ქვიშის საათი

რა წერია სომხურ წყაროებში დიდი ქართველი მეფის შესახებ: დავით კურაპალატის ისტორია

1373
(განახლებულია 11:31 08.08.2019)

ვანო სულორი

დიდებული მეფე იყო დავით III კურაპალატი, ზოგადქართული სულისკვეთებით გამსჭვალული, ერის სიძლიერისათვის დამაშვრალი. მის დროს აიგო ტაოში ბანას, ხახულის, ოშკის დიდებული ტაძრები. თითქმის ოთხი ათეული წელი ედგა სათავეში ჯერ სამემკვიდრეო მამულის, ხოლო შემდეგ ქვეყნის გაერთიანება-გაძლიერებას.

ხოტბასა და ქებას არ იშურებდნენ დავით მესამის მიმართ მემატიანენი: ვახუშტი ბატონიშვილი, „მოქცევაი ქართლისაის“ უცნობი ავტორი, სომეხი ისტორიკოსი სტეფანოზ ტარონელი და სხვანი. მის შესახებ წერდნენ:

„დავით დიდი იყო ღმრთისმოყვარე და გლახაკთმოწყალე, მდაბალი, მშვიდი, და ძვირუხსენებელი, ეკლესიათა მშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთმოყვარე, ყოველთვის კეთილისმყოფელი და სავსე ყოვლისა კეთილითა“.

1001 წელს გარდაიცვალა დავით კურაპალატი. ძნელია დაბეჯითებით იმის თქმა, თავისი სიკვდილით წავიდა ხანდაზმული მეფე იმქვეყნად თუ მოკლეს. საქმე ისაა, რომ ამის თაობაზე ქართული წყაროები საერთოდ დუმს. სომხური წყაროები კი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ დავით კურაპალატი ბიზანტიის იმპერატორის ბრძანებით მოკლეს.   

გარდა იმისა, რომ ეს დიდებული მეფე თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში დღენიადაგ აფართოებდა სამეფოს საზღვრებს, მისი დიდი ძალისხმევით მოხერხდა ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთისა და ქართლის ერთ სამეფოდ გაერთიანება და ამ გაერთიანებული სამეფოს ხელმწიფედ შვილობილის — ბაგრატ მესამის ინტრონიზაცია, რითიც აღსრულდა კიდეც ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ოცნება.  

დავით კურაპალატი გახლდათ არა მარტო ქართველთა, არამედ სომეხთა იმედიც. მაშინდელი ბიზანტიის მიზანი არა მარტო საქართველოს, არამედ სომხური სამეფოების გაუქმება და მათი მიწების ოკუპაციაც იყო. ამ გზაზე კი კონსტანტინოპოლისთვის ტაო-კლარჯეთის სამეფო დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბიზანტიის სამეფო კარს სახელოვანი მეფის თავიდან მოშორება განეზრახა.

არადა, დავით III კურაპალატმა დაახმარა სწორედ ჯარი ბარდა სკლიაროსის აჯანყების გამო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ბიზანტიის ხელისუფლებას. მადლიერმა იმპერატორმა ბასილიმ და მისმა დედამ, დედოფალმა ევდოკიამ სანაცვლოდ ტაოს მეფეს კურაპალატის საპატიო ტიტული და „ზემონი ქუეყანანი“ უბოძეს.  

დავით დიდის სამკვიდრო და სამფლობელო ტაო იმდროინდელი საქართველოს სამხრეთი ნაწილი იყო. დასავლეთით ბიზანტიის იმპერიას ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით — თურქული მოდგმის ხალხით დასახლებულ მაჰმადიანურ საამიროებს. სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო დავითმა, „ყოვლად აღმოსავლეთის კურაპალატმა“ თავისი ტერიტორიების გაფართოება და უკიდურეს სამხრეთში გადასწია ჩვენი ქვეყნის სამანები.

ეს ის პერიოდია, როცა ბიზანტიას ქართველთა დახმარება სჭირდებოდა და კეისარი წინ ვერ აღუდგა ქართველთა ექსპანსიას. საქართველოსთვის ბიზანტიამ მოგვიანებით მოიცალა. 

ბასილი კეისარი იმპერიის დაწყნარების შემდეგ მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებას შეუდგა. მისი ერთ-ერთი სამიზნე გაძლიერების გზაზე მდგარი საქართველო იყო. კეისარმა მოახერხა და ერთმანეთს წაჰკიდა მამობილი დავით კურაპალატი და შვილობილი ბაგრატ მესამე, მაგრამ, საბედნიეროდ, ორივეს ეყო გონიერება და ეს დაპირისპირება ომამდე არ მისულა.

დავითი კარგად ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან ბასილი თავს დაესხმებოდა მის სამეფოს, ვინაიდან ბიზანტია ვერ ეგუებოდა მეზობლად ძლიერი ქართული სახელმწიფოს არსებობას და კეისარი გამუდმებით ეძებდა საბაბს, თავს დასხმოდა მას.

შორსმჭვრეტელი ქართველი მეფე ოსტატურად იცილებდა თავიდან ბასილის აგრესიას და ხელსაყრელ დროს ელოდა მისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლად.

ეს დროც მალე დადგა. 987-989 წლებში ბასილი II კეისარს სარდალი ბარდა ფოკა აუჯანყდა. დავით კურაპალატი კიდევ ერთხელ ჩაერია შიდაბიზანტიურ დაპირისპირებაში და ამჯერად აჯანყებულ სარდალს დაუჭირა მხარი. 

ბიზანტიის იმპერატორმა თავისი სიძის (დის ქმარის), კიევის ახლად გაქრისტიანებული მთავრის ვლადიმირის დახმარებით ჩაახშო ეს აჯანყება. რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი დავით III ანგარიშსწორების თავიდან ასაცილებლად იძულებული გახდა, პირობა დაედო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიას არა მხოლოდ ნაწყალობევ ტერიტორიას, არამედ მთელ ტაოს საკურაპალატოს გადასცემდა — „ზემონი ქუეყანანის“ გარდა. ამაში იგულისხმებოდა ძირძველი ქართული ოლქები: იმიერტაო, ოლთისი და თორთომი, სპერი, პარხალი, ჩრდილოეთ ბასიანი.

ასე დადგა დავით კურაპალატის მემკვიდრეობის პრობლემა, რომელიც შემდეგ საქართველო-ბიზანტიის ხანგრძლივი დაპირისპირების მიზეზად იქცა.

ბიზანტიასთან განცდილი მარცხის მიუხედავად დავით კურაპალატმა სამხრეთით მაჰმადიანურ საამიროებზე დაიწყო შეტევა. 990 წელს მანასკერტი აიღო, რითიც კონტროლი დააწესა მნიშვნელოვან სავაჭრო არტერიაზე. ქალაქიდან მაჰმადიანი მოსახლეობა გააძევა და იქ სომხები ჩაასახლა.

ძლიერ შეშფოთდნენ მაჰმადიანები, მუქარაც ბევრი შეუთვალეს დავითს, ელჩებიც ბევრი აგზავნეს, მაგრამ ტაო-კლარჯეთის მეფის წინააღმდეგ გადამწყვეტი შეტევა ვერ გაბედეს. 

და დავითმაც კიდევ უფრო შორს, სამხრეთში გადაიტანა საბრძოლო ოპერაციები. 997 წელს მან იერიში მიიტანა ქალაქ ხლათზე, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო.

კურაპალატის ასეთმა გააქტიურებამ მაჰმადიანთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ერთი წლის შემდეგ მაჰმადიანი ამირები თავრიზში შეიკრიბნენ და ქართველი მეფის წინააღმდეგ დიდი კოალიციური ლაშქარი შეჰყარეს. მიზანი მანასკერტის დაბრუნება იყო.

ასიათასიანი მუსლიმური ურდო მამლანის მეთაურობით დაიძრა რევანშის ასაღებად.

დავით მესამე კურაპალატმა დახმარებისათვის მოკავშირეებს მიმართა. ვასპურაკანის, ანისისა და ვანანდის სომხური სამეფოების მეფეებმა ჯარები მიაშველეს მას. კოალიციაში შედიოდა ამიერტაოს მეფე გურგენის 6-ათასიანი ლაშქარიც. უკვე ასაკოვანმა დავითმა ქართველთა ჯარს გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე და ფერის ჯოჯიკის ძე უსარდლა. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველთა და სომეხთა გაერთიანებულმა ლაშქარმა გამარჯვება მოიპოვა — ხლათიდან არჭეშამდე ჩეხვით სდიეს მტერს. 

ასეთმა წარმატებებმა შეაშფოთა კონსტანტინოპოლის სამეფო კარი. ბასილის სომხეთი თავისად ეგულებოდა და ტაო-კლარჯეთის მეფის გამოწვევას უპასუხოდ ვერ დატოვებდა. თანაც, ძალიან გაუგრძელდა სიცოცხლე დავით კურაპალატს, რომლის სიკვდილსაც მოუთმენლად ელოდნენ კონსტანტინოპოლში, რათა ტაო-კლარჯეთის სამეფოსათვის დედოფალ ევდოკიას მიერ ნაწყალობევი მიწები წაერთმიათ.

ამიტომ კეისარმა სასწრაფოდ შეჰყარა ჯარი და აღმოსავლეთისკენ დაიძრა. 

ნაცად ხერხს მიმართა ბასილიმ. როგორც სომხური წყაროებიდან ვიგებთ, 1001 წელს მისგან მოსყიდულმა დავითის მსახურებმა მოწამლეს ღვაწლმოსილი მეფე.

სომეხი ჟამთააღმწერლები ამ მკვლელობის როგორც შემკვეთს, ისე შემსრულებლებსაც ასახელებენ. არისტაკესი დავითის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების სულისჩამდგმელად იმპერატორს მიიჩნევს, ხოლო მკვლელებად ტაოელ აზნაურებს, რომლებმაც „დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს საიდუმლო მსხვერპლს, შეასვეს მას და მით მოახრჩვეს ნეტარი არსება“. 

მათე ურჰაელის მიხედვით კი, შეთქმულები ადგილობრივი მთავრები იყვნენ, ხოლო შემსრულებელი — ეპისკოპოსი ილარიონი, რომელიც ჯერ მეფის მოწამვლას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა და შემდეგ ბალიშით დაახრჩო დავითი.

რომელი ვერსიაა აქედან სწორი, ამის გარკვევა ჭირს, მაგრამ ის კი ცხადი ხდება სომხური წყაროებიდან, რომ მეფე ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. იმის გათვალისწინებით კი, რომ ბასილი კეისრისთვის უცხო არ იყო შეკვეთილი მკვლელობები, მაშინ სომხური წყაროები სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ.

ირკვევა ისიც, რომ იმპერატორი ყოველ წუთს ელოდა კურაპალატის სიკვდილს და საბრძოლველად გამზადებული იყო. და როგორც კი „სანუკვარი ამბავი“ შეიტყო, სასწრაფოდ დაიძრა ტაოსკენ.

სამწუხაროდ, ქართველები მოუმზადებელი შეხვდნენ ბასილის ლაშქრობას და კეისრის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფლეს — დაკარგეს არა მარტო დავით კურაპალატის მიერ შემოერთებული სომხური ქალაქები, ასევე იმიერტაო და ბასიანიც. ანუ ის ქართული მიწებიც, რომლებიც თავის დროზე ბიზანტიის დედოფალმა აჩუქა დავით კურაპალატს.

1373
თემები:
იცით თუ არა, რომ... (293)