ქალი-ტყის სული

ტყაშმაფა და ოჩოკოჩი სამეგრელოს ტყეებში: არდასავიწყებელი ლეგენდები

154
(განახლებულია 15:54 05.09.2019)

ქართული მითოლოგია საკმაოდ მრავალფეროვანია, რადგან თითოეულ კუთხეს საკუთარი თქმულება და მითი გააჩნია. განსხვავებული სახეები, ლეგენდები, კეთილი თუ ბოროტი არსებები საერთო ჯამში ერთ მთლიან ისტორიას ქმნიან, რომელსაც, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ივიწყებენ.

დღეს მოგითხრობთ სამეგრელოში გავრცელებულ ლეგენდებს ორი ღვთაების შესახებ, რომელთაც ერთმანეთთანაც გარკვეული კავშირი აქვთ.

ტყის დედოფალი ან მეფე — იგივე ტყაშმაფა ავსულთა სამეფოში, ოჩოკოჩის შემდეგ, მეორე ადგილზე მოიაზრება. ტანად ჩვეულებრივი ქალისგან არ განსხვავდება, არაჩვეულებრივი სილამაზისაა, თოვლივით ქათქათა ტანი აქვს, შავი (ზოგი ვერსიით – თეთრი ან ოქროსფერი) და გრძელი თმა კოჭებამდე სცემს. ტყაშმაფა დედიშობილა დადის. ის ტყის ბატონია და მის გარეშე იქ  არაფერი ხდება. ხშირად მთვარიან ღამეებში სადმე ანკარა წყაროს პირას ნებივრობს და ვერცხლის სავარცხლით გრძელ თმას ივარცხნის. 

გადმოცემით, თუ ტყეში გზა აგებნათ, დიდი შანსია, ეს ტყის დედოფლის დამსახურება იყოს და მისი ხილვის საშუალებაც მოგეცეთ. და თუ ამავდროულად ახალგაზრდა და კარგი შესახედაობის მამაკაცი ხართ, ტყაშმაფა მოთოკავს თავის ავ ზრახვებს. ყველანაირად ეცდება, ვნება გაგიღვიძოთ, შეგაცდინოთ. მერე ორივე ხელის თითებს გაშლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ათი წლით მასთან დარჩენას გთხოვთ. არ უნდა დაიბნეთ და ხმის ამოუღებლად ერთი თითი უნდა აჩვენოთ. მცირე ვაჭრობის შემდეგ ტყაშმაფა დაგთანხმდებათ და თქვენც მხოლოდ ერთი წლით ჩამოშორდებით აქტიურ ცხოვრებას.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცადოთ ტყის დედოფალთან დალაპარაკება, თორემ, დიდი ალბათობით, ჭკუაზე შეცდებით.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. არსებობს კიდევ ერთი და უფრო დიდი საშიშროება — უძველესი ღვთაება ოჩოკოჩი (ან ოჩოპინტრე), რომელიც ტყის დედოფალზე უზომოდ გახლავთ შეყვარებული. აი, მასთან შეხვედრას კი არავის ვუსურვებ.

ოჩოკოჩი გარეული ცხოველების წინამძღოლი და მფარველია. მისი სახელის პირველი ნაწილი „ოჩო" მეგრულ ენაში დაუკოდავ მამალ თხას ნიშნავს, „კოჩი“ — კაცს, ანუ ვიღებთ ვაც-კაცს. ადვილი შესაძლებელია, ოჩოპინტრე აღმოსავლეთ საქართველოში სწორედ კოლხეთიდან დამკვიდრებულიყო. „პინტრე" ბერძნული პანის ანალოგია.

საერთოდ, ბერძნული პანი და ქართული ოჩოკოჩი თითქმის იდენტური არსებებია. ოჩოპინტრე იმდენად ძველი ღმერთია, რომ მისი პელაზგებსაც სწამდათ და, თქვენ წარმოიდგინეთ, შუმერებსაც. წარმართული კოლხური გაგებით, ვაცი ციურ, ღვთაებრივ ცხოველად მიიჩნეოდა. თხა, ვაცი მსოფლიოს საწყის ცივილიზაციათა მიერ აღქმული იყო როგორც წმინდა, ღვთიური, დიდებული არსება. 

ოჩოპინტრე ფლობს ყოველი ნადირის სულს. მას ეკუთვნის ყოველი თევზის, წყლის სხვა ცხოველების, ფრინველების, ძუძუმწოვრების სული მთელ პლანეტაზე. მონადირე სანადიროდ წასვლამდე მას უნდა შეევედროს, რომ მისცეს ნადირის მოკვლის უფლება და ხელიც მოუმართოს. ეს ლოცვა-ვედრება ასე ჟღერს:

„ოჩოპინტრე ბედნიერო, ოჩოპინტრე მშვენიერო, მომეც შენი ნამწყესური ნადირი, სულნი ნადირისანი ხომ ისედაც შენია?!"

ქართულ წარმოდგენაში ოჩოკოჩი ერთი არსება კი არ არის, რომელიც მთელი მსოფლიოს ცხოველებს განაგებს, არამედ ბევრნი არიან. ოჩოკოჩს ტანის ერთი ნაწილი ვაცის, ხოლო მეორე ადამიანის მსგავსი აქვს. სხეულს გრძელი, ჟანგისფერი ბალანი უფარავს. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითიც მოწინააღმდეგეს ამარცხებს. ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მხოლოდ ბურტყუნებს, წკმუტუნებს ან იცინის. თუ ვინმე დაუძახებს ან გამოელაპარაკება, მაშინვე ჩხუბზე გადადის და რადგან უზარმაზარ ძალას ფლობს, ადამიანის დამარცხება არ უჭირს. მართალია, ტყაშმაფაზე უგზო-უკვლოდ არის შეყვარებული, მაგრამ დიდი მექალთანეა და თუ სადმე ლამაზი ასული მოიხელთა, უეჭველად დაიყოლიებს სასიყვარულო კავშირზე.

ასე რომ, თუ ქალბატონებს მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ ამოძრავებთ ოჩოკოჩის მიმართ, სამეგრელოს ტყეებში მარტო სეირნობას უნდა მოერიდონ.

სამეგერელოს მცხოვრებთათვის ეს მითოლოგიური გმირები ძალიან ახლობელი და ძვირფასია, რადგან დღესაც ბევრ თქმულებასა და ლეგენდას გიამბობენ ტყაშმაფასა და ოჩოკოჩის შესახებ.  

154
თემები:
იცით თუ არა, რომ... (302)