მონღოლი მხედრები

ჯურზანიელთა ჯავრი და „დაცვის სიგელი“ - რა ეწერა ქართულ-არაბულ ისტორიულ დოკუმენტში

532
(განახლებულია 19:39 12.08.2019)

ვანო სულორი

 

 

 

 

 

 

 

 

532
თემები:
იცით თუ არა, რომ... (368)
მამაკაცი დაკუნთული სხეულით

„მე დურუ ვარ!“ არმისაბაძი ლეგენდები დაუნდობელ ქართველ კრიმინალზე

136
(განახლებულია 17:50 16.07.2020)
ამ სტატიის მიზანი არამც და არამც არ გახლავთ დურუ ხურცილავას, როგორც ყაჩაღისა და მკვლელის პოპულარიზაცია. ეს უბრალოდ არის ამბავი უჩვეულო ძალის მქონე ადამიანისა, რომელმაც ქვეყნისთვის სიკეთის ნაცვლად, სამწუხაროდ, ბოროტება თესა.

ქართველები „რკინისმკნეტელი“ კაცების დეფიციტს არასდროს განვიცდიდით. ყოველთვის გვყავდა დევგმირები. წარსულს თავი რომ დავანებოთ, კახი კახიაშვილის, გიორგი ასანიძის, ლაშა ტალახაძის, კონსტანტინე ჯანაშიასა და ლევან საგინაშვილის დასახელებაც იკმარებდა. უკვე ორი ათეული წელია, რაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია.

რაც შეეხება ახლო წარსულს, ქართველებს გასული საუკუნის 60–70-იან წლებში გვყავდა ფანტასტიკური ძალის მქონე ადამიანი, რომელზეც არაერთი დაუჯერებელი ისტორიაა შექმნილი. მრავალი წელი ქუხდა დურუ ხურცილავას სახელი. ამბობენ, ყველას ტანში ცრიდაო ამ სახელის გაგონებაზე, საკმარისი იყო მას მხოლოდ ერთი ფრაზა ეთქვა, მე დურუ ვარო, და თვით ყველაზე თავზეხელაღებულ ვაჟკაცსაც კი ელეთ-მელეთი ემართებოდაო.

იმასაც ამბობენ, ყველა გაურბოდაო დურუ ხურცილავას, რადგან კარგად უწყოდნენ, რომ მის ძალას ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა წინ.

არადა, კრიმინალი იყო დურუ ხურცილავა, დაუნდობელი და სისხლში გასვრილი, რომელმაც თავისი ხანმოკლე, 32 წლის სიცოცხლის მეტი წილი ციხეებსა და იზოლატორებში გაატარა.  

ხურცილავას თავს გადამხდარი დაუჯერებელი ამბები იმათთვის არის წარმოუდგენელი, ვინც მას არ იცნობდა, თორემ თვითმხილველები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ ამ ისტორიებში გადაჭარბებული არაფერი იყო.

დურუ ხურცილავა მკვრივი აღნაგობის, 185 სანტიმეტრი სიმაღლის კაცი იყო, დაახლოებით 100 კილოგრამს იწონიდა და უსაშველო ძალის პატრონი გახლდათ (ცნობილი ფაქტია, რომ საქონლის „ბოინში“ მუშტის ერთი დაკვრით მოკლა ერთტონიანი ხარი). ისეთი პირქუში მზერა ჰქონდა, თვალს ვერ გაუსწორებდი. უზარმაზარი ხელის მტევნები და იმდენად სქელი თითები ჰქონდა, რომ იარაღის სასხლეტში ძლივს ეტეოდა თურმე. გონება საკმაოდ უჭრიდა და ეშმაკობით ძნელად თუ აჯობებდა ვინმე. 

დურუზე ლეგენდები დადიოდა, რომ ნეკნები გაერთიანებული ჰქონდა, რომ იოლად წყვეტდა ხელბორკილებს, ღუნავდა ლითონის გისოსებს. ყველამ იცოდა, რომ ნებისმიერ ტკივილს უდრტვინველად იტანდა. მეტიც, სხეული სამართებლით თავად ჰქონდა დასერილი, ხოლო საკუთარი ხელით მიყენებულ ჭრილობებს მარილის დაყრით იშუშებდა.

არადა დურუ (ნამდვილი სახელი ტარასი) ხურცილავა დაბადებისას (1941 წელი, სოფელი იაშთუხა) იმდენად სუსტი ყოფილა, რომ მის გადარჩენას არავინ ელოდა. ის და მისი სამი დედმამიშვილი ადრე დაობლებულან. დურუსთვის აღარავის ეცალა თურმე, სიარული და ლაპარაკი 5 წლის ასაკში უსწავლია. შემდეგ ერთხანს დაწყებით კლასებში უვლია და მისი სწავლა-განათლებაც ამით ამოწურულა.

დაობლებული პატარები სანახევროდ მშიერ-ტიტველნი იზრდებოდნენ, მამას ეს თურმე არც ადარდებდა. უფრო მეტიც, გაუგონარ სისასტიკეს იჩენდა შვილების მიმართ, რამაც დიდი დაღი დაასვა დურუსა და მისი ძმების ფსიქიკას. ისინი რომ კრიმინალებად გაიზარდნენ, ამაში დიდი როლი სწორედ მამის სისასტიკემ ითამაშა...

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახლობელმა დურუ მიწის დასამუშავებლად იმ პირობით წაიყვანა, რომ ყველს მისცემდა. მაგრამ მძიმე შრომის შემდეგ ხელმოცარული და მშიერი გაუშვა. 14 წლის ბიჭმა იმ ღამეს სამი წველა ყველი მოჰპარა ძუნწ ნათესავს და ასე აღმოჩნდა პირველად საბრალდებო სკამზე — ქურდობისთვის 5 წელი მიუსაჯეს.

მოგვიანებით თანამოსაკნეს გაუმხილა თურმე, მაშინ რომ არ დავეჭირე მილიციას, ჭიდაობის დაწყებას ვაპირებდი და, ვინ იცის, იქნებ უკვე მსოფლიო ჩემპიონიც ვყოფილიყავიო.

მერე იყო და, ციხიდან ახალგამოსული 17 წლის დურუ დაბა დრანდაში საწყობის გასაძარცვად მისულმა ქურდებმა ბოქლომდადებულ კართან მიიყვანეს, ჩაგვეკეტა და ვერ ვხსნითო. ხურცილავამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გატეხა რკინის დიდი ბოქლომი და თავისი გზით წავიდა... მაგრამ საწყობის ქურდები დაიჭირეს და დურუც ზედ მიაყოლეს.  

მაშინ იქნებ კიდევ შეიძლებოდა ყმაწვილის გადარჩენა, მისდა საუბედუროდ სისხლში რომ არ გაესვარა ხელი. ერთ საღამოს ბოროტმოქმედებმა დურუს უფროსი ძმა ალიოშა და მისი ექვსი თვის ორსული ცოლი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. შურისძიების წყურვილით ანთებული დურუ ცოფიან ხარს დაემსგავსა თურმე. ერთ მკვლელობას მეორე მოჰყვა, მეორეს — მესამე და დურუ ხურცილავა საბჭოთა კავშირის მაშსტაბით ყველაზე თავზეხელაღებულ კრიმინალად იქცა, რომლის ჯერ ხელში ჩაგდება, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დურუ სულ 11-ჯერ იყო დაპატიმრებული და აქედან მილიციელებს ექვსჯერ მაინც დაუსხლტა ხელიდან.

1962 წლის 9 ივლისს დურუმ თავისი ზღაპრული ძალის მორიგი დემონსტრირება მოახდინა: მუშტებითა და წიხლებით გაამტვრია სოხუმის იზოლატორის საკნის საკმაოდ სქელი კედელი და პატიმარ ჯაიანთან ერთად გაიქცა.

სამართალდამცველები „მეოცე საუკუნის აბრაგის“ ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს მიმართავდნენ. აგენტურული ქსელი თავს არ ზოგავდა, მაგრამ ამაოდ. მისი ხელში ჩაგდება ჭირდა. ერთხელ მეძავი მიუგზავნეს, რომელმაც წამალი ჩაუყარა ღვინოში და მილიციელებმა ყაჩაღი უგონო მდგომარეობაში ჩაიგდეს ხელთ. ორი დღეც ვერ გაძლო „კაპეზეში“ დურუმ, საკნის მძიმე კარი გაანგრია, ორი კონტროლიორი მუშტის დარტყმით ჯერ გათიშა, შემდეგ გაკოჭა და გაიქცა...

1969 წლის 15 სექტემბერს კრიმინალებმა ციხეში მყოფი „ურჩი“ დურუს თავიდან მოცილება გადაწყვიტეს, მაგრამ ყაჩაღმა ექვსი თავდამსხმელი იქით მიბეგვა და მიასავათა. „იდეის ავტორი“, გვარად კიუტი, თურმე დიდხანს ევედრებოდა ხურცილავას, არ მომკლა დურუ, გეხვეწები, არ მომკლაო.

ცნობილია დურუს არაკრიმინალური ისტორიებიც. ერთხელ თურმე ხურცილავა და მისი მეგობრები ავტომაქანა „პობედით“ მიდიოდნენ სადღაც. ის-ის იყო ქუთაისთან საგზაო მილიციის „ტეკს“ უნდა გასცდენოდნენ, რომ ინსპექტორმა ხელჯოხი დაიქნია და „პობედამაც“ დაამუხრუჭა.

— ბიჭებო, — მიმართა მანქანაში მსხდომთ ავტოინსპექტორმა, — „სამასვალია“ ჩავარდნილი ტალახში, სამი კაცი ნახევარი საათია ვწვალობთ, ძვრაც ვერ ვუყავით და ეგება ამოგვაყვანინოთ.

რად უნდა მაგ ურმის ამოყვანას ამდენი კაცი, მარტო მეც მოვერევიო, უთქვამს ხურცილავას. იქ მყოფთ, რომლებიც დურუს არ იცნობდნენ, გასცინებიათ, ერთ-ერთი ავტოინსპექტორი კარგი სუფრის გაშლაზეც დანიძლავებია ქართველ ჰალკს.

დურუსაც პიჯაკი გაუძვრია და „სამასვალის“ მძღოლისთვის უთქვამს, მე ჯერ მანქანას მხრებით ავწევ, წინ მივაწვები და როცა ტალახიდან ამოვიყვან, მერე დაქოქე, არ მინდა ქვა ან ტალახი მომხვდესო.

მძოლს გაკვირვებისაგან პირი კი დაუღია, მაგრამ დურუ მართლაც შედგომია თვითმცლელს და ერთი-ორი ბიძგის შემდეგ ადგილიდან დაუძრავს. ხუთიოდე მეტრით წინ რომ წაუწევია მანქანა, გაოგნებულ მძღოლს მერეღა დაუქოქავს „სამასვალი“ და მშრალზე გაუყვანია...

დურუ ხურცილავას საპატიმროში ყოფნის დროს თურმე არაფერი აკლდა: ხინკალი, მწვადი, ყველი, შემწვარი გოჭი თუ წიწილა, ნარჩევი ღვინო და კონიაკი, ელექტროგამათბობელი თუ სხვა „სიკეთე“. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, ორი მზარეული ემსახურებოდა და „გაუჩენელს უჩენდნენ“.

ის კი არა, საკნის რკინის კარს ფეხით აღებდა და დერეფანში სეირნობდა, ჰაერი არ მყოფნისო. გულს რომ იჯერებდა, კვლავ საკანში ბრუნდებოდა. როცა მოისურვებდა, ნებისმიერი საკნის კარს აღებდა და სხვა პატიმრებს სტუმრობდა.

უფრო მეტიც, დერეფანში სუფრას აშლევინებდა და ადმინისტრაციას ზედა სართულებიდან „კანონიერ ქურდებს“ ჩამოაყვანინებდა ხოლმე საქეიფოდ. ერთხელ ციხის უფროსობას საკანში საახალწლოდ ნაძვის ხეც კი მიატანინა და მოართვევინა.

დურუ ხურცილავა უკანასკნელად 1973 წლის ბოლოს გაასამართლეს და უმაღლესი სასჯელი — დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა სანამ მოკლავდნენ, იმდროინდელი წესების თანახმად, განაჩენი მოსკოვს უნდა დაემტკიცებინა. იქიდან პასუხმა რამდენიმე თვე დაიგვიანა. ამ ხნის განმავლობაში ხურცილავა თბილისში, ორთაჭალის ციხის პირველ სართულზე, სპეციალურად გამაგრებულ ერთადგილიან საკანში იმყოფებოდა. მანამდე, სხვა საკანში ყოფნისას, რკინის კარი ჩამოუგლეჯია და გაქცევა უცდია. ამიტომ მისთვის სპეციალური სქელკედლიანი საკანი გააკეთეს, 500 კილოგრამიანი რკინის კარი დაკიდეს და იქ გადაიყვანეს. სასეირნოდ გაყვანამდე ხელებზე ორ ბორკილს ადებდნენ, რადგან ერთს თავისუფლად წყვეტდა. 

ბოლოს მოსკოვიდან დასტური მოვიდა. ციხის თანამშრომლებმა მისი საკნიდან გაყვანა მოინდომეს, მაგრამ ისეთი დღე დააწია ხურცილავამ ათკაციან ბრიგადას, რომ მერე კიდევ დიდხანს იშუშებდნენ იარებს.

ხურცილავას მკვლელობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, საკნის კარში ამოჭრილი სარკმლიდან ესროლეს და ისე ჩაცხრილეს, მეორე ვერსიით, დახვრეტისთვის მზადება კონსპირაციულად მიმდინარეობდა, რომ დურუს რამე არ ეეჭვა და მდგომარეობა უმართავი არ გაეხადა.

როგორც წესი, სიკვდილმისჯილებს სამუშაო დღეებში სჯიდნენ, დურუს კი უქმე დღეს, 1974 წლის 17 მაისს დაენიშნა განაჩენის აღსრულება. სანამ საკნიდან გაიყვანდნენ, სცენარი გაითამაშეს: ზედამხედველებმა ციხისთვის აკრძალული საჭმელი მიუტანეს დურუს და ჩვეულებისამებრ მომსახურებაში ფული გამოართვეს, რათა ეჭვი არაფერში შეეტანა. ცოტა ხანში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ზედამხედველებს ყვირილი დაუწყეს, რაიმე აკრძალული საჭმელი თუ შეიტანეთ ხურცილავასთან, ყველას დაგაპატიმრებთო. დურუმ მათი დაცვა დაიწყო, არაფერი მოუტანიათ, მოდით და ნახეთო. მათაც ეს უნდოდათ, შევიდნენ საკანში და სანამ ხურცილავა რამეს იაზრებდა, თავში ურო ჩაარტყეს, ხელბორკილები დაადეს და ასე გათიშული გაიყვანეს დასახვრეტად.

სიკვდილის წინ მაინც მოიყვანეს გონს — ეს აუცილებელი პირობა იყო, დახვრეტის წინ მსჯავრდებული ფხიზელი უნდა ყოფილიყო. და სანამ სკამზე საიმედოდ დაბმულ დურუს ტყვიას დაახლიდნენ, ჯალათს მის თვალზე ცრემლი შეუნიშნავს...

136
თემები:
იცით თუ არა, რომ... (368)
 МиГ-31

მიმოხილვა: ყველაზე სახიფათო „მონადირე“ ცაში - МиГ-31“

44
(განახლებულია 15:23 16.07.2020)
მიუხედავად მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების გამოჩენისა, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს საჰაერო მებრძოლად კვლავ მეოთხე თაობის რუსული მძიმე გამანადგურებელ–ჩამჭერი МиГ-31 რჩება.

მას მრისხანე სარაკეტო იარაღის გამოყენება 2,83 მახის სიჩქარით მოძრაობისას შეუძლია 20 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე. თვითმფრინავი უცხოელი სპეციალისტების დაუცხრომელ ინტერესს იწვევს, ვინაიდან მას ანალოგი არ გააჩნია.

გამანადგურებელ–ჩამჭერ МиГ-31-ს საქმე არ აკლია — დასავლეთის ქვეყნები ყოველკვირეულად აწარმოებენ დაზვერვას, სიმტკიცეზე ამოწმებენ რუსეთის საზღვრებს. მაგალითად, 14 ივლისს ბარენცისა და შავი ზღვის აკვატორიებში აღმოჩენილი იყო რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ მოძრავი საჰაერო სამიზნეები. მათი იდენტიფიკაციისა და ჩაჭერის მიზნით ცაში ჩრდილოეთის ფლოტისა და სამხრეთის სამხედრო ოლქის გამანადგურებლები აიჭრნენ.

რუსულმა გამანადგურებლებმა აიძულეს ნორვეგიისა და აშშ-ის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავები, კურსი შეეცვალათ.

ცნობილია, რომ МиГ-31-ები დიდი ხანია, რაც საიმედოდ იცავენ რუსეთის იმიერპოლარეთის საზღვრებს და უკვე ორ წელზე მეტია მორიგეობენ შავი ზღვის რეგიონში — ბორტზე Кинжал-ის მძლავრი ჰიპერბგერითი რაკეტებით.

მანამდე, 11 ივლისს აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი RC-135 იაპონიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მიუახლოვდა რუსეთის სახელმწიფო საზღვარს, მაგრამ რუსულმა МиГ-31-მა და Су-35-მა მას საზღვრის დარღვევის საშუალება არ მისცეს.

ამერიკელი სპეციალისტები МиГ-31-ს რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების „საუკეთესო მონადირეს“ უწოდებენ და ყურადღებით აანალიზებენ მის საბრძოლო შესაძლებლობებს. Military Watch-ის ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ რუსული МиГ-31 ყველაზე მძიმე და სწრაფი გამანადგურებელ–ჩამჭერია მსოფლიოში.

ტიტანური უპირატესობა

დასავლური სპეციალიზებული გამოცემები რეგულარულად აქვეყნებენ Foxhunter-სადმი მიძღვნილ მიმოხილვებს — სწორედ ასე უწოდებენ ნატოში МиГ-31-ს. ჟურნალი Military Watch აღნიშნავს: მსოფლიოში არც ერთ გამანადგურებელ–ჩამჭერს არ შეუძლია ოპერატიულად ჩაიჭიროს და გაანადგუროს ყველაზე სწრაფი მოწინააღმდეგე, ასევე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, კოსმოსური აპარატები. ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვილ „მიგებს“ რამდენიმე წუთში შეუძლიათ აეროდრომიდან აფრენა და დარტყმის მიყენება მოწინააღმდეგის ავიამზიდების, სამხედრო ობიექტების, საკომანდო პუნქტებისთვის. სამ–ოთხ МиГ-31-ს საჰაერო სივრცის კონტროლი ფრონტალურად 1000 კმ-ზე და 300 კმ-ის სიღრმეში შეუძლია.

МиГ-31БМ-ს 160-დან 320 კმ დაშორებით მყოფი სამიზნის აღმოჩენა შეუძლია დაბალ, საშუალო და დიდ სიმაღლეებზე. საბრძოლო მანქანა ავტომატურად მიაცილებს ათამდე სამიზნეს და მათგან ოთხ–ექვს პრიორიტეტულს არჩევს ერთდროული განადგურებისათვის 200–300 კილომეტრზე მართვადი რაკეტებით Р-33 და Р-37.

Military Watch-ის მონაცემებით, МиГ-31-ის რაკეტა Р-37 „ჰაერი-ჰაერს“ AWACS-ის თვითმფრინავების, საჰაერო საკომანდო პუნქტებისა და ტანკერების დაზიანება შეუძლია. МиГ-31-ის არსენალში ასევე არის საშუალო და მცირე სიშორის რადიომართვადი რაკეტები, მოდერნიზებული ანტირადიოლოკაციური რაკეტები Х-31, რომლებსაც გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლია სახმელეთო და წყალზედა ობიექტებისთვის 250 კმ-მდე მანძილზე. საავიაციო კომპლექსი Кинжал, ჰიპერბგერითი რაკეტებით, „გამჭვირვალეს“ ხდის მოწინააღმდეგის ყველა ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას და მიზანს 2000 კმ მანძილიდან აღწევს. საბრძოლო მანქანას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აქტიურ და პასიურ რადიოხარვეზებს.

შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ში МиГ-31-ს უკიდურესად საშიშ იარაღად მიიჩნევენ.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამერიკულმა სამხედრო–საჰაერო ძალებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ გონივრული სიფხიზლე ყაზახეთის საზღვრებთანაც. Military Watch-ის ცნობებით, ყაზახეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს შეიარაღებაში აქვს 32 მძიმე ჩამჭერი. ყაზახური МиГ-31-ების ნაწილი მოდერნიზებულია МиГ-31БМ-მდე და აღჭურვილია Р-77 რაკეტებით.

შევნიშნავთ, რომ ყველა ამ სუპერშესაძლებლობების გათვალისწინებით, МиГ-31-ის ფასი 2000-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 35 მლნ დოლარი იყო — რაც შედარებით იაფია. სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავს ფურორის მოხდენა შეეძლო იარაღის საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ რუსეთი МиГ-31-ებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს არ ანდობს.

ვერ დაეწევი

ექსპლუატაციის პერიოდში გამანადგურებელ–ჩამჭერს არერთხელ ჩაუტარდა მოდერნიზაცია. შედეგად МиГ-31БМ-ს ეფექტურობა МиГ-31-თან შედარებით ორჯერ და მეტად გაიზარდა.

ბრიტანული ჟურნალი Air Forces Monthly-ს ინფორმაციით, მოდერნიზაციის შემდეგ МиГ-31 მნიშვნელოვნად ეფექტური გახდა ახალი რადიოლოკაციური სადგურებისა და ახალი რაკეტების ხარჯზე. ცეცხლის მართვის მოდერნიზებულმა სისტემამ Заслон-АМ-მა (ახალი პროცესორით) ჩაანაცვლა ძველი Аргон-15А, ხოლო სამიზნის აღმოჩენის სიშორემ 130 მილს (209 კმ) მიაღწია. ამასთან მას შეუძლია ერთდროულად 24 საჰაერო სამიზნის „ტარება“.

მოდერნიზებული გამანადგურებელი МиГ-31БМ დღემდე მიუწვდომელი ტექნოლოგიური სიმაღლეა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის. მაგალითად, პენტაგონმა და Boeing-მა 14 ივლისს ხელი მოაწერეს კონტრაქტს მოდერნიზებული გამანადგურებლების F-15EX-ის წარმოებაზე, რომლებიც თითქოს ყველაზე მძიმე და სწრაფია მსოფლიოში. მისი დეკლარირებული სიჩქარე დაახლოებით 3 მახია, საბრძოლო დატვირთვა — 3,2 ტონა, შეუძლია 7 მ სიგრძის რაკეტების გაშვება, რომლებიც ჯერჯერობით არ არსებობს.

მაგრამ რუსული МиГ-31БМ-ის მაქსიმალური სიჩქარე უკვე ფაქტობრივად 3 მახია, სასარგებლო საბრძოლო დატვირთვა — 5 ტონამდე. მისი კორპუსი 50%-ით ფოლადისგან, 33%-ით ალუმინის შენადნობებისაგან, ხოლო 16%-ით ტიტანისგან შედგება.

ამერიკელები აშკარად ცდილობენ დაეწიონ გასული საუკუნის რუსულ ტექნოლოგიებს. ამასობაში კი რუსეთი უკვე მერამდენე წელია, რაც შორი ჩაჭერის პერსპექტიულ საავიაციო კომპლექს МиГ-41-ს ამუშავებს, რომელიც МиГ-31-ის ღირსეული ცვლა იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

44
მონღოლი ბიჭი

ბუბონურმა ჭირმა მონღოლეთს მიაღწია - ექიმების პასუხი

0
ეს მონღოლეთში ბუბონური ჭირით დაინფიცირების მეორე შემთხვევაა. ადრე ამავე პროვინციაში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. მონღოლეთის ექიმებმა განაცხადეს ბუბონური ჭირით ინფიცირების შესაძლო შემთხვევის შესახებ - საუბარია ქვეყნის დასავლეთით მდებარე გოვ-ალტაის პროვინციის მკვიდრ 16 წლის მოზარდზე, რომელიც უკვე იზოლაციაში მოათავსეს, იუწყება სააგენტო Xinhua News Agency ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„16 წლის ბიჭმა ერდენეს სომონიდან (უმცირესი ტერიტორიული ერთეული მონღოლეთში) იზოლაციაშია ადგილობრივ საავადმყოფოში. ოთხშაბათს მას მაღალი სიცხე ჰქონდა“, - იუწყება მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

ცნობილია, რომ 14 ივლისს ბიჭმა ვირზაზუნას ხორცი შეჭამა. ეს მღრღნელი ხშირად არის ბუბონური ჭირის გადამტანი. ექიმები მოქალაქეებს არ ურჩევენ მის ჭამას.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ამავე პროვინციაში (გოვ-ალტაი) ბუბონური ჭირით ინფიცირების შედეგად 15 წლის მოზარდი დაინფიცირდა. მოზარდი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მან მეგობრებთან ერთად ვირზაზუნის ხორცი შეჭამა. გარდაცვლილი მოზარდის ორი მეგობარი და კიდევ 15 პირი კარანტინში მოათავსეს და მკურნალობას საავადმყოფოებში გადიან, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჭირი - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ძალიან გადამდებია. ბუნებრივ კერებში ინფექციის - ჭირის ჩხირის - წყაროებია ძირითად მღრღნელები: ვირზაზუნა, თრია, ციყვი, ვირთხები, ხოლო გადამტანები რწყილები არიან.

0
თემები:
მსოფლიო დღეს