დათო სიმონია - მითები

ბოროტი და კეთილი: ქართული წარმართული მითოლოგიის ღვთაებები

239
(განახლებულია 19:56 12.09.2019)

მითი მოაზროვნე ადამიანის უძველესი ქმნილება გახლავთ. ის არც ისტორიაა, არც ზღაპარი და არც ლეგენდა, თუმცა, თითოეული მათგანის ელემენტებს შეიცავს. მასში ყოველთვის არის სინამდვილის ნაწილი, რომელსაც ზღაპრული ელფერი დაჰკრავს.

მითები უმეტესწილად მოგვითხრობენ ხალხის მიერ სათაყვანებელი ღმერთებისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ მებრძოლი გმირების შესახებ. ქართულ წარმართულ მითოლოგიაში გმირთა და ღვთაებათა საკმაოდ დიდი გალერეაა. დღეს მოგაწვდით მათ მცირე ჩამონათვალს, რომელთა შესახებაც ადრე არ გვისაუბრია.

ბოჩი - ქართველთა ძველი წარმართული ღვთაებაა და ძირითადად სამეგრელოსა და სვანეთში სცემდნენ თაყვანს. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. სავარაუდოდ, ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაება უნდა იყოს. ზოგი მკვლევარის აზრით, ბოჩი მესაქონლეობისა და მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც იყო. მის ადგილსამყოფელად კავკასიონის ქედის შვიდი მწვერვალი მიიჩნევა. 

ამბრი - ქართულ მითოლოგიის გმირია, რომელიც, გარდა იმისა, რომ ზომა-წონით ყველას აღემატებოდა, უდიდეს ძალასაც ფლობდა.

ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრს უკავშირდება ერთი ეპიზოდი, როდესაც მას ცოცხლად მარხავენ. გადმოცემით, ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიჰყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. მხოლოდ ამირანმა შეძლო მისი ფეხის უკან ურემზე ათრევა. სავარაუდოდ, 12 ხარი წელიდადის 12 თვეს განასახიერებდა.

გველისფერი - ქართულ მითოლოგიაში ღვთაების დამხმარეა და ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება. გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება. ამასთან ერთად, ჯაჭვიდან აშვებული გველისფერი სჯის ღვთაების ურჩ თაყვანისმცემლებს.

ვეშაპი - ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში უფრო ურჩხულს მოგვაგონებს. ძველ კოლხეთში უზარმაზარი თევზის სახით გამოსახავდნენ. ხშირად ვეშაპს რამდენიმე თავიც აქვს. განარჩევენ თეთრ, წითელ და შავ ვეშაპებს, ამათგან შავი ყველაზე ძლიერია. ვეშაპები წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებული და იტაცებენ წყალს ჭებიდან, მდინარეებიდან, ტბებიდან, წყლის სარგებლობისთვის ითხოვენ ქალწულის მსხვერპლად შეწირვას. ვეშაპი მზის გადაყლაპვასაც ცდილობს, მტრობს კეთილ გმირებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათთან მარცხდება. ვეშაპების ბოროტი ფუნქციები ხშირად დევებზე გადადის. ალბათ გაგახსენდათ ქართული ფილმი „ცისკარა“. ზოგ სიუჟეტში გმირების მფარველთა როლში გვევლინება, მაგრამ მათი საჩუქრები გმირებისთვის აკრძალვას შეიცავს. გმირის მიერ აკრძალვის დარღვევა მის სიკვდილს იწვევს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ვეშაპი ურწმუნოების და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოა. 

როკაპი - ქართულ მითოლოგიაში კუდიანების მეთაურია, რომლებსაც მისთვის ადამიანთა გულები მოაქვთ. დასავლეთ საქართველოში დღესაც გამიგია, რომ როკაპს ავ და ანჩხლ ქალებს ეძახიან. ღმერთის მიერ დასჯილი როკაპი მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის ბოძზეა მიბმული. ყოველ წელს ცდილობს ბოძის ამოგლეჯას და გათავისუფლებას, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება; როკაპი მას ჯოხს მოუქნევს, ჩიტი გაფრინდება, ხოლო ბოძი კვლავ ღრმად ჩადის მიწაში.

კუდიანი - ესენი ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებში გრძნეული ქალები არიან და როკაპს ემორჩილებიან. გარეგნობით მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, თმები მიწამდე დასთრევთ. კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველზე ამხედრებულები ან ამისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ – ქოთანს, როდინს, უმეტესწილად კი ცოცხს. მათი წინამძღოლის – როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე (სამეგრელოშია) იკრიბებიან.

მამბერი - ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელია. მას თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.

მაცილი - ბოროტი სულია საიქიოდან. ისინი აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ცდილობენ სწორ გზას ააცდინონ, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს. მაცილების მტერია გმირი კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს. 

მინდორთ ბატონი - ქართულ მითოლოგიაში მინდვრების და ველური ყვავილების მფარველია. მინდორთ ბატონს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ ყვავილებზე დადის; იგი მცენარის მტვრით იკვებება და მცენარის წვენს სვამს. ხალხური გადმოცემებით, მინდორთ ბატონის ქალიშვილი იღუპება, როდესაც მას ადამიანი დაიჭერს.

რაში - ქართულ მითოლოგიაში გმირების სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენები; რაშები არაჩვეულებრივად ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან. განარჩევენ მიწიერ, ზღვის და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები უფრო კეთილები არიან და წინასწარმეტყველური უნარი აქვთ; ისინი ეხმარებიან გმირებს და მათ ყველა დავალებას ასრულებენ. ზღვის რაშები ველური ბუნებით ხასიათდებიან; გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშების დახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათთან არის დაკავშირებული. ზეციური რაშები ჩვეულებრივ ფრთოსანნი და ცეცხლისმფრქვევლები არიან. მათი გახედვნა ძალიან ძნელია.

ფასკუნჯი - დრაკონის მსგავსი ფრინველია. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვს. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვესკნელში  ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზესკნელში ამოჰყავს.

239
თემები:
იცით თუ არა, რომ... (313)