როგორ შევქმნათ სააღდგომო დეკორაციები საკუთარი ხელით

© Photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები
ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად დიასახლისები აქტიურად იწყებენ სამზადისს. სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილია.

მარი ნებიერიძე

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია ფერადი კვერცხები და სხვადასხვა თემატური დეკორაციები. სააღდგომო სუფრებს ხელით მოხატული და გაფორმებული კვერცხები, კალათები, ყვავილები, ჩიტის ბუდეები ამშვენებს. 
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ხელოვანი თამუნა გაჩეჩილაძეა. თამუნა ჩვენს მკითხველს უყვება, რა ფერებია წელს აქტუალური სააღდგომო სუფრის გასაფორმებლად. ასევე, როგორ შევქმნათ საღდგომო დეკორაციები, რომ ეს დღესასწაული ნამდვილ ზეიმად ვაქციოთ. 

© პირადი არქივითამუნა გაჩეჩილაძე ვენეციაში
როგორ შევქმნათ სააღდგომო დეკორაციები საკუთარი ხელით - Sputnik საქართველო
თამუნა გაჩეჩილაძე ვენეციაში

— ჩემ ბავშვობაში თითქოს უფრო მასშტაბური იყო აღდგომის დღესასწაული. რთული პერიოდი გავიარეთ. მძიმე იყო თუნდაც სახლში, ჩუმად შეღებილი წითელი კვერცხის გამოჩენა და მერე სკოლაში მასწავლებლების მიერ დასჯილი ბავშვების პედსაბჭოზე გაყვანა. წითელი კვერცხის გამოჩენა დანაშაულადაც ითვლებოდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ემზადებოდნენ ბებია და მამა ამ დღის შესახვედრად — ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. დაუვიწყარია „სამალავიდან“ გაჩენილი ენდრო და სახლის უკან პატარა სამზარეულოში ზარ-ზეიმით მისი შეღებვა. ბებია ყველა შვილიშვილისთვის ყველიან კვერებს აცხობდა და საგულდაგულოდ ამ ნობათს კალათში ჩაალაგებდა. სასაფლაოზე ასვლა ისე გვიხაროდა, რომ ზეიმი იყო ჩვენთვის. ახლაც პომპეზურად ვხვდებით, ნაირ-ნაირი ფერადი კვერცხებით, ძვირფასი ჭურჭლით და სავსე სუფრით, მაგრამ თითქოს ის სილაღე და ბედნიერება ისეთი ფერადი და ემოციური აღარ არის. ძალიან მიყვარს ეს დღე და ყოველთვის ვცდილობ დანარჩენი 364 დღისგან განსხვავდებოდეს. 

© Photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები
როგორ შევქმნათ სააღდგომო დეკორაციები საკუთარი ხელით - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები

– წინა წლებში აღდგომის დღესასწაულს მხოლოდ წითელი კვერცხებით და პასკით ხვდებოდნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია აქტუალურია ფერადი კვერცხები და სხვადასხვა დეკორაცია…
— ქართველები დიდი ესთეტი ხალხი ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღესასწაული მართლაც საუკეთესო გამოგვივიდეს. ამისათვის არ ვიშურებთ არაფერს. მართლაც, ბოლო წლებში ოჯახებში გაშლილი სუფრების მრავალფეროვნებით ალბათ საუკეთესოები ვართ. ბევრი ადამიანი საკუთარი ხელით ამზადებს სააღდგომო დეკორაციებს და ცდილობს საუცხოოდ მორთოს სააღდგომო კუთხე. ცხადია, საკუთარი ხელით გაკეთებული ესა თუ ის დეკორაცია უფრო სადღესასწაულო ელფერს მატებს სუფრას. 

© Photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები
როგორ შევქმნათ სააღდგომო დეკორაციები საკუთარი ხელით - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები

– წელს რა დეკორაციაა აქტუალური და როგორ უნდა გავაფორმოთ სადღესასწაულო სუფრა?
— უფლის აღდგომა ყველაზე იდუმალი და ლამაზი დღესასწაულია. ვინაიდან ეს დღე გაზაფხულს უკავშირდება, მწვანე, თეთრი და წითელი ფერია აქტუალური. მწვანე ფერად – ჯეჯილი და ბზა, სიცოცხლის გასაგრძელებლად – თეთრი, გაზაფხულის კვირტები, ჩიტის ბუდეები და წითლად – სააღდგომო კვერცხები. როგორც წესი, სუფრაზე ხშირად ნახავთ პატარა ჩიტის ბუდეებს კვერცხებით, მამლებს და ცხვრებს, ბაჭიებს. ამ დროს ტყეში ბევრი ფურუსულა და ცისთვალა ამოდის და ყველაფერი ერთად მართლაც საზეიმო განწყობაზე აყენებს ადამიანს.

– უამრავი ორიგინალური და განსხვავებული დეკორაცია გაქვთ შექმნილი აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებით. როგორ ქმნით მათ, რა მასალას იყენებთ და სად აგროვებთ ამ მასალას?
— გაზაფხულის დადგომა იმხელა სტიმულს და ბედნიერებას მანიჭებს, ბუნების გამოღვიძებასთან ერთად ვიწყებ ფიქრს – რა დეკორაცია შეიძლება შევქმნა და რითი გავალამაზო სააღდგომო სუფრა. ძირითადად ბუნებრივი მასალებით ვაკეთებ სააღდგომო დეკორაციებს. მიყვარს ტყეში საათობით ხეტიალი. ვინაიდან გაზაფხულზე ბუნება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოღვიძებული, მასალაც მწირია, მაგრამ ძალიან საინტერესო. მაგალითად, შინდის ტოტები ადრე გაზაფხულზე იზრდება და კარგადაც იდრიკება, ამ ტოტებისგან ხშირად ვაკეთებ პატარა ჩიტის ბუდეებს. ხეებს ბევრი ხავსი აქვს, ხავსით სააღდგომო სუფრას ვალამაზებ. არის ხეები, რომლებსაც სასწაულად დახვეული ფესვები აქვთ და იმათი ამოღება მიყვარს, შემდეგ ვასუფთავებ და ლაქს ვუსვამ, ზედ ხავსს ვაფენ და პატარა ბუდეებს ვაწყობ, ბუდეებში პატარა ჩიტებს, ბუებს ან ზღარბებს ვსვამ და ხანდახან მეც კი არ მჯერა, რომ ეს ბუდე ნამდვილი არ არის. 

© Photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები
როგორ შევქმნათ სააღდგომო დეკორაციები საკუთარი ხელით - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები

ხშირად ვიყენებ შინაური ფრინველის ბუმბულს, ეს ბუმბულები სხვადასხვა ფერისა და ფორმისაა და ბუდეებს ძალიან ალამაზებს. კვერცხს ისე ვტეხავ, რომ მთლიანად არ დაზიანდეს, შემდეგ შიგნით ბამბას ვაფენ და ხორბალს ვთესავ, გარედან თვალებს ვუკეთებ. გაზრდილ ჯეჯილს კი ზოგს რეზინით ვამაგრებ და პატარა გოგო-ბიჭი გამოდის. თუ სახლში შეშაა, აუცილებლად ვხერხავ და თეფშების ქვემოთ დასადებებს ვაკეთებ. ულამაზესია სუფრა, როცა ბუნებრივი მასალა ხელოვნურს ერწყმის. მთლიანობაში კი პროდუქტების მრავალფეროვნების გარეშეც სუფრა ყველაზე ლამაზი გამოდის.
– უამრავ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, სხვა ქვეყნებში არსებულ ტრადიციებზე რას გვეტყვით, თუ შეხვედრილხართ აღდგომას უცხო ქვეყანაში და იქ როგორ მიმდინარეობდა ეს დღესასწაული?
— აღდგომა ყველა ქრისტიანული ქვეყნისთვის დიდი დღესასწაულია და ყველას სხვადასხვანაირი ტრადიცია აქვს ამ დღესასწაულთან შესახვედრად. მაგალითად, გერმანიაში ერთხელ მოვხვდი აღდგომას მეგობრებთან ერთად. ამ დღეს უფრო ოჯახებში ვიწრო წრეში აღნიშნავენ, თუმცა თუ სტუმარი მივა ვინმე, აუცილებლად დიდი ყვავილების თაიგულს ახვედრებენ. გერმანელებისთვის ტრადიციის ნაწილია სააღდგომო კურდღელი, რომელსაც ბავშვებს ბალახებში უმალავენ. ხალხური თქმულების მიხედვით, ამ კურდღელს სააღდგომო კვერცხები მოაქვს. 

© Photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები
როგორ შევქმნათ სააღდგომო დეკორაციები საკუთარი ხელით - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები

ესპანეთში პოლულარულია სააღდგომო მსვლელობები, ბიჭებს ხელში სააღდგომო ტოტები უჭირავთ, გოგონებს კი ტკბილეული. უამრავი ადამიანი გამოდის სააღდგომო პროცესიაზე დასასწრებად, ქალაქი მორთულია და ყველას საზეიმო განწყობა აქვს. ყველაზე პოლულარული სანახაობა კი პალმა-დე-მალიორკის ტაძართან ეწყობა, სადაც თეატრალური წარმოდგენა იმართება.

– როგორ მიულოცავდით მართლმადიდებლებს ამ უდიდეს დღესასწაულს?
— ყველა მართლმადიდებელს სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ. მშვიდობა მინდა იყოს ყველგან, ვინატრებდი მსოფლიოს ყველა ბავშვს შეეძლოს მშვიდ გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად ბედნიერი ცხოვრება, მეტი სიყვარული იყოს დედამიწაზე და ყველა ადამიანის სახეზე ვხედავდე ღიმილს. ქრისტე აღდგა! მრავალს დაესწარით!

 

ყველა ახალი ამბავი
0