შეყვარებულები

როგორ გავიგოთ ადამიანი შეყვარებულია თუ არა... გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი

214
(განახლებულია 15:28 15.03.2019)
შოთა ნოზაძე
რუბრიკა „მარტივია, როცა იცი, როგორ“ გაგაცნობთ ფსიქოლოგების დაკვირვებას, თუ რა მოსდის შეყვარებულ ადამიანს.

ქალბატონებო, თუ მამაკაცმა ჩანთა გამოგართვათ, სულაც არ ნიშნავს, იმას რომ თქვენზე გიჟდება. მამაკაცებო, თუ ქალმა პირველმა მოგწერათ, ან კაშნე გაჩუქათ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი სურვილით იწვის.

ადამიანები, რომ ეგოისტი ქმნილებები ვართ, ეს უცხო არავისთვისაა, მაგრამ ამ თვისებას, მხოლოდ მაშინ ვთმობთ, როდესაც შეგვიყვარდება. სულ იმას ვიმეორებთ, რომ, პირველ ადგილზე ჩვენი ინტერესები უნდა გვქოდეს, თუმცა როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მას საკუთარ თავზე წინ ვაყენებთ, ეს იმის ნიშანია, რომ „ჩვენ ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული“.

მე მინახავს, რისი გაკეთება შეუძლია შეყვარებულ ადამიანს. დამიჯერეთ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ იღიმოდეთ.

სიყვარულია, აბა რა არის, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ იმ ერთის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში… და სიყვარულზე იმან არ უნდა წეროს, ვინც შეყვარებული არაა.

აბა როგორ გავიგოთ ადამიანი შეყვარებულია თუ არა?

ალბათ არ გაგვიჭირდებოდა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, საუბარი რომ მხოლოდ სიტყვების განმარტებაზე ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ახლა გრძნობაზე ვსაუბრობთ.

ფსიქოლოგებმა ამ თემაზე ჩვენზე ადრე იფიქრეს. ხშირად ადამიანებს მოვლენების დაჩქარება გვჩვევია და გვაინტერესებს, იმ ერთსაც მსგავსი გრძნობები აქვს თუ არა ჩვენ მიმართ.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ შეყვარება როგორც ასეთი, ეს არის ფიქსირება ერთზე. ადამიანი, რომელიც არ არის შეყვარებული, ის დღის განმავლობაში ჩვეულებრივ ფიქრობს, მისი აზრი გადადის ერთი თემიდან მეორეზე - ნორმალურია. აი შეყვარებული ადამიანი კი დროის 70-80% ს ფიქრობს იმ ერთზე. შეგვიძლია შევნიშნოთ რომ სიყვარულის გზას დავადექით, ან შეყვარებული ვართ, როცა მუდმივად ვფიქრობთ ერთ ადამიანზე და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ეს ჩვენ ფიქრებში განიხილება იმ ადამიანთან ერთად. მაგალითად, მივდივართ ქუჩაში და ვხედავთ ტურისტულ სააგენტოს და ვფიქრობთ, რა კარგი იქნებოდა მასთან ერთად სამოგზაუროდ წავსულიყავით, ან ვხედავთ რესტორანს და ვფიქრობთ, რა კარგი იქნებოდა მასთან ერთად საღამო გაგვეტარებინა და სწორედ ეს განასხვავებს შეყვარებულ ადამიანს გარეგნულად. აი მაშინ, როცა ვაფიქსირებთ, რომ ადამიანი ცოტა გათიშულია და ფიქრებით სხვაგან არის.

ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ გარეგნული მაჩვენებლები, თუ რა მოსდის შეყვარებულ ადამიანს. ადამიანები აუცილებლად იცვლებიან. თუ ადამიანი არის დაწყობილი, ორგანიზებული, ის ხდება დაბნეული როდესაც იმ ერთის გარემოცვაში ხდება. დაბნეულები კი პირიქით - მობილიზებული და ორგანიზებული ხდებიან. ასევე შეიძლება ადამიანმა ფერი იცვალოს, ზოგი ფითრდება, წითლდება, ახასიათებს არაადეკვატური მოქმედებები, იბნევა. ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანის დანახვაზე. როცა ის თავისი სტანდარტული ქცევის მოდელიდან გამოდის და განსხვავებულ ქმედებებს ჩადის კონკრეტული ადამიანის გარემოცვაში, მოწმობს იმაზე, რომ საქმე გვაქვს გრძნობასთან. თავიდან ეს ყველაფერი რთული გასაკონტროლებელია, რადგან ინსტინქტურად ხდება.

სეზონები გაჩნია გრძნობებსაც...

შეგვიძლია გამოვყოთ „ოთხი სეზონი“, ანუ ოთხი ეტაპი ფსიქოლოგიაში - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. 

გაზაფხული - როდესაც ვინმე მოგწონს, შეგვწევს ძალა, საკუთარი თავი ვაიძულოთ, შეწყვიტოს მასზე ფიქრი, თუმცა როდესაც გვიყვარს, ეს შეუძლებელი ხდება. გაზაფხული არის პერიოდი, როცა გაცნობიდან იწყება დაბნევა, ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი ფიქრები მიჯაჭვულია მასზე. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ეცნობა, შეიძლება ერთმა გამოხედვამ, მზერამ და სიტყვამაც კი გამოიწვიოს ჟრუანტელი. ეს არის პერიოდი დაწყებიდან იქამდე, სანამ წყვილს ერთობლივი გეგმები უჩნდებათ. აი მაგალითად, როდესაც გეგმავენ ზაფხულში ერთად დასვენებას, საღამოობით სეირნობას. თუმცა ტურბულენტურიც არის, როგორც გაზაფხულის ამინდები. შესაძლოა რაღაც ისეთი გვეწყინოს, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მივაქცევდით, რადგან ძალიან მგრძნობიარეა ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. გამუდმებით გირეკავთ, ან გწერთ, მოკლედ თქვენთვის დრო ყოველთვის აქვს. გაგიმართლათ! ყოველთვის გხვდებათ დილით სასიამოვნო ტექსტი მობილურზე და სამუშაო დღის ბოლოს ყოველთვის ცდილობს გაგამხნევოთ, ტკბილი სიტყვებით მოგეფეროთ და არასოდეს ელოდება რომ პირველი მიწერთ. გაზაფხულზე ადვილად შევატყობთ შეყვარებულია ის, თუ არა. შეყვარებული ადამიანი ვერასდროს დამალავს თავის გრძნობას.

ზაფხული - ურთიერთობის მეორე ეტაპია. აქტიური ურთიერთობის ფაზა. როდესაც წყვილი ერთად მოქმედებს, ერთად სადილობს, ვახშმობს, სეირნობს, მუშაობს, ანუ როცა უჩნდებათ სურვილი გარკვეული აქტივობები ერთობლივად აკეთონ. ზაფხულში პარტნიორობას ვსწავლობთ.

შემოდგომა - პერიოდი, როცა წყვილი იმკის ურთიერთობის შედეგებს. ლამაზ ქორწილზე, საოცნებო კაბასა და საქორწინო ბეჭედზე ბევრს ვოცნებობთ და მასთან ერთად ცხოვრებაზე ვფიქრობთ.

ზამთარი - პერიოდი, როდესაც წყვილი ცივდება ერთმანეთის მიმართ. მათ აღარ აქვთ ისეთი ლტოლვა, როგორიც ჰქონდათ გაზაფხულის პერიოდში. ეჩვენებათ, რომ თითქოს ჩვეულებრივია ყველაფერი და იმ ადამიანს, რომელსაც აღფრთოვანებით უყურებდნენ, ახლა მძაფრად აღარ იწვევს ემოციებს. ძალიან ხშირად გვხვდება, რომ თაფლობის თვის შემდეგ ადამიანები ფსიქოლოგებს მიმართავენ, რომ თაფლობის თვე მორჩა და თითქოს მიწაზე დადგეს ფეხი, თითქოს ყველაფერი განელდა. საინტერესო ის არის, რომ ეს მხოლოდ პერიოდია. ჩვენს ორგანიზმს და ფსიქიკას შესვენებება რომ არ შეეძლოს გადავიწვებით. ზამთარი არის გარკვეული პერიოდი ურთიერთობაში, რომელიც ორივე ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ერთმანეთისგან შესვენება იმისათვის, რომ ისევ თავიდან დაიწყოს აქტიური გაზაფხული. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ამას არ აკვირდება და ურთიერთობები სწორედ ამ ზამთრის პერიოდში ინგრევა ხოლმე.

ნუ შეგეშინდებათ გაზაფხულის, როდესაც თქვენი პულსი 300-მდე მოიმატებს და ღამე ვერ დაიძინებთ, ნურც იმის შეგეშინდებათ, რომ თქვენი ბედნიერი მდგომარეობა შესაძლოა გაქრეს. ის არ გაქრება. გაგრძელდება ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი.

და თუ ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, რომ ის ერთი თქვენთვის ცხოვრობს, დაფიქრდით ერთი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამზე: ახალგაზრდობა - ჭირვეული შეყვარებულია: სანამ მის დაფასებას ისწავლი, ის სხვასთან მიდის და არასდროს ბრუნდება უკან... გამიგებთ...

სიყვარულით გეცხოვროთ.

 

214