ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: წაგიკითხავთ ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილი კარის ზღურბლთან?

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIჟურნალისტი იცვლის პროფესიას - ფოსტალიონი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - ფოსტალიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ ერთი დღით „საქართველოს ფოსტის“ კურიერის პროფესია მოირგო და ახლა მოგვიყვება, რამდენჯერ აკაკუნებს ფოსტალიონი ერთ სამუშაო დღეს.

მოგესალმებით, პატივცემულო მკითხველო, „საქართველოს ფოსტისგან“ თქვენ სახელზე წერილია!

დღეს, როცა გაცილებით ადვილია წერილების ელექტრონულად გაგზავნა, პროფესია შევიცვალე და გადავწყვიტე „საქართველოს ფოსტის“ კურიერი გავმხდარიყავი... რადგან არის წერილები, რომლებიც ახალი კალმით უნდა დაიწეროს, საფოსტო ყუთში დაგხვდეს და სახლის ზღურბლთან წაიკითხო მაშინაც კი, როცა შენ და ადრესატი ერთ ქალაქში ცხოვრობთ.

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIჟურნალისტი - ფოსტალიონი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: წაგიკითხავთ ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილი კარის ზღურბლთან? - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი - ფოსტალიონი

იმ თაობის ერთი ძველი წარმომადგენელი რომ მისმენდეს, მეტყოდა: ეს კურიერი რამე ახალია, ბეჩავო? ჩემ დროს რომ ფოსტალიონი გოგო ტერეზია იყო, აი, ეგ იყო ჩემი იმედი და მზე, მაგას კი დავენაცვლე. თუ წერილი დააგვიანებდა, გეცოდინებოდა, რომ ფოსტალიონი შეფერხდა, ან ავად გახდა, ბოლო-ბოლო ადამიანია და რამე დაემართა. თქვენ კიდე უცქერთ ამ ტელეფონებს და ელოდებით ზარებს. პირველ თოვლსაც ფოსტალიონი გვახარებდა ხოლმე სოფელში, პაპაშენმაც პირველ თოვლობას მომიტაცა და იმ საღამოსვე ფოსტალიონმა სოფელში პირი მოაღო... ან მაგან საიდანღა გაიგო. არა, ფოსტალიონი სახლში არ უნდა შეუშვა, გენაცვალე...

მოსაყოლმა ისტორიებმაც სხვა ელფერი შეიძინა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისევ საკითხავია თანამედროვე ფოსტალიონი თუ „შეიშვება სახლში“. სოფელში, ქალაქშიც დრო ერთნაირად გადის და თავის საქმეს პირნათლად ასრულებს. ყველაფერი წაღმა მიდის. დღეს პირადი წერილები გაიშვიათდა და შავი ტყავის ჩანთა ნაჭრის ცისფერმა ჩანთამ შეცვალა, ტექნოლოგიების განვითარებამ თავისი გაიტანა და გზავნილების მიწოდებაც უფრო დააჩქარა.

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIჟურნალისტის ერთდღიანი ისტორია ფოსტალიონის ამპლუაში
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: წაგიკითხავთ ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილი კარის ზღურბლთან? - Sputnik საქართველო
ჟურნალისტის ერთდღიანი ისტორია ფოსტალიონის ამპლუაში

ისე რომ ვთქვათ, მართლა ერთ ისტორიად არ ღირდა შავი ტყავის ჩანთით მოტანილი წერილები, დარიგებული ამანათები და ლოდინი?!

როგორც მივხვდი, ერთი და იგივე ისტორია ფოსტალიონისთვის სხვაა, ადრესატისთვის – სხვანაირად მოსაყოლი.

ჩვენთან ერთდღიანი ისტორია 09:30 საათზე დაიწყო. ჩანთებში 100-მდე გზავნილი, ამანათი, წერილი და ჯარიმის შეტყობინება (PPJ) გადავინაწილეთ. უბანზე გასვლა ქუჩების მიხედვით ხდება. კურიერების კოორდინატორისგან, ანუ „ბექისგან“ ქუჩები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ არის გადანაწილებული. ხელფასიც თანაბრად უნაწილდებათ – 500-დან 650 ლარამდე. დღეს „საქართველოს ფოსტა“ 82 სერვის-ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვის-ცენტრიდან ზოგი ავტომობილით და მოპედით დაირაზმა, მე კი ქვეითებს შევუერთდი.

დადიხარ და წერილები ერთმანეთში ირევა, სადაც მიდიხარ, იქ მოგყვებიან, გგონია, რომ წერილების გიდი ხარ, რომლებიც უმისამართოდ არ უნდა დატოვო.

არც შენ უნდა დარჩე უმისამართოდ. სანამ უბნის ჩიხები ნაცნობი გახდება, კარდაკარ და წრეზე სიარული ხშირად მოგიწევთ, რადგან ყველა კორპუსს ნომერი არ აწერია და „ნორჩ კურიერებს“ მობილურებში არც გზამკვლევი მოეპოვებათ.

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIფოსტალიონობა არც ისე ადვილი საქმე ყოფილა
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: წაგიკითხავთ ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილი კარის ზღურბლთან? - Sputnik საქართველო
ფოსტალიონობა არც ისე ადვილი საქმე ყოფილა

გზამკვლევი ვერ გიშველით, თუ წერილის ავტორს ხელწერა დაეწუნება, რადგან როდესაც კონვერტზე ადრესატის მისამართი ექიმის კალიგრაფიით წერია, მაშინ გიწევს გაიცნო ახალი მეზობლები და მათთან ერთად იწყებ მარჩიელობას, თუ რა იგულისხმა ავტორმა და ალბათობით მიდიხარ მისამართზე.

წერილის ჩაბარების მიზნით კურიერი ადრესატს მისამართზე ერთჯერადად სტუმრობს. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის კურიერის მიერ გადაცემულია ადრესატის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, რომლის ასაკიც აღემატება 16 წელს.

თანამედროვე ფოსტალიონს ყოველთვის თან აქვს ე.წ „პოკეტი“, სადაც ჩაბარებული წერილების რაოდენობას და მიმღების მონაცემებს აღნიშნავს.

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIჟურნალისტი ფოსტალიონი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: წაგიკითხავთ ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილი კარის ზღურბლთან? - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი ფოსტალიონი

ჰო და... თუ გადაწყვეტთ წერილის პირადად მიტანას, მთავარია ჩემსავით სადარბაზო არ შეგეშალოთ და იაშვილის გვარზე გაგზავნილი წერილის მიღება კოკაიას არ მოსთხოვოთ... და თუ მაინც თავგადასავლების მოყვარული ხართ, გაგიზიარებთ იმ ცოდნას, რაც კურიერებმა მასწავლეს: ვისწავლე, რომ როდესაც სადარბაზოების წინ სახით დგახარ, ათვლა და სადარბაზოების ნომრების მატება მარჯვნიდან იწყება, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც... მრავალსართულიან კორპუსში კი ხშირად სახურავზე ასასვლელი კარი ღიაა და თუ ლიფტი არ მუშაობს ან სახლში მიჯნურის მაგივრად მამამისი დაგხვდათ, შეგიძლიათ კორპუსის სახურავიდან მეორე სადარბაზოში გადახვიდეთ.

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIფოსტალიონს ყოველთვის თან აქვს ე.წ „პოკეტი“, სადაც ჩაბარებული წერილების რაოდენობას და მიმღების მონაცემებს აღნიშნავს
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: წაგიკითხავთ ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილი კარის ზღურბლთან? - Sputnik საქართველო
ფოსტალიონს ყოველთვის თან აქვს ე.წ „პოკეტი“, სადაც ჩაბარებული წერილების რაოდენობას და მიმღების მონაცემებს აღნიშნავს

ისეც ხდება, რომ კურიერს მისამართზე არავინ ხვდება, ან უარს განაცხადებენ წერილის მიღებაზე. ამ შემთხვევაში დავტოვე შეტყობინება (დ/შ), სადაც საფოსტო სერვის-ცენტრის მისამართი მივუთითე. წერილები უკან ბრუნდება, არ იკარგება. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია „მოკითხვამდე“ მიღებიდან 14 დღის განმავლობაში რჩება სერვის-ცენტრში, რის შემდეგაც ბრუნდება უკან. „მოკითხვამდე“ შეტყობინების განმეორებითი დატოვება არ ხდება.

თუ მისამართზე არავინ დაგვხვდა, ეს ერთ დ/შ-ს და ერთი ჭიქა ცხელი ჩაის დაკარგვას ნიშნავს, რაც უამინდობისას სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. უკეთეს შემთხვევაში მასპინძლები ტკბილი სიტყვით და ცხელი სასმელით გიმასპინძლდებიან... მეორე მხრივ კი თვის ბოლოს უკვე იცი მეოთხე სართულზე მცხოვრებ შარიქაძეს პენსიის რიგში დგომის შემდეგ წნევა რამდენი აქვს, კომუნალურ გადასახადები როგორ აწუხებს და სიძე რამდენად „გამოადგა“. ან მეორე სადარბაზოში მეთორმეტე სართულზე ავთო ძიას ისევ „შარაფი“ უნდა და თავის დაწურულ ღვინოს გთავაზობს, შენ კი ისევ უარს ეუბნები...

ხალხს უნდა უყვარდე და ეს სიყვარული თან უნდა გამოგყვეს, სხვანაირად ფოსტალიონობა რაღად გინდა?! დღის ბოლოს სახლში ცარიელი ჩანთით ხომ არ წახვალ, შენთვის გზად ხომ უნდა გაიყოლო რაღაც, რაც დილით წამოგაგდებს საწოლიდან, რომ ისევ გაავსო ცისფერი ნაჭრის ჩანთა და დაიარო სართულები, ანუგეშო: „იქნებ თქვენთან გამოგზავნილი წერილი ჯერ კიდევ გზაშია, სულ ცოტა ხანს დაელოდეთ“ და კარი გამოიხურო...

ისე, როცა ამის ამინდი მოვა, იქნებ მეც მივიტანო ჩემი წერილი, იმედია, სახლში შემიპატიჟებს... და ხელსაც მომიწერს ჩაბარებულ წერილზე:

„თითო ფანტელს ჩამოაქვს მეწამული მზის წვა ამ თოვლის უდაბნოში და დაატარებს ჩემქალაქიდან შენქალაქამდე ისე ფრთხილად, ისე თბილად, რომ სულ დაიბზარა ჩრდილოეთის ყველა ყინული. ეს რძისფერია ისევ, შენს თავს რომ მახსენებს... თოვლსაც შენი კაბის ფერი უთხოვია. მზისქვეშეთი ვალშია ბუნებასთან ამ საიდუმლოს შენახვისთვის, საიდუმლოს კი ფასი ადევს – ახლაც და მერეც... გუდა გუდა, თოვლის გუნდა, ფიფქებს შორის დეჟა-ვიუა... “

თურმე ფოსტალიონებიც აგზავნიან წერილებს...

თავად თუ წაგიკითხავთ წერილები კარის ზღურბლთან?

პატივისცემით, შოთა ნოზაძე, 14.11.2018.

 

ყველა ახალი ამბავი
0