გიორგი გიგაშვილი

მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტის ქართველი „ვნება“ გიორგი გიგაშვილის ფურორი

1159
(განახლებულია 17:32 06.05.2019)

გიორგობა დღეს გვსურს ერთი გამორჩეული გიორგი გაგაცნოთ — თინეიჯერი, მაგრამ უკვე შემდგარი პიროვნება და პროფესიონალი.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებული მოსწავლის გიორგი გიგაშვილის მიღწევებით თუ ვიმსჯელებთ, მან უკვე ბევრ პროფესიონალს გადაუსწრო. ახლახან მის ანგარიშზე ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა: ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (INTERNATIONAL PIANO COMPETITION „CITY OF VIGO“) პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა.

გიორგი გიგაშვილი
გიორგი გიგაშვილი

გარდა ამისა, გიორგის გადაეცა მსოფლიოში განთქმული პიანისტის ნელსონ ფრეირის მიერ დაწესებული პრიზი 4 000 ევრო.

ის კონცერტებს ნიუ-იორკში, სან-პაულუსა და ესპანეთის ათამდე ქალაქში გამართავს. გარდა ამისა, პიანისტი ჩაწერს ალბომს, რომელიც 81 პლატფორმაზე გადაიგზავნება.

გიორგი მრავალი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი და ფონდ „იავნანას“ სტიპენდიატია.

დასაფასებელია, რომ ასეთი წარმატებების ფონზე გიორგი საოცრად თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანია. მასზე ბევრი იწერება. ინტერვიუებში მას ძირითადად მუსიკასა და მის მიღწევებზე ეკითხებიან. ჩვენ კი შევეცადეთ საუბარი სხვა კუთხითაც წაგვეყვანა. ინტერვიუ მოკლე, მაგრამ გულწრფელი და საყურადღებო აღმოჩნდა...

გიორგი გიგაშვილი პედაგოგ რეზო თავაძესთან ერთად
გიორგი გიგაშვილი პედაგოგ რეზო თავაძესთან ერთად

— გიორგი, ოცნებამდე გასავლელი გზა უფრო საინტერესო და სასიხარულოა თუ ოცნების ახდენა და გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება?

— ჩემთვის ოცნებამდე გასავლელი გზა ბევრად საინტერესოა, რადგან ამ დროს საკუთარ თავს სწავლობ და შეიცნობ, ასე ვთქვათ, აისბერგის წყალქვეშა ნაწილს ამზადებ. წარმატების შემდეგ სხვები დიდ შრომას კი არ ხედავენ, არამედ უკვე გამარჯვებულის პოზიციას, რაც, ჩემი აზრით, ნაკლებად საინტერესოა. წარმატებისკენ მისასვლელი გზაა ყველაზე რთული, სირთულეები კი ყოველთვის უფრო საინტერესოა...

— სოციალურ ქსელებში პირად გვერდზე ასეთი მინაწერი გაქვთ: „მე პიანისტი ვარ და არა დამკვრელი“. ვინაა ადრესატი?  

— საქართველოში ძალიან ბევრს არასწორი დამოკიდებულება აქვს პიანისტისა და ფორტეპიანოსადმი. ძალიან ბევრ ოჯახში შევსწრებივარ (და მონაწილეც კი გავმხდარვარ) აგდებული ფორმით მიმართვისა: „მიდი, ერთი დაგვიკარი!“

მსოფლიოში გამორჩეული არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი პირადად გადასცემს გიორგის პრიზს
მსოფლიოში გამორჩეული არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი პირადად გადასცემს გიორგის პრიზს

ჩემი რეპლიკა იმ ბიძიებსა და დეიდებს ეკუთვნით, ვისაც ფორტეპიანო და პიანისტი მხოლოდ გასართობ საშუალებად წარმოუდგენიათ.

  • საყურადღებოა, რომ ესპანეთის საერთაშორისო კონკურსში 400 პიანისტი მონაწილეობდა. გიორგი ყველაზე ახალგაზრდა იყო. პირველი პრემია მას ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო არგენტინელმა პიანისტმა მარტა არგერიხმა გადასცა.

— როგორც შევიტყვეთ, ესპანურ პრესაში დაიბეჭდა მარტა არგერიხის შეფასება, სადაც თქვენზე თქვა, გიორგი ჩემი ვნებააო...

— დიახ, ქართულად ასე ითარგმნა მისი ინტერვიუ, მაგრამ ზუსტად რა იგულისხმა, არ ვიცით. ჩემმა პედაგოგმა, ბატონმა რეზო თავაძემ ასე განმარტა: ხომ არსებობს ქრისტეს ვნებანი, შესაძლოა, ეს ტანჯვასთანაც ასოცირდებოდესო.

ყველა შემთხვევაში, ბედნიერი ვარ, რომ მას ძალიან მოეწონა ჩემი შესრულება.

გიორგი გიგაშვილი და მარtა არგერიხი ესპანეთის პრესაში
გიორგი გიგაშვილი და მარტა არგერიხი ესპანეთის პრესაში

— ბოლო დროს ყველა გაქებთ და სამართლიანადაც. საინტერესოა, თავად რა მოგწონთ საკუთარ თავში და რა — არა.  

— საკუთარ თავში მომწონს მონდომება და შრომისუნარიანობა, მიღწეულით დაუკმაყოფილებლობა. არ მომწონს ის, რომ ადამიანებს ზედმეტად ვეჩვევი ხოლმე და მათ საკეთილდღეოდ ყველაფერს ვაკეთებ, ზოგჯერ იმასაც, რაც თავად მვნებს…

— 18 წელი რისთვისაა საკმარისი, რომელი დასკვნის გასაკეთებლად?

— საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია იმის თქმა, რომ ეს ასაკი მეგობრების რაოდენობას ამცირებს. იმას ვგულისხმობ, რომ ამ ასაკში ადამიანი უკვე ხვდება, ვინ არის მისი ნამდვილი მეგობარი და ვინ — უბრალოდ მისი ცხოვრების დროებითი მონაწილე. ზოგადად რომ არ ვისაუბროთ, ჩემ შემთხვევაში ასეა...

გიორგი გიგაშვილი
გიორგი გიგაშვილი

— თუ არსებობს გოგო, რომელსაც მიუძღვენით თქვენი გამარჯვება?

— არავის ვუძღვნი, რადგან ძალიან ეგოისტი ვარ და ეს გამარჯვებაც მხოლოდ ჩემი და ძალიან პირადი მგონია. აი, რომელიმე ნაწარმოების შესრულება კი შეიძლება მივუძღვნა და ხშირად ვუძღვნი კიდეც.

— შეყვარებული გიორგი რომელ მელოდიას აირჩევს საკუთარი გრძნობების გამოსახატად?

— ალბათ სკრიაბინის მესამე სონატის პირველ ნაწილს.

— როგორ წარმოგიდგენიათ, 20 წლის მერე როგორი იქნებით და სად?

— ალბათ გაგაკვირვებთ... 18 წლის ვარ და ორი წლის იქით არასდროს ვოცნებობ. უფრო შორეულ მომავალს კი წლები მიჩვენებს...

1159