხონთქარი ვერ ელეოდა იმერეთს და ჯარს ჯარზე აგზავნიდა მის დასამორჩილებლად. 

ქართველი  მეომრის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
„შესაზარი ხმა აქვთ და საოცარი სისასტიკე“ - როგორია ქართული გმირობა

1763 წლის იანვარშიც შემოიჭრნენ ოსმალები არზრუმის ფაშა იბრაჰიმ ჯაყელის სარდლობით. მათი ოდენობა 13 ათას მეომარს აღემატებოდა, იმერლებმა კი მხოლოდ 5 ათას კაცს მოუყარეს თავი. ამიტომ სოლომონმა მტერს ზურგი აქცია და უბრძოლველად უკუიქცა.

გაიხარეს ოსმალებმა, ქართველები შეშინდნენო და იანიჩრები, ქურთები, ლევანდები გასაძარცვად მოედნენ იმერეთს.  სოლომონმა „აცალა“ მტერს რბევა და როდესაც ძარცვით გართულ ოსმალთა ბანაკში დისციპლინა მოიშალა, სწორედ მაშინ მიაყენა გამანადგურებელი დარტყმა.

სოლომონმა გაუვალ ადგილას შეიტყუა ოსმალები და შეტევაზე გადავიდა. მეფის გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა მტრისთვის და სანამ საბრძოლველად გაემზადებოდნენ, ქართველებმა პირწმინდად შემუსრეს. ოტომანებმა ახალციხისაკენ გაქცევა იკადრეს. თოვლმა და მოდიდებულმა ხანისწყალმა ცხენით სვლის საშუალება მოუსპო დამპყრობლებს იძულებულები გახადა, „ტვირთი“ თავიდან მოეშორებინათ და ფეხით გაქცეულიყვნენ. ბოლომდე მისდიეს სოლომონის მეომრებმა ოსმალებს, ერთიანად გაჟლიტეს და მათი ნაძარცვ-ნაალაფარით დატვირთულები გაბრუნდნენ უკან.

1905 წელს რუსეთის იმპერიაში დაწყებულმა რევოლუციამ საქართველოს ტერიტორიაც მოიცვა. განსაკუთრებით დიდი გამოსვლები იყო გურიაში, სადაც რევოლუციის მოთავე რუსულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა.

აფეთქებული გენერალი

1906 წლის დასაწყისში გურია და მთელი დასავლეთი საქართველო დამსჯელმა ექსპედიციამ ააწიოკა. ეგზეკუციის მეთაური გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი იყო, რომელსაც მანამდე დაექადნა, საქართველოს რევოლუციუარი მოძრაობა ტონს აძლევს რუსეთის იმპერიას და ამიტომ, რადაც უნდა დამიჯდეს, ეს მოძრაობა საქართველოში უნდა ჩავახშოო. როგორც ამბობენ, თითო კაცზე ორ-ორი კაზაკი და სამ-სამი ტყვია ჰქონდა ნაანგარიშები გენერალს. 

კახეთი, სოფელი მელაანი - Sputnik საქართველო
გამორჩეული საქართველო, ანუ რით შეგვიძლია ვიამაყოთ - რამდენიმე უნიკალური ფაქტი

ალიხანოვ-ავარსკიმ ცეცხლის ალში გახვია მთელი დასავლეთი, ხოცვა-ჟლეტა და ქალების გაუპატიურება ჩვეულებრივი ამბავი იყო სადამსჯელო რაზმებისთვის. და ქართველებმა გენერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ჯერ იყო და 1906 წელს ქუთაისში დაესხნენ თავს აფრასიონ მერკვილაძის რაზმელები, მაგრამ მაშინ მხოლოდ დაიჭრა ალიხანოვ ავარსკი. მერე კი, 1907 წლის 3 ივლისს მოკლეს კიდეც სომხეთში, ქალაქ ალექსანდროპოლში (წინათ ლენინაკანი, ახლა გიუმრი).  

მოგვიანებით ტერორისტი ვანო ალიხანაშვილი იხსენებდა, რომ ალიხანოვ-ავარსკის მკვლელობა ავლაბარში, ვინმე ამხანაგ ბათოს ბინაზე დაუგეგმავთ სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფის წევრებს — სულ შვიდ კაცს.  ინფორმაციას ალიხანოვის გეგმებისა და გადაადგილების შესახებ ისინი გენერლის დაცვის წევრის, ფარული ბოლშევიკი კაზაკის, გრიშა დამიჩენკოსგან იღებდნენ. ჯგუფის წევრები – ლუი, ბათო, შამშე, მცხეთელი მიტა და სხვები, რომელთა სახელები ალიხანაშვილს არ ახსოვდა, საგარეჯოელი გლეხის, გვარად ჭიჭინაძის ვენახში იმალებოდნენ და ხელსაყრელ დროს ელოდებოდნენ.

ეს დროც დადგა. ბორჩალოელი თათარი მწყემსის დახმარებით, ჯგუფი ალექსანდროპოლში ფეხით ჩავიდა. დამიჩენკომ შეთქმულებს აცნობა, როდის და სად გაივლიდა ალიხანოვი, მაგრამ გაირკვა, რომ გენერალი მარტო არ იქნებოდა.

ტერორისტებს ყოყმანი შეეპარათ. მაგრამ მერე იფიქრეს, ასეთი შანსი შეიძლება მეტჯერ აღარ მოგვეცესო და გადაწყვიტეს, საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

1907 წლის 7 ივლისს, ღამის ორ საათზე, ოფიცერთა კრებიდან ეტლით მომავალ ალიხანოვს, რომელსაც თან ახლდნენ თავისი ვაჟი, გენერალ გლებოვის ცოლი და ქალიშვილი, შურისმაძიებლებმა ორი ბომბი ესროლეს.

ალიხანოვ-ავარსკი, გენერალ გლებოვის ცოლი და მეეტლე დაიღუპნენ, ხოლო ალიხანოვის ვაჟი და გლებოვის ქალიშვილი დაიჭრნენ. თავდამსხმელებმა კი სროლით გაიკაფეს გზა და სამშვიდობოს გავიდნენ.

შურისმაძიებლების მსხვერპლი გახდა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის მარჯვენა ხელი დასავლეთ საქართველოს რგზეკუციისას პოლკოვნიკი სერგეი კრილოვი. გურულებმა ის ბაქოში ააფეთქეს. მკვლელობის ორგანიზატორი იყო სახელგანთქმული ფირალი მელქისედეკ გუნთაიშვილი...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0