მისტიკა

სამყაროს შექმნის ძველქართული ვერსია: ვინ შექმნა ქალი

2167
(განახლებულია 17:10 26.06.2019)

ჩემს ყმაწვილობაში სკოლებში ქართული მითოლოგია არ ისწავლებოდა და ეს ახლა არც მიკვირს. რელიგიის უარმყოფელი კომუნისტური სისტემისთვის ერთნაირად უცხო და არაფრისმომცემი იყო წარმართული ღმერთებიცა და მით უმეტეს, მათთან მეომარი გმირების ისტორიები.

სამწუხაროდ, ძალიან გვიან დავინტერესდი ამ თემით და აღმოვაჩინე, რომ ეს ფენომენი საოცრად  ღრმა და ყოვლისმომცველია. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთან ერთად თანდათან  ვეზიარო ამ სამყაროს და ერთად გავიცნოთ, კოპალა და ახსარი, ბერი ბაადური და პირქუში, გიორგი ნაღვარმშვენიერი და ძლევამოსილი ამბრი, პირიმზე და ხელი სამძიმარი და ბევრი კიდევ სხვა...

სანამ ამ ცალკეულ ღმერთებზე ვისაუბრებთ, მგონი, საინტერესო იქნება სამყაროს შექმნის უძველესი, წარმართული ეპოქის ქართული ვერსიაც გავიგოთ.

თურმე, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ ზესკნელი, რომელიც შექმნეს მორიგე ღმერთმა (ანუ მამა ღმერთმა) და მისმა დამ. შემდეგ და-ძმამ გადაწყვიტა თავისი სამყოფელი ზებუნებრივი ძალისა და გონების მქონე არსებებით დაესახლებინათ, რომელთათვისაც უცხო იყო სიკვდილი. ასეთები იყვნენ ფასკუნჯი, რაში და სხვანი. ამის შემდეგ დადგა სხვა სკნელის შექმნის დროც, სადაც უნდა დაესახლებინათ უკვე მოკვდავნი, ანუ ადამიანები. 

მერე შეიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, მზე, მთვარე, დედამიწა, ცხოველები, ფრინველები, მწერები და, რა თქმა უნდა, ადამიანი — მაგრამ რატომღაც მხოლოდ მამრი.

რაღაც დროის შემდეგ და-ძმას შორის მოხდა დიდი უთანხმოება. მორიგე ღმერთი გაუბრაზდა დას, დაწყევლა იგი და მათი ერთობაც დაიშალა.

იმ დღიდან მოყოლებული და ღმერთისა იქცა ავსულად, ძმას მტრად მოეკიდა და რადგან ძმაზე არანაკლები ძალა და უნარი გააჩნდა, მანამდე შექმნილის საწინააღმდეგოს შექმნა დაიწყო.

ასე გაჩნდა პირველი მამრის საპირწონედ ქალი, სამყაროს მოევლინენ დემონები, დევები, ქაჯები და ა.შ.

ბუნებრივია, მამა ღმერთი ამას გულხელდაკრეფილი ვერ უყურებდა და ამ დემონ-დევებს „ღვთისშვილები“ დაუპირისპირა.  გადმოცემით ეს ღვთისშვილნი „ნახორცივლარი“, ანუ ადამიანად ნამყოფი ღვთაებანი არიან.

ერთხანს დევ-კერპებმა იძალეს ადამიანებზე და დიდ გასაჭირში აღმოჩნდა კაცთა მოდგმა. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ღვთისშვილთა ნაწილი. მისცა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. 

ამ ღვთისშვილთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა არიან გამორჩეულებიც: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, კვირია და სხვები.

მთელი სამყარო მოიცვა გმირებისა და დევების უშეღავათო ბრძოლამ. გაავსულებული დის მიერ შექმნილი ავსულები  ღვთისშვილებს ძალ-ღონით არ ჩამოუვარდებოდნენ, თუმცა გმირებმა მაინც შეძლეს ამ ბოროტების დამარცხება, შექმნეს ახალი სკნელი — ქვესკნელი, და დევ-დემონებს იქ უკრეს თავი.

ამრიგად შეიქმნა სამი განზომილება:  ქვესკნელი — სადაც უხსენებელი ძალები ბინადრობენ, შუა სკნელი — სადაც ადამიანთა მოდგმამ დაიდო ბინა, და ზესკნელი — სადაც ღმერთებმა და ღვთისშვილებმა დაივანეს.

ეს უკანასკნელნი ხშირად სტუმრობდნენ შუასკნელს, ანუ დედამიწას.  ისინი ხან ციდან შუქად ჩამოესვეტებიან, ხან ოქროქსოვილზე დგებიან და დაფრინავენ, ხან ნისლის ჯანღიდან ცხენდაცხენ გამოდიან და ხან უბრალოდ, მტრედის სახით ეცხადებიან საყმოს. თუმცა საფარველი აქვთ დადებული და მათი ხილვა უბრალო კაცთათვის შეუძლებელია. მხოლოდ გამორჩეული სტატუსის ან სიწმინდის მქონე ადამიანები ამცნობდნენ ხალხს მათ ნაბრძანებს. ასეთებად მოიაზრებოდნენ ქადაგი, ხევისბერ-ხუცესი, ხატის მკადრე. 

ღვთისშვილთა  მოვალეობა ადამიანთა დაცვა და განათლება გახლდათ. ისინი ფლობდნენ ყოველგვარი ცოდნისა და განსაკუთრებით, იმ დროს ყველაზე საჭირო, მეტალურგიის საიდუმლოს. ამათ საპირწონედ დევთა სამყაროში მეტალურგიის მცოდნენი იყვნენ ეგრეთ წოდებული ქაჯები.

გადმოცემით, ღვთისშვილებმა დალაშქრეს ქაჯავეთი, ანუ ქაჯთა ქვეყანა, გაანადგურეს იგი ხახმატის გიორგის მეთაურობით, იქაური სამჭედლო დაარბიეს, მოაცამტვერეს ქაჯთა  საბუდარი და დიდძალი განძით დაბრუნდნენ სამზეოზე. თან წამოიღეს: თასი, ოქროს ფანდური, ფურის რქა, საკიდელი, ცხრაენიანი ზარი, საცერი და ქურთემული ანუ გრდემლი. ეს იყო იმ დროის სოციუმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საგნები.

გარდა ამისა,  წამოიყვანეს ქაჯთა ულამაზესი  ქალები: სამძიმარი, მზექალი, აშექალი და სიმანქალი. ეს ქალები ღვთაებათა დობილები (ხევსურულად „მოდეები") გახდნენ, ღვთაებათა სალოცავების ახლოს დაიდეს ბინა და ეხმარებოდნენ მათ. თუ კაცთა მოდგმა განარისხებდა ღვთაებას, დობილები ცდილობდნენ, როგორმე შეერბილებინათ მათი რისხვა, მაგრამ თუ საყოველთაო უწმინდურება დაისადგურებდა, მაშინ და-დობილნი შეუბრალებელნი ხდებოდნენ და ხშირად დიდ უბედურებასაც ატეხდენ თავს გაურჩებულ ადამიანებს სახადის, ყვავილისა თუ წითელას სახით.

ქართულმა მითოლოგიამ ბევრი ლეგენდა შემოგვინახა. ამირანის ისტორია ვიცით, მაგრამ ვეჭვობ, ბევრმა იცოდეს მისი მძლეველის, უზარმაზარი გიგანტის, ამბრის შესახებ. უაღრესად საინტერესოა მითი ქალი ღვთაება სამძიმარის შესახებ, რომლის ცხოვრების წესი ხევსურეთში დამკვიდრებულ წაწლობის ინსტიტუტს უკავშირდება. თუმცა, ამ და სხვა ლეგენდებს  მომდევნო მონათხრობში გაგაცნობთ...

 

2167
თემები:
იცით თუ არა, რომ... (392)
ძველი წიგნი

ნამდვილი ისტორიები: სამი საარაკო ამბავი მკლავმაგარ და რკინისმკვნეტელ ქართველებზე

51
(განახლებულია 19:58 04.12.2020)
საქართველოს საუკუნეების განმავლობაში არაერთი სახელგანთქმული ფალავანი ჰყოლია, რომლებიც ყველას ანცვიფრებდნენ თავიანთი საგმირო საქმეებით.

ბეთქილ ნასყანი

ქალაქ სოხუმის მილიციაში მუშაობდა საოცარი ძალის ოპერმუშაკი ბეთქილ ნასყანი, რომელსაც მუშტით კედლის განგრევა შეეძლო.

1980 წლის ივნისის ცხელ დღეს მილიციის თანამშრომლები ერთ-ერთ რესტორანში მანდილოსნებთან ერთად აღნიშნავდნენ კოლეგის დაბადების დღეს. ამ დროს რესტორანში ექვსი უცხოელი შევიდა და გვერდით მაგიდას მიუჯდა. ცოტა ხანში, როცა ბეთქილი დარბაზიდან იყო გასული, სამი მათგანი ნასვამი მილიციელების მაგიდასთან მივიდა და მანდილოსნებს უდიერად მოექცნენ. მილიციელებმა თანხმლები ქალების დაცვა მოინდომეს, მაგრამ ის სამი უცხოელი დაბზრიალდა და ცხრა კარგად ნავარჯიშევი მილიციელი წამებში აქეთ-იქით მიყარ-მოყარა.

სწორედ ამ დროს დაბრუნებულა ბეთქილ ნასყანი დარბაზში. სამარცხვინო დღეში ჩაყრილი კოლეგები რომ დაუნახავს, კუნთმაგარ სვანს „ტორები აუმუშავებია“ — ჯერ ის სამი თავდამსხმელი გაუთიშავს მომენტალურად და მერე დანარჩენ სამსაც დარევია, ფეხქვეშ ხალიჩასავით გაუფენია. თავად ბეთქილს მხოლოდ თვალი ჰქონია ჩალურჯებული და დარცხვენილი ვაჟკაცი მასაც მალავდა თურმე.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ექვსი უცხოელი კუბელი მოკრივეები, ოლიმპიური ნაკრების წევრები ყოფილან, რომლებიც მოსკოვის ოლიმპიადისთვის მზადებას სოხუმში გადიოდნენ. ბეთქილ ნასყანის მიერ ნოკაუტში ჩაყრილი კუბელები მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს, ორს ყბა ჰქონდა დაჩეჩქვილი, დარჩენილ ორს ნეკნები და ლავიწის ძვლები ჰქონდა გაბზარული.

ბეთქილის გალახული მოკრივეებიდან ორმა ვეღარ შეძლო ვარჯიშის გაგრძელება და უკან გაიწვიეს. დარჩენილი ოთხიდან კი სამი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

კოსტა მაისურაძე

ცხმორელი (რაჭა) კოსტა მაისურაძე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გასაოცარი ძალით. როგორც ამბობენ, 32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით ისროდა და კისრით იჭერდა, თანაც ისე, რომ დაღლას ვერც გრძნობდა.

ფინანსური შეჭირვების გამო კოსტას რაჭის დატოვება მოუხდა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც მეპურედ დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს კი ვარჯიშს უთმობდა. ერთხელაც სავარჯიშოდ უზარმაზარი ლოდი წაიღო, რომელიც ერთ-ერთი დუქნის ეზოში იდო და მოქეიფეებს მაგიდად ემსახურებოდა. როცა დუქნის მეპატრონეს ეს ლოდი ადგილზე არ დახვედრია, ეჭვი მაშინვე კოსტა მაისურაძეზე მიუტანია, რადგან მისი ადგილიდან დაძვრა რაჭველი ფალავანის გარდა მთელ თბილისში არავის შეეძლო. კოსტაც იძულებული გამხდარა, „სავარჯიშო ლოდი“ უკან დაებრუნებინა.

კოსტა მაისურაძე
კოსტა მაისურაძე

მალე რაჭველმა რკინისმკვნეტელმა ბეჭდაუდებელი ფალავნის სახელი დაიგდო. არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის, გრიგორი კამიშევი, თედო ლილოელი, მიტუა ყასაბი, იოსებ ცერაძე, კლემენს ბული და მრავალი სხვაც გააკრა ბეჭებზე. განსაკუთებით გასაოცარი გამოდგა ოს „კაზბეგ გორასთან“ შეჭიდება და მისი დამარცხება, რომელიც კოსტაზე თითქმის ერთი თავით მაღალი ყოფილა.

კოსტა მაისურაძე თურმე ათკილოიან მოოქრულ საფალავნო ქამარს ატარებდა, რომელიც რუსეთის იმპერატორის მეუღლემ — მარია ფიოდოროვნამ გადასცა ერთ-ერთი დიდი გამარჯვების შემდეგ. რაჭველი ფალავანი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერავინ შეძლო მისთვის ამ ქამრის შეხსნა, ანუ მისი დამარცხება.

კოსტა მაისურაძე
© Wikipedia / Public domain
კოსტა მაისურაძე საფალავნო ქამრით

კაცთაგან დაუმარცხებელი ფალავანი ულმობელმა სენმა — ტიფმა დასცა ბეჭზე, რომელიც 1918 წელს შეეყარა ბაქოში, სადაც ერთ-ერთ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. კოსტა მაისურაძე თბილისში გარდაიცვალა, როცა ის მხოლოდ 37 წლისა იყო.

ვაჟა-ფშაველა

გადმოცემის თანახმად, ვაჟა-ფშაველას იმ დროის სახელგანთქმული ამერიკელი მძიმეწონოსანი მოკრივე, თავისი ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონი ჯონ სალივანი ჰყავს გალახული.

„მთის არწივის“ მძიმე მუშტის შესახებ ლეგენდები დადიოდა, მაგრამ სალივანის დაჩაგვრა მართლაც რომ დაუჯერებელ ამბავს წარმოადგენდა.

ვაჟა-ფშაველა და დავით კლდიაშვილი
ვაჟა-ფშაველა და დავით კლდიაშვილი

გადმოცემით, 1883-1884 წლებში ჯონ სალივანი პეტერბურგში ყოფილა ჩასული ტურნირების გასამართად. ირლანდიური წრმოშობის ამერიკელი მოკრივე ამერიკის კონტინენტზე დაუმარცხებელ ათლეტად მიიჩნეოდა და იმპრესარიოსთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა „ძალის მოსასინჯად“.

სალივანის პეტერბურგული ტურნე საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ამას, სხვა მოკრივეებთან ერთად, რესტორანში აღნიშნავდა თურმე. მაგრამ სიხარული ქართველებმა ჩაუშხამეს. გათავხედებულ მოკრივეებს სტუდენტ ლუკა რაზიკაშვილისა და მისი ძმის ბაჩანასთვის უკმეხად მიუმართავთ. თავმოყვარე ქართველებმა კი გადამთიელებს შეურაცხოფა არ აპატიეს და ღირსება მუშტით დაიცვეს — საშინელ დღეში ჩაუყრიათ სალივანი და მისი თანმხლები მოკრივეები.

ბოლოს კი, როცა ძმებმა რაზიკაშვილებმა დაინახეს, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარავის ჰქონდა, წაქცეულის ცემას ხომ აღარ იკადრებდნენ, რესტორანი დატოვეს...

51
თემები:
იცით თუ არა, რომ... (392)
Су-57

მიმოხილვა: მოიერიშე დაჯგუფება - პირველი სერიული Су-57 და უპილოტო „მონადირე“

21
(განახლებულია 22:05 03.12.2020)
მეხუთე თაობის საავიაციო კომპლექს Су-57-ის 76 მანქანისგან შემდგარი სასტარტო სერიიდან პირველი დეკემბერში დაიკავებს თავის ადგილს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებში.

მწყობრში დგება ხელოვნური ინტელექტის მქონე უპილოტო საფრენი აპარატი „მონადირეც“.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო-კოსმოსური ძალები მეხუთე თაობის სერიულ გამანადგურებელ Су-57-ს წლის ბოლომდე მიიღებდა, თვითმფრინავი პრაქტიკულად მზადაა. მომავალში წარმოების მოცულობა წელიწადში თხუთმეტამდე გაიზრდება და 76-ვე გამანადგურებელი სამ საავიაციო პოლკს 2021-2027 წლებში მიეწოდება შეიარაღებაში. Су-57 უკვე დღეს მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და მძლავრ გამანადგურებლად.

მეხუთე თაობის რუსულ თვითმფრინავს ყველა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და წყალზედა სამიზნეების განადგურების უნარი აქვს. ზემანევრირებულობისა და უფორსაჟო ზებგერითი სიჩქარეების შერწყმა, საბორტე ელექტრონიკა და მცირე შემჩნევადობა Су-57-ს მაღალ საბრძოლო ეფექტურობასა და მოწინააღმდეგეზე უპირატესობას სძენს.  Military Watch Magazineს მონაცემებით, Су-57-ს უნიკალური საბორტე შეიარაღება აქვს ― ზემგრძნობიარე რადარების, 400 კმ სიშორის „ჰაერი-ჰაერი“ კლასის ჰიპერბგერითი რაკეტების, რაკეტებისგან დაცვის ლაზერული სისტემისა და სხვა მაღალტექნოლოგიური უპირატესობების ჩათვლით.       

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გაფორმდა მსხვილი კონტრაქტი მეხუთე თაობის გამანადგურებლის რაკეტებზე. ანუ Су-57 ცარიელი არ იფრენს. ხოლო მძიმე დრონებთან ერთად Су-57 საბრძოლო მართის საჰაერო ცენტრად გადაიქცევა. ორი მაღალტექნოლოგიური სიახლის ურთიერთქმედების ეფექტის გადაჭარბებით შეფასება რთულია.

საბრძოლო უპირატესობა

უახლესმა გამანადგურებელმა სირიაში გაიარა შემოწმება. შესრულდა ათზე მეტი გაფრენა საფრენ-ტექნიკური მახასიათებლების, ინტელექტუალური საინფორმაციო-მართვითი კომპლექსის, შეიარაღებისა და საბორტე სისტემების შესამოწმებლად. 

Су-57-ის ცალკეული ტექნოლოგიური მწვერვალები მიუწვდომელია მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლებისთვის, კერძოდ F-22 Raptor-ისთვის. ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირებულია საბრძოლო მართვის სისტემაში და ეს რევოლუციაა სამხედრო საქმეში. პილოტირებულ გამანადგურებელ Су-57-ს აქვს უნარი, შეასრულოს ამოცანების 90% ავტომატურ რეჟიმში და სრულად ავტომატურად იმოქმედოს წინასწარ მომზადებული პროგრამით. თუ ბრძოლაში მფრინავი დაიჭრება (დაიღუპება), მართვის სისტემა თავად განსაზღვრავს პრიორიტეტულ სამიზნეებს, მიიტანს იერიშს და ავტომატურად დააბრუნებს მანქანას ბაზაზე.

თვითმფრინავის კორპუსში ინტეგრირებული რადარები აქტიური ფაზირებული ანტენით, ხედვის უზარმაზარ დიაპაზონს უზრუნველყოფს, ზრდის მფრინავის სიტუაციურ ინფორმირებულობას, შესაძლებელს ხდის ტაქტიკური ილეთების უკეთ შესრულებას სხვა გამანადგურებელთან შედარებით. „გვერდითი რადიოლოკაციური სადგური“ ზრდის ავტონომიურობას სამიზნის მოძებნისას და მოწინააღმდეგის რადარებისთვის უხილავობის ახალ დონეზე გაჰყავს Су-57.

წევის სამგანზომილებიანი ვექტორი შესაძლებელს ხდის წარმოუდგენელი მანევრების შესრულებას ახლო თუ შორ ბრძოლაში. ამასთან „თვითმფრინავი-კომპიუტერი“ უპრეტენზიოა სააეროდრომო მომსახურების თვალსაზრისით და ოპერატიულ (გრუნტის) აეროდრომებზეც შეიძლება იყოს ექსპლუატირებული. ასეთი მძლავრი და ტექნოლოგიურად არაპროგნოზირებადი მანქანები მოწინააღმდეგეს შანსს არ უტოვებს ჰიპოთეტურ ბრძოლის ველზე.

Су-57-ს დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს და ჯერ კიდევ სერიაში გამოსვლამდე დაუდგა პოტენციური უცხოელი დამკვეთების რიგი.  მისი პირველი მფლობელი ალჟირი გახდება, რომელმაც 14 მანქანა დაუკვეთა. კონტრაქტის ფასი 2 მლრდ დოლარია. მიწოდება 2025 წელს დასრულდება.

შემტევი დაჯგუფება

მოიერიშე დრონი С-70 „მონადირე“  2 დეკემბერს გამოიცადა აშულუკის პოლიგონზე. „მონადირე“ მსოფლიოს პირველი გამანადგურებელ-ჩამჭერი გახდება. სწავლების ეტაპზე საჰაერო მდგომარეობასა და სამიზნეებზე მთელ ინფორმაციას უპილოტო აპარატი ხმელეთიდან ან წამყვანი გამანადგურებლიდან იღებს. მომავალში შესაძლოა ავტონომიური საბრძოლო გამოყენება.  

მძიმე უპილოტო საფრენ აპარატს თავისი „გონება“ აქვს და შეუძლია 5000 კმ-ზე გადაიტანოს ექვს ტონაზე მეტი რაკეტა და ბომბი. „მონადირის“ და  გამანადგურებელ Су-57-ის დაჯგუფება არაფერ კარგს არ უქადის თვით ყველაზე მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესაც კი. ღია წყაროების მონაცემებით, დრონი 19 მ სიგრძისაა, ფრთების განშლა 14 მ-ს შეადგენს, ასაფრენი მასა 20 ტონაა, მაქსიმალური სიჩქარე ― დაახლოებით 1000 კმ საათში.   

„მონადირემ“ პირველი, დაახლოებით ოცწუთიანი გაფრენა 2019 წლის ზაფხულში შეასრულა. მას კარგად ეჭირა ტავი ჰაერში და კარგადვე იმართებოდა. იმავე წლის შემოდგომაზე გაიმართა „მონადირისა“ და Су-57-ის ერთობლივი გაფრენა. მძიმე დრონის საბრძოლო შესაძლებლობები და ავტონომიურობა გამუდმებით იხვეწება, 2020 წლისთვის მიღწეულია შესამჩნევი ტექნოლოგიური პროგრესი.

უახლოეს პერსპექტივაშია „მონადირის“ დარტყმების დამუშავება საჰაერო, სახმელეთო და წყალზედა ობიექტებზე სხვადასხვა პირობებში. 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

21
ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე: „განადგურებით“ დამემუქრნენ

0
„გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით,  პარტიის წევრები, რომლებთან ერთადაც თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს, მას დაემუქრნენ და ურჩიეს, თავად წასულიყო პარტიიდან

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე თანაპარტიელებთან ერთობის შენარჩუნებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მას და პარტიის დამფუძნებლებს მხოლოდ სახელისა და Facebook-გვერდის დატოვება სურთ, სხვა რესურსები კი იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს დარჩებათ.

ყველაზე არაორდინარული პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც პარტიაში განხეთქილებაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უთანხმოება აქვს პარტიის წევრებთან ალექსანდრე რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან, მათი გზები გაიყო და არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას.

„ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა „სუსის კაცი“ ვიყო, ბოლოს კი, ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი „გირჩიდან“, რადგან სახელში უკვე მიწერია „გირჩი“ და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე“, - წერს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ხვიჩიას, მეგრელიშვილსა და რაქვიაშვილს საჯაროდ სთავაზობს „ცივილიზებულ გაყრას", ასევე, „გირჩს“ მიმართავს, რომ ფეისბუქ-ჯგუფში გაკეთებული გამოკითხვით ან მათ პორტალზე კენჭისყრით გადაწყდეს, ვის დარჩება სახელი და Facebook-გვერდი.

გუშინ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა, მას „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა“ უწოდა და ჯაფარიძესთან უთანხმოება გამორიცხა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძის სტატუსი სიურპრიზი აღმოჩნდა რაქვიაშვილსა და მეგრელიშვილისთვისაც.

„მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“ – რა ხდება „გირჩში“ >>

„გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წევრმა დააფუძნა.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა, სახელი გაითქვა არაორდინარული ქცევით და კანონში ხარვეზების აღმოჩენის უნარით. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის წყალობით „გირჩმა“ მიაღწია საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება