მარი ფუტკარაძე

ბავშვთა სახლიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე: ბათუმელი მკლავჭიდელი გოგონას ისტორია

1341
(განახლებულია 17:35 04.06.2019)
თეონა გოგნიაშვილი

ცხოვრებაში არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მოერევი. მარი ფუტკარაძემ, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. 

რთულია, როცა ბავშვობიდან დაგყვება დედის დაკარგვის ტკივილი, ხვდები, რომ თანატოლებისგან განსხვავებული ხარ და  ოჯახის წევრებისგან შორს, ბავშვთა სახლში იზრდები. ერთ მშვენიერ დღეს კი ჟინი გიჩნდება, ტკივილს თვალებში ჩახედო და ბედისწერას მკლავი გადაუწიო.

ასეთია ბათუმელი მარი ფუტკარაძე – ჩემპიონი გოგო არა მარტო მკლავჭიდში. მარის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რვა მედალი აქვს აღებული. შარშან აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატში ერთდროულად ორი მედლის მფლობელი გახდა.

მარი ფუტკარაძე
მარი ფუტკარაძე

– მარი, საუბარი დავიწყოთ ბავშვობიდან, როგორ გახსოვს ის წლები?

– რვა წლიდან ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. ყველაზე დიდი ტკივილი დედის გარდაცვალება იყო. პატარა ვიყავი და დედა იმდენად კარგად არ მახსოვს, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიყვარს და მენატრება... ამ თემაზე საუბარი მიჭირს. 

18 წლის რომ გავხდი, როგორც წესია, ბავშვთა სახლიდან მეც გამომიშვეს სხვა თანატოლებთან ერთად. მყავს მამა, ორი და, ბიცოლა და ბიძია, რომლებიც გვერდში მიდგანან. თავის დროზე იმ გარემოში იმიტომ მოვხვდი, რომ ჩემ ოჯახს ძალიან უჭირდა.

ბავშვთა სახლში ბევრი რამ შევიძინე, პირველ რიგში, ადამიანები, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და ცხოვრების ურთულესი პერიოდი გამიადვილეს. ყველაფრის გააზრებასა და გადატანაში დამეხმარნენ აღმზრდელ-მასწავლებლები და მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი. ჩვენი საერთო სახლი ჰგავდა ოჯახურ გიმნაზიას, სადაც პროფესიულ განათლებასაც გვაძლევდნენ. ჩვეულებრივ სკოლაში ამდენს ვერ ვისწავლიდი.

ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს გუნდთან ერთად
ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს გუნდთან ერთად

– აქვე ვთქვათ, რომ გქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც დღეისთვის რამდენადმე გადალახე.

– სხვებისგან განსხვავებული ბავშვი ვიყავი თუნდაც იმით, რომ სმენა მაკლდა. ჩემი და მუნჯია და ეს ნაკლი მეც გენეტიკურად მაქვს. როცა ბავშვთა სახლში მიმიყვანეს, მაშინ საერთოდ არ მესმოდა. მერე ყურში რაღაცნაირი შუილის ხმა გაჩნდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ყურთასმენა მქონდა. ჩემი აღმზრდელი გიული თავბერიძე ძალიან დამეხმარა, რომ ჩემთვის ყურის აპარატი ეყიდათ. ამით შანსი მომეცა ლაპარაკი მესწავლა.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ისეთ დიდ და თბილ ოჯახში გავიზარდე, როგორიც ურეხის ბავშვთა სახლია. მისი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა კარგი განათლება და აღზრდა მიიღონ. ჩვენ გვერდით კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი იყო, რომელთა ჩამოსათვლელად დრო არ მეყოფა.

მარი ფუტკარაძე
მარი ფუტკარაძე

– მკლავჭიდი უფრო მამაკაცური სპორტია, რატომ გაგიჩნდა ამ სექციაზე შესვლის სურვილი?

– არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ სპორტის ამ სახეობით მხოლოდ მამაკაცები უნდა იყვნენ დაკავებული. მსოფლიოში ბევრია წარმატებული მკლავჭიდელი ქალი. შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და გვერდში დგომა, რაც ყველა დამწყებ სპორტსმენს ძალიან სჭირდება.

ჩემთვის სპორტი არის ცხოვრების ასპარეზი, სადაც საშუალება მომეცა, შესაძლებლობები გამომეაშკარავებინა. გარეთ გამომეტანა ის ემოციები, ჟინი და მიზანდასახულობა, რასაც შინაგანად განვიცდიდი. ძალიან გამიმართლა, რადგან ამაში ბათუმის მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი გოჩა შავაძე დამეხმარა, რომელსაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფრისთვის, რასაც მივაღწიე. ჩემი მიღწევები მაძლიერებს და ბედნიერებას მანიჭებს.

მარი ფუტკარაძე
მარი ფუტკარაძე

– პირველი სპორტული წარმატება გაიხსენე.

– პირველი წარმატება იყო ანტალიაში, სადაც მეორე ადგილზე გავედი. ევროპის ჩემპიონატში 55 კილომდე კატეგორიაში 16 წლამდე ასაკის გოგონების ნაკრებში 24 ქვეყნის მკლავჭიდელი იღებდა მონაწილეობას. ეს გამარჯვება იყო ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს აღვწერ. იმ მომენტში განცდილ ბედნიერებასა და ემოციას ვერაფერს შევადარებ. ეს იყო ჩემთვის სტიმული, რომელმაც მომავალში მეტის კეთების სურვილი და შესაძლებლობა გამიჩინა.

– ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რამდენი მედალი გაქვს მიღებული?

– ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მარჯვენა და მარცხენა მკლავით შეჯიბრში რვა მედალი მაქვს აღებული. 2019 წლის 13 მაისს ვიყავი საბერძნეთში, პარალიმპიადაზე, საიდანაც ასევე მედლები ჩამოვიტანე. გაწეული შრომისათვის ბათუმის სპორტის დეპარტამენტს, მკლავჭიდის ფედერაციის წევრებსა და პირადად ჩემ მწვრთნელს თემურ ლიპარტაშვილს მადლობას ვუხდი. მასთან ერთად ორ სავარჯიშო დარბაზში დღეში 4–5 საათი ვვარჯიშობ ხოლმე.

მარი ფუტკარაძის მედლები
მარი ფუტკარაძის მედლები

– ბიჭების ტურნირზე თუ გასულხარ?

– ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობ და ერთხელ მარჯვენა ხელით შიდა შეჯიბრებაში მეორე ადგილზე გავედი.

– რას გაძლევს ძლიერი გოგოს იმიჯი და სტატუსი?

– თავდაჯერებულობას. მაგრამ ჩემთვის ხალხის სიყვარული და ემოციები ამ სტატუსზე მეტს ნიშნავს. მიყვარს, როცა გამარჯვების შემდეგ ბათუმის ქუჩაში უცნობი ადამიანები მხვდებიან, მაჩერებენ და კეთილად მიღიმიან. ყველაფერი აინტერესებთ ჩემზე, მეკითხებიან, როგორი შეჯიბრი იყო, როგორ მოვიგე. ხალხის ასეთი ინტერესი და თანადგომა მამხნევებს და გულს მითბობს.

მარი ფუტკარაძე
მარი ფუტკარაძე

– შეგიძლია მითხრა, რაზე ოცნებობ?

– ჩემი დიდი ოცნებაა სპორტული კარიერა წარმატებით გავნაგრძო. კიდევ ვოცნებობ, რომ მქონდეს საკუთარი სპორტკლუბი, სადაც შევძლებ ბავშვებს სპორტის ეს სახეობა შევასწავლო და შანსი მომეცეს, რომ ჩემნაირ ადამიანებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

მადლობა უფალს, რომ დღეს გვერდით მყავს ჩემი გუნდის მეგობრები, რომლებიც მამხნევებენ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა იმაში, რომ ყველა პრობლემა დამეძლია და დღევანდელი მარინე ფუტკარაძე გავმხდარიყავი...

1341