მე შენ ვერ გაგაბედნიერებ, ანუ სად ვეძებოთ საკუთარი კეთილდღეობა

© Pexels / Sebastian Arie Voortmanჰაერში ამხტარი გოგონა
ჰაერში ამხტარი გოგონა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბარბარე ჭკუასელი.

მე შენ ვერ გაგაბედნიერებ.

შემიძლია გაგაღიმო, უკეთ გაგრძნობინო თავი, მაგრამ საკუთარი ბედნიერება თავად უნდა იპოვო.

სასაცილოა, თუ გგონია, რომ ჩვენ დავქორწინდებით და გავხდებით ერთნი. ჩვენ ორი შემდგარი, დამოუკიდებელი ადამიანი ვართ, ორი ინდივიდუალური ცხოვრების გზით. ჩემი ბედნიერება ჩემი პასუხისმგებლობაა, შენი კი – შენი. ნუ მთხოვ, რომ გაგაბედნიერო... 

თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო
იძულებითი ათოსნობა თუ ლაღი ბავშვობა: რის ფასად შეიძლება გახდეს ბავშვი წარმატებული

ბედნიერება, რომლის ძიებაშიც კაცობრიობამ უდიდესი ძალა დახარჯა, თითოეულმა ადამიანმა კი თავისი სიცოცხლის არცთუ მცირე დრო და ენერგია შესწირა, ახლოსაა, მთავარია, ვიცოდეთ, სად ვეძებოთ იგი.

ეს სუბიექტური შეგრძნებაა და იმდენგვარია, რამდენი ადამიანიც არის. მაგრამ თუ არ იცით, რა გჭირდებათ თქვენი წილი ბედნიერების მისაღწევად, ეს უკვე პრობლემაა.

ნუ იფიქრებთ, რომ რაც თქვენ განიჭებთ ბედნიერებას, ის სხვასაც იგივე შეგრძნებას ანიჭებს. ის ინდივიდუალისტურად გაიაზრება.

საოცარია, მაგრამ ბედნიერების შეგრძნების შიშიც არსებობს და იმგვარი ფიქრებიც, რომ რამდენი დრო და ენერგიაც უნდა დავხარჯოთ, ბედნიერები მაინც ვერ ვიქნებით. ეს თავის მოტყუებაა. 

ბარბარე ჭკუასელი - Sputnik საქართველო
ბარბარე ჭკუასელი: მნიშვნელოვანია ბავშვს მივაწოდოთ სიტუაციის შესაბამისი ემოცია

თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ არ არსებობს „რეცეპტი“, რომელიც ყველას ერთნაირად დაგვეხმარება ბედნიერების მოპოვება-შენარჩუნებაში. ზოგისთვის ის დეტალებშია, ზოგს კი მის შესაგრძნობად გაცილებით დიდი მასშტაბები სჭირდება. 

როცა პოზიტიური ფსიქოლოგიის სპეციალისტები ბედნიერებაზე საუბრობენ, მის აღსაწერად ძირითადად იყენებენ ტერმინს „კეთილდღეობა“. რეალურად კი მას არაერთი სახესხვაობა აქვს: ცხოვრების დონე და ხარისხი, პოზიტიური ემოციები, სუბიექტური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.

სუბიექტური კეთილდღეობა გულისხმობს, თუ რამდენად ბედნიერია ადამიანი სუბიექტური გადმოსახედიდან, თუ როგორ აფასებს საკუთარ ცხოვრებას. ეს არის ცხოვრებით კმაყოფილებისა და დადებითი ემოციების ნაერთი. 

ბარბარე ჭკუასელი - Sputnik საქართველო
ჭკუასელი: ამ დროს ბავშვმა იცის, რომ მშობლისგან აქვს უპირობო სიყვარული

ფსიქოლოგიური კეთილდღეობა – ეს არის მოდელი, რომლის თანახმადაც, ადამიანს, გარდა პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, ასევე ესაჭიროება საკუთარი თავის მიღება, ავტონომია, პოზიტიური ურთიერთობები, ცხოვრების მიზანი და პიროვნული ზრდა. ამ მოდელის მიხედვით, ადამიანი სრულყოფილად ფუნქციონირებს იმ მომენტშიც კი, როცა თავს ბედნიერად არ გრძნობს.

თუ ამ პუბლიკაციას კითხულობთ, დიდი ალბათობით, უკვე დაიწყეთ ფიქრი თქვენ წილ ბედნიერებაზე, რომელზეც პასუხისმგებელი თავად და მხოლოდ თავად ხართ. შესაძლოა ბევრი ვინმე ცდილობდეს გაგაბედნიეროთ, მაგრამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, შეიგრძნობთ თუ არა მას.

რა დაგეხმარებათ ბედნიერების მოპოვებაში:

  • დააკვირდით, რა განიჭებთ სიამოვნებას და დღეში ერთხელ ასიამოვნეთ საკუთარ თავს;
  • შეამჩნიეთ ის პატარა დეტალები, რომლებსაც ემოციის გამოწვევა შეუძლია;
  • დღის ბოლოს გააანალიზეთ, რა მოხდა პოზიტიური დღის განმავლობაში;
  • დაფიქრდით, რამდენ ადამიანს მიანიჭეთ დადებითი ემოცია;
  • შეეცადეთ შეხედოთ ყველაფერს დადებითი კუთხით, ნეგატიურ მოვლენასაც კი აქვს პოზიტიური ნაწილი;
  • ხშირად გაიმეორეთ, რომ გაქვთ ბედნიერების უფლება;
  • დახატეთ თქვენი ბედნიერება და მოათავსეთ ის თვალსაჩინო ადგილზე, რათა გამუდმებით ხედავდეთ და გახსოვდეთ, რა არის თქვენი მიზანი.

გისურვებთ თქვენი წილი ბედნიერების პოვნას!

 

ყველა ახალი ამბავი
0