მარიამ ქავთარაძე, გიორგი ნანიტაშვილი, ანა ბერიძე და ანა დევიძე

კონტაქტური ბოსტანი პატარა მეგობრებთან ერთად

1207
(განახლებულია 21:58 10.05.2019)
რაც დრო გადის ბუნებასთან სიახლოვე მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანებისთვის.   მარიამ ქავთარაძე, გიორგი ნანიტაშვილი, ანა ბერიძე და ანა დევიძე სწორედ ის ადამიანები არიან,  რომლებიც ბავშვებს მცენარეებთან ურთიერთობას ასწავლიან. იდეამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ნინი რაზმაძე 

ანა ბერიძე: კონტაქტური ბოსტნის იდეა ქალაქ რუსთავის ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის, „როტარი კლუბი რუსთავისა“  და რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ „ინოვაციების ფესტივალზე” გაჩნდა.  გვინდოდა ყოფილიყო რაიმე ახალი და საინტერესო. ჩვენმა იდეამ გამარჯვება და პატარა გრანტი მოგვიტანა. იმისთვის, რომ აქტიურად გაგვეგრძელებინა ბოსტანზე ზრუნვა, პროექტი  რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ფონდი ორბელიანის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე შევიტანეთ, სადაც დაფინანსება მოვიპოვეთ. 

კონტაქტური ბოსტანი
photo: courtesy of Ana Devidze
კონტაქტური ბოსტანი

– როგორც ცნობილია,  სხვა იდეებიც გქონდათ და არჩევანი საბოლოოდ ბოსტნაზე რატომ შეაჩერეთ?

მარიამ ქავთარაძე: სხვა იდეებმა, რა თქმა უნდა,  გაიჟღერა, ერთ-ერთი მათგანი სათბურსაც ეხებოდა. მიუხედავად უდიდესი გამოწვევისა, რაშიც ამ სფეროში ჩვენი გამოცდილების ნაკლებობას ვგულისხმობთ,  ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ყველაფერი „კონტაქტური ბოსტნის“ იდეის ხორცშესხმით დაგვეწყო.

– რას სწავლობენ თქვენთან ბავშვები?

გიორგი ნანიტაშვილი: კონტაქტური ბოსტანი არის ადგილი, სადაც ბავშვები და პროექტის ავტორები ერთდროულად ვეცნობით ძალიან საინტერესო ინფორმაციას და ამავდროულად ვიძენთ უდიდეს გამოცდილებას. ვსწავლობთ როგორ გავხადოთ მიწა უფრო ნოყიერი, როგორ დავრგოთ მცენარეები, როგორ დავამზადოთ ჩითილები, რა სიხშირით მოვრწყათ ჩვენ მიერ დარგული მცენარეები და ა.შ 

კონტაქტური ბოსტანი
photo: courtesy of Ana Devidze
კონტაქტური ბოსტანი

– როგორ უნდა მოხვდე კონტაქტურ ბოსტანში?

ანა დევიძე: ჩვენს ბოსტანში მოხვედრა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც უნდა გაიგოს უფრო მეტი თუ როგორ ხდება კულტურებზე ზრუნვა, მათი მოყვანა და .შ. ჩვენი პროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე აქტივობებში ძირითადად სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, თუმცა,  ჩვენი ბოსტანი ყველასთვის ღიაა. ასევე ხშირია მშობლების დაინტერესებაც, გვქონდა შემთხვევა როდესაც მშობლებს უნდოდათ თავიანთი შვილი ჩამოეყვანათ ჩვენთან და დასწრებოდნენ ჩითილების დარგვის პროცესს. შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენი კარი მუდამ ღიაა სტუმრისთვის.

– რომელი კულტურები მოგყავთ?

ანა ბერიძე: ძირითადად მოგვყავს ერთწლიანი კულტურები: ბროკოლი, კომბოსტო,  სხვადასხვა სახის მწვანილები, კიტრი, პომიდორი, ლობიო, ბადრიჯანი, ხახვი,ბოლოკი, წიწაკა.  დარგული გვაქვს ჟოლო, მოცხარი, მარწყვი. აქვე ნახავთ საზამთროს და ნესვის ჩითილებსაც. იმისთვის რომ ჩვენი ბოსტანი უფრო ფერადი და ლამაზი ყოფილიყო, გადავწყვიტეთ ყვავილებზეც გვეზრუნა. აქ თქვენ შეხვდებით დეკორატიულ ყვავილებს და ზეთისხილის ხეებსაც კი.  ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავრგეთ, მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ჩვენი შრომის ნაყოფი თვალსაჩინო და  გემრიელი იქნება. 

კონტაქტური ბოსტანი
photo: courtesy of Ana Devidze
კონტაქტური ბოსტანი

– მოსწონთ ბავშვებს ბოსტანში მუშაობა?

მარიამ ქავთარაძე: ბავშვებისგან პროექტის დასაწყისშივე ველოდით ჩართულობას, მაგრამ ის რაც შემდეგ დავინახეთ, ჩვენთვის იყო უდიდესი მოტივაციის მომცემი. ბავშვები, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მოუთმენლად გველოდნენ ყოველ ჯერზე, როცა რაიმე აქტივობა გვქონდა  დაგეგმილი. ისინი საოცარი ენთუზიაზმით გამოირჩევიან. სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს, რომ მათ მიერ მოლოდინების ხეზე დაწერილი ყველა სურვილი იქცეს რეალობად.

– მუშაობის პროცესზე მოგვიყევით...

ანა ბერიძე: რაც შეეხება მუშაობის პროცესს, ჩვენ ვცდილობთ მოსწავლეებს გუნდური მუშაობის უნარი განუვითაროთ. ყველაფერი  თვითონ ბავშვების სურვილებიდან გამომდინარეა გადანაწილებული, ისინი მცენარეების დარგვის თუ მიწის დამუშავების იმ ნაწილში მონაწილეობენ, რაც თვითონ აინტერესებთ. ამიტომ, არასდროს ბეზრდებათ იმ საქმის კეთება, რაც თვითონ აირჩიეს. ბავშვებს ყოველთვის აქვთ საშუალება დასვან კითხვები მუშაობის პროცესში, ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ უყურადღებოდ არ დავტოვოთ მათი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი. 

კონტაქტური ბოსტანი
photo: courtesy of Ana Devidze
კონტაქტური ბოსტანი

– სად მდებარეობს თქვენი კონტაქტური ბოსტანი?

– კონტაქტური ბოსტანი მდეობარეობს ქალაქ რუსთავში, მე-16 სკოლის ეზოში. ამ სკოლის მისამართია მაიაკოვსკის ქუჩა #14.

– ვინ გეხმარებათ  ბოსტნის მოვლაში?

გიორგი ნანიტაშვილი: ბოსტნის მოვლაში აქტიურად არიან ჩართული ქ.რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის #16 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვების გარდა, სკოლის პედკოლექტივი, დირექცია და სკოლის მანდატურიც კი აქტიურად მონაწილეობენ ბოსტნის მოვლაში. ჩვენმა ბოსტანმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვა სკოლებიდანაც მოხდა ჩართულობები. დიდი მადლობა მინდა გადავუხაო  ჩვენს უფროს მეგობარს დავით დაბრუნდაშვილს.

– ადრე ერკვეოდით მსგავს საკითხებში?

ანა ბერიძე: სიმართლე რომ გითხრათ, მსგავს საკითხებში დიდი ცოდნა არ გვქონდა. ყველაფერი სამუშაო პროცესთან ერთად ვისწავლეთ. როგორც უკვე აღვნიშნე, მხარდაჭერას ბევრი ადამიანისგან ვგრძნობთ, მათ შორის, ფერმერებისგან. ისინი ხშირად გვიტარებენ მასტერ–კლასებს და ჩვენც ვცდილობთ, რომ ყველაფერი ავითვისოთ ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთდ. 

კონტაქტური ბოსტანი
photo: courtesy of Ana Devidze
კონტაქტური ბოსტანი

– რა სირთულეები შეგხვდათ თავიდან?

ანა დევიძე: საკმაოდ ბევრ სირთულეს წავაწყდით, იმედგაცრუებებიც გვახსოვს, როცა რაღაც ისე არ გამოგვდიოდა.  დაბნეულებიც კი ვიყავით, ძალიან ბევრ რჩევას ვიღებდით და ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ საკითხთან მიმართებით ერთმანეთს არ ემთხვეოდა. პრობლემებს იდეის განხორციელების დაწყების მომენტიდანვე ვხვდებით და ვსწავლობთ მათი გადაჭრის გზებს. იქიდან გამომდინარე, რომ არც ცოდნით და არც გამოცდილებით  ამ სფეროში დიდად არ გამოვირჩეოდით, თავიდანვე ვიცოდით რომ მარტივი არ იქნებოდა.

– რამდენად გაამართლა თქვენმა მოლოდინმა?

მარიამ ქავთარაძე: მოლოდინების გამართლებას ჯერ კიდევ ველოდებით და გვჯერა რომ  ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბებს, თუმცა,  რაზეც ახლა შემიძლია ვისაუბრო,  ეს არის საზოგადოების ჩართულობა ამ პროექტში. მოლოდინებმა ამასთან დაკავშირებით ნამდვილად გაამართლა. 

კონტაქტური ბოსტანი
photo: courtesy of Ana Devidze
კონტაქტური ბოსტანი

– სამომავლო გეგმები გაგვიზირეთ?

ანა დევიძე: პროექტი საპილოტეა და ვნახოთ საბოლოოდ რა გამოვა,  ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ და სხვა სკოლებსაც შევთავაზოთ ჩვენი ბოსტანი. დიდი იმედი გვაქვს,რომ მაგალითი ვიქნებით დანარჩენი სკოლებისათვის და ახლა უკვე დაგროვებულ ცოდნას მათაც გავუზიარებთ.

– როგორია საზოგადოების დამოკიდებულება და ჩართულობა?

გიორგი ნანიტაშვილი: საზოგადოების დამოკიდებულება ერთგვარ სტიმულს გვაძლევს,რომ უფრო და უფრო განვვითარდეთ.ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ მათგან, ხშირია საჩუქრები ნერგების სახით, ბევრი გვეხმარება თავისი ცოდნის გაზიარებით,ზოგიერთი მათგანი უბრალოდ მოდის და ჩვენთან ერთად მუშაობს მიწასთან.

1207