დათო სიმონიას მითები

გაბრიელის ალქალი: როგორ შეირთო მთიბავმა ალი ცოლად

309
(განახლებულია 14:44 19.09.2019)

უზენაესი ბუნებიდან გამომდინარე, ადრე პერიოდის ღვთაებებს ახასიათებთ გარდასახვები, ანუ სხვადასხვა არსებად გადაქცევა. თუმცა არც ისე იყო, რომ ვისაც რად უნდოდა, იმად იქცეოდა. მათი შესაძლებლობებიც გარკვეულად შეზღუდული იყო.

დღეს ალებზე გესაუბრებით. ჩემმა ბავშვობამ სამეგრელოში გაიარა და მახსოვს, დიდი ბებია მიყვებოდა ალებსა და ჭინკებზე. რამდენიმე ისეთი ისტორიაც მიამბო, რომლებსაც, ახლა რომ ვუკვირდები, მითოლოგიური ფესვები უნდა ჰქონოდა. 

ალები ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები არიან, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებსა და სხვებს. არსებობენ როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ალები. შესახედად საშინელნი — სპილენძის კბილებით, შუშის თვალით, ჭუჭყიანი თმებით... 

გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეებში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში. ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ.

ქალ ალებს (ალქალებს) ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად თეთრ კაბაში გამოწყობილი, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან ადამიანებს. ალი იმ ადამიანის ერთგული მსახური ხდება, რომელიც მოახერხებს და თმასა და ბრჭყალებს დააჭრის.

ახლა კი ამბავი, რომელიც სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება.

ვინმე გაბრიელი დაახლოებით ორმოცდაათი წლის ყოფილა, როცა დაქვრივებულა. ერთ ზაფხულს სათიბში ყოფილა. შუადღემდე მშვიდად უთიბია ბალახი ცელით, მაგრამ მოულოდნელად ტყიდან გამოსულა ერთი თმაგაწეწილი და ტანსაცმელშემოხეული ქალი, აუღია ცელის ტარივით ჯოხი და სათიბის მეორე მხარეზე დაუწყია ვითომ თიბვა კაცის გამოსაჯავრებლად. გაბრიელს რამდენჯერმე დაუძახია, აქ მოდიო, მაგრამ მას ყურიც არ უთხოვებია. მისკენ რომ წასულა, ქალი მაშინვე ტყისკენ გაქცეულა. 

გაბრიელს თიბვა განუგრძია და ქალიც კვლავ გამოსულა ტყიდან. ისევ დაუწყია იმასაც „თიბვა“. გაბრაზებულ გაბრიელს ქალის დაჭერა გადაუწყვეტია და ასეთი ხერხი მოუფიქრებია: სათიბის ბოლოს, ჭაობში, მსხვილი ბალახი დაუგლეჯია და თოკი დაუგრეხია. ეს რომ ალს დაუნახავს, ისიც გაქცეულა, ბალახი დაუგლეჯია და თოკი დაუწნავს. გაბრიელს თოკი ხისთვის გამოუბამს და დაუჭიმია — თოკმა გაუძლო, არ გაწყდა. ალსაც ყველაფერი გაუმეორებია. მერე გაბრიელს თოკი ფეხებზე მოუბამს და მაგრად გამოუნასკვავს. რა თქმა უნდა, ალსაც იგივე გაუკეთებია. გაბრიელსაც ეს უნდოდა. დასწვდა თურმე ცელს, გამოუსვა თოკს და გაწყვიტა. ალმაც ამოუსვა თოკს თავისი ჯოხი, მაგრამ ვერაფერს გახდა და ხელით შეეცადა ნასკვის გახსნას. მაგრამ არ დააცადა გაბრიელმა, მივარდა და შეიპყრო ალი. მერე ამოიღო დანა, მოაჭრა ალს თმა მარჯვენა მხარეს და მარცხენა ხელის ცერზე წამოზრდილი ფრჩხილი. ნაჭერში შეახვია და საიმედოდ შეინახა უბეში. მერე ალს ფეხებზე გამონასკვული თოკი გადაუჭრა და გაუშვა, მაგრამ ალს გაქცევა არც უცდია. პირიქით, საღამოს შინ გაჰყოლია კაცს.

თმისა და ფრჩხილის მარჯვენა-მარცხენა მხარეს შეჭრას ის მნიშვნელობა ჰქონია, რომ ალი ყოველთვის ადამიანის გვერდით ყოფილიყო შრომასა და ცხოვრებაში და არც ერთი მხრიდან ღალატი არ ჩაედინა. 

სახლში მიყვანილ ალს მეზობლის ბავშვები და ქალები გარს შემოხვევიან. გაბრიელს ერთი ხნიერი დედაკაცი გვერდით გაუყვანია, რაღაც უთქვამს და მერე ალისთვის მიუმართავს: შენ დაღლილი ხარ და მშიერი, წადი ცოტა ხანს ამ ქალთან, დაგანაყრებს, მე კი ვახშმის სამზადისს შევუდგებიო. ალიც მორჩილად წაჰყოლია იმ ქალს. გაბრიელს დრო უხელთია. წერაქვი და ნიჩაბი აუღია, სახლში შესულა, კარი ჩაურაზავს, კერიიდან ცეცხლი გადაუბერტყავს, ღრმა ორმო ამოუთხრია, თაროდან ცარიელი თიხის ქილა ჩამოუღია, შიგ ალის თმა და ფრჩხილი ჩაუწყვია, ზემოდან სიპი ქვა დაუფარებია, ორმოში ჩაუდია და მიწა მიუყრია. მერე კარგად დაუტკეპნია და ნაცარ-ნაღვერდალი ისევ კერიაზე დაუბრუნებია.

ამას რომ მორჩენილა, ჭედილა (მამალი ცხვარი) დაუკლავს, დაუძახია ალისა და სხვა ქალებისთვის, მომეხმარეთო. ისინიც მიხმარებიან, სუფრა გაუწყვიათ და შინაურული ქორწილი გადაუხდიათ...

როცა დაღლილ მექორწილეებს დასძინებიათ, გაბრიელისგან ცოტა მოშორებით წამოწოლილი ალი ამდგარა, ჯერ „ქმრის“ ტანსაცმელი გაუსინჯავს, მერე მთელი სახლი გადაუქოთებია, მაგრამ თავისი თმა და ფრჩხილი ვერ უპოვნია. 

ალებს წესი ჰქონიათ ასეთი: სანამ მათი თმა და ფრჩხილები ვინმესთანაა გადამალული, ისე ეძებენ, როგორც ძვირფას განძს. თუ ვერ იპოვეს, ბედს ემორჩილებიან და იმ კაცთან რჩებიან. ხოლო თუ მიაგნეს, მაშინვე გაიტაცებენ და ისევ ტყეში გარბიან. ჰოდა, იმ ალმაც რახან ვერ იპოვა თავისი თმა და ფრჩხილი, დარჩა გაბრიელთან, როგორც ერთგული ცოლი და მეგობარი. კარგი დიასახლისი გამომდგარა, ქმართან ერთადაც მუშაობდა და ოჯახსაც წესიერად უვლიდა.

გასულა ერთი წელი. გაბრიელი ერთ დღესაც ბავშვს გაუბრაზებია და ამასაც წაუთაქებია. როცა კაცი სამუშად წასულა, ნაწყენი ბავშვი ალთან მისულა და უთქვამს, ბანის სარკმლიდან ჩუმად ვუყურებდი და დავინახე, რომ გაბრიელმა შენი თმა და ფრჩხილი კერიის ქვეშ დაფლა მიწაშიო.

ალიც თურმე მაშინვე კერიას ეცა. თავისი თმა და ფრჩხილი იპოვა, გაიტაცა და ტყისკენ გაიქცა.

დიდხანს უძებნია გაბრიელს თავისი ალი, მაგრამ ამაოდ, ვეღარსად უპოვია...

309
თემები:
იცით თუ არა, რომ... (313)